„მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს უყურებს“ - კვირის პალიტრა

„მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს უყურებს“

პოეტი, არაერთი კრებულის ავტორი­ გაგა ნახუცრიშვილი, თავისი შემოქმედებით მკითხველს ყოველთვის მძაფრ, გულწრფელ ემოციას უტოვებს და ასევე ემოციურად აღიქვამს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკა აღარ არსებობს.

- ახლა, სანამ თქვენ დაგირეკავდით, კიევზე საჰაერო იერიშის ფოტოებს ვათვალიერებდი, საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება­ რჩება, რომ იმ ბოროტებას, რომელსაც რუსეთის რეჟიმი ჰქვია, ვერაფერი შეაჩერებს.

- ტერორისტთან ბრძოლა მარტივი არასდროს ყოფილა. მისი შეჩერება მხოლოდ სანქციებით ვერ მოხერხდება და ამიტომაც იყენებენ სხვა მეთოდებსაც. თუმცა, სანამ შიგნითვე არ მოეღება რუსეთის რეჟიმს ბოლო, სულ ასე იქნება. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, მაგრამ საკითხავია, მანამდე რამდენი მსხვერპლი მოჰყვება მის ზღვარგადასულ აგრესიას. რუსეთი უკვე მსოფლიოსთვისაა საშიში, ამიტომაც ის უნდა დამთავრდეს. მანამდე კი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს უყურებს. ის, რომ ყველაფერი აქამდე მივიდოდა, მოსალოდნელიც იყო, რადგან საერთაშორისო საზოგადოებრიობამ რუსეთს ამდენ ხანს უამრავი დანაშაული უთმინა, დაუყვავა და შეარჩინა, ეგონა, თავისით გამოსწორდებაო, მაგრამ რუსეთს კიდევ და კიდევ ეხსნებოდა მადა, თავისი უძლეველობის დაიჯერა... რუსეთი უკრაინაში განწირულია, მაგრამ მხოლოდ იქ დამარცხება არ არის საკმარისი, ეს უბედურება, კაცობრიობის შავი ჭირი ისე უნდა მოისპოს, რომ მსოფლიოსთვის სამუ­დამოდ თუ არა, ძალიან დიდხანს აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს. ეს საზარელი ვიდეოკადრები, უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ტრაგედიები მანამდე გაგრძელდება, სანამ რეჟიმი არ განადგურდება. რაც შეეხება შიდა პროტესტს, არ კმარა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთში ახლა 30-იანი წლებია, და ის ხალხი, რომელიც პუტინის რეჟიმის საპროტესტოდ გამოდის, მართლა გმირები არიან, არავინ იცის, შინ ცოცხალი დაბრუნდებიან თუ არა, ან ოჯახის წევრები უვნებლები დახვდებიან თუ არა. თუმცა ამ ხელისუფლებას ირჩევდნენ ამდენი წელია და გაყალბების მიუხედავად, უმეტესობისთვის ის მაინც მისაღები იყო. როგორც ჩანს, ბევრს მოსწონდა თავისი ხელისუფლების რადიკალიზმი, ნაწილი კი პასიური იყო და ფიქ­რობდა, რომ მაინც არაფერი შეიცვლებოდა. ასეთ ვითარებაში გულგრილობა და იმაზე ფიქრი, ეს მე არ მეხებაო, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე პირდაპირი მხარდაჭერა. კაცობრიობის ისტორიამ დაგვანახა, რომ ომი და ადამიანი განუყოფელია... კაცობრიობაც მძიმედ სწავლობს თავის შეცდომებზე. იმედია, ამის შემდეგ მაინც იქნებიან ფრთხილად მსოფლიო ლიდერები. ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ თავიდანვე არ აღუდგება ბოროტებას, სისასტიკეს, ის ხვალ აუცილებლად მონსტრად იქცევა, თვითბოროტებაში გადაიზრდება და სისხლს მოიტანს.

- ცვლილებების ეპოქაში­ ვცხოვრობთ. რა რისკები ახლავს ასეთ პერიოდში ცხოვრებას?

- ნამდვილად საინტერესო დროში ვცხოვრობთ... თუ ქვეყნის საზო­გადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მას სიახლეები მოაქვს. თუმცა ცვლილებების დრო ყოველთვის მძიმეა და თან ახლავს კატაკლიზმები. ჩინელები ამბობენ, ცვლილებების დროში ცხოვრება წყევლააო, მართლაც ასეა. როდესაც ერთ ეპოქას მეორე ცვლის, გარდამავალ ხანას კაცობრიობისთვის სხვადასხვა რისკი ახლავს ხოლმე. ამ ორ-სამ წელიწადში რამდენი რამ გამოვიარეთ: პანდემია, რომელმაც რამდენიმე დღეში სხვა რეალობაში გადაგვიყვანა, ახალი საფრთხეები შექმნა, ჩაგვკეტა, ვირტუალურ სამყაროში გადაგვიყვანა, თავი უმწეოდ გვაგრძნობინა. მას უკრაინაში ომი მოჰყვა და მერამდენედ დავრწმუნდით, რომ მშვიდობის ფასი არაფერია, არაფრის კეთება, შენება, შექმნა არ ღირს, თუ ცაში მტრის ჭურვები და რაკეტები იფრენენ. არ ვიცი, ხვალინდელი დღე როგორი იქნება, მაგრამ იმედია, ეს ბოროტება მალე დამარცხდება... იმედია, ამ უბედურებას ბევრად უკეთესი, ხავერდოვანი ეპოქაც მოჰყვება. თუ ამის რწმენა არ გვექნება, მეორე მხარეს სამყაროს აღსასრულია. მე არ მჯერა, რომ სამყარო ასე მარტივად განადგურდება, რადგან ადამიანებს ბევრად დიდი მისია აქვთ დედამიწაზე, ვიდრე ომი, ნგრევა და ბოროტებაა.

- შიდა ამბებზეც გკითხავთ...

- არ მინდა შიდა ამბებზე საუბარი, შიდა პოლიტიკა არ არსებობს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი უსამართლობაა, როდესაც კარგი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს... ის, რაც ახლა ხდება, პოლიტიკური პროცესი არ არის, და რაც არ არსებ­ობს, იმაზე საუბარს არ ვაპირებ.

- გერონტი ქიქოძე მოგონებებში­ წერს ნიკო ფიროსმანზე, თავისი მხატვრული ინტუიციის შემწე­ობით ქართველი ადამიანი­ დაიჭირა იმ მომენტში, როდესაც ის უფრო ქართ­ველია­ და უფრო ადამიანი,­ როდესაც არ ჰგავს არც თურქს, არც ირანელს, არც სხვა მეზობელს, რომელთანაც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობაო. დღეს ქართველი საზოგადოება ვის ჰგავს - თავის თავს თუ სხვას?

- ვის გავლენაში ვართ, ჩვენ თავს ვგავართ თუ სხვას, არ ვიცი, მაგრამ საზოგადოებაში კრიზისია, რადგან ამ მცირე დროში ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. იმედია, ამასაც გადავლახავთ. ის, თუ როგორ გამოიყურება ახლა ქართველი საზოგადოება, სულ ცოტა, სევდის მომგვრელია. თუმცა ისტორიისთვის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით ცხოვრებისთვის 30 წელი არაფერია. ახლა მძიმე პერიოდი გვიდგას, რაც მხოლოდ ქართველ საზოგადოებაზე კი არა, გლობალურ პროცესებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თანდათან როგორმე უნდა შევძლოთ, გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი ვართ და მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე. მეტი ვიფიქროთ, გამოსავალი ვიპოვოთ. სულ რომელიღაც მხარეს ყურება, თითქოს მაშველს ველოდებით, არაფერს მოგვიტანს. ჯერ უნდა ვაღიაროთ, რა გვიჭირს და მორჩენაზე მერე უნდა ვიფიქროთ. მერე საკუთარ თავსაც ვიპოვით და სწორ გზასაც წინსვლისთვის, ერთმანეთის გადარჩენისთვის. მჯერა, რომ ისევ გავიმართებით წელში. არ ვიცი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დეპრესიას, მაგრამ ვიდრე მკურნალობაზე ვისაუბრებთ, უნდა ვაღიაროთ, რა გვიჭირს. ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს, მაგრამ ჩვენ ფიქრი არ გვიყვარს. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ასეა...

- საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მწერლებს განსაკუთრებული როლი აქვთ, სიტყვის, ლიტერატურის იდეოლოგიური გავლენა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. დღევანდელობაში როგორია მწერლობის როლი, ახერხებს მთავარი ღირებულების შენარჩუნებას?..

- დიახ, სწორად თქვით, სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ძალა და გავლენა. განზოგადება არ მიყვარს, მწერლობაში ყოველთვის იყვნენ ასეთებიც და ისეთებიც. თუ ღირსეული მწერალი ხარ, შენს მთავარ ღირებულებებს, პრინციპებს არ ღალატობ. თუ ვიღაცის მონად იქცევი, რაღა ფასი აქვს შენს ნაწერს და რაღა მწერალი გქვია! მწერალი ყოველთვის ერთგულია იმ საქმის, სხვა საკითხია, საზოგადოება რამდენად უსმენს. თუმცა მთავარია, მწერალი იქნება, მხატვარი, სპორტსმენი თუ სხვა პროფესიის ადამიანი, თავის ღირებულებებს არ უღალატოს. თუ ღალატობს, არც მწერალია და ვერც სხვა სფეროს ემსახურება ღირსეულად.

- ვიცი, რომ ახალგაზრდებთან გაქვთ ურთიერთობა. მათზე რას იტყვით?

- როგორც ნებისმიერ თაობაში, არიან კარგი, საშუალო და სუსტი ახალგაზრდებიც. სიტყვა "ცუდი" არ მინდა გამოვიყენო, სწორი არ იქნება და არც არის ასე. მათი სისუსტე ისევ და ისევ ჩვენი ბრალია. ილუზიები, ყალბი იმედი, რომ ყველაფერი თავისით იქნება კარგად, რომელიმე თაობა ერთბაშად ყველაფერს შეცვლის, ფუჭია. აუცილებელია განათლება და ბევრი მუშაობა. ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თუ გვინდა წინ ვიაროთ, რადგან საზოგადოება თუ აზროვნებს, უკან იყურება, რომ წინ წავიდეს. ახალი თაობის დანამუსება, აი, ახლა თქვენ უნდა მოხვიდეთ, ყველაფერი უნდა ჩაიბაროთ და უკეთესობისკენ შეცვალოთო, ასევე ილუზია იქნება. არ შეიძლება ამხელა ტვირთი აჰკიდო რომელიმე თაობას. ეს შეცდომა იქნება, შეცდომები კი ამ 30 წლის განმავლობაში ბლომად გვქონდა და უნდა ვეცადოთ, რომ მეტი არ დავუშვათ.