ქურთებს თურქები და ირანელები ერთდროულად ბომბავენ... - კვირის პალიტრა

ქურთებს თურქები და ირანელები ერთდროულად ბომბავენ...

მეორე დღეა, სირიასა და ერაყში მაცხოვრებელ ქურთებს მძიმე დღეები დაუდგათ - ჩრდილოეთიდან მათ თურქული თვითმფრინავები ბომბავენ, აღმოსავლეთიდან კი - ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ეცემათ...

რამ განაპირობა, რომ ქურთების დაბომბვის სურვილი თითქმის ერთდროულად გაუჩნდათ ანკარასა და თეირანში?

თავად თურქეთისა და ირანის ურთიერთობებიც არ არის ია-ვარდით მოფენილი, თუნდაც ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანის გვერდზე დგას, ხოლო ირანი კი პოლიტიკურ და, შეიძლება, მალულ სამხედრო დახმარებასაც უწევს სომხეთს, რუსეთის მხარდაჭერით.

თუმცა, ამ შემთხვევაში, დაემთხვა თურქეთისა და ირანის ინტერესები - ირანმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ერაყის ქურთისტანში, ერბილისა და სულეიმანიას პროვინციებში მდებარე ქურთების პოლიტიკური პარტიების შტაბ-ბინებზე, რადგან თეირანში თვლიან, რომ ბოლო პერიოდში ირანის ქალაქებში აგორებულ მძლავრ საპროტესტო მოძრაობას (რომელიც ქურთი ეროვნების გოგონას ირანის პოლიციის მიერ ცემით მოკვლის შემდეგ აგორდა) ქურთებიც უძღვებიან...

ანკარამ კი სირიის ჩრდილოეთში, ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე მასობრივი საჰაერო იერიშების დაწყება სტამბოლში განხორციელებულ ბოლო ტერაქტს დაუკავშირა, რომლის დამგეგმავ-შემსრულებლად სწორედ ქურთისტანის მუშათა პარტიის ხელმძღვანელობა გამოაცხადა.

2-tur-1669019567.jpg
ქურთების სახალხო თავდაცვის ერთ-ერთი საბრძოლო რაზმი

საგულისხმოა, რომ აქამდე თურქეთის საჰაერო ძალები ვერ ბედავდნენ ასე ღიად და მასობრივად შეფრენას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტელ-რიფატეს, მარანეზეს, კობანისა და შაიბადეს რაიონებში, ქურთების შტაბებისა და პოზიციების დასაბომბად, რადგან სირიის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე საჰაერო სივრცეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები აკონტროლებენ, ხოლო ჰმეიმის აეროდრომიდან ასაფრენად ყოველ წუთს მზად არიან რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავები.

ეჭვს არ იწვევს, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ჩრდილოეთ სირიის თავზე საჰაერო სივრცე რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით გაუხსნეს და, თანაც, სირიის პრეზიდენტი ასადიც დაიყოლიეს, რომ მას დიდი პროტესტი არ გამოეხატა მისი ქვეყნის ტერიტორიის მეზობლის მხრიდან დაბომბვასთან დაკავშირებით.

სახეზეა თურქეთისა და რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებით ანკარასა და მოსკოვს შორის წარმოებული ფარული გარიგებები, მაგრამ ქურთების დაბომბვისთვის თვალის დახუჭვის სანაცვლოდ რას იღებს პუტინი ერდოღანისგან?

ლოგიკური იქნებოდა, რომ სამაგიეროდ კრემლს თურქეთისგან უკრაინის ომში სრული ჩაურევლობა მოეთხოვა, ისევე, როგორც დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გახსნა რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის ფლოტებიდან სპეციალურად თავმოყრილი იყვნენ ხმელთაშუა ზღვაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დასახმარებლად, შავ ზღვაში შემოსასვლელად....

მაგრამ თურქეთი არც უკრაინის არმიის დახმარებას წყვეტს „ბაირაქტარის“ სადაზვერვო-დამრტყმელი დრონებით (თუმცა ამას კერძო თურქული კომპანია ახორციელებს და არა - თურქეთის სახელმწიფო, მაგრამ ერდოღანს, სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლია შეაჩეროს თავისი სიძე უკრაინისთვის „ბაირაქტარების“ მიწოდებისას) და არც ნახევარ წელზე მეტი შავ ზღვაში შემოსვლის მსურველ რუსულ კრეისერებს გაუღო ბოსფორის სრუტე და ისინიც იძულებულნი გახდნენ, წყნარ ოკეანეში დაბრუნებილყვნენ.

ეროღანი ხდება ან უკვე გახდა კიდეც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ორივე ბირთვულ სახელმწიფოს - რუსეთსაც და აშშ-საც თავის წესებს კარნახობს (ამ მხრივ ძალზე შთამბეჭდავად გამოჩნდა ინდონეზიაში, ოცეულის სამიტზე, ერდოღანისა და ბაიდენის პირისპირ, არაოფიციალური საუბარი, რა დროსაც ვიდეოკადრებში ნათლად იხატებოდა ერდოღანის პირადი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის პიროვნებისადმი).

საინტერესოა, თუ რა რეაქცია ექნება აშშ-ს ქურთების დაბომბვასთან დაკავშირებით, როგორც ერაყის ქურთისტანში ირანის მიერ, ასევე - სირიის ჩრდილოეთში, თურქეთიდან, რადგან ქურთებს, განსაკუთრებით კი - სირიაში მოქმედ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ (რომელიც, ფაქტობრივად, ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლებითაცაა დაკომპლექტებული) თეთრი სახლი მფარველობს - ვაშინგტონი რა პასუხს გასცემს ნატოელ პარტნიორ ანკარას სირიაში აშშ-ის მოკავშირე ქურთების დაბომბვისთვის?