"დღეს საახალწლოდ ნახევარი ევროპა რაჭული გირჩებისგან გამოყვანილი ნაძვის ხეებით მარაგდება“ - კვირის პალიტრა

"დღეს საახალწლოდ ნახევარი ევროპა რაჭული გირჩებისგან გამოყვანილი ნაძვის ხეებით მარაგდება“

"აფერადებული ბუნების, ხალხის ცქერითა და ფოტოგრაფიით დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც ვიგრძენი. უამრავი გამვლელი ჩერდებოდა ამ სილამაზის სანახავად", - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, რომელმაც რაჭის სოფლებში იმოგზაურა და მხოლოდ უნიკალური კადრები კი არ აღბეჭდა, რაჭის სოფლების დღევანდელი რთული ყოფაც გაიზიარა...

- 10 წლის წინ მოგზაურობა ფოტოკამერით სწორედ რაჭიდან დავიწყე. ამინდის­ შერჩევას დიდი სიფრთხილით მოვეკიდე­, მოგეხსენებათ, ფოტოგრაფიაში განათება უმთავრესია! ამიტომ როგორც კი გამოიდარა, დილაუთენია გავემგზავრე. უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, მგზავრობა­ ავტოსტოპით ვარჩიე. შაორი საოცრად მშვიდი დამხვდა. ნიავიც კი არ ქროდა, ანარეკლიც შესანიშნავი იყო. შაორის პირას­ იმდენი ქუთაისელი მეთევზე დამხვდა, თავი უეცრად ქუთაისში წარმოვიდგინე. ჩვეული იუმორით, ხალისით თევ­ზაობდნენ. იყვნენ შეყვარებული წყვილებიც,­ რომლებიც­ თევზის ჭერაში ერთმანეთს გულშემატკივ­რობდნენ. აფერადებული ბუნების,­ ხალხის ცქერითა და ფოტოგრაფიით დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც ვიგრძენი... ნაშუადღევს კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევა დავიწყე, მაგრამ უეცრად ავტომობილი შეჩერდა და ახალგაზრდა მამაკაცი ჩემკენ გამოემართა. თურმე სოცქსელიდან ვუცვნივარ და მითხრა, ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივი იქნება თქვენი­ სტუმრობა, ხვალ დილით სოფელ გოგოლათში გაგიწევ მეგზურობასო. მყისვე დავთანხმდი ავთანდილ კობახიძის მიწვევას...

ალიონზე მე და ავთანდილი გოგოლათისკენ გავეშურეთ. გოგოლათის შესახებ პირველად დანიელმა მარიანა ბოლსმა მიამბო. ეს ის ქალია, ვინც პირველად დაინტერესდა რაჭული ნაძვის­ ხეებით. მისი იდეა ბიზნესად იქცა და დღეს საახალწლოდ ნახევარი ევროპა რაჭული გირჩებისგან გამოყვანილი ნაძვის ხეებით მარაგდება. მარიანას სურდა გოგოლათში სხვადასხვა საქველმოქმედო კულტურული ღონისძიებები გაემართა, ჩემს მიწვევასაც აპირებდა, მაგრამ ხელი პანდემიამ შეუშალა.

nadzvi2-1668961346.jpg

ნახევარი საათის შემდეგ გოგოლათს მივუახლოვდით. მთებში ჩაფ­ლული რაჭის ეს უნიკალური სოფელი გამორჩეულია რაჭული ოდებით. სოფელში განთქმული ხის ოსტატები ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ეჯიბრ­ებოდნენ, ვინ უფრო უკეთეს ხის ნაკეთობებს შექმნიდა. როგორც ამბობენ, აივნებზე არც ერთი ორნამენტი არ მეორდება. ზოგი სახლი 150 წელზე მეტს ითვლის. ლეგენდის თანახმად, პატარა გოგონა ლათი მთებში დაკარგულა, ძებნის შემდგომ კი ამ მიდამოებში უპოვიათ, შემდეგ ამ ადგილს გოგოლათი უწოდეს. ზამთარში სოფელი ცარიელდება, მხოლოდ ერთი-ორი მოსახლე რჩება. არა აქვთ გზა, აფთიაქი, სურსათის მაღაზია, სკოლა, საბავშვო ბაღი... ავტობუსი არ დადის. ვინც ზამთარში რჩება, პენსიის ასაღებად ოთხი კილომეტრის ფეხით გავლა უწევს, შემდეგ ცენტრალური მაგისტრალიდან ამბროლაურამდე შემხვედრ­ მანქანას უნდა გაჰყვნენ. სოფელს რამდენიმე წლის წინ პრემიერი მამუკა ბახტაძე სტუმრობდა. მას დაპირებები­ უხვად გაუცია სოფლის ასაყვავებლად, მაგრამ მხოლოდ ერთი შესრულდა: სოფელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ზოგი სოფელ-მუზეუმსაც უწოდებს... გასულ წლებში ზამთარში­ ორი მოსახლე იზამთრებდა. ამჟამად მესამე­ც აპირებს დარჩენას. რამ გადაგაწყვეტინათ დარჩენა-მეთქი, ვკითხე, ზაფხულში ღორები გამოვზარდე, თურმე­ ერთი დამაკებულა, საცაა გოჭებს მოიგებს­ და მომიწევს დარჩენა, შეშა მაქვს, როგორმე გამოვიზამთრებო..

სოფელი ღები მთის რაჭის ყველაზე დიდი და ლამაზი სოფელია! 2014 წლის ზაფხულში გახლდით პირველად, ამჯერად კი შემოდგომის ფერების ხილვით მოვინუსხე. გული სიხარულით მევსებოდა, როდესაც სრულიად უცნობები ჩერდებოდნენ და მეკითხებოდნენ, სტუმარი ჩანხარ, დახმარება ხომ არ გჭირდებაო. განსაკუთრებით ერთი მოხუცი დამამახსოვრდა, დედაღვთისას სალოცავის ბილიკი მიმასწავლა, უკან დაბრუნებისას სიცივეში სახლის წინ სკამზე ჩამომჯდარი ძაღლთან ერთად მელოდა, რათა რაჭული ლობიანი გამოეტანებინა.

ისტორიულ წყაროებში ღებს პირველად 1503 წელს მოიხსენიებენ. ხუთი საუკუნის წინ ღები სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა აქ სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი­ წეს-ჩვეულებები არ შეინიშნება... სოფლის სახელწოდების მიხედვით ვარაუდობენ, რომ მხოლოდ დასახელება შემორჩა სვანური­ - "ღებ" ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს. არის მეორე ვერსიაც, აქ ვინმე მღებავი დასახლებულა და სოფლის სახელწოდებაც აქედან დაერქვა. ღებში დიალექტი მეტად განსხვავებულია, არც რაჭულს ჰგავს, არც სვანურს. ღებელები თავს რაჭველებად არ მიიჩნევენ. ონიდან ამოსულ ადამიანზე იტყვიან, რაჭიდან ამოვიდაო, ხოლო როცა თავად ონში მიემგზავრებიან, ამბობენ, რაჭაში მივდივართო. ღებში ჩასვლის მიზანი­ ღებური დუროიანი სახლები­ იყო. 1890 წელს იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი ვიტორიო სელა კავკასიაში მოგზაურობისას ღებშიც ავიდა. მისი უნიკალური ფოტომასალით ირკვევა, რომ ღებში დუროიანი სახლები და კოშკები მრავლად ყოფილა.­ სახლს თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონია: ოთხსართულიანი კოშკის მეოთხე სართულს დუროები (სათოფურები) ჰქონდა დატანებული ქვითკირით ნაშენ კედლებში. სახლის პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ,­ მეორე სართულზე, ოთახის შუაგულში, კერა იყო და ოჯახი ცხოვრობდა. მესამე სართული წლის სარჩოსა და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესანახად გამოიყენებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში დუროიანი სახლები მიზანმიმართულად მავნებლურად გაქრობას იწყებს. მხოლოდ ჩემი მეგობრის, თამთა გავაშელის წინაპრებმა მოახერხეს ისტორიული საცხოვრისის შენარჩუნება. ნაგებობა იმდენად მყარი აღმოჩნდა, 1991 წლის ძლიერ მიწისძვრასაც გაუძლო. თუმცა ვერ გაუძლო უეცრად მეხის დაცემას, რამაც ხანძარი გამოიწვია. მხოლოდ მის შემდეგ გადაწყვიტა სახელმწიფომ სახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. მოგვიანებით სახლი გადახურეს, მაგრამ თანდათან წვიმისგან დაზიანებული კედლების ნგრევა დაიწყო. 15 წლის წინ 4 კედელი მთელი იყო, დღეს კი ორიც აღარ არის. თამთამ ვის აღარ მიმართა, მაგრამ... ოცნების ასახდენად ემიგრაციაშიც გაემგზავრა...

nadzvi3-1668961347.jpg

- ვიცი, სოფელი გონაც ულამაზესია.

- გონაში პირველად 8 წლის წინ ვიყავი­ და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ეს გურულ მეგობარს, ჟურნალისტ ბედისა დუმბაძესაც გავუზიარე. მან ვრცელი სტატია დაწერა და გონას "პატარა შვეიცარია რაჭაში" უწოდა, სტატია Georgian Journal-ში დაიბეჭდა, შემდეგ ეს ფრაზა ერთ-ერთმა ტელევიზიამაც აიტაცა, გიდებმაც არ დააყოვნეს და ასე გახდა გონა "პატარა შვეიცარია რაჭაში". ამდენი ხნის მერეც არაფერი გაკეთებულა ტურიზმის განვითარებისთვის. მხოლოდ საშუალო სიმძლავრის ჰესი შენდება. პროექტის დასრულების შემდეგ კარგი იქნებოდა გაეთვალისწინებინათ მოსახლეობისთვის შეღავათიანი დენის ტარიფი, რადგანაც მაღალმთიან რეგიონში გაზი არ არის. რაჭას დიდი ტურისტული პოტენციალი­ აქვს. თუ სრულად გამოიყენეს, ბევრი რაჭველი დაუბრუნდება მშობლიურ კერას!