"გამორჩეული ბიჭია მოკლული, უკონფლიქტო და ძალიან კარგი ადამიანი" - კვირის პალიტრა

"გამორჩეული ბიჭია მოკლული, უკონფლიქტო და ძალიან კარგი ადამიანი"

შემზარავი ტრაგედია ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში მოხდა. მოკლულია მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის მოზარდი. მკვლელობის მოტივზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. როგორც ირკვევა, თანატოლებს შორის კონფლიქტი მოხდა, რაც ამ უმძიმესი შედეგით დასრულდა.

დეტალებს ზუგდიდის რესურსცენტრის თანამშრომელი "კვირის პალიტრასთან" ჰყვება:

"მესხიას ქუჩაზე, სპორტული მოედანია, ხელოვნურ საფარიანი და ახალგაზრდები თურმე იქ თამაშობდნენ. იქ მოსულა ეს დაჭრილი ბავშვი, ხელი ეკიდა მუცელზე და იძახდა დაჭრილი ვარო. ვინც ეს ბავშვი ნახა დაჭრილი ის ბიჭი სრულწლოვანია და ამბობს, სისხლისგან იცლებოდაო, მერე გადმოიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები ჯერ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციას ორი პირი ჰყავს დაკავებული. სავარაუდოდ, ისინიც სკოლის მოსწავლეები არიან. თუმცა რას ამბობენ, ეს დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. როგორც კი გავიგე ბავშვის დაჭრის ამბავი, მაშინვე რეფერალურ კლინიკაში წამოვედი. სავარაუდოდ, ჭრილობა დანითაა მიყენებული. ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით...

მოკლულ ბავშვს ყველა დადებითად ახასიათებს. ახლა მის მასწავლებელს ველაპარაკე და ამ ამბავს საშინლად განიცდის, ტირის... ძალიან შეწუხებულია ყველა.

პარასკევს სკოლაში, გაკვეთილზე მეჯდაო, ძალიან მოწესრიგებული და კარგი ბიჭი, კარგი მოსწავლე იყოო. არ ვიცით, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია.

15 წლის არის მოკლული ბიჭი. მეათე კლასელია. პოლიციასაც ველაპარაკე, მითხრეს, ორი მოზარდია დაკავებულიო, თანატოლები არიან, სავარაუდოდ, ისინიც სკოლის მოსწავლეები. პოლიცია დეტალებს სწავლობს, როგორც ირკვევა, შემთხვევა ცოტა მოშორებით მოხდა და ამის შემდეგ, დაჭრილი წამოვიდა მოედნისკენ და მოახერხა სხვებისთვის დახმარება ეთხოვა.

როგორც აღვნიშნე, ამბობენ, რომ მოზარდი მუცელში იყო დანით დაჭრილი.

ძალიან მძიმე ვითარებაა, ძალიან განვიცდით ყველანი. სხვა დეტალი გამოძიებით გაირკვევა", - გვითხრა ზუგდიდის რესურსცენტრის თანამშრომელმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დანით დაჭრეს თანატოლი.

"თვითმხილველები ამბობენ, დანით დაჭრილმა მოზარდმა გონება მალევე დაკარგა და როცა ის გადაიყვანეს კლინიკაში, გონება დაკარგული ჰქონდაო. სავარაუდოდ, ბავშვი სისხლისგან დაიცალა. ის კლინიკაში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა", - ამბობს ადგილობრივი.

ჩვენ ვესაუბრეთ ასევე იმ სკოლის დირექტორს, სადაც მოკლული ბავშვი სწავლობდა:

"არ ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ვცდილობთ გავერკვეთ დეტალებში. არაფერი ვიცით. ძალიან მძიმე ფაქტია. ყველა ბავშვი კარგია ჩვენთვის, მაგრამ მართლაც გამორჩეული ბიჭია მოკლული, უკონფლიქტო და ძალიან კარგი ადამიანი.

მიზეზი არ ვიცით და არც ის ვიცით, ვინ მოკლა. დამნაშავეზეც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი ამბობს 17 წლის არისო, ზოგი ამბობს - 22 წლისო. ახლა მეც ვცდილობ გავერკვე დეტალებში, პატრულთან ერთად ვარ და ვცდილობ დეტალები გავარკვიო,“ - გვითხრა ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა.

მომხდარი უმძიმესი დანაშაულის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს აგ­რძე­ლე­ბენ

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

(სპეციალურად საიტისთვის)