„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ სტატუსი, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ სტატუსი, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს“

უკუსვლა ქვეყანაში თუ კეთილდღეობაზე ორიენტირებული­ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების მიზნით - ასე დადგა საკითხი მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თავიანთი­ აზრი გამოთქვეს საქართველოს შესახებ. შეგახსენებთ, რომ ევროპული სამეზობლო­ პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოში სტუმრობისას განაცხადა: "ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველოში ვიმყოფები იმის სათქმელად, რომ მზად ვართ ეს გზავნილი შევუსრულოთ საქართველოს". ვარჰეის იმედისმომცემ განცხადებას მალევე მოჰყვა სენატორ შაჰინის განცხადება,­ რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სიტყვას უღალატა და არ შეასრულა­ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები. "საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა... უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ საქართველოსთან დაკავშირებულ ჩვენს სტრატეგიას"...­ როგორ აფასებენ არსებულ მოცემულობას მმართველ გუნდში, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გვესაუბრება:

- ამერიკა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი­ სტრატეგიული პარტნიორია... რაც შეეხება­ კონკრეტული პირების კრიტიკულ მოსაზრებებს საქართველოს­ ხელისუფლებაზე, ბუნებრივია, სახელმწიფო დეპარტამენტი იცავს თავისი ქვეყნის ელჩს. თუმცა კელი დეგნანს ჩვენგან დასაცავი არაფერი სჭირს, მას თავს არავინ დასხმია, ჩვენ დეგნანისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიგვიყენებია, არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს არ უკადრებია ის, რაც ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში გააკეთა - მან გამოლანძღა ქალბატონი დეგნანი. კითხვის დასმა­ კი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის პრობლემა. საბჭოთა კავშირში ხომ არა ვართ, კითხვის დასმა ავუკრძალოთ ხალხს?! ძალიან უცნაურად მეჩვენება და კითხვაც მიჩნდება: რატომ აღიზიანებს ოპოზიციას ევროკომისრის­ გა­ნცხადება, რომ საქართველოს კანდიდატის­ სტატუსის მიღებაში­ დაე­ხმარება. ვარჰეი ევროინტეგრ­აციისკენ საქართველოს წინსვლაში­ მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს. აღმოჩნდა, რომ ის, რაც ქვეყნისთვის ესოდენ საშურია, ოპოზიციის ნაწილს არ მოეწონა და ევროკომისარს სულ პუტინის მეგობარი უძახა.

- დასავლურ პოლიტიკურ წრეებში მართლაც არის მოსაზრება, რომ ვარჰეი ორბანის­ კაცია, ორბანი კი - პუტინის მეგობარი.

- ორბანის მეგობრობა პუტინის აგენტობას არ ნიშნავს. ოპოზიცია ჩვენ გვეუბნება, ამერიკის ელჩისთვის კითხვების დასმა ქვეყნის ინტერესებს აზიანებსო, თავად კი ევროკომისარს პუტინის აგენტს უწოდებენ. გადაეცით ჩემი შეკითხვა ოპოზიციას, ამერიკის ელჩისთვის კითხვების დასმა აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ევროკომისრის პუტინის აგენტად მონათვლა არა?!

- რით არის განპირობებული სენატორ ჯინ შაჰინის კრიტიკული დამოკიდებულება "ოცნების" მიმართ, რომელიც ერთ დროს ამ პოლიტიკური გუნდის მეგობრად მოიაზრებოდა,­ პირადად ჩამოვიდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, და ის იყო ერთ-ერთი, ვინც სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადაებარებინა?

- კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი, ახლა რა კრიტერიუმებით გვაფასებს. ქალბატონ შაჰინს თავის განცხადებაში არ მოუტანია არც ერთი არგუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ რეგრესი გვაქვს. მართლა მაინტერესებს, რას გულისხმობდა, როდესაც თქვა, დემოკრატიის განვითარებაში უკუსვლა გვაქვს - გულისხმობდა სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც 2012 წლამდე ხდებოდა, თუ ჩვენი მმართველობის პერიოდს, 2016 წლამდე? თუ წინა ხელისუფლებას გვადარებს, მცდარი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თუ 2012-დან 2016 წლამდე პერიოდს გულისხმობს, მაშინ ისიც უნდა თქვას, რა პარამეტრებით ადარებს სიტუაციას.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ამერიკული ფულით საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან?

- სტატისტიკას ჩავხედოთ! ამერიკიდან ნამდვილად დიდი ფული მოდიოდა დემოკრატიის განვითარებისთვის, რაც საწყის ეტაპზე მოიცავდა ბევრ რეფორმას, მათ შორის პარლამენტისა და მართლმსაჯულების ნაწილს, თუმცა შემდეგ წლებში ეს რეფორმები ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდებოდა, ამერიკული ფული კი დიდწილად ენჯეოებში მიდიოდა. ამერიკული დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანაში დასახარჯი თანხების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე მიდის. ეს პრობლემა სულაც არ იქნებოდა, ენჯეოები თავიანთ მოვალეობას რომ ასრულებდნენ და პოლიტიკური აქტორების ფუნქციას არ ითავსებდნენ.

- რა ტიპის პრობლემების წინაშე აღმო­ვჩნდებით, თუ ამერიკა შეწყვეტს საქართველოს თავდაცვის, უსაფრთხოების დაფინანსებას?­

- ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ქალბატონი შაჰინის განცხადება არ ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს დაფინანსებას­ შეწყვეტს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა არ დაზიანდეს.

- ვისთან მუშაობთ, თუ საქართველოზე მომუშავე ჯგუფის თითქმის ყველა წევრის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ?

- გასაგებია, რომ თქვენ მიერ ნახსენები­ ჯგუფი დასავლეთში ჩვენზე განსაზღვრ­ულ­­­ განწყობას ქმნის, მაგრამ მათ გარდა­ სხვებიც­ არიან. ამასთან, თუ ვინმე­ უსამართლოდ გაგვაკრიტიკებს, პას­უხი არ უნდა გავცეთ? ვინც გასაკრიტიკებელია, გავაკრიტიკებთ, ვისთვისაც მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი, მივაწოდებთ­ - ასე მუშაობს დემოკრატია. რუსეთი იყო ის პარტნიორი, რომელიც არც შეკითხვის დასმის უფლებას გვაძლევდა და არც კრიტიკის.

- ოპოზიცია დღემდე გადანაშაულებთ, რომ რუსეთზე ვერც კრიტიკულ განცხადებებს­ ბედავთ, ვერც დათმობის პოლიტიკის შეცვლას.

- ხომ გვადანაშაულებს ოპოზიცია?! აი, ახლა გავაკეთებ კრიტიკულ განცხადებას­ და დაწერეთ - როდესაც პუტინი თავისი­ რეპრესიული სახელმწიფო მანქანით შემოიჭრა საქართველოში და ჩვენი მიწების ოკუპაცია მოახდინა, დღევანდელმა ოპოზიციამ, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში­ იყო, ვერაფერი მოახერხა და რუსულ ხაფანგში გაება.­ პუტინმა მაშინ საქართველოში საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, რის შედეგსაც მალე მწარედ მოიმკის... "ნაციონალების" ხელისუფლებამ ვერ შეძლო სათანადო პასუხის გაცემა პუტინისთვის. სამწუხაროდ, არც დღეს არის საქართველო იმ ფორმაში, რომ სამართლებრივი გზის გარდა, სხვა ფორმით აგებინოს­ პასუხი. 24 თებერვალს, როდესაც პუტინი სრულიად უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში, მაშინ ვთქვი­ და ახლაც ვიმეორებ - პუტინს სურს იყოს სტალინი, იქცევა ჰიტლერივით და დაამთავრებს მილოშევიჩივით.

- ოპოზიციის თქმით, თქვენ მიზანმიმართულად მოქმედებთ ისე, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ და ამის არგუმენტად შეუსრულებელი რეფორმები მოჰყავთ.

- როდესაც ევროკავშირმა 12-პუნქტიანი­ რეკომენდაციის შესრულება დაგვავალა, ოპოზიციას ვუთხარით, რომ აქედან 11-ს და კიდევ ნახევარს ჩვენ შევასრულებთ, ნახევარი კი, ანუ დეპოლარიზაცია, მათი შესასრულებელია. შევქმენით სამუშაო ჯგუფები, მაგრამ რადიკალურმა ნაწილმა ბოიკოტი გამოგვიცხადა. როდესაც სახალხო დამცველის არჩევის საკითხი დადგა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციას შარი არ მოედო, შევცვალეთ კანონი, მოვხსენით ჩვენი კანდიდატი და ოპოზიციას დავუტოვეთ ომბუდსმენის არჩევის პრეროგატივა. ასევე­ ოპოზიციის მოთხოვნით, შევცვალეთ პროკურორის არჩევის წესი. დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვეს, აუცილებლად უნდა მივიღოთო და ჩვენ ერთადერთი ანალოგით, უკრაინული კანონით ვიხელმძღვანელეთ. დასავლელმა პარტნიორებმა თავად გვითხრეს, რომ უკრაინული მოდელი გაგვეთვალისწინებინა.

- მაგრამ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა დეოლიგარქიზაციისთვის.

- ევროკომისარმა ვარჰეიმ დაგვიდასტ­ურა, რომ ,,ოცნება" სწორად მოიქცა, როცა დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი ზუსტად გადმოიტანა, იმიტომ, რომ სხვანაირი კანონი დედამიწაზე არ არსებობს.

- ახლა ვის მოერგება ეს მოდელი?

- ვის მოერგება და ვის არა, ამას ვნახავთ, როცა კანონი ამოქმედდება.

- კანონპროექტში, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეთ, ოლიგარქის კრიტერიუმებს პარლამენტი განსაზღვრავდა, ახლა გადაწყვიტეთ რომ ეს ფუნქცია პრემიერმა შეითავსოს.

- უკრაინაში ოლიგარქების რეესტრის კრიტერიუმებს ადგენს უშიშროების საბჭო, რომლის წევრიც არის პრეზიდენტი ანუ იმ ხელისუფლების თავმჯდომარე, რომლის წევრიც არის ყველა ძალოვანი მინისტრი, მათ შორის ეკონომიკური დარგის მინისტრები. ასეთი უშიშროების საბჭო საქართველოს არა ჰყავს, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ახლა უკრაინა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. ჩვენ ველოდებით, რას მისწერს ვენეციის კომისია და ჩვენც მას გავითვალისწინებთ.

- რატომ იყო თქვენთვის მიუღებელი რომან გოცირიძის ინიციატივა, რომ ოლიგარქის კრიტერიუმები უნდა განესაზღვრა კომისიას, რომელსაც პარლამენტი შექმნიდა?

- იმიტომ, რომ ამ ინიციატივის მიხედვით კომისია არასამთავრობო ორგანიზაც­იების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტებულიყო, მათ კი ამის ლეგიტიმაცია არა აქვთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიღოთ სტატუსი, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეგვიშალოს. ჩამოვიდა ქვეყანაში ევროკომისარი და თქვა, საქართველოს აქვს წინსვლა და ჩვენ დავეხმარებით სტატუსის მიღებაშიო, ოპოზიციას ეს არ მოეწონა, მაგრამ მოეწონა ჯინ შაჰინის განცხადება, რომელმაც თქვა, საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს გადავხედავთო. ამის მერე კიდევ ჩვენ ვართ პრორუსები და ოპოზიციაა პროდასავლური?!

ხათუნა ბახტურიძე