"დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი" - კვირის პალიტრა

"დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მისი ოჯახი ექსპერტულ დასკვნებზე საუბრობს, რომლისას მას სჯერა. როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ცოტა ხანში შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს იხილავს და დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი.

„ოჯახი საუბრობს ექსპერტულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკუთარ ვარაუდს ხომ არ გამოთქვამს. ამიტომ, მჯერა ოჯახის წევრების. მთელი საზოგადოება ცოტა ხანში დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი და მზარდად გაუარესებადი. ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა, ანგარიშის გასწორება ივანიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ბევრი სპეკულაცია იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ თვეების განმავლობაში არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა. დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“,-განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, სადაც ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

"ამას თვალი უნდა გაუსწოროს ბიძინა ივანიშვილმა მიუხედავად იმისა, რომ მას არაფრად მიაჩნია მიხეილ სააკაშვილის არც პატიმრობა და არც მისი სიცოცხლე. მან უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ დასკვნების კასკადს ზურგს შეაქცევს და უგულებელყოფს ბიძინა ივანიშვილი, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.

უწყების განმარტებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"ინტერპრესნიუსი"