"საქართველოში ინფლაცია ჩაფუშვისკენ მიდის“ - კვირის პალიტრა

"საქართველოში ინფლაცია ჩაფუშვისკენ მიდის“

"საქსტატმა" 2021 წლის ეკონომიკის ზრდის დაზუსტებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 0,1 პროცენტული პუნქტით აღემატება "საქსტატისვე" წინასწარ შეფასებას (10,4%-ს). დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 60.003,3 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 21,8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, "საქსტატის" მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოდის გრაფაზე "საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი" (15,4%) და დამმუშავებელ მრეწველობაზე (11,3%). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10,2%), მშენებლობა (7,5%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7,4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6,5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6,3%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5,2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4,8%) და განათლება (4,7%).

ეს შარშანდელი მონაცემებია და როგორი იქნება წლევანდელი და რა პროგნოზების საშუალებას იძლევა ეკონომიკის წლევანდელი ზრდა, რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას და როგორ უნდა გაუმკლავდეს მას ქვეყანა, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ოპტიმისტურად განგვაწყობს, მაგრამ მდგრადი იმდენად ამ მაჩვენებელზე კი არ უნდა ვთქვათ, არამედ მდგრადია ის ტენდენცია, რომლის ხარჯზეც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ყალიბდება. ბევრი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკურ აქტიურობაზე და ასეთ პირობებში, როდესაც ქვეყანა ახერხებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, ეს მიანიშნებს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოტენციალი, რათა შევძლოთ გარე ნეგატიური გამოწვევებისთვის თავის გართმევა და სასურველი შედეგის მიღება როგორც ზრდის, ისე სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

- გარე ნეგატიური პროცესები ახსენეთ და, ამ ვითარებაში საქართველო რის საფუძველზე აჩვენებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას?

- როდესაც მშენებლობა იწყება, ჯერ საძირკველს ჭრიან და ხშირად ის სამუშაოები, რომლებიც ტარდება, სართულების მიხედვით კი არ უნდა დავთვალოთ, არამედ საძირკვლიდან, რაც კონსტრუქციის სიმყარეს უზრუნველყოფს.

ჩვენ წლებია, ვავითარებთ ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმს, ვიყენებთ და ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიურად გამოვიყენეთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ვცდილობთ საქმიანი ურთიერთობები ვიქონიოთ არა მარტო რეგიონულ, არამედ სხვა ქვეყნებთანაც. ყოველთვიურად რომ ვაკვირდები საგარეო სავაჭრო სტატისტიკას, ჩანს, რომ იზრდება არა მარტო ქვეყნების რაოდენობა, არამედ სასაქონლო ნომენკლატურა, რომლითაც ჩვენ მსოფლიო ბაზრებზე გავდივართ. ამასთან, მსოფლიო ბაზრებზე გასვლა მხოლოდ სიტყვის მასალა ხომ არ არის, ეს არის მზარდ კონკურენტულ პირობებში ადგილის დამკვიდრება საკმაოდ მჭიდრო ბაზრებზე, სადაც მართალია, გადახდისუნარიანი მოთხოვნაა, მაგრამ ამავე დროს მაღალია მოთხოვნა პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. ასეთ პირობებში ჩვენ გარკვეულ წარმატებას ვაღწევთ და ეს ჯამში გვაძლევს იმ დადებით შედეგს, რომელმაც სასურველ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ბიზნესმაც გააცნობიერა, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის საკმარისი ორიენტაცია მხოლოდ შიდა მოხმარებაზე, ჩვენ უნდა შევძლოთ შიდა მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილება საექსპორტო ექსპანსიის ხარჯზე და ამას საქართველო ნელ-ნელა უკვე ახერხებს.

ჩვენი საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპი საგრძნობლად აღემატება ეკონომიკის არათუ რეალურ, არამედ ნომინალურ ზრდასაც კი, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით. ამ ბოლო ასპექტში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი გაჩნდა და ეს არის ჩვენი რეექსპორტის ფუნქციის გაძლიერება, რაც ქმნის დამატებით პოზიტივს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, გაიზარდოს დასაქმება.

სხვათა შორის, გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, რაც ცხადყოფს, რომ უმუშევრობა საგრძნობლად არის შემცირებული და გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელი. ქალაქებში უმუშევრობის დონე თითქმის 4 პუნქტით არის შემცირებული, წინა წლის დონესთან შედარებით. ეს კი დამაიმედებელი ტენდენციაა. ესე იგი, ვმუშაობთ იმისთვის, რომ შრომის ბაზარი რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც გაუმჯობესდეს - ანუ საუბარია ისეთ სამუშაო ძალაზე, რომელიც კონკურენტუნარიან პროდუქციას შექმნის. ამ მიმართულებითაც შეინიშნება წინსვლა და ყოველივე ეს ჯამში გვაძლევს პოზიტიურ ტრენდს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი ამის შედეგია.

- რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რეგიონში შექმნილი ვითარების გამო მთელი რიგი ბიზნესები საქართველოში გადმოვიდა, რაც, ცხადია, დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. რა შანსია იმისა, რომ ეს ბიზნესები საქართველოში დარჩეს?

- საშუალოვადიან პერიოდზე თუ ვილაპარაკებთ, ეს ტენდენცია დიდწილად შენარჩუნდება და ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს.

- მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არ არის ის დარგები განვითარებული, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ამ მხრივ გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა და ასეთ დარგებად საქართველოსთვის რა ჩაითვლება?

- უნდა შევხედოთ იმ დარგებს, საიდანაც ეკონომიკას ყველაზე მეტი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, საფინანსო სექტორი და მეცნიერებატევადი დარგები. საფინანსო სექტორში წინსვლა ნამდვილად გვაქვს. ის მთლიანად ადაპტირებულია და შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. პროგრესი გვაქვს სხვა მიმართულებითაც, მაგრამ გვჭირდება მეტი მუშაობა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებში ის შუალედური მდგომარეობა, რომელიც საქართველოს აქვს, უფრო წინ წავწიოთ. ასევე, მეცნიერებასთან დაკავშირებული დარგებში, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი შედეგის მომტანი იქნება. საამისოდ რეცეპტი ერთია - მეტი ინვესტირება განათლებასა და მეცნიერებაში. მეცნიერებამ უნდა დაიბრუნოს არა მარტო სოციალური, არამედ ეკონომიკური პრესტიჟი.

- საერთაშორისო რეიტინგებით განათლების მხრივ საქართველო ცუდ მდგომარეობაშია, რბილად რომ ვთქვათ. დღეიდანაც რომ დავიწყოთ განათლებაზე ზრუნვა, ალბათ, დრო დასჭირდება, რომ ეკონომიკაში თავისი წვლილი შეიტანოს და შედეგი ჰქონდეს.

- სკოლის პედაგოგმა რომ პრესტიჟი დაიბრუნოს, საშუალო ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, შემოსავლის მიხედვით მასწავლებელი საშუალო ფენას არ მიეკუთვნება. ამისთვის არის კრიტერიუმი - პედაგოგის საშუალო ხელფასი ზოგადი საშუალო ხელფასის, მინიმუმ, ერთ-ნახევარი უნდა იყოს, ანუ 150%. ამასთან, მეტი მოთხოვნა უნდა იყოს მათ კვალიფიკაციაზე და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით ინვესტირება აუცილებელია და აქ სიძუნწის გამოჩენა ნამდვილად არ წაგვადგება.

- მოკლევადიან და თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში რა დარგები შეიძლება იყოს მოთხოვნადი, სად შეიძლება ინვესტირება?

- საქართველოში ყველა სფეროში შეიძლება ინვესტირება, სოფლის მეურნეობით დაწყებული და ტექნოლოგიებით დამთავრებული, რადგან ყველა სფეროს პროდუქციაზე არსებობს მოთხოვნა. ჩვენი მდგომარეობა: პარამეტრები, შემოსავლიანობა, დოვლათის შექმნის მოცულობა დასაქმებისა და დროის ერთეულზე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიო მოწინავე პოზიციებს. ამიტომ ინვესტირება შეიძლება ყველგან, ამითვის საჭიროა მეტი კრეატიულობა, ორგანიზებულობა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. დამატებითი ღირებულების შესაქმნელად მიმზიდველია ის დარგები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე: საფინანსო სექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რის გარშემოც ტრიალებს პროგრესი.

- ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის, ონ ბრაეკეველდტის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა და საქართველოს ეკონომიკაში არაერთი პრობლემაა, რაც ბიზნესს ოპერირებაში ხელს უშლის. თქვენ ეთანხმებით ამ შეფასებას?

- როდესაც საქართველო რეგიონში მაინცდამაინც არ გამოირჩევა რესურსების სიმდიდრით და ამ დროს გვაქვს 2,5-ჯერ და კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ჩვენს რესურსებით მდიდარ მეზობელ სახელმწიფოებს, არასტაბილურობაზე საუბარი როგორ შეიძლება?

- რა პრობლემებმა შეიძლება შეაფერხოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა?

- როდესაც ქვეყანა და მისი ეკონომიკა მცირე ზომისაა და ის დიდწილად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ზემოთ გითხარით, რომ ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ექსპორტზე, მაგრამ მეზობელ ქვეყნებში თუ სტაგნაციაა და გადახდისუნარიანი მოთხოვნა არ იზრდება, მაშინ მოთხოვნა არც ჩვენს პროდუქციაზე არ იქნება და ვერ შევძლებთ იმ ტემპით განვითარებას, რისი პოტენციალიც საქართველოს აქვს.ამიტომ ჩვენ გვჭირდება არა მარტო მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ რეგიონული და უფრო ფართო მასშტაბითაც, რა დროსაც გაიზრდება ერთობლივი მოთხოვნა და საქართველოს ექნება საშუალება, უფრო მეტი პროდუქცია გაიტანოს. ეს საკითხები ჩვენზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული და გლობალურ პროცესებში "სერფინგისას" წონასწორობის დაცვა გვევალება.

- ამ ვითარებაში ინფლაციაზე რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება და მეორე - ლარის კურსი შენარჩუნდება თუ არა?

- ჩვენი ინფლაცია გარე ფაქტორებზე დიდწილად არის დამოკიდებული. ის უფრო იმპორტირებულია, მაგრამ მისი ზრდის პერსპექტივა, ფაქტობრივად, ამოწურულია. ჩვენ წლეულს მხოლოდ ნავთობპროდუქტებში გადავიხადეთ ნახევარი მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე შარშან, და აქედან მხოლოდ ერთ მეხუთედამდე მოდიოდა ეკონომიკის რეალური ზრდის ხარჯზე, დანარჩენი კი იყო სწორედ გაძვირების გამო გადახდილი თანხა. ზრდის ალბათობა აღარ არის, მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და გარკვეულწილად მცირდება კიდეც. ასე რომ, იმპორტირებული ინფლაციის ალბათობა შესუსტებულია და გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოში ინფლაცია თანდათანობით ჩაფუშვისკენ მიდის. ყოველ შემთხვევაში, მომავალში ის გაცილებით ნაკლები იქნება.

რაც შეეხება ლარის კურსს, მას საკმაოდ მდგრადი მდგომარეობა აქვს. კარგია, როდესაც ლარი მყარდება - ეს ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიანიშნებს, მცირდება საგარეო ვალის ტვირთი ეროვნულ პროდუქტთან და მთელი რიგი სხვა პოზიტიური მომენტებია, მაგრამ, ეს აძვირებს ქვეყნის ექსპორტს და დამატებით ბარიერებს უქმნის საექსპორტო პოტენციალს. ამიტომ აქ სიფრთხილეა საჭირო და ჩვენ ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ, რათა ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ისე არ დაგვიმძიმდეს ეროვნული ვალუტა, რომ ე.წ. ჰოლანდიური ავადმყოფობის (ეკონომიკაში ნებისმიერი ერთი სექტორის განვითარება იწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას, რაც საბოლოოდ აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას) ნიშნები არ გამოჩნდეს. ცხადია, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ნაადრევია, მაგრამ როდესაც პროგნოზებზე ვლაპარაკობთ, ამაზე ლაპარაკიც ღირს. უნდა ვიზრუნოთ, რომ ბიზნესი განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ - ანუ მოდელი უნდა იყოს ისეთი, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში იმდენად უნდა გავზარდოთ დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შრომის ანაზღაურება, რომ გაძვირებული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქციის შეძენის პრობლემა არ ჰქონდეთ.

რუსა მაჩაიძე