როგორ ხუმრობენ გურულები - კვირის პალიტრა

როგორ ხუმრობენ გურულები

"გურია ხალასი იუმორის მხარეა. გურულების იუმორი განსაკუთრებულია იმით, რომ ისინი მეორე ადამიანს არ ამცირებენ - ეს არის უწყინარი, კეთილი ხუმრობა, რომელიც ყველას კარგ ხასიათზე აყენებს", - გვითხრა იუმორისტმა­ რომა ქერქაძემ და რამდენიმე სახალისო ამბავი გვიამბო:

უიღბლო სასიძო

ერთ ჩოჩხათელ კაცს მეზობელ სოფელში­ გოგო მოეწონა და გადაწყვიტა, ცოლად მოეყვანა. ის დრო იყო, როცა მედლებს ძალიან აფასებდნენ და საცოლის ოჯახთან თავის მოსაწონებლად მთელ სამეზობლოში მოაგროვა მედლები და ყველა ერთად დაიკიდა. ერთ-ერთი მედალი მრავალშვილიანმა მამამ ათხოვა, რომელიც რვა შვილს ზრდიდა. ჰოდა, მივიდა ნაირ-ნაირი მედლით დამშვენებული სასიძო საცოლის ოჯახში, სადაც დიდი სუფრა იყო გაშლილი. მთელი სანათესავო სასიძოს სანახავად მოსულიყო. ცოტა ხნის შემდეგ სტუმარმა შენიშნა, საპატარძლოს ერთი ბიძა თვალებდაჭყეტილი, გაბრაზებული უყურებდა და თავს უკმაყოფილოდ აქნევდა: თურმე თვითონაც რვა შვილი ჰყოლია და ორი დღის წინ მისთვისაც ზუსტად ასეთი მედალი უჩუქებიათ. აღშფოთებულმა ბიძამ ყველას გააგებინა, რომ მისი ძმისშვილი რვა შვილის მამას მოსწონდა... რაფერ გამოასწარი იქიდან ცოცხალიო რომ ჰკითხავდნენ, დაღონებული რაჟდენა პასუხობდა: რაფერ, ბიძია, და ჩოჩხათიდან ჩემს სოფლამდე სულ ფეხით ვირბინეო, - ხუმრობდა უიღბლო სასიძო.

"ბარტერი" გურიაში

ჩვენი მეზობელი, რეზო აფხაზავა, "სამასვალს" მართავდა. ერთ დილას ცუდი ამბავი მოუვიდა: ვიღაცის ღორს დაეჯახა!­ ღორის პატრონმა ატეხა ერთი ვაი-ვიში, თავში ხელებს იცემდა და ყვიროდა: აი ღორი მე საჯიშედ მინდოდა და ეს რა ქენი, რა დღეში ჩამაგდეო. რა უნდა ექნა საწყალ რეზოს, კაცი დაამშვიდა და უთხრა, დაკალი მაი ღორი, ხვალ ოზურგეთის ბაზარში წავალ და ზუსტად ამნაირი წონის და ზომის ღორს მოგიყვანო. "დაზარალებული" ღორი აწონეს და 40 კილოგრამი გამოვიდა.

წავიდა რეზო მეორე დღეს ოზურგეთის­ ბაზარში, ბევრი იარა, ეძება 40-კილოგრამიანი ღორი და ვერსად ნახა. ბოლოს­, 100-კილოგრამიანი იყიდა და მეზობელს მიუყვანა. გახარებულმა კაცმა­ კარგი სუფრა გაუშალა და მამაპაპურად აქეიფა. მეოთხე თუ მეხუთე სადღეგრძელო რომ თქვეს, მასპინძელი ეკითხება, რეზოია, ხვალ დილას რომელ საათზე მიდიხარ სამსახურშიო? რაში გაინტერესებსო, გაუკვირდა რეზოს. ამ ჩემს ცოლს, თალიკოს, ზუსტად იმ დროს გამოვუშვებ ქუჩაში, დაარტყი მაი მანქანა და შენ იმნაირი გულის კაცი ხარ, მეორე დღეს, სამჯერ უკეთეს ქალს მომიყვანო.

უმკაცრესი სასჯელი

გურული ქალების სიფიცხეზე ბევრი ანეკდოტი გამიგონია, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი მომწონს: სიკვდილმისჯილი მკაცრად უნდა დასაჯონ და ბჭობენ, რა ხერხი გამოიყენონ. გამოვიდა ჯალათი და სეირის სანახავად მოსულ ხალხს ჰკითხა, ჩამოვახრჩოთო? ცოტაა, ცოტაო, შეჰყვირა ბრბომ. მაშინ ჯერ ჩამოვკიდოთ და მერე დავანაწევროთო. ცოტაა, ცოტაო, პასუხობს­ ბრბო. ცეცხლი შევუნთოთ და ნელ-ნელა დავწვათო, მაგრამ ხალხს ეს სასჯელიც ეცოტავა. მაშინ გურული ქალი შევრთოთ ცოლადო. ცოდვაა, ცოდვააა! - აყვი­რდა სასჯელის სიმკაცრით შეშფოთებული ბრბო.

დაკარგული "ლამაზო"

ერთი სოფლის განაპირას ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც­ მეორე­ სოფელში მცხოვრებ კაცთან რომანი­ ჰქონდა. ეს კაცი ტყეში რომ წავიდოდა, ქალი სახლიდან გამოვიდოდა და თანასოფლელებს მათი პაემნის ამბავი რომ არ გაეგოთ, ვითომ თავის ძროხას, სახელად­ "ლამაზოს" ეძებდა. მაგრამ მეზობლებმა მათი ამბავი კარგად იცოდნენ. ერთ დღეს ეს ქალი ტყეში შევიდა და გაბმულად ყვირის, ლამაზო, სად ხარ, ლამაზოო. ტყის პირას მცხოვრებმა მეზობელმა ვეღარ მოითმინა და გამოსძახა, შენი "ლამაზო" თბილისშია წასული და კიდევ სამი დღეი არ იქნება გურიაშიო.

"მეათეკლასელის" ქორწილი

შემოქმედში სკოლის დირექტორი თევდორე ჭანუყვაძე ცხოვრობდა და ძალიან კვიმატი ხუმრობა იცოდა. თევდორეს ძმისშვილმა ცოლი 30 წლის ასაკში­ მოიყვანა.­ ბიძა მის ქორწილში მივიდა, ბედნიერება მიულოცა და უთხრა, ორივეს გაგვიმართლა, სკოლაში არც ერთ საგანს რომ არ გასწავლიდიო. რეიზა მეუბნები მაგას, თევდორე ბიძიაო, ჰკითხა ძმისშვილმა.­ რეიზა და, მე რომ მესწავლებინა, დღესაც მეათე კლასში იქნებოდი და ქორწილის გადახდა სკოლაში, კლასელებთან ერთად მოგვიწევდაო.

ხათუნა ჩიგოგიძე