"უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი“ - კვირის პალიტრა

"უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი“

ქართველი მეომრები და მოხალისეები­ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძვიან, კარგავენ მეგობრებს, იღებენ ჭრილობებს, მაგრამ ფრონტის ხაზს რამდენიმე დღეში უბრუნდებიან და ისტორიას ქმნიან. ქართველი მებრძოლი რომეო ფარულავა ამ უმძიმეს გზაზე გვიამბობს:

- ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში­ მეგობრებთან ერთად ჩავედი კიევში. 6 მარტის გამთენიიდან კიევის ოლქის დაცვაში ვიყავი ჩართული. რუსები უკვე დედაქალაქიდან 4-8 კილომეტრზე იყვნენ. კიევის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილე 5 ჯგუფიდან ერთ-ერთი ქართველების იყო, ვანო ნადირაძისა და უკრაინის მოქალაქე­ როლანდ მელიას ხელმძღვანელობით. აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, 16 წლის ვიყავი, ოჩამჩირის ფრონტზე რომ გავიპარე...

რუსეთის ტერორისტულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯოჯოხეთი დაატრიალა. ირპენი-ბუჩის საზღვარზე, ჩემგან ორიოდ მეტრში, ჭურვი აფეთქდა და ისეთი მძიმე კონტუზია მივიღე,­ უკრაინის სპეცსამსახურმა მე და ლაშა ჩიხლაძე გაგვიყვანა. აქტიური სამხედრო მოქმედებების ადგილიდან დაჭრილების გაყვანა უმძიმესი საქმეა. ჩვეულებრივ ვითარებაში რეაბილიტიციისთვის ხუთი დღე საკმარისია, მე ბევრად მეტი დამჭირდა.­ პარატრავმა მაქვს და ახლაც ექიმები მმეთვალყურეობენ. შემდეგ ისევ საბრძოლო პოზიციებს დავუბრუნდი. ბიჭები მიფრთხილდებოდნენ, მაგრამ ომში­ ძნელია, ვერასდროს გაუფრთხილდები თავს, მით უფრო, ცეცხლი არ წყდებოდა.­ ირპენისა და ბუჩის გზებზე, მთელ კიევის ოლქში, გზადაგზა დაცხრილული მანქანები­ გვხვდებოდა, შიგნით ჩახოცილი ოჯახებით, ბავშვებით და ქალებით. იმ საშინელები­სგან გარიდებას ცდილობდნენ, მაგრამ მათ გაუფრთხილებლად ესროდნენ. ზოგი რამდენიმე დღის დაღუპული იყო და რუსები დამარხვის უფლებას არ იძლეოდნენ.

90-იან წლებში აფხაზეთის მოსახლეობას უარესად გაუსწორდნენ, მაგრამ მაშინ ინტერნეტი და მასობრივი კომუნიკაციები არ იყო და მსოფლიომ ბევრი ვერაფერი გაიგო. 30 წლის შემდეგაც იგივე სცენარი გაიმეორეს - უკრაინაშიც სამოქალაქო მოსახლეობა იყო მთავარი სამიზნე.

jari3-1668946738.jpg

რუსეთის მთავარი პრინციპია ვინმესთან ომი. თუ გარეთ, გამოგონილ მტერთან არ იბრძვიან, შიგნით ეძებენ. თავიანთ იურისდიქციაში მყოფ რესპუბლიკებს უცხადებენ ომს. ამის მაგალითია ჩრდილოეთი კავკასია. ეს არის მაოხრებელი ერი, რომელიც თავად ვერ ვითარდება და ცდილობს დაიპყროს, გაძარცვოს, შინ გაზიდოს ნაძარცვი და შემდეგ ამით იამაყოს. უამრავი რუსი მეგობარი მყავს, მაგრამ იმაში, რაც ახლა ხდება, მათაც ვადანაშაულებ, მათი პასიურობის შედეგია რუსეთში ასეთი რეჟიმის ჩამოყალიბება. პროტესტს დავიჯერებ მაშინ, როდესაც ყოველდღე გამართავენ აქციებს. სხვა შემთხვევაში, ყველანი, პირდაპირ თუ ირიბად, ომის მომხრეები არიან.

- მარტის ბოლოსთვის ბუჩაც და ირპენიც­ თავისუფალი იყო. რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

- როდესაც კიევის ოლქის დეოკუპაცია დასრულდა, უკრაინული ჯარის სპეცსამსახურმა უამრავი ტყვე აიყვანა. მე ვნახე გაბომჟებული ადამიანები, ბურიატები, ბაშკირები, ჩუვაშები... მოსახლეობას არაადამიანური სისასტიკით უსწორდებოდნენ. სადაც მოიხელთებდნენ, ხვრეტდნენ, აწამებდნენ, თუმცა ტყვეობაში მაშინვე მიამიტები ხდებოდნენ, არ ვიცოდით, სად მოვყავდით, უკრაინაზე არაფერი გვსმენიაო.

თითქოს აქამდეც ვიცნობდი უკრაინელ ხალხს, ჩემი დიდი ბებია უკრაინელი იყო, ამიტომ იქაურ ნათესავებთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ, რაზე მიდიან თავისუფლებისთვის მართლა გაოცებული ვარ. ეს 45-მილიონიანი ერი მსოფლიოში პირველ თუ არა, მეორე არმიად აღიარებულ ძალას დაუპირისპირდა. მხოლოდ არმია კი არა, მშვიდობიანი მოსახლეობაც გმირია. წინა ხაზზე ორმხრივ ცეცხლში უეცრად მოჩვენებებივით ჩნდებოდნენ 14-15 წლის ბიჭები და გვეკითხებოდნენ, რით დაგეხმაროთ, იქნებ წყალი მოგიტანოთ ან საბრძოლო მასალა, ან სხვა რამე გჭირდებათო. ბარიკადებს აგებდნენ, ორგანიზებულად მუშაობდნენ.

რუსი და უკრაინელი ორი სხვადასხვა ერია. რუსული პროპაგანდა ირწმუნება, ერთმორწმუნე ვართო, რაც უსუსური არგუმენტია. ქართველებსაც რა სიკეთე დაგვადგა ერთმორწმუნეობით, კარგად ვიცით. რუსები ყველაფერ ღვთისნიერსა და ადამიანურს ებრძვიან, ყველას გარუსებას ცდილობენ, მაგრამ დიდი სისხლის, ბრძოლის ფასად არ გამოუვიდათ არც საქართველოში და არც უკრაინაში. ხანდახან ახლობლები მეუბნებიან, რა გინდა, უკრაინაში რატომ იბრძვიო, და გული ყელში მებჯინება - ჩემს ქვეყანას რუსეთმა ტერიტორიის 20% წაართვა, ისტორია გაუყალბა, მე და ჩემს თაობას ბავშვობა წაართვა, 16 წლის მოზარდებს ომის ჯოჯოხეთი გამოგვატარა, კიდევ რა მიზეზი მჭირდება, რომ ვიბრძოლო იქ, სადაც საჭირო იქნება?! უკრაინას თავს დაესხა იმიტომ, რომ რუსული ორბიტიდან გადაუხვია და ევროპისკენ აიღო გეზი. ამიტომაც განიზრახა კრემლმა მისი სამაგალითოდ დასჯა. მთელი მსოფლიოდან არიან ჩასული, რომ უკრაინას გვერდში დაუდგნენ, და მე, რომელიც თავად ვარ მისი აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი, აქ რა გამაჩერებდა, შორიდან ვერ ვუყურებდი ომს, რომელიც ჩემია, ჩვენია... ამ რვა თვის განმავლობაში უამრავი ტკივილი ვნახე, მეგობრების დაკარგვა, კონტუზია მივიღე, მაგრამ არ ვნანობ...

- რა ხდება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებთ?

- ის ადამიანები, რომლებიც­ თვეების განმავლობაში სარდაფებსა და ბომბსაფრებს აფარებენ თავს, ახლა ქუჩაში­ გამოდიან, ხელებს გვიკოცნიან, გვეხუტებიან და უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ. ჩვენ ქართული და უკრაინული დროშები ან შევრონები გვაქვს ქართულ-უკრაინული სახელმწიფოს სიმბოლიკებით და მისი დანახვისას ღმერთს მადლობას სწირავენ,­ რადგან ეს ნიშნავს, რომ გადარჩნენ. უმძიმესი დღეები გამოიარეს, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ, პირიქით, გვამხნევებენ, ახლა თქვენ ჩვენთან ხართ და ყველაფერს გავუძლებთო... რუსებმა ყველგან საშინელება დაატრიალეს, ირპენი-ბუჩასა და გარშემო დასახლებებში, მათ შორის, რუდნეცკოეში.

- ითქვა, რომ ირპენი-ბუჩაში ჩენჩური ბატალიონი იყო შესული.

- მე მყავს ჩეჩენი მეგობრები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. ირპენი-ბუჩის კოშმარის ავტორები ჩეჩნები კი არა, გარუსებული, გაყიდული "კადიროველები" არიან. როგორც ვიცი, ყველგან, სადაც უკრაინელებს მათზე ინფორმაცია ჰქონდათ, ბრძოლა გაუმართეს და "კადიროველების" უდიდესი მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ცნობები, მათ ძლიერ სამხედრო მომზადებასა და სულისკვეთებაზე, მითია. ძირითადად პიარითა და "ტიკტოკერობით" იყვნენ დაკავებული, რათა თავიანთი ლიდერისთვის, "დნისთვის" მოეწონებინათ თავი. სინამდვილეში მათი საქმე უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, წამება, გაუპატიურებაა. ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ, შინ "გრუზ 200"-ებით ბრუნდებიან. ჯერ კიდევ აპრილ-მაისში იმხელა დანაკარგი ჰქონდათ, რომ ბელორუსში მორგში ერთმანეთზე იყვნენ დაწყობილი უადგილობის გამო. კადიროვი დაღუპულთა ოჯახებს ცხედრებსაც არ უბრუნებდა. "კადიროველების" საქმე დაზღვევაა - რუსებს უკან დახევის ან ტყვედ ჩაბარების უფლებას არ აძლევენ. ვინც გაბედავს, ესვრიან. რუსი ჯარისკაცების ნაწილის დახოცვა მათი ნახელავია - ჩასაფრებული არიან და ნებისმიერი საეჭვო ნაბიჯისთვის ტყვია გამზადებული აქვთ.

- ვიცი, რომ საქართველოში უკრაინაში­ გმირულად დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი გამოაცილეთ.

- დიახ, მიშა "კაპლანი", ჩვენ ასე ვეძახდით... აპრილში, დაძაბული ბრძოლების­ დროს ჩამოვიდა, კიევის ოლქის წმენდისას. რუსი ოკუპანტები 5-10-კაციან ჯგუფებად იყვნენ დარჩენილი. მეთაურობა რომ მიხვდა, მარცხდებოდნენ, თავისი ხალხი მიატოვეს და გაქუსლეს. მარიუპოლში ჩვენი მეგობარი "აზოველი" ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსატანად ჩვენები თავს წირავდნენ, რუსები კი თავიანთ მებრძოლებს ცოცხლებს ტოვებდნენ. ჩვენ სიცოცხლეს ვწირავთ დაჭრილის თუ დაღუპულის გამოსაყვანად. მე და მიშას ორი თვის განმავლობაში ერთ ოთახში გვეძინა. სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა, იარ­აღი ხელში არასდროს სჭერია, მაგრამ ფრონტის ხაზზე ისეთი მომზადებული ჩამოვიდა, გაგვაოცა. ყველაფერი ჩამოიტანა, რაც მეომრებს გვაკლდა და გვენატრებოდა. შემდეგ სამხედრო მომზადება გაიარა. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იარაღის გამოყენება ასწავლა. ძალიან გონიერი და ნიჭიერი იყო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელიც 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ბრძოლის ველზე ძალიან ახლოს აფეთქდა ჭურვი და გმირულად დაიღუპა. მას მალე მარტიაშვილი მიჰყვა, მერე გურგენ გაგნიძე, ლევან სახელაშვილი. მას 2008 წლის ომი აქვს გამოვლილი, მე-4 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. უკრაინის ომში პირველი დღიდან მონაწილეობდა. იქ თავის თანამებრძოლთან, გოჩა ხორავასთან ჩავიდა. დათო რატიანი და გია ბერიაშვილი ამ ომში პირველი დაღუპული ქართველები იყვნენ. ბერიაშვილმა ინგლისში­ მშვიდ, ლეგალურ ცხოვრებაზე უარი თქვა, სამსახური მიატოვა, საქართველოში ერთი კვირით ჩავიდა და იქიდან უკრაინაში წავიდა. შემდეგ მიჰყვნენ და მიჰყვნენ ბახვა ჩიქობავა, კახა გოგოლი, რატი შურღაია, ლევან სახელაშვილი... ირპენი-ბუჩა-იზიუმის ბრძოლაში ნიკა შანავასთან ერთად დათო მენაბდიშვილიც დავკარგეთ. ლევანმა ირპენიც გამოიარა, ლისიჩანსკიც და ხერსონის მიმართულებით, ბაშტანკაში დავკარგეთ. ყველა ქართველი წინა ხაზზე, ცხელ წერტილებში იბრძვის. "ქართული ლეგიონის" სრულ შემადგენლობას, ბიჭებსაც და გოგონებსაც, რომლებიც უკვე მერამდენე წელია უკრაინაში იბრძვიან და ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ, უკვე დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ.

- რა არის ყველაზე ძნელი?

- მეგობრის დაკარგვა... დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, 30 წელი ხელიდან იარაღი არ გაუგდია, ამერიკაში მიდიოდა, ბილეთი ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში აღმოჩნდა. ჩასვლიდან დაახლოებით 48 საათში ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობართან, ალიკასთან ერთად სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა...

დავით მენაბდიშვილთან ერთად პირველი ბრძოლები გამოვიარე. ზრუნავდა და მიფრთხილდებოდა, ომში ეს ნიშნავს, რომ ის შენიანია და შენც ყველაფერი უნდა გააკეთო მისთვის. მის დაკარგვას ვერასდროს შევეგუები.

არანაკლებ ძნელია შემდეგ მათი წინა ხაზიდან გამოყვანა და სამშობლოში ჩამოსვენება იმ პატივით, როგორიც ომში დაღუპულ გმირს ეკადრება. მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში ჩვენი საელჩოს მიმართ. ისინი ყველა პროცედურას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უძღვებიან. რაც შეეხება გამოსვენებამდე გამომშვიდობებას, ეკლესიაში დასვენებას, საპატიო ყარაულს, ამას იქ მყოფი მებრძოლები ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად­. მადლიერი ვართ უკრაინის პატრიარქის, უწმინდესი ფილარეტის, რომლის კურთხევითაც სასულიერო პირები დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ატარებენ ღვთისმსახურებას.

უკრაინაში იმიტომ ვიბრძვით, რომ საქართველოში არ გვინდა ომი, დღეს ჩვენს ქვეყანას უკრაინაში ვიცავთ. სამხედრო პირების გარდა, უკრაინაში არიან სამოქა­ლაქო პირებიც: გიორგი გეწაძე, გოგა ცხაკაია, დავით საყვარელიძე, რომლებიც ყველა საქმის მოგვარებაში გვეხმარებიან.