კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო - კვირის პალიტრა

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის მონაწილეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ეს პროექტი უკვე რამდენიმე წელია, რაც ახალ ნიჭიერ ავტორებს გამოავლენს და ფართო საზოგადოებას წარუდგენს. კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებები მართლაც ბესტსელერები ხდება - ყველა მათგანი მკითხველის დიდ მოწონებას იმსახურებს.

მიმდინარე წელს საკონკურსოდ უპრეცედენტო რაოდენობის განცხადება შემოვიდა. ნაწარმოებები, რომლებიც პროექტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, 15 ნოემბრიდან გამოქვეყნდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ვებგვერდზე და უკვე მიმდინარეობს რჩეული ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა, რაც 5 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საჯარო ხმის მიცემის პარალელურად, წარდგენილ ნაწარმოებებს სპეციალურად შერჩეული ჟიურიც გაეცნობა. საბოლოოდ, პირველი ტურის შემდგომ, მაქსიმუმ, 20 კონკურსანტი გამოვლინდება - 10 მკითხველის რჩეული იქნება, დანარჩენებს კი ჟიური გამოავლენს.

"პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, მიმდინარე წელს კონკურსის პირობებში ცვლილებებია, რაც შერჩეული და გამოცემული ნაწარმოებების ხარისხის აწევას ისახავს მიზნად.

"კონკურსის მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი ავწიეთ - თუ აქამდე 18 წელი იყო ქვედა ზღვარი, ახლა 21-მდე გავზარდეთ და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა.

განვლილი წლების გამოცდილებამ განაპირობა და გვიკარნახა ეს და სხვა ცვლილებები. პირველ წლებში არ გვქონდა ასაკი მითითებული და ძალიან ბევრმა სკოლის მოსწავლემ გამოგზავნა თავისი ნაწერები. იძულებული გავხდით, უმრავლესობა მოგვეხსნა კონკურსიდან, რადგან სრულიად უმწიფარი, ბავშვური ტექსტები იყო, არაფერი ჰქონდა საერთო კონკურსის იდეასთან.

შემდეგი ნაბიჯი მინიმალურ ზღვრად 18 წლის დაწესება იყო. ვითარება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ჩამოყალიბდა არასწორი აღქმა, რომ ეს არის კონკურსი მხოლოდ დამწყები ავტორებისთვის. სინამდვილეში, ჩვენი ჩანაფიქრით, კონკურსი გულისხმობს შესაძლებლობების სივრცის შექმნას ყველასთვის - დამწყებთათვისაც და უკვე გარკვეული ბიოგრაფიის მქონე ავტორებისთვისაც, რომლებსაც დაუგროვდათ სათქმელი ან ნათქვამ-დაწერილი, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მკითხველისთვის მათ გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, არიან ავტორები, რომლებიც ერიდებიან გამომცემლობებთან მოლაპარაკებებს ან წერის რაღაც ეტაპზე გაჩერდნენ და აზრს ვერ ხედავენ, რომ დაასრულონ. ეს კონკურსი მათთვისაც არის, ისევე, როგორც სრულიად ახალბედა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის", - განმარტავს მაია ალუდაური.

მაია ალუდაური ახალგაზრდა, 21 წლამდე ავტორებს ურჩევს სრული ენერგია თვითგანვითარებაზე მიმართონ, ბევრი იკითხონ, ისწავლონ, ივარჯიშონ და, რაც მთავარია, იგრძნონ, რამხელა პასუხისმგებლობაა მკითხველის წინაშე საკუთარი შემოქმედების გამოტანა, ხოლო როდესაც ნამდვილად მზად იქნებიან მკითხველის წინაშე წარდგომისთვის, მერე მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.

best2-1668944011.jpg

"კატეგორიულად არ გვინდა ეს კონკურსი განიხილებოდეს, როგორც წიგნის გამოცემის იოლი შესაძლებლობა. ეს არამც და არამც არ არის ასე და შევეცდებით ამაში ჩვენი მკითხველიც დავარწმუნოთ. 2023 წლის კონკურსანტების ნამუშევრები უკვე საჯაროა და ელოდება დაინტერესებულ მკითხველს, მხარდამჭერებს. ჩვენ კი მომავალ წელსაც და ყოველთვის სიამოვნებით დაველოდებით საინტერესო ავტორებსა და მათ შემოთავაზებებს. ყოველთვის ძალიან სერიოზული ჟიური მუშაობს მათ შესწავლა-შერჩევაზე და ცდილობს არ გამორჩეს არც ერთი "ნაპერწკალი". ასე რომ, ვფიქრობ, თანდათან უფრო გაიზრდება კონკურსისადმი როგორც ავტორების, ისე მკითხველის ნდობა და სულ უფრო მეტ გულშემატკივარს შევიძენთ", - დასძენს გამომცემლობის მთავარი რედაქტორი.

როგორც აღვნიშნეთ, კონკურსის პირველი ტური 5 დეკემბერს დასრულდება. მეორე ტურში შერჩეული კონკურსანტების მიერ პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და ხმის მიცემა თავიდან დაიწყება. მეორე ტურში ხმის მიცემა 10 იანვარს დაიწყება და დასრულდება 31 იანვარს. 1-ლ თებერვალს კი, მაქსიმუმ, 3 გამარჯვებული გამოცხადდება. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულ ნაწარმოებებს "პალიტრა L" გამოსცემს და მის პოპულარიზაციაზე იზრუნებს.

"გახდი ბესტსელერის ავტორი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია, რომელმაც მკითხველს უკვე არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ავტორი გააცნო. მათი რომანები ხშირად ხვდება გამომცემლობის ბესტსელერ წიგნებში.