"საქართველომ სიკვდილისგან მიხსნა!" - კვირის პალიტრა

"საქართველომ სიკვდილისგან მიხსნა!"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ისრაელის მოქალაქის, ბიზნესმენ იციკ მოშეს მოკვლას გეგმავდა.

სუს-ის ინფორმაციით, მკვლელობის დამკვეთი ირანის მოქალაქეა, შემსრულებელი - პაკისტანის. გამოძიების მტკიცებით, კილერი საქართველოში დუბაიდან სექტემბერში ჩამოვიდა, თანამზრახველებმა მას ვაშლიჯვარში კონსპირაციული ბინა დაახვედრეს. ის სწავლობდა სამიზნის გადაადგილების მარშრუტს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და მისგან მითითებებსა და ფულს იღებდა. პაკისტანელი კილერი სუს-მა სპეცოპერაციის შედეგად სწორედ კონსპირაციულ ბინაში აიყვანა.

პირი, რომელიც თბილისში ებრაელი­ ბიზნესმენის ლიკვიდაციას ამზადებდა, 38 წლის ამირ ხანია. უსაფრთხოების სამსახურმა დაქირავებული კილერის გარდა, მისი მოკავშირეებიც დაადგინა. მკვლელობის დამკვეთმა ამირ ხანს თბილისში მცხოვრები თანამზრახველები უცხოეთიდან შეურჩია. ორივე მათგანი ფერეიდნელია, საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები დაქირავებულ მკვლელს იარაღით ამარაგებდნენ. ებრაელი ბიზნესმენის ლიკვიდაციის დამკვეთს გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში ეძებს. სუს-მა მისი იდენტიფიცირება უკვე შეძლო - სუფიანი, ასე მოიხსენიებს ამირ ხანი პირს, რომელმაც ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა.

დაკავებულ სამივე პირს ბრალი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში ედებათ, თუმცა მათ ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაუმძიმებენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს, მანამდე კი დაკავებული სამი პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 დეკემბერს დაიწყება.

"ჩემი დაცვის პირებს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას. ისინი ბრალს არ აღიარებენ", - ამბობს ფერეიდნელების ადვოკატი მუხრან ღურწკაია. მისივე თქმით, პაკისტანის მოქალაქე ადასტურებს ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის გეგმის არსებობას, თუმცა არ ახსენებს ორ თანამზრახველს.

62 წლის იციკ მოშემ, რომელიც საქართველო-ისრაელის კავშირის გამყარებაზე მუშაობს, მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა სპეცოპერაცია დაასრულეს და დაკავებების შესახებ საჯაროდ განაცხადეს. ებრაელი ბიზნესმენი მასზე თავდასხმას თავის საქმიანობას და წარმომავლობას უკავშირებს.

ცნობისათვის: იციკ მოშე 1990 წლიდან ებრაული სააგენტოს წარმომადგენელი და პირველი ხელმძღვანელი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 2013 წლიდან ის "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ეს ორგანიზაცია ფოკუსირებულია ისრაელის სახალხო დიპლომატიაზე აღმოსავლეთ ევროპაში. მისივე დაფუძნებულია ისრაელ-საქართველოს ბიზნესპალატა.

ისრაელის მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდიის "ყუდსის ძალებს" სურდათ. ისინი ქვეყნის საგარეო ოპერაციებს აკონტროლებენ.

"ყუდსი" მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ლიბანში, სადაც ის მხარს უჭერს "ჰეზბოლას", ღაზის სექტორში - "ჰამასს", ავღანეთში კი ირანთან დაახლოებულ პოლიტიკურ და შეიარაღებულ ჯგუფებს. ამ დაჯგუფებების ნაწილს აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

როგორც ებრაული მედია იუწყება, "ირანული შეთქმულების" ორგანიზატორები "ყუდსის" ("ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი) ძალები არიან, ხოლო პაკისტანელი კილერი ამირ ხანი "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფების წევრია. ის მკვლელობის მზადებას ადასტურებს. ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებული საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეები, ფაჰრაად ფაშაი და მოჰსენ რაფი. მათივე წყაროს ცნობით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენი იციკ მოშე მიზანში ამოიღეს.

როგორც ჩვენებაში პაკისტანელი კილერი წერს, მას ებრაელი ბიზნესმენისთვის თბილისის ცენტრში დანით უნდა გამოეჭრა ყელი, თუმცა მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღი მოითხოვა. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ თბილისში თავისუფლად დადიოდნენ "ალ-ქაიდასთან" შესაძლო კავშირში მყოფი ირანული სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ. ამირ ხანი ირანელ აგენტთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ მაშინ გაუმხილეს, რა დავალებაც უნდა შეესრულებინა. მისივე თქმით, ებრაელი ბიზნესმენი 7 ნოემბრამდე უნდა მოეკლა.

"თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სუფიანის დავალებით ობიექტი უნდა მომეკლა ყელში დანის ჩარტყმით... ამის შანსი ორჯერ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვუთხარი სუფიანს, რომ დანით კაცის მოკვლა არ შემეძლო და ჩემთვის პისტოლეტი ეშოვა... ობიექტს ყოველთვის თან ახლდა დაცვა, მინიმუმ 2 პირი, სწორედ ამ მიზნით გამომიგზავნა სუფიანმა პისტოლეტი შუამავლის ხელით. მკვლელობა დაგეგმილი იყო 7 ნოემბრამდე".

ამირ ხანი დუბაიდან საქართველოში 14 სექტემბერს ჩამოფრინდა, მანამდე საქართველოში უკვე ჩამოსული იყო ირანულ სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 45 წლის მამაკაცი, სუფიანი, რომელსაც კილერი მკვლელობის შემკვეთად ასახელებს. "ვვარაუდობ, რომ სუფიანი ირანის სპეცსამსახურების თანამშრომელია, ვინაიდან ის დიდი გავლენით სარგებლობს. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. მაგალითად, დუბაიში არაერთხელ შეხვედრია თანამდებობის პირებს. როგორც მითხრა, მისი უშუალო ორგანიზებით გაიტაცეს დუბაიდან ერთ-ერთი ძლიერი ჰაკერი. როგორც სუფიანმა მითხრა, გატაცებული ჰყავთ მისი 2-3 მეგობარი პარტნიორიც და თუ მოვკლავდი ბიზნესმენს, სუფიანის მეგობრებს გაათავისუფლებდნენ. საუბარი ეხებოდა ირანის სპეცსამსახურების თანამშრომლებს".

გამოძიება ახლა პაკისტანელი კილერის სხვა მოკავშირეებს ეძებს. სანდო წყაროს ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ქალია, რომელიც პაკისტანელ ამირ ხანს მკვლელობის ობიექტზე ინფორმაციის მოგროვებაში ეხმარებოდა.

„შეუმდგარ ტერაქტს ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ“

ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მისი მკვლელობის გეგმას ებრაელების წინააღმდეგ წარმოებულ ანტისემიტურ ქმედებებსა და თავის საქმიანობას უკავშირებს.

moshe2-1669021551.jpg

- რა დაგიმალოთ და, ჩემთვის ეს ამბავი შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი გეგმების მიხედვით, არაფერი შეცვლილა. შეუმდგარ ტერაქტს, რა თქმა უნდა, ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ. მოგეხსენებათ, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი ვარ, რომელიც მუშაობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, ასევე, ვხელმძღვანელობ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატას. მეორე ნაწილს გამოვრიცხავ, დაგეგმილ ოპერაციას ჩემს ბიზნესსაქმიანობას არ ვუკავშირებ, უფრო "ისრაელის სახლის" საკითხებთან კავშირშია, რომლის მიზანია ისრაელის დაახლოება მეგობარ ქვეყნებთან და ანტისემიტიზმთან ბრძოლა. 7 ნოემბერს იერუსალიმში ჩავატარეთ საერთაშორისო ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, რომელშიც ქვეყნის გარეთ მცხოვრები ისრაელელებიც მონაწილეობდნენ. გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ჩემზე თავდასხმა 7 ნოემბრამდე უნდა მომხდარიყო. ამით პასუხი გაეცა ყველაფერს - "ყუდსის ძალებს", ალბათ, სურდათ არ ჩატარებულიყო ფორუმი, რომელშიც 100 ქვეყანა მონაწილეობდა, და სადაც საქართველოსაც ცენტრალური ფუნქცია ჰქონდა, ვინაიდან საქართველოში მუშავდება ამ ორგანიზაციის პილოტური გეგმა. ჩვენ ვმუშაობთ აღმოსავლეთ ევროპაშიც - ფორუმის ჩატარება მომავალ წელს დაგეგმილია ალბანეთში, მონტენეგროში, ესპანეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. 7 ნოემბერი ჩვენ ებრაელი მეომარი ქალის, ჰანა სენეშის პატივსაცემად ავირჩიეთ (უნგრელი ებრაელი პარტიზანი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს). ისრაელში ამ მეომარი ქალის ხსოვნას დიდ პატივს სცემენ, მისი სახელი გმირობისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა და ამიტომ ავირჩიეთ ეს დღე. გარკვეულ ძალებს არ სურთ ისრაელის სიმართლე გამოაშკარავდეს და ებრაელებმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ მსოფლიოში, რაც დღეს უფრო მარტივია, ვინაიდან ჩვენ უძლიერესი ქვეყანა გვაქვს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი მოკვლა ადრეც სცადეს. დევნა, თვალთვალი, რაიმე საეჭვო თუ შეგინიშნავთ?

- საქართველოს ტიპის ქვეყანაში ამის შემჩნევა ძნელია, ვინაიდან ძალიან მეგობრული გარემოა, აქ უფრო თავისუფლად ხარ, დაძაბულობის გარეშე. საქართველომ უდიდესი საქმე გააკეთა ჩემთვის - სიკვდილისგან მიხსნა. ეს უნდა ვაღიარო. ამით გამოჩნდა შესაბამისი უწყებისა და საქართველოს პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება ისრაელის მიმართ, მადლობელი ვარ. ეს კარგი მესიჯია ტურისტებისთვისაც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან - ჩემი მეორე ორგანიზაციის მეშვეობით ტურიზმის გაძლიერებასა და ეკონომიკური კავშირის გამყარებაზე ვმუშაობ. ჩემი შემთხვევა დასტურია იმისა, რომ ისრაელელები საქართველოში არიან და იქნებიან დაცული. ეს იყო საქართველოს ძალოვანი უწყების მიერ ჩატარებული უმნიშვნელოვანესი ოპერაცია.

- ისრაელის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს იყო "ალ-ქაიდა"-"ყუდსის" ერთობლივად დაგეგმილი სპეცოპერაცია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთის მიმართ მტრულადაა განწყობილი, რაღაც შეუსაბამობა გამოდის.

- ხომ იცით, საერთაშორისო საკითხებზე მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი მტრები არ არსებობენ. ისრაელის საწინააღმდეგო ინტერესი შეიძლება ორივეს აქვს. ამ სფეროს დიდად მცოდნე არა ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, "ყუდსის" ორგანიზაციას უფრო მეტად ახასიათებს ქვეყნის გარეთ აქციების გამართვა, მათთან დამეგობრება, შესწავლა, ვინც ისრაელთან კავშირშია და მერე ტერორისტული აქტების მოწყობა.

- რას იტყვით კილერის ჩვენებაზე და თავად თქვენ თუ დაგკითხეს?

- არა, მაგრამ დაგეგმილია. ამ საკითხის შესწავლას პროფესიონალებს ჩავაბარებ, მინდა მუშაობა გავაგრძელო, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ისრაელისთვის და მისი მეგობარი ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ - შიში იმის წინა პირობა იქნება, რომ ხვალ ჯარისკაცს ომში მონაწილეობის შეეშინდეს და როდესაც ისრაელში ერთ რაკეტას ისვრიან, მთელმა ერმა დატოვოს ქვეყანა. როცა ქვეყანა გიყვარს და მასზე ზრუნავ, ყველა მოქალაქე ისრაელში თუ მის გარეთ რიგითი ჯარისკაცია. ამიტომ ვიაზრებ, რომ ჩემი ქვეყნისთვის და მისი მეგობარი ქვეყნისთვის უდიდეს საქმეს ვაკეთებ. 50%-ზე მეტ დროს საქართველოში ვატარებ, დანარჩენს ისრაელსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. დაშინების გამო ადამიანებმა მუშაობა რომ შეწყვიტონ, ჩვენს პატარა ქვეყნებს რუკაზე ადგილი აღარ ექნებოდათ.

- აღნიშნეთ, რომ ისრაელის პრეზიდენტმა დაგირეკათ.

- დიახ, პირველი, ვინც დამირეკა, ისრაელის პრეზიდენტი იყო, რომელმაც მითხრა, თავს გაუფრთხილდიო. მისი ზარი ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა იყო. მანვე მითხრა, რომ ჩემი საქმიანობა ისრაელის გარეთ მნიშვნელოვანია. ამას მოჰყვა სხვა მეგობრების ზარები, რამაც უფრო გამაძლიერა.