„თუ მთელ მსოფლიოში უმრავლესობა გვყავს, წავიდნენ სახლებში და ჩვენ გაგვაკეთებინონ საქმე!“ - კვირის პალიტრა

„თუ მთელ მსოფლიოში უმრავლესობა გვყავს, წავიდნენ სახლებში და ჩვენ გაგვაკეთებინონ საქმე!“

"უბადრუკი თავის მართლება", - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა. "პრემიერი თავს იმართლებს, თურმე რეკომენდაციების შესრულებას ცდილობენ, არადა, არც ერთი არ შესრულდა..." რომან გოცირიძე ოპოზიციის შესახებ პრემიერის განცხადებებსაც გამოეხმაურა: "ეს ძველი სიმღერაა. ჩემს ბავშვობაში პატეფონი არა, მაგრამ ფირფიტები იყო. "არ დაიდარდო, არ დაიდარდოო", რომ გაიჭედება და ასჯერ იმეორებს, აი, ასე ასჯერ გამეორებული მოვისმინეთ ერთი და იგივე: "პირსისხლიანი რეჟიმი, პირსისხლიანი რეჟიმი".

- "ოცნებას" ერთი პუნქტიც კი არა აქვს ისე შესრულებული, როგორც ევროკავშირი ითხოვს. მაგალითად, მიიღეს კანონი "ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ". ევროკავშირი ითხოვდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ორგანო, სადაც გაერთიანდებოდა­ ყველა ანტიკორუფციული­ სამსახური. არ შესრულდა, ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ეს ორგანო ახლა საკონსულტაციო უწყებაა. ასეთია "ოლიგარქიის შესახებ" კანონიც. პრემიერი ივანიშვილს არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანს თავის რეესტრში... ერთი საკონსტიტუციო ცვლილება მიიღეს, რომელიც პროკურორის დანიშვნის ახალ წესს ეხებოდა, და რომლისთვისაც ოპოზიციის ხმები სჭირდებოდათ. საოცრება მოხდა, კანონპროექტის განხილვისას "ოცნების" ყველა გამომსვლელი ამბობდა, ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი და სამართლებრივი მარაზმიო, მაგრამ მაინც მიიღეს.

ეს ხელისუფლება დროის გაჭიანურებას და ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობს. რა დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი, როდესაც ნიკა გვარამიას იჭერენ და იუსტიციის საბჭოში სასამართლო კლანის ორ ლიდერს აბრუნებენ?! თურმე საქართველოში არ არსებობს ოლიგარქიული მმართველობა. ჰკითხეთ აბა, ღარიბაშვილს, ვინ დანიშნა, მერე ვინ გაათავისუფლა და მერე ისევ დანიშნა პრემიერის თანამდებობაზე? თქვენც ხომ იცით, რომ პოლიტსაბჭოს დანიშნული არ არის?!

რას გვეუბნებიან ესენი, მთელი მსოფლიო შეთქმულებას ეწევა­ "ოცნების" და საქართველოს წინააღმდეგ? რამდენიმე დღის წინ დავცინე, ნუთუ ერთი ლობისტი მაინც არა გყავთ, ამერიკის კონგრესში ერთი მხარდამჭერი მაინც გეპოვათ ან მოგესყიდათ-მეთქი? 7 მილიარდი რომ აქვს იმ კაცს, ერთი ასი მილიონი მაინც დაგახარჯოთ, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც გაგიჩნდეთ-მეთქი. ისე გამოჰყავთ, თითქოს "ნაცმოძრაობას" უმრავლესობა ჰყავს კონგრესშიც და ევროპარლამენტშიც. თუ მთელ მსოფლიოში უმრავლესობა გვყავს, წავიდნენ სახლებში და ჩვენ გაგვაკეთებინონ საქმე!

- რას ფიქრობთ ევროკომისარ ვარჰეის განცხადებებზე?

- მან გვითხრა, რომ საქართველოს გაუჩნდა ევროკავშირში გაწევრების შანსი და მოგვიწოდა რეკომენდაციების­ შესრულებისკენ. "ოცნებამ" ეს ისე გადათარგმნა,­ როგორც აწყობდა. გაიხსენეთ, რა გვით­ხრეს, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს. თურმე უკრაინამ იმიტომ მიიღო, რომ საომარ მდგომარეობაშია, მოლდოვამ კი იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეზობელია.­ მაშინ ჩვენ, ოკუპირებულ ქვეყანას, რატომ არ მოგვცეს სტატუსი,­ თუ ეს ომთან არის დაკავშირებული? სინამდვილეში მოლდოვასა და საქართველოს შორის განსხვავება­ ის არის, რომ მოლდოვის ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებას მართავდა, არაბეთის ქვეყნებში დარბის, ხოლო მისი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, შინაპატიმრობაშია. მოლდოვას დღეს ევროპული მთავრობა ჰყავს.

- დღეს "ნაცმოძრაობა" დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ის, რაც ახლა პარტიაში ხდება, თქვენს პოლიტიკურ ჯგუფს აძლიერებს?

- რომ ვთქვა, შიდაპარტიული დაპირისპირება გვაძლიერებს-მეთქი, თავის მოტყუება იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ. ისე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველი პრეცედენტია, როდესაც პარტიაში ასეთი შიდა კონკურენცია გაჩაღდა. რამდენი კონფლიქტიც მოხდა პარტიაში, იმდენჯერ გამოეყო რაღაც დაჯგუფება­. რაც ახლა ოპოზიციურ ველზე პატარ-პატარა პარტიაა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა "ნაცმოძრაობიდან" გასული ჯგუფებია.

- რამდენად განიხილავთ ვერსიას, რომ ეს მერაბიშვილის და კეზერაშვილის შეთქმულებაა?

- არ მინდა ამ საკითხის პერსონალიების დონემდე დაყვანა. "შუბი ხალთაში ვერ დაიმალება"...

- მხარს რომელ კანდიდატს დაუჭერთ?

- არა მაქვს გადაწყვეტილი. არ არის გამორიცხული, კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს. ის ზუსტად ვიცი, რომ მხარს იმ კანდიდატს დავუჭერ, რომელიც პარტიის გაერთიანებისკენ იქნება მიმართული.

- ალბათ, ხაბეიშვილს არ დაუჭერთ მხარს.

- ჯერ ვერაფერს გეტყვი.

- დაბეჯითებით შეგიძლიათ თქვათ, რომ პროცესში სააკაშვილი არ ერევა?

- მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის ფაქტორი, დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ამ პროცესში არ ერევა.

ხათუნა ბახტურიძე