უკრაინაში დაცემული ქართველი გმირების გზა - კვირის პალიტრა

უკრაინაში დაცემული ქართველი გმირების გზა

2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ასობით ქართველი მოხალისე იბრძვის. საბრძოლო მოქმედებებში 28 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქე დაიღუპა. 2014-2021 წლებში უკრაინისთვის 11 ქართველი მოხალისე დაეცა.

უკრაინაში დაღუპული ქართველების უმეტესობას გამოვლილი ჰქონდა 90-იანი წლების აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომები. უკრაინაში პირველი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ცნობები 18 მარტს გავრცელდა - იმ დღეს 53 წლის დავით რატიანი და 45 წლის გია ბერიაშვილი დაიღუპნენ. ორივე ირპენის ფრონტზე დაიღუპა.

19 მარტს მარიუპოლში „აზოვის“ ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამხედრო ინსტრუქტორი 54 წლის ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების მონაწილე იყო. წინა ხელისუფლების დროს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსი იყო.

25 მარტს ქალაქ ირპენთან შეტაკებაში დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების მონაწილე 47 წლის დავით გობეჯიშვილი.

9 აპრილს ხარკოვის დეოკუპაციაში მონაწილეობის დროს, საარტილერიო შეტევისას, ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 47 წლის დავით მენაბდიშვილი დაიღუპა. ის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. მონაწილეობდა დონბასსა და ლუგანსკის ბრძოლებში, უფრო ადრე კი, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში. მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

9 აპრილს ხარკოვთან საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 21 წლის ნიკოლოზ შანავა, რომელიც დრონებით დაბომბვისას სასიკვდილოდ დაიჭრა. იმავე დღეს კონტუზია მიიღო მისმა 19 წლის ძმამ, ლუკამაც.

16 აპრილს ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან ერთ-ერთი დასახლების გაწმენდისას დაიღუპა "ქართველი პარტიზანების" წევრი, 40 წლის ერგნეთელი არკადი კასრაძე, რომელიც შვედეთში ცხოვრობდა. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2 მარტს ჩავიდა. მას რამდენიმეწლიანი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ინსტრუქტორი იყო. მონაწილეობდა 2004 და 2008 წლების სამხედრო ოპერაციებში. გავლილი ჰქონდა ავღანეთის საერთაშორისო მისია.

იმავე დღეს, 16 აპრილს, 50 წლის ზაზა ბიწაძე და 40 წლის ალიკა ცაავა, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან ცოტა ხნით ადრე დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანისას დაიღუპნენ. ავტომობილი, რომელშიც„"ქართველი პარტიზანების" დაჯგუფების წევრები ისხდნენ, რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. როგორც გაირკვა, ბიწაძე საჭესთან იჯდა. ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, უკრაინაში კი 2014 წლიდან იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედ დაიჭრა. ალიკა ცაავა აფხაზეთიდან დევნილი იყო. მან იმ ომში მამა, ბიძა და ბაბუა დაკარგა - მამა საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ბიძა და ბაბუა კი სოფელ აჩიგვარაში ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვეღარ გამოვიდნენ. ალიკა ცაავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ის ბატალიონ "კომანდოს" წევრი იყო.

23 აპრილს ქალაქ იზიუმში რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 46 წლის უკრაინელი ქართველი ვიტალი ორბელაძე. დედით უკრაინელი, უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა.

8 მაისს მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორიაზე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოვარდნისას თანამებრძოლებთან ერთად ნანგრევებში მოყვა უკრაინაში დაბადებული 27 წლის ტელმან (ტატო) ბიგვავა.

14 მაისს ხარკოვის გათავისუფლებისას დაიღუპა ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 38 წლის რატი შურღაია. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ის იზიუმთან საჰაერო შეტევაში მოყვა, რა დროსაც ძლიერი კონტუზია მიიღო, კლინიკაში ოთხი დღე გაატარა და ფრონტის წინა ხაზს დაუბრუნდა.

3 ივნისს ზაპოროჟიესთან ბრძოლისას ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა 24 წლის დანიელ გერლიანი. მამამისი, გურამ გერლიანი, აფხაზეთიდან დევნილია და უკრაინაში 90-იანი წლების აფხაზეთის ომის შემდეგ წავიდა.

6 ივნისს (დაუზუსტებელი ინფორმაციით) დონეცკის ოლქში, ბახმუტის ტერიტორიაზე, საბრძოლო მოქმედებისას დაიღუპა 40 წლის გიორგი გრიგოლია. იმ დღეებში მამამისი რუსების ტყვეობაში იყო და შვილის ცხედრის ნახვას ვერ ახერხებდა. ოჯახი უკრაინაში 16 წლის წინ გადავიდა.

7 ივნისს ლუგანსკის ოლქში აფეთქებას ემსხვერპლა 25 წლის კირილ შანავა. ის უკრაინის მოქალაქე იყო, მისი ოჯახი წლების წინ უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.

18 ივნისს სევეროდონეცკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლების დროს დაჭრილი თანამებრძოლის გამოყვანისას დაიღუპა 42 წლის ალუდა ზვიადაური. მისი დის თქმით, მას დაჭრილი ზურგით გამოჰყავდა, რა დროსაც ორივე მოკლეს.

10 ივლისს ლუგანსკის ოლქში საჰაერო იერიშისას დაიღუპა 47 წლის კახა გოგოლი. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო და მონაწილეობდა 90-იანი წლების აფხაზეთის, შემდეგ კი, 2008 წლის რუსეთი-საქართველოს ომში.

12 აგვისტოს ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსეთის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების შედეგად ნიკოლაევის საავადმყოფოში გარდაიცვალა 43 წლის ბერდია ჯოხაძე. ის უკრაინაში საცხოვრებლად 13 წლის წინ წავიდა. ომამდე ადგილობრივ დაცვის კომპანიაში მუშაობდა. საქართველოში მას დედა და და ჰყავს.

26 აგვისტოს დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშებს ემსხვერპლა 55 წლის გელა გოგია, რომელიც უკრაინაში საცხოვრებლად 25 წლის წინ წავიდა. ის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის 2014 წლიდან იბრძოდა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

10 ოქტომბერს დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან, სავარაუდოდ, ნაღმის აფეთქებას შეეწირა 44 წლის ედიშერ კვარაცხელია. ის უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობდა.­ ქართველი სამხედრო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი, სამხედრო ინჟინერი და გამნაღმველი იყო. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.

21 ოქტომბერს ლუგანსკის ოლქში სადაზვერვო დავალების შესრულების დროს ჭურვის ნამსხვრევმა იმსხვერპლა 46 წლის მიხეილ ყაფლანიშვილი. ის საერთაშორისო ლეგიონის, "ჩარლი 2"-ის წევრი გახლდათ. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა, მანამდე კი გერმანიაში ცხოვრობდა, ბიზნესი ჰქონდა, იყო ემიგრანტთა ორგანიზაციის "ერთად სახლში" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

19 ოქტომბერს ლუგანკის ფრონტზე, სოფელ ბილოგორივკასთან, უკრაინის მოქალაქე 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. ის პროფესიონალი სამხედრო და უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი იყო. სამხედრო განათლება უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში არსებულ ლვოვის სერჟანტთა მომზადების სამხედრო კოლეჯში, ასევე ხარკოვში, უკრაინის ეროვნული გვარდიის ეროვნულ აკადემიაში მიიღო. ის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 17 წლის ასაკიდან მონაწილეობდა. 2015 წლიდან მამასთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის "დონბას-უკრაინის" მებრძოლი გახდა. მამამისი, თადარიგის პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, 2014-2016 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა. 2016 წელს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. მას ცხინვალისა და აფხაზეთის ომებში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვს. იყო ეროვნული გვარდიის მე-7 ბატალიონის მეთაური; არის საქართველოს ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების ომის ვეტერანთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

30 ოქტომბერს, ბახმუტის ახლოს დაიღუპა 40 წლის გუგა გაგნიძე. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ალყაში მოექცა. გაგნიძე 25-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადის დაზვერვის ნაწილში ირიცხებოდა. ომამდე ის ჩეხეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, უკრაინაში კი მაისში ჩავიდა. ოჯახმა მისი დაღუპვის შემდეგ გაიგო, რომ ის უკრაინაში იბრძოდა.

2 ნოემბერს ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა 38 წლის ლევან სახელაშვილი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ჩავიდა. ის აფხაზეთიდან, გალიდან დევნილი იყო. ჰქონდა პროფესიონალური სამხედრო გამოცდილება. 2012 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, იყო მე-4 ქვეითი ბრიგადის არტილერისტი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შინდისის ბრძოლის მონაწილე.

15 ნოემბერს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი ხერსონის ახლოს მძიმედ დაიჭრა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექვსი თვით ადრე ზაპოროჟიეს ფრონტზე გმირულად დაეცა ერნესტის უფროსი ძმა, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანი თემურ მაჭარაშვილი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკი წამებით მოკლეს. მაჭარაშვილები ლუგანსკის ოლქის პატარა ქალაქ როვენკიში დაიბადნენ, რომელიც 2014 წლის მაისიდან ოკუპირებულია. უკრაინის მხარეს იბრძვის თემურის და ერნესტის მამა ბონდო მაჭარაშვილიც. მაჭარაშვილების ოჯახი წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდანაა. მათ 12 შვილი - ექვსი გოგონა და ექვსი ვაჟი ჰყავდათ.