„ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა“ - კვირის პალიტრა

„ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა“

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. "ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, ჰქონდეთ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ვმუშაობთ ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში საქართველოს სრულად ინტეგრირებისთვის. აშშ-მა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოს დასახმარებლად, ათასობით ქართველი გაგზავნა აშშ-ში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის და ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა საქართველოს ტერიტორიის დასაცავად და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. აშშ-ის დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაატაროს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად", - თქვა მან. მმართველი პარტიის და ე.წ. გამოყოფილი დეპუტატების საქართველოში აშშ-ის ელჩის­ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ფონზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დონფრიდის განცხადება: "მინდა ყველას ვუთხრა - კელი დეგნანი არის საქართველოში აშშ-ის დაუჯერებლად კარგი წარმომადგენელი და მას ნებისმიერ დროს მხარს დავუჭერ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ვესაუბრეთ... ზოგიერთი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მთავრობის ნაწილი, მაგრამ აქვს მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან, უსამართლოდ აკრიტიკებს ელჩს და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას". რას ნიშნავს ეს განცხადებები საქართველოსთვის და რატომ დასჭირდა აშშ-ს უკვე ამ რანგის ტრიბუნიდან ამაზე საუბარი, "რონდელის ფონდის" უფროს მეცნიერ თანამშრომელს, საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ გიორგი ბადრიძეს ვესაუბრეთ.

- წარმოუდგენელია, მმართველ პარტიაში ასე მასობრივად იყვნენ ისეთი სრულიად გაუნათლებელი პირები, რომლებსაც არა აქვთ გაცნობიერებული, მათ ნათქვამს რა შედეგი მოჰყვება. როდესაც თავს ესხმი აშშ-ის ელჩს, უეჭველად თავს ესხმი იმ სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს. ქალბატონი დეგნანი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია და აქამდე არ ჩაუდენია რაიმე თვითნებური ქმედებები. თუ ამას ვინმე ვერ აცნობიერებს, არ ვიცი, რა ვთქვა. ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადება ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო.

- როდესაც ასეთი მაღალი რანგიდან­ ასეთი განცხადება კეთდება, ხომ ნიშნავს, რომ მანამდე ეს საკითხი ხელისუფლებასთან იქნებოდა­ განხილული და უკვე საჯაროდ საუბარი რა დონის გაფრთხილებად შეიძლება ჩაითვალოს?

- ჩემი აზრით, ყველა საფუძველი გვაქვს დავინახოთ, რომ ეს ხელისუფლება პროდასავლურობის იმიტაციიდან უკვე აშკარა ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადავიდა. უფრო იშვიათია დასავლური კურსის ერთგულების გამომხატველი ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლები, ვიდრე დასავლეთსა და ჩვენს პარტნიორებზე თავდასხმები. უკვე ხშირად გაიგონებთ ჩვენს პარტნიორებზე სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც აშიშვლებს­ ამ ხელისუფლების რეალურ ბუნებას. როდესაც მისგან ითხოვენ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის პირდაპირ იწყებს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ თურმე მისგან მეორე ფრონტის გახსნას და რაღაც საოცრებებს ითხოვენ. ეს პირდაპირ აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების კატეგორიულ წინააღმდეგობას ისეთი რეფორმების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს დააახლოებდა დასავლურ ინსტიტუტებთან. ამ ხელისუფლებას არ სურს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და თავისუფალი სასამართლო - ეს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია. ეს ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიულ არჩევანს. ამიტომ მთავარი კითხვა, რაც ებადებათ ხოლმე დასავლეთში, არის ის, თუ რატომ ეგუება საზოგადოება ხელისუფლების იმგვარ ქმედებებს, რომლებიც ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას, დაბრუნდეს ევროპელი ხალხების ოჯახში, წინ ეღობება?­ ჩვენ ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ამ სანუკვარ მიზანთან და არც ასეთი სერიოზულობის შიდა წინაღობა გვქონია.

- კელი დეგნანმა ხელისუფლებას­ მო­უწოდა,­ გაემიჯნოს იმ პირთა რიტორიკას,­ რომლებიც თითქოს "ოცნებას" გამო­ეყვნენ. ხელისუფლება კი არათუ არ გამიჯვნია, მათ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი საჯაროდ ამბობს ამას, არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ დასავლეთი ჩვენს ხელისუფლებას ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებლად აღიქვამს?

- ამ ოთხეულზე, თუ რამდენიც არიან, ლაპარაკს აზრი დაეკარგა, რადგან ოფიცი­ალ­ურად "ოცნების" თავმჯდომარეც და ამ პარტიაში დარჩენილი წევრებიც ყოველდღე­ ესხმიან თავს ჩვენს პარტნიორებს,­ მათი რიტორიკა ოთხეულისგან არაფრით განსხვავდება. "ქართული ოცნების" პარტიული ხელმძღვანელობა გაემიჯნა ზარქუას­ ამაზ­რზენ, შეურაცხმყოფელ ნათქვამს? არა, ხომ? აბა, რაღაზე ვსაუბრობთ? ასეთი­ რამ საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა.­ შენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოს ძალიან­ გავლენიან­ წევრს ასეთ შეურაცხყოფას ­აყენებენ და "ოცნების" არცერთ წევრს აზრად არ მოსვლია საგანგებო განცხადების გაკეთება, ან ბოდიშის მოხდა...

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი საქართველოს ხელისუფლებას დასაყრდენად აღარ აღიქვამს?

- პრობლემა სწორედ ის არის, რომ მიუხედავად ხელისუფლების სრულიად მიუღებელი ქცევისა, ამერიკა და ევროკავშირი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურს და ზოგჯერ ისეთი ჯგუფებისაც, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ხელისუფლებასთან. მათ შორის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან პირადად ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებასთან". დასავლეთის მხარდაჭერა გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ დასავლეთს ათქმევინონ უარი ჩვენთან თანამშრომლობაზე.თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, დასავლეთის ადეკვატური რეაქცია ამ ყველაფერზე ჯერ არ ვლინდება. ისინი ანგარიშს უწევენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამგვარი რეაქციით დაზარალდება და უკვე მერამდენედ აძლევენ შანსს ხელისუფლებას, რომ თავი დაანებოს სანდო პარტნიორებთან კონფრონტაციას. თუმცა უფრო და უფრო მწვავდება ხელისუფლების დამოკიდებულება და როდემდე მოითმენს დასავლეთი, ძნელი სათქმელია. ჩვენ მივიღეთ იანუკოვიჩის ფენომენი საქართველოში, ოღონდ ერთგვარად დროში გაწელილი.­ ნელ-ნელა, ევოლუციურად მივიღეთ ჯერ დასავლეთთან დაპირისპირება,­ ინტეგრაციის პირობების შეუსრულებლობა და შემდეგ უკვე მასთან პირდაპირი კონფლიქტი, დაგვირგვინებული პირადი შეურაცხყოფით.

- ღმერთმა არ ქნას და, ამერიკის მხარ­დაჭერა რომ დავკარგოთ, რა მოხდება?

- როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანიც ეს არის, რომ დასავლეთს თავად ათქმევინოს უარი ჩვენს მხარდაჭერაზე, დაგვტოვონ რუსეთის პირისპირ როგორც 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა აღმოჩნდა, რომ დსთ-ში გაწევრების გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ლოგიკით მოქ­მედებს ეს ხელისუფლებაც, ოღონდ ამ ლოგიკას ერთი დიდი პრობლემა აქვს, ის დაფუძნებულია მოლოდ­ინზე, რომ რუსეთი გაიმარჯვებს როგორც უკრაინასთან ომში, ასევე დაპირისპირებაში დასავლეთთან. ასეთი წარმოდგენა ძალიან მცდარია.

ყოველ შემთხვევაში, თუ გადავხედავთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, მათთან დაახლოებულ მედიასაშუალებებს და მათ„"ანალიტიკოსებს", ნათელია, რომ ამის იმედი აქვთ, და არჩევანიც რუსეთის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული.

- სად შეიძლება გავიდეს დასავლეთისთვის­ წითელი ხაზი, რის შემდეგაც ხელს ჩაიქნევს საქართველოზე?

- არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას­ უკვე ძალიან ბევრი ისეთი რამ აქვს გაკეთებული, რის შედეგადაც სერიოზულად გადახედავენ როგორც ფინანსურ, ისე პოლიტიკურ დახმარებას. ხაზს ვუსვამ - მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთის მკვეთრი ადეკვატური რეაქცია არ მიგვიღია, ის არის, რომ ის ანგარიშს უწევს ქართველი ხალხის ინტერესებს.

რუსა მაჩაიძე