"ბევრი ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელია დღეს საქართველოში, არა მარტო რუსები“ - კვირის პალიტრა

"ბევრი ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელია დღეს საქართველოში, არა მარტო რუსები“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი მკაცრად კონტროლდება. ქვეყანაში ვერ შემოდიან ის პირები, რომლებმაც საქართველოს შეიძლება საფრთხე შეუქმნან. "ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ სტატისტიკას როგორც რუსეთის მოქალაქეების, ასევე, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ. შინაგან საქმეთა­ სამინისტრომ არაერთგზის განაცხადა, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რომელიც გვაქვს - საზღვარს ვაკონტროლებთ. კერძოდ, ვამოწმებთ შემომსვლელ პირებს, მათ დოკუმენტებს". მისი თქმით, მკაცრად კონტროლდებიან ის პირებიც, რომლებსაც "ოკუპაციის შესახებ" კანონი აქვთ დარღვეული. რა საფრთხეები არსებობს, ვინ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან ექსპერტები დავით კუხალაშვილი და მამუკა არეშიძე.

დავით კუხალაშვილი: - ეს პრაქტიკა მიღებულია ყველა სახელმწიფოში - სახელმწიფოები განმარტებას არ იძლევიან, თუ რა მიზეზით უთხრეს უარი პირს ქვეყანაში შემოშვებაზე. ჩვენთან შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მიმართულება აუცილებლად უნდა მუშაობდეს ქვეყანაში. ეს არის ქვეყნის სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი. სწორედ ამ მნიშვნელოვან უწყებებში იკრიბება ის მონაცემები, რომლებითაც განისაზღვრება, თუ ვის არა აქვს უფლება შემოვიდეს სახელმწიფოში. პირველ რიგში ესენი არიან ის პირები, პირთა ჯგუფები ან ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ოპერატიულ ვითარებას. გვაქვს ამის მაგალითიც, როდესაც ერთ-ერთი ორგანიზაცია შემოვიდა და საქართველოსთან მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ერთი პოლიტიკური მოღვაწე საქართველოს პარლამენტის მაღალ ტრიბუნაზე აღმოჩნდა. სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ მაქსიმალურად იმ პირთა გამოვლენაზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქემ ქართველები უშვერად გალანძღა. ამ მეთოდოლოგიას ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთი იყენებდა. ახლაც სჭირდებათ დესტრუქციის გამოსაწვევად.

- ასეთ პირებს არ შემოუშვებენ ქვეყანაში?

- ამის მოტივაცია შსს-ს და ქვეყნის სპეცსამსახურებს ნამდვილად აქვთ, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი საყურადღებო ფაქტი დაფიქსირდა. ეს მათ აძლევთ შესაძ­ლებლობას უფრო მეტად გაამკაცრონ­ კონტროლი. ესეც უნდა ვიცოდეთ - ემიგრაციას, რეპატრიაციას და ასე შემდეგ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სპეცსამსახურები იყენებენ. სარგებლობენ ამ მომენტით და ამა თუ იმ სახელმწიფოში ჯაშუშებს გზავნიან. გარდა ამისა, შესაძლოა ქვეყანაში არ შემოუშვან ის პირები, რომლებიც არიან იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრები, რომელთა საქმიანობა პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისა და დესტაბილიზაციისკენ. როდესაც ქვეყანას ოფიციალურად დეკლარირებული მტრულად განწყობილი სახელმწიფო გვყავს, მისგან მოსალოდნელია მადესტაბილიზებელი ქმედებები.

- არის იმის ალბათობა, თუნდაც "კადიროველები" შემოვიდნენ?

- არის ალბათობა, რომ შემოსული პირები რუსეთის სადაზვერვო ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდნენ მათი მმართველის, კადიროვის ბრძანებით. გააჩნია, რა მიზანი აქვთ. ეს შეიძლება იყოს საბოტაჟი, ხანძრები და უამრავი სხვა რამ. საფრთხის შემცველია დაზვერვის თანამშრომლები, ჯაშუშები, გადაბირებული პირები და სხვები, რომლებსაც აქვთ ოპერატიული საქმიანობის გამოცდილება, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციით.

- ვიცით, რომ მასობრივად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. არის იმის ალბათობა, რომ ამ ნაკადებს საშიში პირებიც შემოჰყვნენ?

- დღევანდელი მდგომარეობის გასაანალიზებლად ჩვენს ისტორიაში ანალოგები უნდა ვეძებოთ. 1918-21 წლებში ჩვენ უამრავი დევნილი გვყავდა და უმრავლესობამ დიდი როლი ითამაშა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვაში. მჯერა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დღესაც არიან კონკრეტული მიზნებით შემოსული. ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს კანონმდებლობის გამკაცრება, რათა შემოსულმა მოქალაქეებმა გამარტივებული წესით არ მიიღონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ჩვეულებრივი აქსიომაა, არ არსებობენ მეგობარი სპეცსამსახურები. ძალიან ძნელია დღეს სტაბილური სტრატეგიული პარტნიორის პოვნა. არსებობს იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ მაინც იმართება ფარული მოლაპარაკებები, შეხვედრები, რათა თუკი საერთაშორისო ურთი­ერთობები შეიცვლება, არსებობდეს ჩამნაცვლებელი სტრატეგიული სახელმწიფო. საზოგადოებასაც დიდი დაკვირვება მართებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო მოქცეულია მაღალი სადაზვერვო ინტენსივობის რკალში. დეზინფორმაციული ნაკადები უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების შესაბამისად ვრცელდება ქართულ მასმედიაშიც. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ "პროგანწყობაზეც", რომელიც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაღალი ალბათობით და ანალიზით გვაძლევენ ასეთი­ დასკვნის საშუალებას, რომ ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესებს. ეს პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მალე და მოკლე დროში შეიქმნას დესტაბილიზაცია სახელმწიფოში.

- რა ინფორმაცია გაქვთ, ჩვენი საზღვრებიდან რა კატეგორიის პირები გააბრუნეს უკან?

მამუკა არეშიძე: - სხვადასხვა კატეგორიის. არიან ის ჩრდილოკავკასიელები, რომლებიც ისლამისტების სიაში არიან მოხვედრილი, და არიან საერთაშორისო ძებნილებიც. ან შეიძლება არ არიან სიაში, მაგრამ ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკურ-რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენენ. მათ შორის აფხაზეთში ნამყოფი პირები, რომლებმაც ვითომ არ იცოდნენ კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". იყვნენ ასევე ისეთი პირები, რომლებზეც არ არსებობდა ინფორმაცია, მაგრამ ეჭვის­ საფუძველზე გააბრუნეს უკან - მიიტანეს ეჭვი, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული. უკან გაბრუნებულებს შორის იყვნენ რუსული ოპოზიციის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები, უფლებადამცველებიც. მათი ნაწილი შემოვიდა, ნაწილი არა, მაგრამ რა პრინციპით შეარჩიეს, ჩემთვის უცნობია. იყვნენ ისინიც, ვისაც დანაშაული აქვს რუსეთში ჩადენილი.

რუსულ ოპოზიციურ მედიაში გვხვდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის უფლებადამცველი არ შემოუშვეს საქართველოში.­ ასევე არ შემოუშვეს ქალების ორგანიზაციის რამდენიმე აქტივისტი, რამდენიმე კი შემოუშვეს. რა პრინციპით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამაზე განმარტება არ კეთდება, მიზეზს ვერ გაიგებ. მაგალითად, არ შემოუშვეს ერთი ადამიანი, რომელიც აქტიურად გამოდის ჟურნალისტ სოლოვიოვის გადაცემაში და მუდმივად უჭერდა მხარს ქართულ-აფხაზურ საკითხებში საქართველოს. ეს გახლავთ პოლიტოლოგი ავიგდორ ესკინი. ძალიან ცნობილი პიროვნებაა, მრავალჯერ არის საქართველოში ნამყოფი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში აბსოლუტურად ქართული პოზიცია აქვს, ვიღაცისთვის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და არ შემოუშვეს. ასე რომ სხვადასხვა კატეგორიის ხალხია, თუმცა რამდენი შემოძვრა მაინც, ამის თქმა გამიჭირდება. მგონი, რუსეთის მოქალაქეებში, რომლებიც არიან საქართველოში, მაინც იქნებიან ის პირები, რომლებიც რუსეთის დავალებას ასრულებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ აქ თავად რუსეთის იმ მოქალაქეებს აკვირდებიან, რომლებიც კრემლისთვის პრობლემაა. რაც შეეხება ჩეჩნებს, ამბობდნენ, რომ რუსეთში გაწვევისთვის თავის ასარიდებლად შემოდიოდნენ. რამდენად იყო მართალი, რთული სათქმელია. ჩვენც არაერთ ჩრდილოკავკასიელს დავეხმარეთ შემოსვლაში, მათ შორის ბევრი იყო ჩერქეზი, რატომ შეუქმნეს პრობლემა ინგუშებს, ამაზე პასუხი მაინც ვერ მივიღე. მე მაინც მგონია, რომ ინგუშების საკითხზე ღრმა ჩაძიება იყო საჭირო და ხელაღებით მათთვის უარი თქმა არ შეიძლებოდა. ეს უფრო პირველ დღეებში ხდებოდა, როცა ამდენი ხალხი მოაწყდა საზღვარს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. მართლა რთული იყო გარკვევა, ვინ ვის წარმოადგენდა და ვფიქრობ, ბევრ შემთხვევაში მათი უკან დაბრუნება უფრო თავდაცვას ჰგავდა, ვიდრე მათზე ინფორმაციის ფლობას. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ შეიძლება შემოსულებში კადიროველებიც იყვნენ, მაგრამ ეს სპეცსამსახურებმა უნდა გაარკვიონ. რაც შეეხება დაზვერვის თანამშრომლებს, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან, იმდენად მაღალი კვალიფიკაციის არიან, ადვილად ახერხებენ შემოსვლას. ბევრი ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელია დღეს საქართველოში, არა მარტო რუსები.

- როცა თქვენი რეკომენდაციით შემოდიან ქვეყანაში, ამ დროს სახელმწიფო მათ ქმედებებზე პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ?

- მე არ ჩავვარდნილვარ არასდროს უხერხულ მდგომარეობაში. ვინც ჩემი რეკომენდაციით შემოვიდა, მათ გამო კითხვებით ჩემთვის არ მოუმართავთ. 40-მდე ჩერქეზი იყო და უმრავლესობა წავიდა, მხოლოდ ტრანზიტისთვის სჭირდებოდათ აქ შემოსვლა. ჩვენ შეშინებული ქვეყანა ვართ. ბოლო 30 წელიწადში ყველანაირი უბედურება გადავიტანეთ, რაც შეიძლება ქვეყანამ გადაიტანოს, მაგრამ საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო სავაჭრო გზებზე განლაგებული ქვეყანა. თბილისი იყო თავშეყრის ადგილი უამრავი უცხოელისთვის. აქ იყო პოლონური, გერმანული, მუსლიმანური, სომხური უბნები. თანამედროვე თბილისელები გადაეჩვივნენ დედაქალაქის ასეთ სიჭრელეს და ამიტომ ძალიან მწვავედ განიცდიან უცხოელების შემოსვლას, ეშინიათ, რომ ისინი რაღაც ცუდს ჩაიდენენ. თუმცა შიშის საფუძველიც არის, ამის გამოცდილებაც გვაქვს, ტერაქტებიც ხდებოდა თბილისში, ისლამური იატაკქვეშეთის წევრებთან დაპირისპირებაც და შიში, ბუნებრივია, არსებობს.

საქართველოს კავკასიის ცენტრად აღიქვამს ბევრი ჩვენი მეზობელი თუ ახლობელი და ხშირ შემთხვევაში ეს არის სატრანზიტო ქალაქი. ამიტომ უშიშროებამ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს. მახსოვს ერთ დღეს 9 ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობის კვალი ვნახე თბილისში, განსაკუთრებით­ კი აღმოსავლეთ საქართველოში. ეს ყველაფერი ხიფათის მატარებელია. წლების განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლობა და დღესაც მუშაობს კულტურული ცენტრის სახლის სახელითაც, რეალურად კი ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურია. ასე რომ, ხიფათი ნამდვილად არსებობს.