"არ არის გამორიცხული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ფსევდოგადაწყვეტას სთავაზობდეს კრემლი" - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ფსევდოგადაწყვეტას სთავაზობდეს კრემლი"

ამონარიდი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან. ვსაუბრობთ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან

- თქვენ ახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვევა და მისი გამოსვლა, რომლის დროსაც ჩემი ყურადღება მისმა ერთმა ფრაზამ მიიქცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაო. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ რატომ უნდა აყენებდეს ამ საკითხს ასეთ კონტექსტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? როგორ შეიძლება ეს ორი საკითხი ერთმანეთის საპირწონე იყოს?

- სხვათა შორის, მაგ განცხადებას მეც მივაქციე ყურადღება და თქვენსავით გამიკვირდა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას მეც დასავლეთთან ინტეგრაციის გზით ვხედავ. ჩვენმა პარტნიორებმა და უკრაინამ ამ ომში თუ მიაღწიეს წარმატებას, არა მარტო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი გაჩნდება, არამედ საქართველო რუსეთის აგრესიის საფრთხისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ამის არ სჯერა.

ღარიბაშვილის ეს განცხადება კი იძლევა განსაზღვრული ვარაუდების საფუძველს. მაგალითად, ხომ არ მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის სწორედ ამ მიმართულებით. არ არის გამორიცხული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ფსევდოგადაწყვეტას სთავაზობდეს კრემლი, რაც მორიგი ტყუილი და აფერა იქნება. თუ ამგვარი მოლაპარაკება მართლაც მიდის, იმედია, რუსულ ტყუილებს საქართველოს ხელისუფლება არ წამოეგება. ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებს ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, თუ რამდენჯერ გაგვაცურეს და გაგვაბითურეს რუსებმა. ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულაცია საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად წამოჭრას, რადგან მშვენივრად იცის, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80% სწორედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა. "ქართული ოცნებისა" და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სწორედ ჩვენი საზოგადოებაა, რომელზეც ამ ე.წ. "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" რიგი ლიდერებისგანაც პირდაპირ ფორსირებული შეტევა მიდის, თუმცა ამან საზოგადოების პროდასავლური და ანტირუსული განწყობები ჯერ ვერ შეცვალა. მშვენივრად იციან ეს ხელისუფლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც არ არის გამორიცხული წამოჭრან ფსევდოსაკითხები იმისთვის, რომ როგორმე საზოგადოების განწყობებში გარდატეხა შეიტანონ.

რუსეთი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინამ გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს. ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის საქართველოსთვისაც. ჩვენ ახლა მთლიანად მიბმული ვართ უკრაინაზე. მისი გამარჯვება ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რისი მიღწევაც გვსურდა ამ 30 წლის განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლების ცვლილებასაც. მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ძლიერი უარყოფითი მუხტია ხელისუფლების მიმართ და მას არასტაბილურობისა და რუსეთის შიში აჩერებს. ეშინიათ ქვეყანაში ვითარების არევის, რადგან შესაძლებელია ამას რუსული სამხედრო ძალების შემოსვლა მოჰყვეს. როგორც კი გამოჩნდება, რომ რუსეთი უკვე საკუთარ თავსაც კარგავს, მაშინ ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს - შესაძლებელია ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგის სამართავად. როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც ძალიან დაბალი ნდობა აქვთ ხალხში. თუ ამერიკიდან ასეთ კრიტიკას 5-6 წლის წინ ქართველი საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა, დღეს მხოლოდ სიტყვიერი უკმაყოფილება გვესმის. ნახეთ სტატია სრულად