უფრთხილდით თაღლით მაკლერებს! - კვირის პალიტრა

უფრთხილდით თაღლით მაკლერებს!

უძრავი ქონების მეპატრონეები საკუთარი ბინიდან მდგმურებს რომ ვერ ასახლებენ, იძახებენ პოლიციას, მაგრამ პოლიციელები მათ დახმარების ნაცვლად ეუბნებიან, რომ ბინაში უკანონოდ შეჭრის გამო მათ დაიჭერენ. ბინის მეპატრონეები პოლიციაში, სააღსრულებო ბიუროში დარბიან იმ იმედით, რომ სამართალს იპოვიან, მაგრამ იქიდანაც იმედგაცრუებული გამოდიან. მათ ყველა სასამართლოში გზავნის, იქ, სადაც ერთი წელი და შეიძლება მეტხანსაც გაიწელოს პროცესი, გაჭიანურების მიზეზად კი სასამართლოს გადატვირთულობას ასახელებენ. ამ ხნის განმავლობაში კი ბინაში არაკეთილსინდისიერი პირი ცხოვრობს. მართალია, ამ შემთხვევაში კანონი ზიანის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს, მაგრამ თუ დამქირავებელს ქონება არ გააჩნია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თანხის ამოღება მისგან ვერ მოხდება. წლებია, სახელმწიფომ ამ პრობლემის გადაჭრის იოლი გზა ვერ გამონახა და ჩვენს მოქალაქეებს ამ მოჯადოებულ წრეში უწევთ სიარული. ამ ხარვეზის გამო ბოლო დროს კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა - მაკლერების თაღლითური სქემები. თაღლითები იმითაც სარგებლობენ, რომ მოქალაქეებს სამართლებრივი ცოდნაც არა აქვთ და ნოტარიუსებთან აფორმებენ ისეთი ფორმით ხელშეკრულებას, რომ შემდეგ მათ პოლიცია ბრალს თაღლითობისთვისაც ვეღარ უყენებს. თურმე კანონის ხარვეზით უკვე მასობრივად სარგებლობენ მდგმურები. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.

დიდუბის პანთეონის წინ ავტობუსის გაჩერებასა და წერეთლის პროსპექტზე რამდენიმე ადგილას ნახავთ ასეთ განცხად­ებას: "ფრთხილად, არ ენდოთ თაღლით მაკლერს, ელისაბედ (ელისო) ცუცქირიძეს". როგორც გაირკვა, მას უამრავი დაზარალებული ჰყავს, მაგრამ თაღლითობას ისევ აგრძელებს, არადა, პოლიციაში უკვე არის რამდენიმე დაზარალებულის ჩვენება,­ თუმცა მას არავინ­ აკავებს. ბინის მეპატრონე­ მაია წულაია­ ორმაგად დაზარალებულია. მის მდგმურს ბინაში ცხოვრების ვადა ივლისში გაუვიდა, მაგრამ არც ბინის ქირას იხდის და არც გადის.

- ბინა წერეთელზე მაქვს. შარშან, როცა გაქირავებაზე განცხადება დავწერე, მაკლერი ელისაბედ (ელისო) ცუცქირიძე დამიკავშირდა. მითხრა, რომ ბინის გაქირავებაში დამეხმარებოდა. სწორედ მან მომიყვანა კლიენტი. სიტყვიერად შევთანხმდით­, რომ ჩემს ბინაში მდგმური ერთ წელიწადს იცხოვრ­ებდა. თუმცა ქირას­ მდგმური არ გადამიხდიდა და თვითონ მაკლერი ყოველთვიურად ჩარიცხავდა ჩემს ანგარიშზე ბინის ქირას... მერე მდგმურისგან გავიგე, მათ შორის სხვა გარიგება ყოფილა - რეალურად, ჩემი მდგმური ეძებდა დასაგირავებელ ბინას და ელისო ცუცქირიძემ ასეთი შეთანხმება შესთავაზა, რომ მას 12.000 დოლარის სანაცვლოდ უშოვიდა ბინას და ამ თანხის უზრუნველსაყოფად სოფელ დიღომში ჩაუდებდა მიწის ნაკვეთს. მას მაკლერთან სანოტარო წესით დაუდია ხელშეკ­რულება და მაკლერისთვის 12.000 დოლარი მიუცია.

ბინის გაქირავების შემდეგ მეც დამჭირდა ჩემი სტუდენტი შვილისთვის ბინა (ჩვენ გორში ვცხოვრობთ და ბინა წერეთელზე რამდენიმე წლის წინ შევიძიIნეთ). მაკლერს ვუთხარი, რომ 8.000 დოლარი მქონდა ბინის დასაგირავებლად. იგივე გზა შემომთავაზა, მითხრა, მომეძებნა ბინა, მასთან გავაფორმებდი გირავნობის ხელშეკრულებას და ქირას, 250 დოლარს, ის გადაუხდიდა ბინის მეპატრონეს. ვაკეში,­ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩემი შვილი სწავლობდა, ერთ-ერთ ბინაში შევედით, სანაცვლოდ მაკლერ ელისო ცუცქირიძესთან ნოტარიულად ხელშეკრულება დავდე. გადავუხადე 8.000 დოლარი ერთი წლით. ბინის გირავნობის თანხის უზრუნველსაყოფად მან მეც ხელშეკრულებაში ჩამიდო სოფელ დიღმის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი. სამწუხაროდ, გამოუცდელობის გამო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა არ შემიმოწმებია, მეგონა, თბილისში მიწა 8.000 დოლარის ღირებულების მაინც იქნებოდა და გულუბრყვილოდ ვენდე. მით უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან ნოტარიუსთან გავაფორმე ხელშეკრულება. ასე ვენდე მაკლერსა და ნოტარიუსს. რამდენიმე თვის განმავლობაში ელისო მეპატრონეს უხდიდა ვაკის ბინის ქირას, ბოლო თვეებში კი აღარ გადაიხადა და იძულებული გავხდი ჩემი შვილისთვის დაქირავებული ბინის ქირა მე გადამეხადა. მერე მივხვდი, გადახდას ვეღარ შევძლებდი და ბინა დავცალე. ელისო ცუცქირიძემ პარალელურად შემიწყვიტა ჩემი წერეთლის ბინის ქირის გადახდაც. როცა მდგმურს მივადექი და მოვთხოვე ბინის დაცლა, კატეგორიული უარი მითხრა - ელისო ცუცქირიძეს მასთან ვალდებულებები აქვს შესასრულებელი და თუ ჩემი ბინიდან გავა, ის თანხას არ დაუბრუნებს. რამდენიმე თვეა ვერც ქირას ვიღებ და ჩემი სტუდენტი შვილი საკუთარ ბინაში ვერ შემყავს, ბავშვს გორიდან უწევს­ უნივერსიტეტში სიარული.­ გამოვიძახე პატრული. როცა გაიგეს, რა საკითხზე ვრეკავდი, მკითხეს, ადამიანი ხომ არ დაჭრილა კონფლიქტის დროსო, ვუპასუხე, არა-მეთქი, და მითხრეს, ჯგუფს არ სცალია და ასეთ დავაზე ვერ მოვაო. ბევრჯერ დავრეკე და, როგორც იქნა, მოვიდა პატრული, მაგრამ ჩემს ბინაში შესვლის საშუალება არ მომცა. მითხრა, ეგ უკანონოდ შეჭრა იქნება და იძულებული ვიქნებით დაგაკავოთო. საჩივარი დავწერე და პოლიციაში შევიტანე, მაგრამ საშველი არ ჩანს. დიღმის მიწის ადგილმდებარეობა რომ ვნახე, გავოგნდი, 1000 ლარიც არ ეღირება, ძალიან შორს, ტრიალ მინდორზეა, არაფრისთვის არ გამოდგება.­ ახლა მეუბნებიან, მხოლოდ სასამართლოს გზით შეგიძლია დავაო. ეს შეიძლება ორი წელიც გაგრძელდეს და მანამდე ვერ გავასახლებ მდგმურს. სად ვიპოვო სამართალი? ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და მდგმურმა უსასყიდლოდ იცხოვროს ჩემს ბინაში? ორმაგად დაზარალებული ვარ, 8.000 დოლარი ამოსაღები მაქვს ელისოსგან და ჩემს ბინაშიც ვერ შევდივარ. თაღლითებს ყველაფრის უფლება აქვთ და მე არა მაქვს უფლება დავიცვა ჩემი უძრავი ქონება? რატომ არ მიცავს სახელმწიფო?

ჩვენ მაიას მდგმურს, იასაც დავუკავშირდით. ის კატეგორიულად ამბობს, რომ ბინიდან არ გავა.

ია ბ.: - ელისო ცუცქირიძე ინტერნეტით­ ვიპოვე, ბინებს აგირავებდა. მითხრა, რომ მიწის ნაკვეთს ჩამიდებდა და ქირით შემი­შვებდა. 12.000 დოლარი გადავუხადე და მაიას ბინაში ქირით შეგვიყვანა. მერე ისე მოხდა, რომ სოფელში სახლი გავყიდეთ, თბილისში გვინდოდა ბინის ყიდვა. ელისო ცუცქირიძე დამიკავშირდა და მითხრა, ამ ბინაში რომ იცხოვროთ, გირაოს თანხა ცოტათი უნდა გაგიზარდოო. პირიქით, აქეთ მინდა ამ 12.000 დოლარის დაბრუნება, რადგან სოფელში სახლი გავყიდე და ბინის ყიდვა მინდა-მეთქი. ეს რომ გაიგო, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მითხრა, ბევრ ფულს გაშოვნინებ იმ ფულით, ჩემთან ჩადე, რადგან ვადის გასვლამდე ამ გირაოს თანხას მაინც ვერ დაგიბრუნებო. ამ შემოსავლებით 9 ბინა ვიყიდე თბილისში და შენც ფულს იშოვი, სანამ ფულის აღების დრო მოგივა, მანამდე მაინც მომეციო, და ვენდე გულუბრყვილოდ. სოფელში გაყიდული სახლის თანხის ნაწილი მივეცი, ისევ ჩამიდო რაღაც მიწა შეკვეთილში. არც მაშინ შემიმოწმებია მიწის ღირებულება იყო თუ არა თანხის შესაბამისი. ახლა ვარკვევ, რომ რეალურად მიწა ნატანებშია და არანაირი ღირებულება არა აქვს. გელაპარაკება და ისე სანდოდ გეჩვენება, ეჭვს ვერ შეიტან, 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებო.

ამდენი საჩივარი დევს პოლიციაში და ახლა ხალხს ისევ იმავე სქემით ატყუებს. კიდევ თანხას აძლევენ. 4 თვეს 300 დოლარს მიხდიდა, მას შემდეგ, რაც დამატებით 20.000 დოლარი გამომძალა, გადახდა შემიწყვიტა. არც ბინის პატრონს უხდის ქირას, ის კი მე მაწუხებს. ელისო არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და ოფისიც გამოიცვალა, ვერსად ვპოულობდი. ამიტომ სოციალურ ქსელში დავდე სტატუსი, რომ ვეძებ თაღლით ელისო ცუცქირიძეს, ვაფრთხილებ ხალხსაც, რომ არ ენდონ. ჩემი სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ გაიგო ბევრმა მისი თაღლითობის ამბავი და სხვებმაც დაიწყეს მისი ძებნა. ამის შემდეგ გამოჩნდა. მე საჩივარი შევიტანე პოლიციაში­ და მითხრა, შენ სანდო არ ხარ და გირაოს­ თანხას, 12.000 დოლარს დაგიბრუნებ, ოღონდ იმ ბინაში­ სხვას შევასახლებო. მე ვერაფერს დამიშავებ, რომც დამიჭირონ, დარღვევა არა მაქვსო. ვხვდები, რომ ამ საქმეში ნოტარიუსიც გარეულია. ყველა ხელშეკრულებას ერთსა და იმავე ნოტარიუსთან აფორმებს... მას შემდეგ, რაც მე ხმაური ავტეხე, ცუცქირიძემ მაიას ბინაში სამი სხვადასხვა პირი მოიყვანა, სხვისი ბინა აჩვენა და დაჰპირდა შესახლებას. მათაც გამოართვა ფული. ცოცხალი მოწმე ვარ, როგორ გადაახდევინა ერთ დედა-შვილს 15.000 დოლარი და მე გამაფრთხილა, მათთვის არაფერი მეთქვა, თორემ შენს ფულს ვერ დაიბრუნებო. იმ ფულით მე უნდა გავესტუმრებინე, მაგრამ არ მომცა, ჯერ ის მიწა უნდა დამიბრუნო, რომელიც შენთან მაქვს ჩადებულიო. ვუბრუნებდი, მაგრამ ამასობაში ის თანხა სხვას მისცა, გასაჩერებელი ფული სად მაქვსო. დიდი ჩხუბის შემდეგ 12.000 დოლარი მომცა, კიდევ სხვა გარიგებიდან 20.000 დოლარი აქვს დასაბრუნებელი და ამიტომ ამ ბინიდან არ გავალ. პოლიციაში საჩივარი რატომ შეიტანეო და აქეთ ამიჯანყა ხალხი, მესიჯებიც მაქვს, როგორ მლანძღავენ, ელისოს დაჭერა გინდა და ჩვენ ამით ვზარალდებით, უნამუსო ხარო. არადა, 34 კაცს აქვს საჩივარი აღსრულებაზე დაწერილი. როგორც გამომძიებელმა მითხრა, 25 საჩივარია შესული ამ ქალზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში, მაგრამ მაინც თავისუფალია და ისევ ატყუებს ხალხს. აჯადოებს ადამიანებს, აგერ მაიას ბინა სამჯერ დააგირავა ჩემ თვალწინ.

- თუ თქვენ 12.000 უკან დაგიბრუნათ, რატომ არ გადიხართ ბინიდან? ხომ იცით, რომ ბინის პატრონს ის ქირას არ უხდის?

- დიახ, არ გავდივარ. ახლა ეს არის ჩემი ბერკეტი, ეს იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი 20.000 დავიბრუნო. ორსული ვარ, წოლითი რეჟიმი მაქვს და ამ ქალთან ბრძოლა მიწევს. გამოფხიზლდით, ხალხო, ეგ ქალი თაღლითია. რაც მეტი უჩივლებს, იქნებ პოლიციამ დააკავოს. სახელმწიფო ვერ გვიცავს. კანონში არის პრობლემაო.

უნდა დაისაჯონ თაღლითი ელისო ცუცქირიძე და მისნაირები. ხალხმა უნდა გაიგოს, რა სქემით მოქმედებენ, რომ სხვებიც ჩვენს დღეში არ ჩაცვივდნენ.

p.s. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ დავკავშირებოდით ელისო ცუცქირიძეს, თუმცა, მან ჩვენს მესიჯებს და ზარებს არ უპასუხა.

ადვოკატი გვირჩევს, როგორ გავასახლოთ ბინიდან არაკეთილსინდისიერი მდგმურები

გიგი სისვაძე, ადვოკატი: - ასეთ დროს მივმართავთ რამდენიმე ხერხს, რომ ეს უკანონობა სწრაფად აღმოიფხვრას. 2016 წლის 1-ლ მარტს შს მინისტრმა გამოსცა #75 ბრძანება და დაამტკიცა წესი, რომელიც შეეხება "საცხოვრებელი სახლიდან ან ბინიდან, ან სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება-გამოყვანას". ამ ბრძანების ფარგლებში ივსება სპეციალური განაცხადი პოლიციაში. მართლზომიერმა მფლობელმა განცხადება უნდა წარუდგინოს შსს-ს იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის ქონება... პოლიციამ ყველაფერი უნდა გამოიკვლიოს და 5 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება - კერძოდ, ბინაში უკანონოდ მყოფ პირს გამოსახლებისთვის აძლევს 5 დღეს და თუ ამ ვადაში არ გამოვა, მაშინ უფლება აქვს გამოიყენოს ძალა და გამოასახლოს. ეს მეთოდი პირდაპირ არის გაწერილი ბრძანებულებით და ჩვენ პრაქტიკაში ამ ბრძანებას ვიყენებთ. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თბილისის პოლიციის სამმართველოები მინისტრის ამ ბრძანებას არ იცნობენ და როცა მივუთითებ,N ეს მათთვის სიახლეა...

იმ შემთხვევაში თუ პოლიციასაც მიმართეთ და პოლიციის უფროსიც არ იღებს პასუხისმგებლობას, თავს არიდებს კანონის მოთხოვნის შესრ­ულებას, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ასეთ ღონისძიებას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსში წერია, რომ მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას კუთვნილი ქონება ნებისმიერი მესამე პირისგან. მაგალითად, ველოდებით, როდის გამოვა ბინიდან არაკეთილსინდისიერი პირი და მოულოდნელად შევდივართ ბინაში. აღვწერთ ნივთებს, ვიდეოკამერაზე ამის დაფიქსირებით და გაგვაქვს გარეთ. ეს ობიექტი­ აგვყავს კერძო დაცვის მეთვალყურეობაში, ან შეიძლება ამ დროს გამოიყენო კერძო დაცვის თანამშრომელი, რომელსაც დამაგრებული აქვს სამხრე კამერები, რათა გადაიღოს პროცესი. შემდგომ ვურეკავთ ნივთების პატრონს და ვაძლევთ ვადას, წაიღოს თავისი ნივთები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგვისა­ და დაზიანებისგან პასუხისმგებლობას ვიხსნით...­ წესით, ეს ფუნქცია პოლიციამ უნდა შეითავსოს, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში ჩვენ ამ ხერხისთვისაც მიგვიმართავს.

- ჩვენმა რესპონდენტმა ბინა მაკლერის მეშვეობით გააქირავა. ბინის ქირას რამდენიმე თვეს ის ურიცხავდა. როგორც გაირკვა, მაკლერმა მდგმურთან დადო იპოთეკის ხელშეკრულება. ახლა ქირას არ იხდის, ბინიდან კი ის მოქალაქე არ გამოდის.

- ასეთმა შემთხვევებმა ძალიან იმატა­. საზოგადოებას გავაფრთხილებ, რომ არ დადონ მსგავსი გარიგებები. ეს საშინელი სქემაა, ატყუებენ ხალხს. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევები მოსკოვის პროსპექტზე და ავლაბარში იყო გახშირებული. მოქალაქეები აწერენ შეთანხმებას ხელს, ნოტარიულად ფორმდება ხელშეკრულება, შედიან სხვის ბინაში და ცხოვრობენ იქ. ქირას მათივე ფულიდან რამდენიმე თვეს თაღლითი იხდის. როცა შეწყვეტს გადახდას, მაშინ იწყება პრობლემაც - ბინის მეპატრონე მოითხოვს მდგმურის გასვლას და ის მაშინ აღმოაჩენს, რომ მიწის ფასი, რაც რეალ­ურად ჩაიდო, ძალიან დაბალია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ის პირი თაღლითობისთვის პასუხისგებაში­ უნდა მიეცეს... მინისტრის #75 ბრძანებიდან გამომდინარე, კანონით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრეს... წესით, ასეთი გარიგებები ნოტარიუსმაც უნდა შეამოწმოს. მოქალაქემ კი ჩადებული მიწა ჯერ რეესტში უნდა შეამოწმოს, შემდეგ კი მივიდეს ადგილზე და ნახოს, უღირს თუ არა ამ ქონების ჩადება. გახსოვდეთ, ხშირად ნოტარიუსებიც მუშაობენ თაღლითებთან.