"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კლინიკაში 40 კილოგრამი დაიკლო, აქვს სიცხე, სისუსტე და ფეხზე ვერ დგება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა "ვივამედის“ ექიმების მადლიერია, თუმცა, ფიქრობს, რომ სააკაშვილის სრული გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ მისი გადაყვანაა აუცილებელი.

"აქცია არის სრულიად მშვიდობიანი, პოლიტიკას მთლიანად ჩამოცილებული. ამ აქციის მიზანი არის ის, რომ გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე. კლინიკა "ვივამედში“ გამოკვლევები უტარდება, კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მდგომარეობა არ გამოკეთდა, მაინც მძიმედ არის. შესაბამისი მკურნალობის ჩატარება ასე მესმის, რომ უნდა გამოკეთდეს ადამიანი. 40 კგ დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს“,-განაცხადა ალასანიამ.

ის ასევე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან.

"ზუსტად არ ვიცით, სად, ვინ და როგორ, ყოველ შემთხევაში ჩემთვის არ არის ცნობილი. ველოდებით ტოქსიკოლოგის დასკვნას. მიზანია, რომ შესაბამის კლინიკაში იყოს მოთავსებული, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.

უწყების განმარტებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"ინტერპრესნიუსი"