ძეგლების დაბრუნება... - კვირის პალიტრა

ძეგლების დაბრუნება...

ისტორიის შეცვლის სურვილი თუ ვანდალიზმი? თუ ორივე ერთად? დაახლოებით ასე შეაფასა ჩვენმა საზოგადოებამ­ გასულ წლებში ძეგლების ნგრევა, რაც პარლამენტთან ვალენტინ თოფურიძისა და შოთა მიქატაძის გრანდიოზული მემორიალის დამხობით დაიწყო და ქუთაისში მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მემორიალის აფეთქებით (რომელსაც მსხვერპლი ახლდა) გაგრძელდა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში­ ყველა ძეგლი არ იგულისხმება, მაგრამ ჯიუტმა საზოგადოებამ პროტესტის ნიშნად და ადგილზე დაბრუნების იმედით არაერთი დემონტაჟირებული ძეგლი გადამალა. თუმცა, რადგან "არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს", "სამალავიდან" გამოსულმა ძეგლებმა დაბრუნება მართლაც დაიწყეს, რაც ქალაქების მერიებს იაფი არ უჯდება. რაც შეეხება დაბრუნებას, გურულების სისხარტის შესაბამისად ლანჩხუთის ცენტრში პირველად გოგი ოჩიაურის "გადარეული გურული" დაბრუნდა. ქანდაკებას თავიდან სახელად "აჯანყებული გურული" ერქვა და მართლაც ნიჭიერ მოქანდაკეს ოდესღაც ბოლშევიკთა აჯანყების სიმბოლოდ შეუკვეთეს. მაგრამ გურულებმა იმდენად სწრაფად აქციეს თავიანთი ხასიათის სიმბოლოდ და სახელიც ისე სასწრაფოდ გადაუკეთეს, რომ შეკვეთის არსი აღარავის ახსოვდა. ამიტომაც იყო, რომ ქანდაკების დემონტაჟს არც ერთი ლანჩხუთელი არ გაჰკარებია და მუშების ბათუმიდან ჩამოყვანა გახდა საჭირო.

dzegli4-1668947821.jpg

თუმცა გურულებმა "გადარეულ გურულს" ამის შემდეგ უპატრონეს - მისი დაჭრა და ჯართში ჩაბარება აზრადაც არ მოსვლიათ, "მიყუჩებულ" ადგილას შეინახეს და ბრეზენტითაც გადაფარეს. "გადარეული გურულის" უკან დაბრუნებას მთელი ლანჩხუთი სიხარულით შეხვდა. მათ შორის ქალაქის ის მერი, რომელიც ქანდაკების დემონტაჟისას იყო თანამდებობაზე. ამბობდა, ჩემთვის არც "გადარეული გურულის" ჩამოგდებაზე უკითხავთ არაფერი, არც დაბრუნებაზე მეკითხებიან, მაგრამ ეს უკვე გულით მიხარიაო.შემდგომში თავიანთ ადგილებზე დაბრუნება სხვა ქანდაკებებმაც ნელ-ნელა გააგრძელეს. Aამ დღეებში კი რუსთავში დაბრუნდa მოქანდაკე ძმების, ჯუმბერ და თამაზ ჯიქიების "თავისუფლების რაშები".­ 2009 წელს, როდესაც რუსთავში ქანდაკებას ამხობდნენ, ჯუმბერ ჯიქია ეგვიპტის ქალაქ სუამში თავისი ახალი ქანდაკების გახსნაზე იყო მიწვეული, სადაც დაურეკეს: დროზე ჩამოდი, რუსთავში შენს "ცხენებს" ანგრევენ და მიხედეო. ეგვიპტური ტრიუმფის მიუხედავად, მოქანდაკეზე ამ ამბავმა მძიმედ იმოქმედა. ჩვენ ჯუმბერ ჯიქიასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და "თავისუფლების რაშების" დაბრუნება მივულოცეთ.

- ბატონო ჯუმბერ, თქვენ ერთადერთი­ მოქანდაკე არა ხართ, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვა...

- ნამდვილად არა ვარ ერთადერთი. სხვისი ძეგლებიც დაანგრიეს, თუმცა არა მარტო წინა ხელისუფლებამ. ნგრევა 90-იანი წლებიდან დაიწყო და წინა ხელისუფლებისას გამწვავდა. ზოგიერთმა ჩათვალა, რომ ყველაფერი შეეძლო, მათ შორის ძეგლების წაქცევაც. ეს არა მარტო მოქანდაკეებისთვის იყო მტკივნეული, არამედ ხალხისთვისაც. ზოგიერთი ძეგლი უკვე სიმბოლოდ იყო ქცეული.

- ალბათ, იმ ძეგლებს გულისხმობთ, რომელთა ნაწილი საბჭოთა იდეოლოგიით იყო შექმნილი და მათთან ბრძოლაც საბჭოეთთან ბრძოლასთან ასოცირდებოდა. ამასობაში კი ხალხმა პოზიტიურ სიმბოლოებად აქცია.

- დემონტაჟირებულ ძეგლებს შორის ისინიც აღმოჩნდნენ, რომლებიც არაფერ შუაში იყვნენ საბჭოთა იდეოლოგიასთან.M მაგალითად, ვახტანგ ონიანის "ამირანის" ქანდაკება სიღნაღში - მითოლოგიურ ამირანს ცალ ხელში ხმალი, მეორეში კი ჩირაღდანი ეჭირა. ის სიღნაღელებმა "სიღნაღის მცველად" მონათლეს და მისი ჩამოგდება მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. სულ იხვეწებოდნენ, დაგვიბრუნეთო, მაგრამ ვის უნდა დაებრუნებინა, როდესაც ქანდაკება დემონტაჟისთანავე დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს.

dzegli2-1668947821.jpg

- ალბათ, ავტორი ცოცხალი აღარ იყო, თორემ "ამირანს" ხომ გადამალავდა.

- სამწუხაროდ. ალბათ, არც სხვა გონიერი კაცი გამოჩნდა, რომ ქანდაკების ჩეხა შეეჩერებინა. ასე დაიშალა ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკებაც ზესტაფონში, მერაბ ბერძენიშვილის "დიდების მემორიალი" ქუთაისში, რომლის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ამ მემორიალიდან "მზეჭაბუკის" ქანდაკება გადარჩა, რომელიც უკვე დაბრუნდა ქუთაისში. რა სახელითაც უნდა ხდებოდეს ძეგლების ნგრევა, ეს ვანდალიზმია და უკულტურობით არის განპირობებული. თუმცა ჩვენში არათუ ქანდაკებები, სასაფლაოებიც იძარცვება და რაზეა ლაპარაკი! რამდენი ძეგლიც უნდა დაანგრიო და გააქრო, ისტორიას ვერ შეცვლი, რადგან ის უკვე შენი ნაწილია, ნათელ მომავალს კი მხოლოდ ცივილიზებულობა ქმნის. თავის დროზე პარლამენტის შენობის წინ მდებარე ქანდაკებაც არ უნდა დაგვენგრია, შესანიშნავი ნამუშევარი იყო და შეიძლებოდა თუნდაც სხვა ადგილას გადაგვეტანა როგორც ჩვენი ისტორიის ნაწილი. ასეთივე აბსურდი იყო იმელის შენობისთვის ექსკავატორის მიყენება და თამარ აბაკელიას ე.წ. ბოლშევიკური ბარელიეფების ამოძირკვა. დღეს მათ ადგილზე ცარიელი უჯრებია, რომლებიც მხოლოდ ჩვენს უკულტურობაზე მეტყველებს. ანტიკურ ქანდაკებებს ათასწლეულები გვაშორებს. როგორ ფიქრობთ, ვიღაცისთვის ხომ იქნებოდა ისინიც თავის დროზე არასასურველი?! ამისთვის ვიღაცას რომ მოეშთო, ხომ საშინელება იქნებოდა?! არათუ ქანდაკებებს, მათ კარკასებსაც კი ინახავდნენ. დღემდეა მოღწეული XIV საუკუნის მოქანდაკე დონატელოს "მხედრის" კარკასი, რომელშიც ის ქანდაკებას ასხამდა. აი, ამიტომაც არის რომი რომი! ან თუნდაც პარიზი რა იქნებოდა, ეიფელის კოშკი რომ დაენგრიათ, რადგან ნახევარ პარიზს არ მოსწონდა. იტალიელები მეორე მსოფლიო ომის დროს ქანდაკებებს ქვიშიანი ტომრებით ფარავდნენ, რათა დაბომბვებს არ დაეზიანებინა.

- იმავეს აკეთებენ დღეს უკრაინელებიც.

- ცივილიზებული საზოგადოება ცივილიზაციას ყველგან იცავს. ამიტომაც ჰქონდა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილსაც პროტესტი ძეგლების ნგრევაზე. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი თვითგადარჩენის ინსტინქტით შენარჩუნდა ჩვენი ვანის ბრწყინვალე ხელოვნებაც, თორემ როდესაც აყვავებულ ვანს ბარბაროსი ბოსფორელები შეესივნენ, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი მათთვის დაეთმოთ და გაენადგურებინათ. დღეს კი სწორედ ვანში ნაპოვნი ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსი იკავებს ადგილს მსოფლიოს 10 საუკეთესო ბრინჯაოს ქანდაკებას შორის. უისტორიო სახელმწიფოებიც კი ბევრად თავგანწირვით ინახავენ ხელოვნებას, ვიდრე ჩვენ. მაგალითად მოვიყვან რუსებს, რომელთაც არაერთი ხალხის კულტურა აქვთ მითვისებული, მათ შორის ერთ-ერთ რუსულ მუზეუმში ნანახი ჩემთვის სულშემძვრელი ანტიკური ამფორა, წარწერით: "მომხატა თვით კოლხმა".

dzegli-1668947821.jpg

- ძეგლების ნგრევაში ვისი როლი უფრო დიდია, წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების თუ საზოგადოდ, ეპოქის, რომელმაც ცვლილებების სახით ნგრევა შემოგვთავაზა?

- ეპოქის, რა თქმა უნდა, რევოლუციების, რომელთაც ყოველთვის ნგრევა მოაქვთ. იმიტომაც გაგრძელდა ძეგლების ნგრევა-გაქრობა წინა ხელისუფლებაში ასე აქტიურად. განსაკუთრებით 2009-ში. ძეგლების ამ მასობრივი ნგრევა-გაქრობის ჟამს აიღეს ვაკის პარკში გოგი ოჩიაურის 8 მებრძოლის მემორიალიც. იცით, სწორედ ამ დღეებში დამესიზმრა, ბატონი გოგი ცეკვავდა, მაგრამ საკუთარ ფეხებს თითქოს სევდით დაჰყურებდა... მეორე დღეს ამ მემორიალის ერთ-ერთი­ მეომრის ფეხი მომიტანეს და მომტანს ძალიან გავუბრაზდი, საიდან გაქვს-მეთქი. მითხრა, იმიტომ მოგიტანეთ, რომ ჯართში აბარებდნენო. რა თქმა უნდა, ფეხი ვიყიდე და ბატონ გოგის გადავეცი. მოგვიანებით, როდესაც მემორიალი გორში გადაიტანეს, ეს ნაწილი მის რესტავრაციაში ჩაერთო.

- წარმომიდგენია, რა საშინელებაა, როდესაც წლობით ნამუშევარს გინადგურებენ.

- მოქანდაკისათვის ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ეგვიპტეში ვიყავი ჩემი ერთ-ერთი ქანდაკების გახსნაზე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რუსთავში შენს "თავისუფლების რაშებს" იღებენ და მიხედეო! და როგორ უნდა მიმეხედა, ვის შევაშინებდი?!

- არადა, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი ბრძანდებით. საინტერესო იქნება იმ ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც თქვენი ქანდაკებებია აღმართული.

- ჩემი ქანდაკებებია საფრანგეთში, იაპონიაში, გერმანიაში, ეგვიპტეში და ა.შ. ღმერთმა დაიფაროს, რომელიმე აიღონ. ძალიან ვინერვიულე "ცხენების" მოხსნაზე. ქალაქის კულტურის სამსახურს დავურეკე, უჩემოდ მაინც ნუ მოხსნით-მეთქი. შემპირდნენ, მაგრამ არაფერი შემატყობინეს, დემონტაჟს სულზე მივუსწარი, ფეხებში აპირებდნენ ქანდაკების გადაჭრას. არადა, ასეთ ქანდაკებას ფეხებში რომ გადაჭრი, მის რესტავრაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საბედნიეროდ, გადავარჩინე და დავაბინავე კიდეც.

- ვინ დაგიბინავათ? ან რა გითხრეს, რატომ ვხსნით ქანდაკებასო? როგორც ცნობილია, მისი მოხსნა ქალაქის ბიუჯეტს 15.000 ლარი დაუჯდა, დაბრუნება კი 6-7-ჯერ მეტი ჯდება. მაგალითად, ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის "მზეჭაბუკის" დაბრუნება თითქმის 100.000 ლარი დაჯდა.

- მითხრეს, თითქოს იმ ადგილას, სადაც ქანდაკება იდგა, გვირაბი უნდა გაეყვანათ, რაც დღემდე არ არსებობს, ხოლო ვინც ქანდაკება თავისთან დააბინავა, გასაგები მიზეზების გამო ვერ ვიტყვი. თუმცა მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

- რა გრძნობაა, როდესაც ქალაქში შენი ქმნილება ბრუნდება, თანაც ისეთი, როგორიც თქვენი ცხენებია?

- ეს პეგასებია, მფრინავი რაშები. მთელი ჩვენი ბავშვობა იმ მფრინავ რაშებზე ფიქრით გაფრინდა, რომელთაც ვერაფერი აჩერებთ მიზნის მიღწევამდე. ადამიანი თავისუფლების სურვილით ცოცხლობს. თუ ასე არ არის, მაშინ სიცოცხლეც უსახურია. ხელოვნებას სულისათვის თავისუფლების მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამიტომაც ვერასოდეს შევძლებთ მის ჩახშობას. ჩვენი ძეგლების დაბრუნებაც სწორედ ამაზე მიუთითებს. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.