"დონ კეზერას" "ოპერა" - კვირის პალიტრა

"დონ კეზერას" "ოპერა"

ბოლო პერიოდში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ახსენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს, თან ისე, რომ ხელისუფლებისთვის ის ოლიგარქი აღმოჩნდა, ოპოზიციის ნაწილისთვის - თავისუფალი მედიის დამცველი, სულისჩამდგმელი და ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი შანსი.

საინტერესოა, რომ კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია 2017 წელს აცხადებდა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, ახლა კი კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს.

რამდენიმე თვის წინ მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, თუკი კეზერაშვილი ოპოზიციას ივანიშვილის მოშორებაში დაეხმარებოდა, ის მისთვის მისაღები იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მელიასთვის კეზერაშვილი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და კეზერაშვილის ინტერესებს პარტიაში ხაბეიშვილის ფრთა იცავს, რომელსაც, როგორც ამბობენ, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციის კიდევ სხვა წარმომადგენლებთან ერთად. არადა, ერთ დროს ხაბეიშვილიც, მელიას მსგავსად, კეზერაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთს დაავიწყდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში და რა საქმეებში ფიგურირებდა კეზერაშვილის სახელი. თუმცა კეზერაშვილის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერიც კი ვერ პასუხობს კითხვას - როგორ გახდა კეზერაშვილი, რომელსაც ოფიციალურად ბევრი არაფერი ჰქონდა, 1-2 წელიწადში მულტიმილიონერი?!

kezera2-1668964125.jpg

მას თანამდებობრივი დეკლარაცია ბოლოს 2008 წელს (თავდაცვის მინისტრობისას) აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ ის საერთოდ არაფერს ფლობდა. დეკლარაციის თანახმად, 2008 წლის ბოლოს მას "საქართველოს ბანკში" სახელფასო ბარათზე მხოლოდ 51 000 ლარი ჰქონდა და არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას არ ფლობდა. ასევე არ ჰქონდა არანაირი აქცია და არ მონაწილეობდა სამეწარმეო საქმიანობაში. დეკლარაციის მიხედვით, ბინას და მანქანას კეზერაშვილის მეუღლე, სოფიო ჩიქოვანი ფლობდა.

2008 წლის დეკემბერში, ამ დეკლარაციის შევსებიდან რამდენიმე დღეში, კეზერაშვილმა თანამდებობა დატოვა - ანუ ამ დროს არ ჰქონდა არანაირი ქონება და ისეთი თანხა, რომლითაც თუნდაც საშუალო ბიზნესს დაიწყებდა.

თუმცა 2016 წლის აპრილში შვეიცარიულმა გაზეთმა Tribune de Genève-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Panama papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა.

გაზეთის ინფორმაციით, 10 დღეში, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებითა და ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს კეზერაშვილი აკონტროლებდა სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს. ის ასევე აკონტროლებდა "საქართველოს ლატარიის კომპანიასაც". ამ კომპანიის ერთ-ერთ მეწილედ თავისი ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ჰყავდა გაფორმებული. გარდა ლატარიის კომპანიისა, ჩიქოვანი იყო "აუთდორ ჯის"“(სარეკლამო მონოპოლისტი) ფორმალური მესაკუთრე და კეზერაშვილის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის"“ დირექტორი.

2011 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა "ნეტგაზეთთან"“ინტერვიუში თქვა, რომ ის ნავთობკომპანია „"გალფის"“ ერთ-ერთი მფლობელი იყო. ეჭვი, რომ მას ნავთობბაზარზე ინტერესები ჰქონდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პირადად დაადასტურა.

ბიზნესმენი თუ "დონ კეზერა"?

ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს შენობა, ამ ადგილზე ჩავლისას ბიზნესმენებს დღესაც კი ცუდი შეგრძნება უჩნდებათ. მათი თქმით, „"პიქსელის" შენობის მეათე სართულზე „"დონ კეზერა"“იჯდა და ამ შენობაში შესული ბიზნესმენი იქიდან ან ქონების გარეშე გამოდიოდა, ან ციხეში მიდიოდა.

დავით კეზერაშვილს "დონ კეზერა" საკუთარმა გარემოცვამ საქმეების გარჩევის მაფიოზური სტილის გამო შეარქვა. თითქმის ყველა ბიზნესმენი, რომლებიც ამ შენობაში ყოფილან, ერთ სცენას აღწერს: - კეზერაშვილი ლამის წამოწოლილი ზის სავარძელში, მოსაუბრეს ზედაც არ უყურებს და ულტიმატუმებს დონ კორლეონეს სტილში უყენებს.

კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე მამუკა მუჯირი ჩვენებაში ამბობს: "კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდა, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდა. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად. მერე იყო პირდაპირი მუქარები, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც".

ერთ-ერთი ასეთი იყო "გალფის"“საქმე, რომლის მფლობელობა მან 2011 წელს ოფიციალურად დაადასტურა. საქმე ის არის, რომ „"გალფს"“ ავტოგასამართი სადგურები სჭირდებოდა. ბევრი სადგური ჰქონდა „"სენტა პეტროლეუმს". შესაბამისად, 2010 წელს „"დონ კეზერასთან" "პიქსელში" დაიბარეს „"სენტას"“ მფლობელები ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი და კომპანიის დათმობა მოსთხოვეს.

მამუკა მუჯირი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ მას იაკობიძემ და მიმინოშვილმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მათ "პიქსელში" ყოველდღე იბარებდნენ, სადაც ხან კეზერაშვილი ხვდებოდა, ხან კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორები. მათი გვარები აღარ ახსოვდა, მაგრამ ამბობს, რომ ისინი ზემოქმედებდნენ მასზე:

"შეხვედრები იყო "პიქსელის" შენობაში. მეცხრე სართულზე მოლაპარაკების დარბაზი ჰქონდათ და კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორები იქ ისხდნენ, ვისგანაც მოდიოდა აგრესია ამათ მიმართ. თუ არ მეშლება, ორი ან სამი ეგეთი შეხვედრის მომსწრე ვარ. იყო მუდმივი მუქარა, რომ ციხეში წავიდოდნენ, ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მოდიოდა პარტნიორებისგანაც და კეზერაშვილისგანაც". ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და 80 მილიონად შეფასებული "სენტა"“ კეზერაშვილს 6 მილიონად მიჰყიდეს. თუმცა ეს ფული, დაზარალებულების მტკიცებით, "დონ კეზერამ"“ მალე უკან ამოიღო. 2012 წელს იაკობიძე და მიმინოშვილი ფულის გათეთრების ბრალდებით დაიჭირეს. მათ ღამით გლდანის ციხეში პროკურორმა მიაკითხა და კეზერაშვილის დანაბარები გადასცა - 4 მილიონი გირაოში უნდა გადაეხადათ, 2 მილიონად კი მიწის ნაკვეთი ეყიდათ ახალციხის რაიონის სოფელ ჭვითაში. უარის შემთხვევაში ბიზნესმენებს 15-წლიანი პატიმრობით დაემუქრნენ. იაკობიძე და მიმინოშვილი "დონ კეზერას" ულტიმატუმს დათანხმდნენ. იგივე ითქმის "ფოთი ტერმინალ ჰოლდინგზე", რომელიც ოფიციალურად კეზერაშვილის ცოლისძმის სახელზე იყო გაფორმებული (სხვათა შორის, მისი ცოლისძმა ბოლო დრომდე „"ნაციონალურ მოძრაობაში"“ იყო. ბოლო პერიოდში ის მელიამ ჩამოიშორა და ამას მოჰყვა კეზერაშვილისა და მელიას შორის კონფლიქტის გამწვავება).

მამა-შვილი ნიჟარაძეები ფოთის პორტში ნავთობგადამუშავებისა და მშრალი ტვირთის გადამუშავების ბიზნესს ფლობდნენ. ბიზნესმენების მტკიცებით, 2010 წლის 14 აგვისტოს ნიჟარაძეები კეზერაშვილს შეხვდნენ და „"დონ კეზერამ" მათ ბიზნესის დათმობა მოსთხოვა, რაზეც ბიზნესმენებმა უარი უთხრეს. 15 აგვისტოს, მარაბდის ქუჩაზე, ნიჟარაძეების საცხოვრებელ სახლში სოდ-ის თანამშრომლები შევიდნენ და ფაქტობრივად, მამა-შვილი შინაპატიმრობაში აიყვანეს. სოდელები მანამდე დარჩნენ ნიჟარაძეების სახლში, სანამ მათ ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესი კეზერაშვილს არ დაუთმეს.

"2010 წლის 14 აგვისტოს კეზერაშვილმა დამიბარა "პიქსელის" შენობაში და კატეგორიულად მოითხოვა ფოთის ნავსადგურში ჩემი კომპანიების წილების გადაფორმება. იმ მომენტში არ დავეთანხმე. იყო დაჭერისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თან მეუბნებოდა, რომ ეს მისი, ადეიშვილისა და მერაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. იმავე საღამოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები ჩემს სახლში, ეზოში, ეზოს გარეთ განლაგდნენ. არ მეძლეოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, საძინებელში რომ მივდიოდი, იქაც კი თანამშრომელი მეჯდა. მივხვდი, რომ მუქარა იყო რეალური და ამიტომ იძულებული გავხდი, გადამეფორმებინა ჩემი კომპანიების წილები მისთვის. კომპანია ახლაც მის მფლობელობაშია", - თქვა მაშინ ნიჟარაძემ.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თამაზ ნიჟარაძე განსაკუთრებით აქტიურობდა კეზერაშვილის წინააღმდეგ. 2013 წლის მაისში მისი ავტომობილი აფეთქდა - ნიჟარაძე ტერაქტში კეზერაშვილს ადანაშაულებდა.

ძალიან საინტერესოა კომპანია "მაგნატის" ქეისის“ამბავი. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც 42 ავტოგასამართ სადგურს ფლობდა, დაიჭირეს და ამ გზით "მაგნატი"“ დაათმობინეს. ის დღემდე იბრძვის თავისი ქონების დასაბრუნებლად.

სხვათა შორის, 2011 წელს კეზერაშვილმა "ოპერის მეგობართა საბჭო"“ დააარსა. თუმცა ოპერასთან მეგობრობა აღარ დასცალდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვა.

საქმეები კეზერაშვილის წინააღმდეგ

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდზე წარედგინა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კეზერაშვილი მართლდებოდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს პროკურატურის სუსტი მუშაობის შედეგი იყო.

ასევე, ექსპერტები და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ პროკურატურამ კარგად უნდა შეისწავლოს კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროინდელი ამბები. მათი თქმით, ჯარი გაიძარცვა და ქართული არმიისთვის განკუთვნილი იარაღი „შავ ბაზარზე“ გაიყიდა. მათივე თქმით, კარგად არის შესასწავლი კეზერაშვილის კავშირები იარაღით უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო სქემასთან.

საქმე, რომელზეც კეზერაშვილი გამტყუნდა, ქართულ ჯარს ეხება. კერძოდ, კონკრეტული ქვედანაყოფების გაწვრთნის მიზნით ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა და 5 მილიონ ევროზე მეტი გადაირიცხა. კომპანიას არაფერი გაუკეთებია, ფული კი გაუჩინარდა. ამ საქმეზე კეზერაშვილთან ერთად მისი ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ნინუაც გამტყუნდა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთ პოლიტიკოსს არ ახსოვს ან არ უნდა, რომ ახსოვდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ.

რუსა მაჩაიძე