„ამ ხელისუფლებას დავალებული აქვს, რომ ალტერნატიული აბრეშუმის კორიდორი არ უნდა ამუშავდეს“ - კვირის პალიტრა

„ამ ხელისუფლებას დავალებული აქვს, რომ ალტერნატიული აბრეშუმის კორიდორი არ უნდა ამუშავდეს“

"პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა­ და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმა­ აღიარებითი ჩვენება მისცეს, რომ მათი ამოცანა არ არის კანდიდატის სტატუსის­ მიღება. გაირკვა, რომ მათ დავალება აქვთ მიღებული მოსკოვიდან, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოს ევროინტეგრაცია", - ამ განმარტებით პასუხობს­ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასძლიოს მთავარი პრობლემა - პოლარიზაცია. ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერი ერთადერთი არ არის, რომელიც მას "ქართული ოცნების" მხილების გამო დაუპირისპირდა. "ამ ადამიანებმა სამშობლო წაგვართვეს. კოლექტიური ხაინდრავები არიან. ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი­ იმიტომ გავხდი, რომ "ქართული ოცნება" რუსეთთან კავშირში ვამხილე", - ამბობს ვაშაძე. რა არგუმენტები აქვს, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდს კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს და მიზანმიმართულად არ ასრულებს­ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რას ფიქრობს ოპოზიციურ ერთობაზე და ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესზე, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- დადგა დრო, რომ მოღალატეები საჯაროდ ვამხილოთ. ძალიან მალე ჩამოვხდი­ მათ პროევროპულ ნიღაბს და ყველა დაინახავს, რომ რუსებთან არიან შეკრული. ეს ადამიანები ქვეყანას მტრობენ, როდესაც­ მტრებად აცხადებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, და მოყვარედ გვიცხადებენ­ რუსებს. დეოკუპაციაზე როგორ საუბრობენ?­ 2 სოხუმისა და 7 ცხინვალის თანაზომიერი ტერიტორია დავკარგეთ 10 წლის განმავლობაში მცოცავი ოკუპაციის შედეგად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ერთხელაც არ ყოფილა საოკუპაციო ზოლთან.

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას მტრობს?

- თქვენ ძალიანაც კარგად ხვდებით, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ამერიკაც საქართველოსთან პარტნიორობაში ცვლილებას შეიტანს და რეგიონში რუსეთის წინაშე მარტო აღმოვჩნდებით. ღარიბაშვილი ბრიუსელში რომ იყო, დახურულ შეხვედრაზე პირდაპირ უთხრეს, დაანებეთ თავი ომზე საუბარს და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში. პირდაპირ ეს სიტყვა უთხრეს: Shut Up. ესენი მაინც აგრძელებენ იმავე რიტორიკას. ხომ ჩნდება კითხვა,­ რატომ, როდესაც იციან, რომ ამას ქვეყნისთვის სავალალო შედეგი მოჰყვება?! ნაცვლად იმისა, რიტორიკა შეეცვალა, თქვა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს სტატუსის მოპოვებას და თუ ვერ მივიღებთ, დიდად არაფერი დაშავდებაო. ასეთი უტიფარი განცხადებებით აგრძელებენ ქვეყნის განადგურებას. ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ქვეყნიდან გარბიან ქართველები და შემორბიან რუსები. ამბობს, ომის საფრთხეაო და, ამდენ რუსს უშვებს ქვეყანაში, ჯარისკაცებს კი ხელფასს არ აძლევს. შეიძლება ომის საფრთხის მქონე ქვეყანაში ჯარისკაცსა და პოლიციელს, სერჟანტსა და ლეიტენანტს იმაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე პრემიერისთვის ყავის მომდუღებელს? 2003-12 წლებში პოლიციელთა ხელფასი 10-ჯერ გაიზარდა. დღეს რომ "ქართული ოცნება" არ იყოს ხელისუფლებაში პოლიციელისა და ჯარისკაცის ხელფასი 5 000-დან 8 000 ლარამდე იქნებოდა. იმის მაგივრად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე იზრუნონ, ყველანაირად ცდილობენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს გადაგვამტერონ და ის შანსი დაგვაკარგვინონ, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლით მოგვეცა.

- თქვენ შეგეძლოთ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია შეგესრულებინათ, შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მიგეღოთ მონაწილეობა და ისე გებრძოლათ სტატუსისთვის.

- სამუშაო ჯგუფები დაივიწყეთ, არ არსებობს. ვინც დაესწრო, რა მიიღო?­ დაწინაუ­რებული მურუსიძე სასა­მარ­თ­ლოში?!­ უკრა­ინულიდან თარგმნილი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი?! ომბუდსმენის არჩევის წესი კი არ გააკეთილშობილეს, დაამძიმეს, გაართულეს და გააუარესეს.

- მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, პრეტენზია რომ არავის ჰქონოდა, სახალხო დამცველის არჩევის პრეროგატივა მთლიანად ოპოზიციას დაუტოვეს.

- ოპოზიციას კი არ დაუტოვეს, ისეთი აბდაუბდა შექმნეს, რომ კაცი ვეღარაფერს გაიგებს. ამიტომ გვყავს "ვედრო მანეთად" კანდიდატები. ეს ხელისუფლება ყველაფერს ურევს და თავდაყირა აყენებს. რატომ ვერ გამცა პარლამენტში მოსულმა ღარიბაშვილმა პასუხი კითხვაზე, რატომ არა აქვს ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი?

- სამაგიეროდ ევროკომისარ ვარჰეის დაპირება­ გვაქვს.

- ვარჰეიმ ლამის ყველაფერზე დახუჭა თვალი და ისღა სთხოვა, ვენეციის კომისიაში მაინც გაგზავნეთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონიო, და ამაზეც უარი უთხრეს, უკრაინამ უკვე გაგზავნაო. სილა გააწნეს ვარჰეის. კანდიდატის სტატუსი სიმბოლური ყოფილა, ევროსაბჭოს რეზოლუციას ჩალის ფასი ჰქონია, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები მტრები ყოფილან და იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ, ვინ არის ჩვენი მოკეთე - რუსეთი?! ვიცი, ამ ხელისუფლების ხელში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მერწმუნეთ, როგორც კი ხელისუფლებაში პროდასავლური ძალა მოვა, სულ რამდენიმე­ თვეში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან ძლიერი, დემოკრატიული საქართველო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ან დამონებული, გაღატაკებული და ოლიგარქიული რეჟიმის საქართველო რუსეთთან ერთად.

- როდესაც ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე საუბრობს, "ოცნება" შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამაც არანაკლები­ გულმოდგინებით გააკრიტიკა ევროკომისარი ვარჰეი და ლამის პუტინის აგენტობაში დასდო ბრალი.

- მე არ გამიკრიტიკებია ვარჰეი და მით უფრო, არც აგენტობა დამიბრალებია.­ ვარჰეიმ ხელისუფლებას ავანსი მისცა, სინდისზე შეაგდო, საერთო ენის გამონახვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ზურგში მიაყოლეს, არაფერსაც არ გავაკეთებთო. არა მარტო ვარჰეი, ალიევიც ხომ იყო ჩამოსული უამრავი საინტერესო პროექტით და ინიციატივით. საუკუნის პროექტებზეა საუბარი - ნავთობზე, გაზზე... ევროკავშირი სამ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს­ ამ პროექტებისთვის, "ოცნება" კი ყველაფერს ბლოკავს. როგორ გგონიათ, რატომ? დავალება აქვთ რუსეთისგან და იმიტომ.

- ალიევი რომ საინტერესო პროექტებით ჩამოვიდა, ყველამ ვიცით და "ოცნებაც" თავს იწონებს ამით. რა საბაბი გაქვთ თქვათ, რომ მმართველი გუნდი ამ პროექტებს დაბლოკავს?

- ანაკლიის პროექტითაც იწონებდნენ თავს, მაგრამ საბოლოოდ რაც ქნეს, ყველამ იცით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყაზახებს უკვე უარი უთხრეს ნავთობის ტრანსპორტირებაზე და იცით, რა მიზეზით? საკმარისი რესურსი არა გვაქვს გასატარებლადო. ამ ხელისუფლებას დავალებული აქვს, რომ ალტერნატიული აბრეშუმის კორიდორი არ უნდა ამუშავდეს.

- ძალიან სერიოზული ბრალდებაა!

- ბრალდება კი არა, სიმართლეა. ასე გაგრძელდება, სანამ ყველა არ გავიაზრებთ, რა დონის ღალატთან გვაქვს საქმე.

- რას გულისხმობდა მამუკა მდინარაძე, როდესაც ორმაგი აგენტი გიწოდათ?

- საცოდავები არიან. კითხვაზე პასუხი რომ არა აქვთ, შეურაცხყოფაზე გადადიან. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც რუსეთთან ფარული კავშირები უნდა გამოიძიოს, მაგრამ მხარს არ გვიჭერენ. როგორ გგონიათ, რატომ ეშინიათ ამ კომისიის შექმნის, თუ დასამალი არაფერი აქვთ? ჩვენს სამეულს ყოველდღიური შეხვედრები აქვს მოსახლეობასთან, იმედია, ერთ დღესაც შედეგს მივაღწევთ და მოღალატეების მმართველობას დავასრულებთ...

- ამისთვის საზოგადოების ნდობა გჭირდებათ. ხოშტარიასთან დაკავშირებული რუსული ფულისა და კეზერაშვილის ფაქტორი ნდობის მოპოვებაში ხელს არ შეგიშლით?

- ასეთ ჭორებს ხელისუფლება იმიტომ გვივრცელებს, რომ ეშინია ჩვენი ერთობის. რაც შეეხება ელენეს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ყველაფერი გავარკვიოთ. კეზერაშვილის საკითხზე მნიშვნელოვანი კი სხვა ძალიან ბევრია.

- არ გქონიათ კეზერაშვილთან დაფინანსებაზე საუბარი?

- არა. ძალიან მარტივია დაბრალება, ამ აბსურდზე როგორ ვიმართლო თავი?! თუ რაიმე უკანონოს ვაკეთებ, გამოიძიონ.

ხათუნა ბახტურიძე