„სპიტაკის მიწისძვრის დროს მამამ ნანგრევებიდან ჩვილი ამოიყვანა, რომელიც მკვდარი დედის ძუძუს წოვდა“ - კვირის პალიტრა

„სპიტაკის მიწისძვრის დროს მამამ ნანგრევებიდან ჩვილი ამოიყვანა, რომელიც მკვდარი დედის ძუძუს წოვდა“

"ჩვენ შორის ბევრია ისეთი ადამიანი, ვისნაირიც გინდა იყო, მაგალითად, საქმეში. მათ შორის არის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების გამგე, ვიცე-პოლკოვნიკი, ქირურგი ჯემალ კურცხალია. ბევრი რამ მისცა მას მედიცინის სისტემატურმა შესწავლამ: ინოვაციები და უფროსი­ კოლეგების მდიდარი გამოცდილება. ახლა ის ატარებს ყველაზე რთულ ოპერაციებს. ბევრი მისი სასწაულად გადარჩენილი პაციენტი ვერ ივიწყებს მას", - ეს წერილი ჟურნალ "დოიჩე ველეში" დაიბეჭდა მაშინ, როცა ძალიან იშვიათი იყო სამხედრო ექიმი. დღეს ამ გამორჩეული ქირურგის შვილი, ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური დირექტორი ირაკლი კურცხალიაც­ ცნობილი ექიმია. ბატონ ირაკლის საავადმყოფოში ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი მკითხველისათვის მამაზე საუბარი ვთხოვეთ.

- რას ნიშნავს სამხედრო ექიმი?

- სამხედრო ექიმმა იცის ომის დროს მიყენებული ტრავმების მართვა. ჩვეულებრივი ქირურგისაგან განსხვავებით, მან ბევრი რამ უნდა გათვალოს, საომარი ვითარების დროს როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სამედიცინო დახმარება და ასე შემდეგ.

- სამხედრო ექიმი იშვიათია საქართველოსათვის?

- კი, იშვიათია. ჯარიც პატარაა საქა­რთველოში. იყო ჩანასახები, ძველი საბჭოთა ჯარიდან წამოსული. მაშინდელ ჰოსპიტლებში ვისაც უმუშავია, იმ ხალხმა წამოიწყო სამხედრო მედიცინა.

მამა ზოგადი ქირურგი იყო, ბოლო წლებში ლიცენზირება რომ დაიწყო, მერე გადავიდა ტრავმატოლოგიაში. საოცრად ყურადღებიანი ადამიანი იყო, მისთვის ყველაზე მთავარი პაციენტის გამოჯანმრთელება გახლდათ, სახლში იქამდე დადიოდა, სანამ ფეხზე არ დააყენებდა.

- დედა ექიმი ჰყავდა, მამა - ცნობილი გინეკოლოგი, ძმა - ექიმი, თვითონაც ექიმი­ იყო... თუ გიყვებოდათ თავის ისტორიებს?

- ძალიან იშვიათად... ერთხელ მამამ­ ასეთი რამ მომიყვა: ბაბუა ჭიათურაში მთავარი გინეკოლოგი იყო. მაშინ მამაჩემი­ მეოთხე კურსზე ყოფილა. ერთ დღეს, ღამის 2 საათზე, ვიღაც უცნობი მისულა მათთან, მიშველეთ, ჩემს ცოლს სამშობიარო ტკივილი დაეწყოო. არადა, ის კაცი რაჭაში­ ცხოვრობდა. ზამთარია, მეტრ-ნახევარია თოვლი. სად იყო მაშინ მანქანა და ფეხით დაადგნენ გზას ბაბუაჩემი, მამაჩემი და ის კაცი. მოკლედ, დილისკენ მისულან და სულზე მიუსწრეს ქალს. დაიბადა ბიჭი, გახარებულმა ოჯახმა სუფრა გაშალა. პირველი ჭიქა გადაკრა ბაბუაჩემმა და უცებ გამოვარდა მეზობლის ქალი ოთახიდან, ექიმო, კიდევ მშობიარობსო. ამშობიარა ბაბუამ მეორეჯერაც და მიუჯდა ისევ სუფრას. მეორე ჭიქაც რომ გადაკრა, ისევ ის ქალი გამოვარდა, ისევ მშობიარობს ექიმოო. მოკლედ, ასე, თითო-თითო ჭიქას შორის ბაბუაჩემმა 4 ტყუპი გამოაძვრინა. სად იყო მაშინ ექოსკოპია, თურმე მეხუთე ჭიქაზე ელოდებოდა, კიდევ როდის დაუძახებდნენ.

- მამა თავად არ გიყვებოდათ, მაგრამ თქვენ თუ შესწრებიხართ რაიმე ამბავს?

- დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, მამა აზერბაიჯანში მსახურობდა განყოფილების გამგედ. ვიღაც მძიმე ავადმყოფი ჰყავდა და ამის გამო ერთი კვირა სახლში არ მოდიოდა. დედაჩემი მატანდა მასთან სადილს. ერთ დღესაც განყოფილებაში შევ­დივარ და მესმის ქართული გინება, მკვდარს და ცოცხალს უტრიალებს ვიღაცა ვიღაცას. შეშინებული კედელთან ავიტუზე. უცებ გამორბის პატარა შავი კაცი, უკან მამაჩემი და ექთანები მოსდევენ. საჭმელი ვიღაცას მივაწოდე და გამოვიძურწე. გავიდა დრო და შემთხვევით დედ-მამის საუბარს მოვკარი ყური. თურმე ერთ ტანკს მეორე ბუქსირით მიჰყავდა და გვარლი გამწყდარა. ამ დროს ტანკის მძღოლს თავი გარეთ გამოყოფილი ჰქონია, გვარლი პირდაპირ თავში მოხვედრია და თითქმის ნახევარი სახე ჩამოაჭრა. ის კაცი თბილისელი აღმოჩნდა და გულაჩუყებული მამაჩემი დღე-ღამე მასთან იყო... რამდენიმე ურთულესი­ ოპერაცია გაუკეთა და გადაარჩინა. დაახლოებით ორ კვირაში პაციენტის მამა ჩამოსულა და ბედნიერი მამაჩემი უყვება, როგორ გადაურჩინა შვილი. იმას კი დაუხედავს შვილისთვის და უთქვამს, მადლობელი ვარ, მაგრამ ტყუილად ნუ წვალობთ, მე უკვე შავი კოსტიუმი მაქვს წამოღებული, ასეთი სახლში კიდევ 9 მყავსო... როგორ გადაურჩა იმ დღეს მამაჩემს ის კაცი, ვერ გეტყვით. პაციენტს რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც გაუკეთეს და როცა თბილისში დაბრუნდა, ხელოსნობას მიჰყო­ ხელი. წლების შემდეგ ჩვენთან მოვიდა და მადლიერების ნიშნად კაფელ-მეტლახი დაგვიგო.

- სამედიცინოს დამთავრება ვერ მოასწრო მამამ, ჯარში წაიყვანეს...

- დიახ, თან სადღაც ბელორუსის ტყეში, გომელთან. საერთოდ არ ჰქონდა პრაქტიკა მიღებული და როგორც მერე მიყვებოდა, წიგნებში ნანახის მიხედვით ვაკეთებდი შეხვევებს და ოპერაციებსო.

იქიდან ბათუმის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და სწორედ იქ გაიცნო დედა, ექიმი-ინფექციონისტი ლამარა კალანდაძე. შვილები, ფაქტობრივად, ჩემოდნებზე გავიზარდეთ. მე 10-12 სკოლა მაქვს გამოცვლილი. დედაჩემი გმირი იყო, ყველა სირთულე მის ზურგზე გადადიოდა.

- შემდეგ გერმანიაში გაუშვეს.

- გერმანიაშიც სამი ჰოსპიტალი გამოიცვალა. ერთი იყო ჰიტლერის დროინდელი უნიკალური ჰოსპიტალი დიდი ეზოთი. სამხედროები მხოლოდ ზედა 4 სართულს იყენებდნენ, ქვედა სართულები თავშესაფარი იყო, მის ქვემოთ კი - 40-მეტრიანი გვირაბი. როცა მამა იმ ჰოსპიტალში მთავარ ქირურგად დაინიშნა, 35 წლის იყო.

ერთხელ ჯარისკაცი მოვარდა და წაიყვანა. მეც ავეკიდე და რას ვხედავ: გერმანელ კაცს ხელში უჭირავს სამი-ოთხი წლის ბავშვი, გალურჯებულს, პირიდან ვარდისფერი ქაფი ამოსდის. დრო არ ითმენდა, არადა, რეანიმაციამდე დიდი გზა იყო გასავლელი. მამამ უცებ ჯარისკაცს პასტა წაართვა, ჩაჰბერა და ბავშვს მთელი ქაფი ამოსწოვა. ასე გადაარჩინა. მაგრამ მამას 10 დღე დასჭირდა ანტიბიოტიკების სმა...

- ვიცი, რომ სპიტაკის მიწისძვრის შემდგომ ჯემალ კურცხალიას არაერთი ურთულესი ოპერაციის გაკეთებამ მოუწია.

- 1986 წელს თბილისში საცხოვრებლად გადმოვედით, 1987 კი სპიტაკის მიწისძვრა მოხდა. მაშინ მამა თბილისის ჰოსპიტალში მუშაობდა. ჰოსპიტლის ბრიგადები ხან სად მიჰყავდათ და ხან სად... ერთ დღესაც მამა გაქრა, - დედა ყველა ხერხით ცდილობდა გაეგო, სად წაიყვანეს, სომხეთში თუ ავღანეთში. ერთ დღესაც ერთმა სომეხმა ექთანმა ჰოსპიტალში გაზეთი მოიტანა, სადაც მამაჩემი იყო გამოჭიმული. თურმე ერთი თვე ნანგრევებში­ ეძებდა დაზარალებულებს, და თუ ვინმე ცოცხალს ნახავდა, იქვე უკეთებდა ოპერაციას, ხელის ამპუტაცია იქნებოდა თუ ფეხის... მერე გავიგეთ, რომ ნანგრევებიდან ჩვილი ამოუყვანია და გადაურჩენია, რომელიც მკვდარი დედის ძუძუს წოვდა.

გამოხდა ხანი და ისეთი ოპერაცია გააკეთა, რომლითაც თვითონვე ამაყობდა. სამხედრო პირი გორთან ჩავარდნილა მატარებლის ბორბლებში, რომელმაც ქვედა კიდურები წააცალა. გავიდა დრო და მისი პაციენტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტრამპლინიდან ხტომაში.

- დღეს არიან სამხედრო ექიმები საქართველოში?

- არა! არ არსებობს კათედრა, რომელიც სამხედრო ექიმს მოამზადებს. არადა, უნდა იყოს ჰოსპიტლების ქსელი, სადაც ახალგაზრდები პროფესიულად დაოსტატდებიან. ან პერსპექტიული ახალგაზრდები უნდა გაუშვან ამერიკაში, რომ მოგვიმზადონ სამხედრო ქირურგებად.

რუსუდან შაიშმელაშვილი