ცრემლიც და ღიმილიც... - კვირის პალიტრა

ცრემლიც და ღიმილიც...

თეატრის სიმბოლო - ორი ნიღაბი ხომ იცით? ერთი იღიმება, მეორე ტირის. თეატრი სხვა რაა, თუ არა ცხოვრების ასახვა და სცენაზე გადატანა. ჩვენი ცხოვრებაც ხან ღიმილითაა სავსე, ხან კი ცრემლით... ამჯერად ორი ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელიც საპირისპირო ემოციებითაა სავსე.

"ვავა ფუჩქი", ანუ როგორ დაიტირეს ქართლელების მიცვალებული მეგრელებმა

90-იანი წლების აფხაზეთ-სამაჩაბლოს ომები, საკუთარ სამშობლოში დევნილებად ქცეულები, გაჭირვება, ტკივილი... ბაგებთან ერთი ტურბაზა იყო კომუნისტების დროს და საერთო საცხოვრებლად გადაკეთდა. ვის ეცალა მის გასარემონტებლად? ხალხი ღია ცის ქვეშ იყო. დაბზარული და პარკეტაყრილი შენობა დევ­ნილებს გადასცეს. 6-7 სართული იყო სულ. ქვედა სართულები ცხინვალიდან და სამაჩაბლოს სოფლებიდან დევნილებმა­ დაიკავეს, ზედა სართულებზე­ კი გალიდან, გაგრიდან, სოხუმიდან წამოსულები განლაგდნენ.O ოთახები იმდენად პატარა იყო, სამსულიანი ოჯახი ძლივს ეტეოდა. ბევრგან სველი წერტილებიც არ იყო... მრავალსულიან ოჯახებზე მაშინდელმა მთავრობამ დიდსულოვნად გამოყო მეორე ოთახიც…და ცხოვრობდნენ ასე, საერთო დერეფანში აქეთ-იქით განლაგებულ ასანთისკოლოფა ოთახებში ერთ დროს დიდ სახლებს მიჩვეული ადამიანები... ბავშვს დიდი სიხარული მოაქვს ყოველთვის და ამ ნაცრისფერ შენობასაც ხალისს მატებდა ახალდაბადებულის გამოჩენა, გარდაცვალება კი ისედაც რუხ კორპუსს უფრო ასევდიანებდა. წარმოუდგენელი იყო ოთახში სასახლის დატევა, მით უმეტეს, თბილისში გაბნეულ ნათესაობას სამძიმარზე მოსვლა სურდა, ამიტომ ასეთი­ რამ მოიფიქრეს: ყოველ სართულზე, სადაც ლიფტი ამოდიოდა, დიდი ვესტიბიული იყო, ჰოდა, სასახლესაც იქ დგამდნენ და სამძიმარზე მოსულებსაც იქვე იღებდნენ.

ერთხელ ისე მოხდა, რომ ქართლელებსაც გარდაეცვალათ ოჯახის წევრი და მეგრელებსაც. ჭირისუფლებმა ბიჭი დააყენეს ლიფტთან, რომ მოსულები­ საჭირო­ სართულზე აეყვანა. მეორე სართულის ვესტიბიულში ქართლელებს ჰყავდათ თავისი მიცვალებული დასვენებული, მეექვსეზე - მეგრელებს. მეგრელებს უცნაური­ სახელები უყვართ, ჰოდა, გათენდებოდა თუ არა, "ვავა, ფუჩქი" ისმო­და ყველგან. ქართლელები კი დინჯად­ გლოვობდნენ ზაქრო პაპას... ფუჩქის დაკრძალვაზე სვანეთიდანაც ჩამოვიდნენ ნათესავები. პირველ­ სართულზე­ ლიფტთან მდგარმა­ ბიჭმა თავაზიანად შესთავაზა სვანებს მობრძანდით, მეექვსე სართულზე ლიფტით აგიყვანთ, ოღონდ ოთხზე მეტი არ შეიძ­ლებაო. ლიფტში შესულმა მოხუცმა სვანმა­ ეჭვით შეხედა ღილაკებს, მერე თვალი შეავლო მოფახფახებულ კარს და ბიჭს დამრიგებლურად უთხრა, ბიჭო, ჭკვიანად ატარე ლიფტიო. იმ ჯერზე კი ატარა ბიჭმა "ჭკვიანად" ლიფტი, მაგრამ ზემოთ-ქვემოთ ხშირმა გამოძახებამ მწყობრიდან მაინც გამოიყვანა და ძვრა ვეღარ უყვეს პირველ სართულზე ძლივს ჩაღწეულს. ამასობაში გალელები მოადგნენ საერთო საცხოვრებელს და მოთქმა-გოდებით აუყ­ვნენ­ კიბეს. წინ მიუძღოდათ ასეთ საქმეში­ გამოცდილი, თავშალწაკრული ქალი. ისე მოთქვამდა, ქვას აადუღებდა: ფუჩქი ბიცოლა, რავა დაგვტოვე, რავა გვიღალატე...­ ამ ქვითინში ქალი მეორე სართულზეც ავიდა, ყურადღება არ მიუქცევია მდუმარე ქართლელებისთვის, პირდაპირ კუბოს მიაშურა, სადაც ზაქრო პაპა ესვენა.­ ახლოს რომ მივიდა, თვალები­ გაუფართოვდა და უცნაური ხმა აღმოხდა: "ვაავა, რა მოსვლია ფუჩქი ბიცოლას!" - ნანახით გაოცება და გაუცნობიერებელი შიში გაზავებული­ გახლდათ ამ შეშფოთებულ კივილში. მოტირალი Qქალი ისე დაიბნა ულვაშიანი მიცვალებუ­ლის დანახვით, იმასაც ვერ აცნობიერე­ბდა, რომ სხვას დასტიროდა. ლოყებს იხოკავდა და დამდუღრული მოთქვამდა...­ ქართლელები­ კი ამ სანახაობით არანაკლებ გაოცებული პირდაღებულნი მისჩერებოდნენ ლოყებდახოკილ ქალს. ბოლოს, ისევ მეგრელთა ჯგუფიდან იკითხა ვიღაცამ, ფუჩქის დაკრძალვაზე ვართ მოსული და, ალბათ, სართული შეგვეშალაო. ქართლელებს ერთი გამოეყო და დააკვალიანა მეგრელები. მოტირალი ქალი კი ძლივს ააწიწკნეს ზაქრო პაპას... ამ დღეს ბევრი ცრემლი და ტკივილი იყო, მაგრამ ისეთი კურიოზული­ სიტუაცია შეიქმნა, რომ ჯერ ქართლელებს გაეღიმათ, მერე მეგრელებსაც გადაედოთ და ტირილი ხარხარში გადაეზარდათ...

გავიდა დრო. პატარა გოგო-ბიჭები დევნილობაში წამოიზარდნენ. სიყვარულიც დაიბადა მათ შორის. ქართლელ ბიჭს მეგრელების გოგო შეუყვარდა და სწორედ იქ, სადაც ადრე ზაქრო პაპას ემშვიდობებოდნენ, გრძელი სუფრა გაშალეს და მეგრულ-ქართლური ქორწილი გადაიხადეს.

მტრობა

დავითს და ლეილას 6 წლის გიო ჰყავდათ, თენგოს და თამილას კი 5 წლის ნანუკა. ისინი ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ხშირად ერთად შლიდნენ სუფრას და ტკბილად ატარებდნენ დროს. ერთადერთი, რაც უფროსებს ძალიან ეჩქარებოდათ, ახალი კორპუსების მშენებლ­ობის დროულად დასრულება გახლდათ. იმ უბანში, ძირითადად, ბარაკის ტიპის­ ბინები იყო. ყველამ იცოდა, რომ ეს ავარიული,­ სახელდახელოდ აშენებული სახლები უნდა დანგრეულიყო და ერთი სული ჰქონდათ, როდის შესახლდებოდნენ კორპუსებში...

ორ მეზობელს შორის დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როცა გიომ და ნანუკამ იჩხუბეს. პატარების "ომი" კი ბავშვურად, ბიჭის ეჭვიანობით დაიწყო. 5 წლის თვალხატულა ნანუკასთან თამაში ყველას უნდოდა, მით უმეტეს, ყოველთვის ნაირ-ნაირი სათამაშო გაჰქონდა ეზოში და ბავშვებიც მას ეხვეოდნენ. Gგიოს უნდოდა ნანუკას სულ მასთან ეთამაშა, ამიტომაც გადაწყვიტა რაღაც ევნო მისთვის. გოგონას თოჯინა გამოსტაცა, ჯერ ხელი მოჰგლიჯა, მერე ფეხი და ქვიშის გროვისკენ ისროლა.\ მერე სათამაშოს დაზიანება არ აკმარა, ქვიშით ამოუვსო თმა და თვალები. ნანუკას ღრიალზე დედა და ბებია გამოცვივდნენ, რომ გაიგეს, რაც მოხდა, გარეთ იხმეს "აგრესიული" გიოს მშობლები და წყენით უთხრეს: ბავშვს ზრდილობა უნდა ასწავლოთ, ისიც უნდა აუხსნათ, რომ თანატოლებთან, თან გოგონასთან, ასეთი მოქცევა არ შეიძლებაო.…გიოს დედას ეწყინა, რას ჰქვია, ზრდილობაზე მიმითითებთ,­ ბავშვების ერთ წაკინკლავებაზე რა ლექციას მიტარებთო. ერთ სიტყვას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მაგრად იჩხუბეს. იმ დღის მერე მხოლოდ ძუნწი­ მისალმებით ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მეორე შემთხვევა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა შუღლი, ორი კვირის შემდეგ მოხდა - ეზოში­ გასულმა ნანუ­კამ, როგორც კი გიოს მოჰკრა თვალი, იქვე დაგდებულ აგურის ნატეხს დაავლო ხელი და იმის შიშით, ბიჭმა ისევ არ გამომტაცოს თოჯინაო, გიოს თავში­ სთხლიშა. ვაიმეო, იყვირა ბიჭმა, თავზე­ ხელი იტაცა და ღრიალით გაიქცა­ სახლისკენ. მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ 4 ნაკერი დაადეს. ამის შემდეგ ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა ეზოში.

მესამე ეპიზოდი მაშინ განვითარდა, როცა ეზო უკვე სანახევროდ იყო დაცლ­ილი. მობინადრეები ნელ-ნელა გადაჰყავდათ ახალაშენებულ კორპუსებში.­ ნანუკა ბავშვებთან ერთად დამალობანას თამაშობდა. გოგონაზე გაგულისებული გიო შორიდან უთვალთვალებდა "მტერს". დაინახა,­ ნანუკა როგორ შეიპარა დაცლილი ბინის სარდაფში, ბიჭმა კი ურდულჩამტვრეული კარი ხის დიდი ტოტით ჩარაზა. ნანუკას რომ შეაგვიანდა, მისი ძებნა­ დაიწყეს. გულგახეთქილმა­ ბებომ და დედამ ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული მოიარეს.B ბოლოს იმ ჩაკეტილ სარდაფსაც მიადგნენ, საიდანაც ნანუკას ტირილი ისმოდა. რაღა თქმა უნდა, უმალ მიხვდნენ, ვინც იქნებოდა მთავარი დამნაშავე და ისევ დატრიალდა ქარბორბალა.

ამის მერე მალე დაიცალა ეზო, დაინგრა ძველი ბარაკები და ოცდაორმა წელიწადმაც თვალის დახამხამებაში გაიარა... ბავშვობის მერე გიოს და ნანუკას გზები გაიყარა. მათი ოჯახები სხვადასხვა უბანში დასახლდნენ. ნანუკა ექიმი გახდა.­ გიომ ამერიკაში დაამთავრა სასწავლებელი და თბილისში დაბრუნებულმა ბანკში დაიწყო მუშაობა. ერთ დღესაც გიოს დედა ცუდად გახდა და კლინიკაში ზუსტად იმ პალატის ექიმი-კარდიოლოგი­ აღმოჩნდა ნანუკა, რომელშიც ქალბატონი ლეილა იწვა. ქალს თითქოს ეცნობოდა ახალგაზრდა და მომხიბლავი ექიმი, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან? ცოტა რომ მოსულიერდა, მერე ჰკითხა ვინაობა და სახტად დარჩა - ეს ლამაზი და ყურადღებიანი ექიმი სწორედ ის "კაპარჩხანა" გოგო აღმოჩნდა, მის შვილს რომ სიცოცხლეს უმწარებდა ბავშვობაში. ნანუკასაც გაახსენდა ყველაფერი და ახლა ღიმილით იხსენებდა. მან დედამისსაც უთხრა ლეილას ავადმყოფობის ამბავი. დრომ თამილასაც გაუნელა წყენა და მეზობლის სანახავად მივიდა კლინიკაში. ძველმა მეგობრებმა უმალ გამონახეს საერთო ენა, გასახსენებელი, კარგიც და ცუდიც... დედასთან მისულმა გიომ მოღიმარ ლეილას და უცხო ქალს რომ მოჰკრა თვალი, გაუკვირდა. დედამ იტალიური ეზოს ძველი ამბები გაახსენა. გიოც გახალისდა, ბავშვობა ხომ ყოველთვის ფერადია, მიუხედავად ყველაფრისა... ამ საერთო მხიარულებას მალე პალატის ექიმიც შეუერთდა.

როგორ ფიქრობთ, ამდენი ხნის მერე როგორ განვითარდა ამ ორი "გადამტერებული" ოჯახის ურთიერთობა? ჯერ მეგობრობდნენ, მერე მტრობა ჩამოვარდა მათ შორის, კარგა ხნის შემდეგ უცებ გალღვა­ ყინული და უცებ აღდგა მეგობრობა, მეტიც, გიოს და ნანუკას გზები როგორც კი ხელახლა გადაიკვეთა, დიდხანს აღარ უფიქრიათ და დაოჯახდნენ.

როგორი უცნაურია ეს ცხოვრება! უამრავი მოულოდნელობით, სიურპრიზით, ხან ცრემლით და ხან სიხარულით სავსე.

მარინა ბაბუნაშვილი