რას გულისხმობს ნატოს მე-4 და მე-5 მუხლები და როდის მოქმედებს - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ნატოს მე-4 და მე-5 მუხლები და როდის მოქმედებს

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების აფეთქებამ, რასაც ორი კაცი შეეწირა, გააჩინა მოლოდინი, რომ ნატოს მე-5 მუხლი ამოქმედდებოდა, რადგან პოლონეთი ნატოს წევრია. იყო მოსაზრებაც, რომ შექმნილი მდგომარეობა მე-5 კი არა, მე-4 მუხლის გამოყენების საშუალებას იძლეოდა. თავად რაკეტებზე უკვე ითქვა, რომ რუსული არ ყოფილა, მაგრამ იმის გამო, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო და ბოლო დღეებში უკრაინის სამოქალაქო და ენერგოობიექტებს განუწყვეტლივ ბომბავენ, რასაც უკრაინის თავდაცვითი ოპერაცია მოჰყვა, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრია. მართალია, უკრაინა ამ ვერსიას არ ეთანხმება და გამოძიება გრძელდება, მაგრამ არსებითი ის არის, რომ ჯერჯერობით რუსეთი არ ჩაითვალა ნატოზე პირდაპირ თავდამსხმელად. თუმცა იმის გამო, რომ ძნელი სათქმელია, რუსეთი რას მოიმოქმედებს, ნატოს მუხლების გამოყენების საკითხი კვლავ აქტუალურია. ამიტომ საინტერესოა, რომელი მუხლი რას გულისხმობს და რა სიტუაციაში შეიძლება მათი ამოქმედება.

მუხლი IV

"მხარეები ერთად გაივლიან კონსულტაციას, როდესაც რომელიმე მხარის აზრით საფრთხე ემუქრება რომელიმეს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან უსაფრთხოებას", - ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლი.

ანუ ნატოს ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია ოფიციალურად აამოქმედოს მე-4 მუხლი, ამოქმედებისთანავე კი გაიმართება საკითხის განხილვა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ერთობლივი გადაწყვეტილება, ან მოქმედების რაიმე ფორმა.

1949 წელს ალიანსის შექმნიდან დღემდე მე-4 მუხლი შვიდჯერ ამოქმედდა. 2003-დან 2015 წლის ჩათვლით მეოთხე მუხლის საფუძველზე თურქეთმა საბჭოს შეკრება რამდენჯერმე მოითხოვა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი ბულგარეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა მე-4 მუხლის მიხედვით კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს.

მუხლი V

"ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის", - ეს არის პრინციპი, რომელიც ალიანსის ქვაკუთხედია და კოლექტიურ თავდაცვით მოქმედებებს განსაზღვრავს.

"მხარეები თანხმდებიან, რომ მათგან ერთ ან მეტზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილება ყველა მათგანზე თავდასხმად", - წერია ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლში.

შეგახსენებთ, რომ 1949 წელს ალიანსის დაფუძნების მიზანი საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანება და რისკების შეკავება იყო. ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად კი, სადაც წესდება განისაზღვრა, ალიანსის ერთობას დღემდე ეფექტურს და ეფექტიანს სწორედ მე-5 მუხლი ხდის. ამასთან, ნატოში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კონსენსუსის პრინციპით, ალიანსის ყველა წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიიღება და ყველა ქვეყანას თანაბარი მდგომარეობა აქვს.

მე-5 მუხლის თანახმად, თუ ნატოს მოკავშირე იქნება შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი, ალიანსის თითოეული წევრი ამ ძალადობის აქტს განიხილავს როგორც შეიარაღებულ თავდასხმას ყველა წევრზე და მიიღებს იმ ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის მოკავშირის დასახმარებლად. თუმცა მე-5 მუხლი არ გულისხმობს, რომ ალიანსი პირდაპირ სამხედრო პასუხს გასცემს თავდასხმას, არამედ მოქმედების გეგმას, რასაც საერთო კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს.ნატოს შეთანხმების მე-5 მუხლი ალიანსმა პირველად 2001 წელს შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ აამოქმედა.

რუსა მაჩაიძე