„ჩვენ ვიცით, ვინ დგას ტერაქტის უკან!“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ვიცით, ვინ დგას ტერაქტის უკან!“

"თურქეთისა და თურქი ხალხის ტერაქტებით დაპყრობა არ იმუშავებს!” რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

"თურქი სპეცსამსახურების სურვილი პასუხისმგებლობა დააკისროს ჩვენს მებრძოლებს, სხვა არაფერია, თუ არა მიზანი, დაიგეგმოს მორიგი სამხედრო სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხო სასაზღვრო ზოლის გაფართოებისთვის".

დემოკრატიული კავშირის პარტია

"ჩვენ არ მივიღებთ აშშ-ის სამძიმარს, რადგან მათი სიტყვები მკვლელის ქცევას ჰგავს, პირველი დაბრუნდეს დანაშაულის ადგილას" სულეიმან სოილუ, თურქეთის შს მინისტრი

სისხლიანი კვირა

ბოლო დროს მსოფლიოს პოლიტიკური წრეების ყურადღება ინდონეზიისკენ იყო მიმართული, სადაც დიდი ოცეულის სამიტი იგეგმებოდა. ინდონეზიური ვოიაჟისგან პოლიტიკურ სიურპრიზებს ოცეულის ლიდერები ნაკლებად ელოდნენ, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც - მას "სიურპრიზი" სულ სხვაგან ელოდა.

კვირას, 13 ნოემბერს, 16:20 წუთზე (ადგილობრივი დროით), როცა სტამბოლის ყველაზე ცნობილი ქუჩა ისთიქლალი გაცილებით ხალხმრავალია, ვიდრე სხვა დღეებში (ზოგიერთი მონაცემით, ყოველდღე ისთიქლალს 100 000-მდე კაცი სტუმრობს), აფეთქების ხმა გაისმა. გაოგნებული ხალხი კარგა ხანს აზრზე ვერ მოვიდა, რა მოხდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩის თავზე შვეულმფრენები გამოჩნდნენ და ისთიქლალი პოლიციელებით და სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაივსო, ცხადი გახდა, რომ სტამბოლი მშვიდობიანი 6 წლის შემდეგ კვლავ ტერორისტთა სამიზნე გახდა.

teraqti2-1668951206.jpg

პირველადი ვერსიით, თავი თვითმკვ­ლელმა აიფეთქა, რამაც 6 კაცი იმსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია. მალე ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ჩამდენი ქალი იყო, რომელმაც პაკეტში ჩადებული ბომბი ძელსკამთან დატოვა. ხელისუფლებამ მედიას აფეთქების ამსახველი ვიდეოფირის გამოქვეყნება აუკრძალა, ერთი დღით დაიბლოკა სოცქსელებიც. სამართალდამცავები დანაშაულში ეჭვმიტანილ ქალს ეძებდნენ, რომლის იდენტიფიცირებაც სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლეს. რამდენიმე საათში პირველი განცხადება თავად თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გამოძიებას საქმე ტერაქტთან ჰქონდა. 10-საათიანი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სპეცსამსახურებმა დამნაშავე დააკავეს - ტერორისტი კობანელი (სირია) 25 წლის აჰლამ ალ-ბაშირი აღმოჩნდა. მის სახლში დიდი ოდენობით ფული, ციფრული მოწყობილობა და აფეთქების ინსტრუქციები აღმოაჩინეს.

"მათ შემსრულებლის მოკვლა სურდათ"

გამოძიების განცხადებით, დაკავებულმა­ აღიარა, რომ ის ქურთების მუშათა პარტიამ გადაიბირა და აინ ალ-არაბიის სადაზვ­ერვო სკოლაში მას, როგორც მომავალ­ სპეციალური დაზვერვის ოფიცერს,­ ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებდნენ. ტერაქტის დავალება მიიღო ვინმე ფერჰათ­ აბდი შაჰინისგან, რომელსაც მის გარემოცვაში მაზლუმ კობანის სახელითაც იცნობენ. ქალი თურქეთში სირიიდან შევიდა, სტამბოლში რამდენიმე თვეს ცხოვრობდა და ქალაქში თანმხლებ მამაკაცთან ერთად დადიოდა (საინტერესოა, როგორ გამოეპარათ ეს სახელგანთქმულ თურქულ სპეცსამსახურებს). როგორც ალ-ბაშირმა თქვა, ოპერაციის შემდეგ მას საბერძნეთში გადაყვანას და იქ ცხოვრებას ჰპირდებოდნენ, თუმცა გამოძიება ამტკიცებს,­ რომ ტერორისტის "პატრონებს" სულ სხვა გეგმა ჰქონდათ.

აჰლამ ალ-ბაშირის დაკავების შემდგომ საქმის ახალი დეტალები თურქეთის შს მინისტრის განცხადებით გახდა ცნობილი: "ჩვენ ვიცით, ვინ დგას ტერაქტის უკან, ვიცით, რა გზავნილია, გადმოცემა უნდოდათ ჩვენთვის და ჩვენ მივიღეთ ეს გზავნილი! მათ შემსრულებლის მოკვლა სურდათ, მაგრამ მათი ქსელი გავშიფრეთ და დავაკავეთ­ ის, ვინც კვალის დაფარვის მიზნით ტერორისტის მოკვლის ბრძანება გასცა".

გამოძიებამ კიდევ 48 კაცი დააკავა, მათ ბრალს, სავარაუდოდ, ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით წარუდგენენ.­ სულეიმან სოილუს განცხადებით, მხოლოდ 2022 წელს თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტის მცდელობის 200-მდე ფაქტი აღკვეთეს.

სტამბოლში ტერაქტის გამო მსოფლიო ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით უსამძიმრებდნენ თავზარდაცემულ თურქეთს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაერკვია, "ვინ ჩასცა ზურგში მახვილი". ჯერ თურქეთის შს მინისტრ სულეიმან სოილუს, შემდგომ კი საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუდ ჩავუშოღლუს მოულოდნელმა ბრალდებებმა მსოფლიოს მომხდარი უცებ დაავიწყა და ნატოს წევრი ორი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირების უფრო გამწვავებაზე დაიწყო ლაპარაკი. "ჩვენ არ მივიღებთ აშშ-ის სამძიმარს, რადგან მათი სიტყვები მკვლელის ქცევას ჰგავს, პირველი რომ უბრუნდება დანაშაულის ადგილს", - თქვა სულეიმან სოილუმ. ამ განცხადებით ცხადი შეიქნა, რომ თურქეთი აშშ-ს ადანაშაულებს. თურქეთი რომ ყველა უბედურებაში ქურთებს ადანაშაულებს და მათი დახმარების გამო ამერიკელებს საყვედურობს, ძველი ამბავია. საინტერესოა, რომ 13 ნოემბრის ტერაქტთან დაკავშირებით კობანის სახელი რამდენჯერმე ახსენეს - თითქოს ხელისუფლება ამ პატარა ქალაქის ხსენებით "ქურთული კვალის" გაძლიერებას ცდილობდა.

teraqti3-1668951206.jpg

კობანელი ქალები

2014 წლის ივნისში ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" სირიასა და ერაყში "ხალიფატი" გამოაცხადა და ახალი ტერიტორიების დასაპყრობად მდინარე ევფრატი გადალახა, სექტემბრის დამდეგს მას უკვე ქურთების მიწების­ 75% დაპყრობილი ჰქონდა და თურქეთის საზღვარს რამდენიმე კილომეტრი და პატა­რა ქალაქი კობანიღა აშორებდა, სადაც იმ დროისთვის მხოლოდ 3000-მდე კაცი ცხოვრობდა.M მიუხედავად ქალაქის წინააღ­მდეგობისა, ჯიჰადისტები კობანის გარეუბნებში შევიდნენ და მისი ცენტრალური ნაწილისკენ მიიწევდნენ. კობანის დასახმარებლად თურქეთის სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები ქურთები (არა მარტო ქურთები) დაირაზმნენ, თუმცა თურქეთმა მათ საზღვარზე გადასვლის ნება არ მისცა და ისინი ყოველდღე უყურებდნენ, როგორ ებრძოდნენ ქალაქის დამცველები (მასწავლებლები, ნოქრები, ექიმები, მოსწავლეები), ფაქტობრივად, შიშველი ხელებით 10 000 მეომრისგან შემდგარ და კარგად შეიარაღებული ჯიჰადისტების ელიტურ ნაწილებს. კობანის დაცვას 42 წლის იურისტი ქალი, მეისა აბდუ ხელმძღვანელობდა. თურქი აქტივისტი ქალი ქადერ ოთოქაია არ დაემორჩილა თურქი მესაზღვრეების გაფრთხილებას დახვრეტის შესახებ და კობანის მოქალაქეების დასახმარებლად საზღვარზე გადასვლა სცადა - ის მაშინვე მოკლეს. არმინ შეკერმა და დილარ გენშევიზმა, კობანის დამცველმა ქალებმა, "ისლამური სახელმწიფოს" ბანაკში შეაღწიეს და თავი აიფეთქეს - ეს იყო შაჰიდების პირველი თავდასხმა ჯიჰადისტებზე... მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა იძულებული თურქეთი საზღვარზე ქურთული "პეშმერგას" ("სიკვდილზე მიმავალნი") სამასკაციანი ჯგუფი გაეტარებინა სისხლისგან დაცლილი კობანის დასახმარებლად.

2015 წლის იანვარში "ისლამური სახელმწიფო" ქალაქიდან განდევნეს. სწორედ კობანში მარცხი იქცა "ხალიფატის" დასასრულის დასაწყისად. კობანისთვის ბრძოლაში 450 მოქალაქე დაეცა - სწორედ მათ სიკვდილში ადანაშაულებდა ქალაქი გულგრილ მეზობელს.

2016 წლის 13 მარტს ანკარის ცენტრში­ ავტობუსის გაჩერებაზე თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, ტერორისტულ აქტს 37 კაცი ემსხვერპლა, დაშავდა 129. დადგინდა, რომ თვითმკვლელი კობანელი სტუდენტი­ გოგონა იყო (თითის ანაბეჭდებით ამოიცნეს).

ამასობაში 13 ნოემბრის ტერაქტთან კავშირი უარყვეს ქურთების მუშათა პარტიამ და თურქეთში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის, სირიელი ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტიამ. თურქი ექსპერტების აზრით, სტამბოლის ტერაქტი შეიძლება ციურ მანანასავით იყოს რეჯეფ ტაიპ ერდოღანისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც მას დაეხმარება დიდი ოპოზიციური ძალის, დემოკრატიული კავშირის პარტიის დისკრედიტაციაში. მეტიც, იმ პოლიტიკური ორგანიზაციების დისკრედიტაციაშიც, რომლებიც საარჩევნოდ დემოკრატიული კავშირის პარტიასთან თანამშრომლობას დააპირებენ, ასეთი კი ჯერჯერობით ორია - რესპუბლიკური სახალხო პარტია და "კარგი პარტია".

ერთი მოსაზრებით, 13 ნოემბრის ტერაქტი საშუალებას მისცემდა თურქეთს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების შესახებ თავისი პოზიციის მართებულობა განემტკიცებინა - როგორც ცნობილია, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ეს ქვეყნები თურქეთს ქურთ მებრძოლებს არ გადასცემენ. თუმცა ფინეთი 16 ნოემბერს ნატოს წევრი მაინც გახდა. როგორ დაითანხმა ფინეთმა თურქეთის პრეზიდენტი და მოხდა თუ არა ეს მორიგ ჯერზე ქურთების გაწირვით, მომავალი გვიჩვენებს.