„პალიტრა L-ის“ ახალი პროექტით პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა - კვირის პალიტრა

„პალიტრა L-ის“ ახალი პროექტით პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა

"XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება", - ამ სლოგანით დაიწყო გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ახალი პროექტი. 28 ნოემბრიდან მკითხველს წიგნების განსაკუთრებული პირობებითა და განსაკუთრებულ ფასად შეძენა შეეძლება. წიგნები ახლა უკვე პრესის გარეშე გაიყიდება.

პროექტის ფარგლებში პირველი მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გამოიცემა. 28 ნოემბრიდან პირველი ტომის, "კვაჭი კვაჭანტირაძის" შეძენა ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 14 ლარად იქნება შესაძლებელი. ახალი ტომები თვეში ერთხელ გამოვა. სერიის ფარგლებში ასევე გამოიცემა:

მეორე ტომი - "არსენა მარაბდელი"

მესამე ტომი - "ჯაყოს ხიზნები", "გივი შადური"

მეოთხე ტომი - მოთხრობები, წერილები

მეხუთე ტომი "თეთრი საყელო" და სხვა მოთხრობები.

"XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება" - ამ იდეით შექმნილი პროექტით გამოსაცემ წიგნებს თავად მკითხველი არჩევს. ავტორის შერჩევამდე გარკვეული პერიოდით ადრე დაიწყო სპეციალური გამოკითხვა, თუ ვისი წიგნების შეძენას ისურვებდნენ, მათი რჩეული კი ამ ეტაპზე მიხეილ ჯავახიშვილი გახდა. მეორე ავტორი, რომელიც ახალი პროექტით გამოიცემა, ჟიულ ვერნია.

მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და სწორედ ამისი დასტურია ის, რომ ქართველმა მკითხველმა ახალი ბიბლიოთეკის პირველ ავტორად სწორედ ის აირჩია. მწერალი, რომელიც რუსულ რეპრესიებს შეეწირა, თავისი შემოქმედებით მუდმივად ქართველი ერის დაცვასა და გამოფხიზლებას ცდილობდა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, წამებით, "აღიარებაზე" ხელი მოაწერინეს. სასჯელი აღასრულეს დახვრეტით, იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნაწარმოებების კვლავ გამოცემა დაიწყო. მწერალი კარგად გაიცნო ქართველმა მკითხველმა, დააფასა და შეიყვარა. მას შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის სხვადასხვა გამოცემა ქართველების წიგნების თაროზე საპატიო ადგილს იკავებს.

ათწლეულების შემდეგ, დღეს, როდესაც რუსული აგრესია კვლავ პრობლემაა, ქართველი მკითხველი კვლავ მიხეილ ჯავახიშვილს ირჩევს და კითხულობს. ის ახალი ოჯახების ახალი ბიბლიოთეკის პირველი წიგნი იქნება.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, კლასიკოსი ავტორები, განსაკუთრებით ქართველი კლასიკოსები, ყოველთვის აინტერესებს მკითხველს: "მათი შემოქმედება, დროის მიუხედავად, არ კარგავს აქტუალურობას. მიხეილ ჯავახიშვილი ის ავტორია, რომლის შემოქმედებაც ზუსტად და სწორად ასახავს როგორც გარდასულ, ისე თანადროულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს და, იმავდროულად, ეხმიანება მომავალსაც. ჯავახიშვილის ნაწარმოებებში თანამედროვე მკითხველი უამრავ "დღევანდელობას" ამოიკითხავს და საინტერესო პარალელებსაც აღმოაჩენს. ამ სერიის პირველი წიგნი იქნება "კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი თავგადასავალი". კვაჭი არის პერსონაჟი, რომელიც მუდამ არსებობდა და არსებობს. ის დღესაც ჩვენ შორისაა, თუმცა შესაძლოა მისი ფენომენისთვის სახელი ჯერაც ვერ დაურქმევია ახალგაზრდა მკითხველს".

პროექტის ფარგლებში მომავალი ავტორები და ნაწარმოებები კვლავ მკითხველის აქტიური ჩართულობით შეირჩევა.

გამომცემლობა "პალიტრა L" მუდმივად სთავაზობს მკითხველს ახალ პროექტებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, გამომცემლობისა და მკითხველის თანამონაწილეობით ხორციელდება. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მკითხველის მოთხოვნების, სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებას. ახალი პროექტი გაერთიანებულია მთავარი იდეის -– "XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება" - გარშემო. ეს ბიბლიოთეკა ერთად უნდა შევქმნათ. ერთად გადავწყვიტოთ, რომელი ავტორები და რა ჟანრის ლიტერატურა უნდა იყოს ამ პროექტში. დავიწყეთ გამოკითხვები სოციალური ქსელით, სხვადასხვა არხით. მკითხველმა დიდი ინტერესი გამოიჩინა - ყოველდღიურად გვიგზავნიან შევსებულ კითხვარებს. გვიხარია, რომ პროექტს ასეთი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. რაც მთავარია, საზოგადოება უკვე ელოდება ამ პროექტის წიგნებს. აქვე დავამატებ: ნებისმიერ მსურველს შეუძლია რჩეულ ავტორსა თუ ნაწარმოებზე ტელეფონით გვაცნობოს. დარეკეთ ნომერზე: 032 2 47 00 45. "

პროექტი "XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება" თანამედროვე მოთხოვნებსა და მოლოდინს სრულად შეესაბამება, რადგან ის მკითხველის ჩართულობითა და მათი სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, პროექტის თანამონაწილე მკითხველიც დიდი მოლოდინით დაელოდება ახალ გამოცემებს და შეავსებს/განაახლებს ან/და შექმნის სრულიად ახალ - XXI საუკუნის ბიბლიოთეკას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსურველი წიგნების შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებს", - ამბობს მარიამ გიორგაძე.

ახალი პროექტით გამოცემული წიგნების შეძენა მკითხველს ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასად შეეძლება. წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ გახდნენ გამომწერები და მათთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღონ სასურველი წიგნი თუ წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოიცემა. პრესის გარეშე წიგნის განსაკუთრებულ ფასად შეძენა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.

სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და "ბიბლუსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნს გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ, დაუჯერებელ ფასად შეიძენთ.

ან გახდით გამომწერი:

დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ამა თუ იმ გამოცემის, ტომეულისა თუ პროექტის მიმართ გამომცემლობის სატელეფონო ცენტრში და დათქმულ დროსა და ადგილზე წიგნებს სპეციალურ ფასად მიიღებთ. ტელ.: 322 47 00 45

გამოიწერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტომეული განსაკუთრებულ ფასად საიტიდან. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მიიღეთ დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება ან გადაიხადეთ ყოველთვიურად თქვენ მიერ შერჩეულ რიცხვში, შეძენილ წიგნებს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ.სატელეფონო და ონლაინგამოწერის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 ლარია.

ნანა მღებრიშვილი