რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს საზღვართან ორასიოდე კილომეტრში "მოჩოჩდა"... - კვირის პალიტრა

რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს საზღვართან ორასიოდე კილომეტრში "მოჩოჩდა"...

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის ფრონტის ხაზიდან უმოკლესი პირდაპირი მანძილი საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთამდე არანაკლებ 500 კმ-ს შეადგენს, მაგრამ 18 ნოემბრის ღამეს ამ ომის გამოძახილი ორას კმ-მდე მოგვიახლოვდა.

მოგვიახლოვდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის ნოვოროსიისკის ყურეში ორი აფეთქების ხმა გაისმა - აქ განთავსებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეორე სამხედრო-საზღვაო ბაზა და თავდასხმაც სწორედ იმავე სცენარით განმეორდა, როგორც 29 ოქტომბერს, როდესაც უკრაინულმა საჰაერო და საზღვაო კამიკაძე-დრონებმა რუსულ ფრეგატებსა და კორვეტებს სევასტოპოლის ყურეში კომბინირებულად შეუტიეს. ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის ყურე კი ოდესიდან პირდაპირი ხაზით მხოლოდ 300 კმ-ითაა დაშორებული, რაც ტექნიკურად შესაძლებელს ხდის ახალი უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონების იქამდე მიღწევას, მაგრამ ნოვოროსიისკის ყურე ჩრდილო კავკასიაში მდებარეობს და იქ მისაცურად უკრაინულ საზღვაო კამიკაძე-დრონებს ყირიმის ნახევარკუნძულის შემოვლა და არანაკლებ 700 კმ-ის გაცურვა დასჭირდებოდათ, თუკი სტარტი ოდესიდან ან ოჩაკოვიდან აიღეს, ეს კი ძალიან დიდი მანძილია. არის მეორე ვერსიაც, შეიძლება კამიკაძე-დრონები ნოვოროსიისკის სიახლოვეს ზღვაში რომელიმე სავაჭრო გემის გემბანიდან ჩაუშვეს მალულად. ასეა თუ ისე, უკრაინელებმა შეძლეს თავდასხმა რუსეთის მეორე უდიდეს საზღვაო პორტზეც შავ ზღვაში.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ 18 ნოემბრის ღამით ნოვოროსიისკის ყურის მერვე ნავმისადგომთან ორი აფეთქება მოხდა, 19 ნოემბრის შუადღისას უარყვეს ნოვოროსიისკის ოფიციალურმა პირებმა, მალე კი ინტერნეტში დაიდო აფეთქებების ვიდეოფირები, რამაც უტყუარი გახადა თავდასხმა. დილით სპეციალისტებმა აფეთქებების ადგილზე აღმოაჩინეს საზღვაო დრონის ფრაგმენტები, რომლებიც ანალოგიური უნდა იყოს სევასტოპოლის ყურეზე თავდამსხმელი კამიკაძე-დრონებისა. უკრაინის მხარე განსაკუთრებით ასაიდუმლოებდა, რომ ასეთი საზღვაო იარაღი აქვს, ოფიციალურად არც სევასტოპოლის ყურეზე თავდასხმა უღიარებია, მაგრამ უკრაინის ტელევიზიებით გავრცელდა ამ საზღვაო უპილოტოს დამზადების ვიდეოკლიპი, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ზელენსკის მოსახლეობისთვის მოწოდება, რომ შეეგროვებინათ 100 მლნ გრივნა ათი ასეთი უპილოტოს შესასყიდად და შეექმნათ მსოფლიოში პირველი კამიკაძე-დრონების საზღვაო ესკადრა. ერთი საზღვაო კამიკაძე-დრონის ფასი 10 მლნ გრივნას ანუ 271 ათას დოლარს შეადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი სიგრძე 5,5 მეტრია და ერთ ტონამდე იწონის. ის აღჭურვილია ილონ მასკის "სტარლინკის" თანამგზავრული ინტერნეტკავშირით, აქვს 300 ცხ.ძ-იანი ძრავა, წყალში ავითარებს 80 კმ/სთ-მდე მაქსიმალურ სიჩქარეს და გადააქვს 50 კგ ან უფრო მეტი მასის საბრძოლო მუხტი.

ის, რომ ამ ჯერჯერობით უსახელო უკრაინულმა საზღვაო კამიკაძე-დრონებმა სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის ყურეებში თავდასხმებისას მხოლოდ დააზიანეს და ვერ ჩაძირეს რუსული სამხედრო ხომალდები, შეიძლება მათ გაუმჯობესების აუცილებლობაზეც მეტყველებდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ აზოვის, შემდეგ კი შავ ზღვაში რუსეთმა უკრაინას თითქმის ყველა სამხედრო ხომალდი გაუნადგურა, საკმარისი არ აღმოჩნდა უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დასაჩოქებლად და მათ ეფექტიან გამოსავალს მიაგნეს - მცირე ზომის დისტანციურად მართვადი საზღვაო-სადაზვერვო და კამიკაძე-დრონების ფლოტილიის შექმნა, რისი წყალობითაც შეუმჩნევლად „მიეპარებიან“ რუსულ ფრეგატებსა და კორვეტებს...