მეზობლების ომში „თავგზააბნეული“ რაკეტების „სტუმრობისაც“ უნდა გეშინოდეს - კვირის პალიტრა

მეზობლების ომში „თავგზააბნეული“ რაკეტების „სტუმრობისაც“ უნდა გეშინოდეს

ომებში ყველაფერი ხდება და არავინაა დაზღვეული "მეგობრული ცეცხლისგან", როდესაც სადაზვერვო ინფორმაციის უქონლობის, დამმიზნებლის შეცდომისა თუ რაკეტის ტექნიკური გაუმართაობის გამო საცეცხლე დარტყმა მოწინააღმდეგის ნაცვლად თანამებრძოლებს ადგებათ. თუკი შეიძლება საკუთარი არმიის დანაყოფებს შორის "მეგობრული ცეცხლის" ფაქტისა და სავალალო შედეგების მეტ-ნაკლებად მიჩქმალვა, რომ მოწინააღმდეგის ყურამდე არ მივიდეს და მან პროპაგანდისტული მიზნებით არ გამოიყენოს, იმავეს გაკეთება, როდესაც მეზობელი და მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე შენი გაშვებული რაკეტები ცვივა და თანაც ამას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვება, შეუძლებელია.

15 ნოემბერს პოლონურ სოფელ პშევოდოვში ორი რაკეტა ჩავარდა და აფეთქდა. ერთმა ორი ადგილობრივი მცხოვრები იმსხვერპლა... ამ თითქოსდა ადგილობრივი მნიშვნელობის შემთხვევამ თითქმის მთელი მსოფლიო შეძრა, რადგან საქმე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დებულების მე-5 პუნქტის ავტომატური ამოქმედებისკენ მიდიოდა, რადგან ნატოს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასი იქნებოდა, რაც ადეკვატურ პასუხს მოითხოვდა რაკეტების გამშვები მხარისკენ. საბოლოოდ ეს შეიძლება ნატო-რუსეთის საბრძოლო დაპირისპირებაშიც კი გადაზრდილიყო, თუკი დამტკიცდებოდა, რომ რაკეტები სწორედ რუსმა სამხედროებმა გაუშვეს.

თავიდანვე რუსეთზე იმიტომ იეჭვეს, რომ სწორედ 15 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას ერთ-ერთი მასშტაბური სარაკეტო დარტყმა მიაყენეს 90-ზე მეტი რაკეტითა და ათი კამიკაძე-დრონით (უკრაინის მხარის მტკიცებით, მათ ამ თავდასხმის დროს 73 რუსული რაკეტა და ათივე დრონი ჩამოაგდეს) და არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ მათგან ორი რუსული რაკეტა შემთხვევით ან გამიზნულად, დაეცა და აფეთქდა პოლონურ სოფელში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან შვიდი კილომეტრითაც კი არ არის დაცილებული.

შემთხვევის ადგილზე აფეთქებული რაკეტების ფრაგმენტების დათვალიერებისას, ასევე, პოლონეთის ცაში იმ დროს პატრულირებადი ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით ირკვევა, რომ პოლონურ სოფელში, სავარაუდოდ, აფეთქდა არა რუსული ფრთოსანი რაკეტები, არამედ მათ ჩამოსაგდებად გაშვებული უკრაინული საზენიტო რაკეტები.

აღმოჩენილი რაკეტის ფრაგმენტი ძალზე წააგავს საბჭოთა პერიოდში წარმოებულ ჩ-300-ის ტიპის საზენიტო რაკეტას, ხოლო ამ ტიპის რაკეტებით შეიარაღებულია უკრაინის საჰაერო ძალების 540-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის დისლოკაციის ადგილია ლვოვის ოლქის ქალაქი კამენკა-ბუგსკაია. ეს უკანასკნელი იმ პოლონური სოფლიდან, სადაც რაკეტები აფეთქდა, 45 კილომეტრითაა დაშორებული. ამ მანძილის დაფარვა რუსული სარაკეტო თავდასხმის მოსაგერიებლად გაშვებულ უკრაინელთა ჩ-300-ის ტიპის რაკეტებს უპრობლემოდ შეეძლოთ. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს სახიფათო ინციდენტი მოძველებული საბჭოური საზენიტო რაკეტების დამიზნების სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, თუმცა რატომ არ იმოქმედა თვითლიკვიდაციის მექანიზმმა მას შემდეგ, რაც რაკეტები საჰაერო მიზნებს ასცდნენ და ჰაერშივე არ აფეთქდნენ, ძნელი სათქმელია.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებს, სავარაუდოდ, უნებურად „"მეგობრული ცეცხლი"“ გამოუვიდათ მეზობელი პოლონეთის მიმართ, ყველამ შვებით ამოისუნთქა, უპირველესად კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა და ნატოს წევრი იმ ქვეყნების სხვა ლიდერებმა, რომლებიც ამ ინციდენტის მომენტში ინდონეზიაში ოცეულის სამიტზე იყვნენ შეკრებილი - რუსული რაკეტების ვერსიის დადასტურების შემთხვევაში ნატოს აუცილებლად მოუწევდა მკაცრი პასუხის გაცემა, რაც ჩვენს პლანეტას უფრო მიაახლოებდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებასთან.

სამწუხაროდ, საქართველოს არ დაჰკლებია ომები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, მაგრამ ჩვენს მიწაზე დროდადრო მაშინაც ფეთქდებოდა ჭურვები, რაკეტები და ბომბავდა ავიაცია, როდესაც ქართული არმია არ ომობდა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გამო დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვარს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდანვე შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღი ას კილომეტრზე მეტადაა დაშორებული საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრიდან. ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხურმა და აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა რაზმებმა სანგრები წითელი ხიდის მიდამოებშიც გათხარეს, სადაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის საზღვრები იკვეთება.

სანგრების ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც აღმოჩნდა, ისევე როგორც დაინაღმა განსაზღვრული მიმართულებები. მაშინ ამის მიზეზი ისიც გახდა, რომ არ არსებობდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია. გარდა ამისა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფებმა რამდენიმე აფეთქებაც მოაწყვეს ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სომხეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზის ხიდზე და საქართველოდან აზერბაიჯანისკენ მიმავალ სამგზავრო ავტობუსში.

მეორედ საქართველოს ტერიტორიას ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე ომი 2020 წლის შემოდგომაზე შეეხო, როცა აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 2020 წლის 7 ოქტომბერს კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ორივე ინციდენტი უმსხვერპლოდ დასრულდა. არადა, ჩამოვარდნილ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი ისრაელურ „"ჰაროპის" ტიპის კამიკაძე-დრონებს დიდი უბედურების დატრიალება შეეძლოთ სოფელში რომ აფეთქებულიყვნენ.

ძნელი სათქმელია, თუ რატომ აღმოჩნდნენ ეს კამიკაძე-დრონები, თანაც ერთმანეთის მიყოლებით, საბრძოლო მოქმედების ზონიდან ას კილომეტრზე მეტად დაშორებულ კახეთში.

საგულისხმოა, რომ მეორე დღეს, 8 ოქტომბერს, რაკეტა აზერბაიჯანის უკვე მეორე მეზობლის, რუსეთის ფედერაციის დაღესტნის აგულის რაიონის სოფელ ჩირაგთანაც ჩამოვარდა და აფეთქდა.

ეს რაკეტა, დიდი ალბათობით, საზენიტო-სარაკეტო სისტემა ჩ-300-დან გაუშვეს აზერბაიჯანელმა მეზენიტეებმა სომხების ნასროლი ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, მაგრამ ააცილეს.

ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმას, რაც 15 ნოემბერს პოლონურ სოფელში მოხდა - ორივეგან მიზანს აცილებული ჩ-300-ის საზენიტო რაკეტა ფიგურირებს.

სამეზობლოში მიმდინარე ომის დროს ქართული მიწების დაბომბვის შემთხვევების ჩამოთვლისას არ შეიძლება დავივიწყოთ ის მრავალი ფაქტიც, როდესაც ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს რუსეთის ავიაციამ არაერთხელ შეცდომით თუ შეგნებულად დაბომბა და ჰაერიდან დანაღმა ჩეჩნეთის მოსაზღვრე ქართული რაიონები, თვით პანკისის ხეობის ჩათვლით, რომელიც საზღვრიდან ორმოცი კილომეტრითაა დაშორებული.

საჰაერო დარტყმების დროს შეცდომები თვით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ულტრათანამედროვე რაკეტებსაც კი მოსდით.ამ სტატიის ავტორი 1999 წელს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ქართული საარტილერიო კატარღის ეკიპაჟთან ერთად ნატოს საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში მონაწილეობდა, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში სერბების წინააღმდეგ ნატოს ოპერაციის დროს გაშვებული ამერიკული ფრთოსანი რაკეტა სერბეთს ასცდა და მეზობელი ბულგარეთის საზღვრისპირა ქალაქში აფეთქდა.