"მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა" - პოპულარული "ბაბუდას" - მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება - კვირის პალიტრა

"მეუღლე ათი წლის წინ გარდამეცვალა, მაგრამ ეზოში მანქანის ხმას რომ გავიგებ, მგონია, ის მოვიდა" - პოპულარული "ბაბუდას" - მარიკა გოგიჩაიშვილის სევდა და ბედნიერება

"შვილები სულ მირეკავენ და ამოწმებენ, როგორ ვარ. მე მათ გამო ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგრამ ვერ ვამართლებ ქალებს, რომლებმაც პროფესიას უღალატეს. შენს სიმაღლეზე უნდა იყო, თუ გინდა, რომ პატივი გცენ შინ და გარეთ", - ამბობს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბევრისათვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი - მარიკა გოგიჩაიშვილი, რომელმაც საზოგადოებას განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი "შაგუს ბაბუდას" - თამარა ჩაგანავას როლით, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"...

"კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში მსახიობი მის საინტერესო წარსულზე, ოჯახსა და დღევანდელობაზე საუბრობს:

- ძალიან მენატრება სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"... უამრავი ადამიანი მხვდება, ვისაც ასევე ენატრება და არა მარტო თბილისში, ან საქართველოში, მაგალითად, ჩემი შვილი პარიზში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ მასთან ვიყავი და სრულიად უცნობი ადამიანები ქუჩაში მესალმებოდნენ. რასაკვირველია, ქართველები იყვნენ.

პარიზში გამოფენაზეც ვიმყოფებოდი და ნეტავ გენახათ, ჩემთან ერთად ფოტო რამდენმა გადაიღო. სერიალის მიხედვით, ჯერ კიდევ სანდრექსას ბებიის - ჟუჟუს დაქალი რომ ვიყავი, იქიდან ვახსოვარ ხალხს... პარიზში რესტორანი აქვს გახსნილი დაჩი ჩაგანავას, ჩემი შვილი მხატვარ-დიზაინერია, მან გაუკეთა რაღაც პროექტი და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღესაც, დაჩიმ გიორგისთან დარეკა, მამიდაჩემი ჩამოსულა და ისე როგორ უნდა წავიდეს, მე არ ვნახოო... ბაბუდა ხომ სერიალში - თამარ ჩაგანავაა... რესტორანში დაგვპატიჟა და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.

maka-gogichaishvili-1668936556.jpg

- ოდნავაც არ ჰგავხართ თქვენს გმირს და მაინც, თუ შეგხვედრიათ ისეთი ადამიანები, ვინც თამარა ბაბუდასთან გაიგივებდათ?

- დედაჩემის თაობის ქალები, დედაჩემის მეგობრებიც კი იყვნენ ასეთები, გამუდმებით რუსულ-ქართულად რომ საუბრობდნენ. აივანზე ისხდნენ, კარტს თამაშობდნენ, ჩაის სვამდნენ და მათგან სულ ისმოდა - "მაია ზალატაია"... თავიდან ამ როლზე არ ვთანხმდებოდი. ვფიქრობდი, ამ ხნის ვარ და რამე ისეთი შეუსაბამო სერიალი არ იყოს-მეთქი. მხოლოდ ამ სერიალზე კი არა, საერთოდ ყველა გადაღებაზე უკან ვიხევდი... აქაც ერთი კვირა ხან კბილის, ხან თავის ტკივილს ვიმიზეზებდი... მერე ეკა მჟავანაძემ დამირეკა, მოდი მხოლოდ ერთი ეპიზოდია, სულ ერთი გავლა მოგიწევსო... მივედი ჟუჟუს პანაშვიდის სცენა რომ იყო და მაშინ "დავიჭირე", ეს ქალი - ბაბუდა როგორი უნდა ყოფილიყო. ტექსტი მომცეს და რეპეტიცია რომ გავიარე, ატყდა სიცილ-ხარხარი, ტაში... მერე სერიალის მოვლენები ისე განვითარდა, შაგუს ბაბუდა გამხადეს...

კარგა ხნის წინ, ჩემს სახლთან ახლოს მივდიოდი... პატარა ბავშვები სულ დიდის ამბით მესალმებიან და იმ დღესაც, ერთი ჩაპუტკუნებული, ასე ათი წლის, პატარა ბიჭი მომესალმა... რომ წავედი, უცებ ჩემკენ გამოიქცა და მკითხა, სერიალში კიდევ გამოჩნდებიო? ვუთხარი, არ ვიცი, მეც ძალიან მინდა-მეთქი და მიპასუხა, არ ინერვიულო, წინა სერიაში გახსენეს, შაგუს ბაბუდაო... ბავშვმა მითხრა დაგიძახებენო, ასე დამამშვიდა.

maka-gogichaishvili-5-1668966710.jpg

- ძლიერი ბუნების ქალბატონი ხართ, ბავშვობიდანვე ასე იყავით?

- ოჯახში მესამე ქალიშვილი გახლდით, დები 9-10 წლით უფროსები იყვნენ და ძალიან მანებივრებდნენ... სამწუხაროდ, მამა ადრე გარდაგვეცვალა, მე ჯერ კიდევ 6 წლის რომ ვიყავი. ჩემი დებიდან ერთი სტუდენტი იყო, მეორე იმ წელს აბარებდა... დები ყველანაირად ცდილობდნენ ჩემზე ეზრუნათ, თავიანთ გამონაცვალს გადამიკეთებდნენ და ლამაზ კაბებს მაცმევდნენ... ვორონცოვზე ვცხოვრობდით პატარა ქუჩაზე, იქ ერთი ქალბატონი ქუჩის ბოლოს, პირველ სართულზე ცხოვრობდა და სულ ფანჯარაში იყო გადმომდგარი, გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა... ერთხელაც, თეთრი კაბით ყელმოღერებული მოვდიოდი. კაბას წვეტიანი, წითელი ღილები ჰქონდა, წითელი ქამარი, ძალიან ლამაზი იყო. ასე მორთულ-მოკაზმული მივეშურებოდი თეატრალური ინსტიტუტისკენ და მის სახლთან სწრაფად ჩავიქროლე, არ მსურდა დავენახე. მან კი განწირული ხმით დამიძახა, მარიკა, კი დადიხარ კოხტად, შენი დების გამონაცვალითო... ახლაც ძალიან მეცინება. ვითომ რაო, არ ვიცი, თუ რა, გამონაცვალებში დადიხარო, მაგრამ ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო... არასოდეს თავი დაჩაგრულად არ მიგრძნია. სკოლის ფორმით მშვენივრად დავდიოდით მე და დედა ოპერაში, სადაც აბონემენტი გვქონდა. კაბის მხოლოდ საყელოებს ვიცვლიდი, ან იმას ვინ უყურებდა?! ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არასოდეს შური და ბოროტება არ მქონია. ყოველთვის იმით ვიყავი კმაყოფილი, რაც მქონდა.

ოცი წლის ასაკში თეატრში სამუშაოდ მივედი. დირექტორი გვიკრძალავდა ჯერ არ გათხოვდეთო, გოგო-ბიჭების როლებს გვათამაშებდნენ, მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ასე სჭირდებოდათ. ალბათ ბედი იყო, 23 წლის გავთხოვდი და მართლაც არაჩვეულებრივი მეუღლე შემხვდა. ორი ვაჟი მყავს, ერთი პარიზში ცხოვრობს, მეორე - თბილისში... პარიზში ორი და აქაც ორი შვილიშვილი მყავს. ერთ-ერთი შვილიშვილი კალათბურთის ნაკრების წევრია.

maka-gogichaishvili-4-1668966745.jpg

დედა ძალიან მეხმარებოდა... 47 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა და აღმოჩნდა, რომ თურმე საჭმლის გაკეთებაც მცოდნია და ყველაფერი. მანამდე დედიკო მიგვარებდა ყველა საშინაო საქმეს...

ჩემს მეუღლეზე - მერაბ ბოქოლიშვილზე სადაც არ უნდა იკითხოთ, ყველგან ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ. იგი დიდუბის რაიონში განათლების განყოფილების გამგე იყო, მანამდე 47-ე სკოლის დირექტორი... სანამ ცოცხალი იყო, იმ სკოლის კურსდამთავრებულები სულ ურეკავდნენ და ახალ წელს ულოცავდნენ. ძალიან თბილად ეპყრობოდა ბავშვებს და ზუსტად ისე იყო სახლშიც... თეატრის თანამშრომლები სულ იხსენებენ, მანქანით რომ მაკითხავდა, გვიან საღამოს ზოგი თანამშრომელი ორთაჭალაში მიჰყავდა, ზოგი - დიღომში და სად აღარ... მეხუმრებოდა, ამ ხალხის ჩამორიგებას რომ მთხოვ, ერთხელ მაინც მკითხე, ბენზინი მაქვს თუ არაო... თეატრიდან გასტროლები რომ იგეგმებოდა, პირველს სიაში მერაბს წერდნენ.

maka-gogichaishvili-3-1668967046.jpg

- თეატრშიც მუშაობდა?

- არა, თეატრში ჩემს მეუღლედ "მუშაობდა", ეს იუმორით... იმდენად თბილი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან, შინაური იყო. რადგან განათლების განყოფილების გამგე იყო, თეატრთან კავშირი ჩემგან დამოუკიდებლადაც ჰქონდა - ბავშვები, სკოლები, აბონემენტები...

- დედას თაობა ახსენეთ და შემდეგ როგორი იყო თბილისის ეგრეთწოდებული "სვეცკი" საზოგადოება?

- 77 წლის ვარ და ჩემს თაობაში ისეთები ნაკლებად არიან, როგორებიც დედას თაობაში იყვნენ, თამარა ბაბუდასნაირები... ახლა თუ არიან, მათ უფრო შეძენილი აქვთ ის თვისებები და ხელოვნურები არიან... ისეთი ცხოვრების წესი იყო, მაშინ რუსული იყო, ახლა ინგლისური სიტყვებია... მათ ბუნებრივად ჰქონდათ და ყოველ მეორე სიტყვაზე შეეძლოთ ეთქვათ - "ზალატაია", "დარაგაია"... ახლა უფრო ნაძალადევია ყველაფერი.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- პანდემიამდე ჩემი დისშვილები რომ დამირეკავდნენ, სადღაც მივდივართ, აგერ ქუჩის ბოლოში ვართო, ხუთ წუთში, სანამ მანქანით მომადგებოდნენ, უკვე ქვევით ვიყავი... კოვიდი არ შემხვედრია, რადგან არც არავის ვუშვებდი და არსად მივდიოდი, მაგრამ რადგან სახლში დავჯექი, გარეთ გასვლა ძალიან მეზარებოდა... თან - "მაწანწალა" მაქვს ზედმეტი სახელი. ჩემმა შვილმა დამარქვა, ჯერ კიდევ ძალიან პატარა რომ იყო.

maka-gogichaishvili-2-1668967002.jpg

- რატომ?

- დაახლოებით 40 წლის წინ, სახლში რემონტი გვქონდა, ხელოსნები მუშაობდნენ და ერთ ხელოსანს უთქვამს, შენი დედიკო სულ მეჩხუბებაო... ჩემს შვილს უთქვამს, ჰო, ჩემს დედიკოს ჩხუბიც უყვარს და წანწალიცო... შვილი იუმორით უფრო მე დამემსგავსა, ჩემი მეუღლე ძალიან სერიოზული იყო.

ათი წელი ხდება, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. დღესაც, ეზოში მანქანის ხმას რომ ვიგებ, მგონია, ის მოვიდა...

maka-gogichaishvilis-qmari-1668966788.jpg

შალვა გაწერელიამ ადრე სპექტაკლი "კუკარაჩა" დადგა, 2013 წელს ეს სპექტაკლი აღადგინეს და ახალი შემადგენლობა იყო. ძველებიდან მე, რეზო თავართქილაძე, ბერტა ხაფავა, თამრიკო მამულაშვილი, მაკა ბარდაველიძე ვმონაწილეობდით... რეპეტიციებს რომ გავდიოდით, იმ პერიოდში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა... წარმოიდგინეთ, მეუღლე 22 იანვარს გარდამეცვალა და თებერვალში რეპეტიციაზე გავედი. სცენაზე ვიდექი და ცრემლები თავისით ჩამომდიოდა... მას ყოველთვის ძალიან უნდოდა სცენაზე ვმდგარიყავი. სერიალშიც კი მან დამაძალა, მეთამაშა, ამბობდა, მე მიგიყვან და მოგიყვან ყველგანო. ყველანაირად ხელს მიწყობდა და მას არ გაუხარდებოდა, მე რომ სცენაზე უარი მეთქვა...

შვილები სულ მირეკავენ და ამოწმებენ როგორ ვარ. მე მათ გამო ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგრამ ვერ ვამართლებ ქალებს, რომლებმაც პროფესიას უღალატეს. შენს სიმაღლეზე უნდა იყო, თუ გინდა რომ პატივი გცენ შინ და გარეთ...

(სპეციალურად საიტისთვის)