"როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან, რომელიმე ბავშვს უთხრა, რომ მისგან ადამიანი არ გამოვა?!" - კვირის პალიტრა

"როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან, რომელიმე ბავშვს უთხრა, რომ მისგან ადამიანი არ გამოვა?!"

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისა და მასწავლებლებისადმი მიმართვას აქვეყნებს, სადაც აღზრდის მნიშვნელობასა და ამ პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების როლზე საუბრობს:

- ბავშვი სულ კონტროლშია. რომელი სული გაუძლებს მუდმივ კონტროლში ცხოვრებას? თქვენ შეგიძლიათ, მუდმივ კონტროლში იყოთ?! რა ქნას ბავშვმა, როცა მოთმინება, ნებისყოფა, ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, როგორ მოითმონოს ყველაფერი? მთელი ეს კონტროლი მის ბუნებას აჯანყებს. ჩვენ კიდევ მას ვაბრალით და ვამბობთ: "შეხედე, როგორი მოუთმენელია? როგორი დაუჯერებელია? როგორ არ უნდა, რომ ჩვენს ნებას დაემორჩილოს?" ამავე დროს, ჩვენი უხეში მეთოდებით თავად გამოვიწვიეთ მსგავსი ქცევა.

სწავლების პროცესი მონოლოგიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე განუწყვეტლივ დგას და ბავშვს რაღაცას უხსნის. მართალია, გამოიძახებს ხოლმე, გაკვეთილსაც გამოიკითხავს, მაგრამ თუ რაიმე ცოდნა უნდა გადასცეს, ამ ცოდნას ახსნით გადასცემს. ახსნას კი მოსმენა სჭირდება. მასწავლებელი ხშირად ამბობს ფრაზას "ყურადღებით მომისმინეთ", ხოლო, თუ ვინმე არ უსმენს, სხვაგან იყურება, გაუწყრება, ეტყვის: "რაზე ფიქრობ, როგორ არ გრცხვენია?" და სხვა ამგვარი. მაშ, ეს მასწავლებლის გაუთავებელი მონოლოგია. დიალოგია, როცა ბავშვებისაგან მეც ვიგებ რაღაც ახალს და ისინიც. არ იფიქროთ, რომ თუ გაკვეთილზე 20 შეკითხვას დასვამთ და ბავშვებიც გიპასუხებენ, ამით დიალოგი გამართეთ. ეს გამოკითხვა, კონტროლია. გამოვთვალე, რამდენ დავალებასა და კითხვას აძლევს მასწავლებელი დაწყებით კლასებში მოსწავლეებს. იცით რა გამოვიდა? თითოეულ გაკვეთილზე, ჩვეულებრივი, შტამპური გაკვეთილების პირობებში, დაახლოებით, 30-40 კითხვასა და დავალებას აძლევს. სულ ეკითხება, დგას და ამბობს "აბა, ვინ მეტყვის? კიდევ ვინ იცის?" წინასწარ იცის, რა პასუხებიც უნდა მიიღოს. ახალს კი არ დაეძებს. როგორი ბავშვები გამოგვივა? რომლებსაც თავში ცოდნას ვუდებთ, მერე თავის ქალას ავუხსნით, ჩავხედავთ და შევამოწმებთ, ეს ცოდნა აწყვია თუ არა შიგნით. თუ არ აწყვია ვბრაზობთ, თუ აწყვია, გვიხარია. მაგრამ, რადგანაც ბავშვში იმაზე ნაკლები ცოდნაა, ვიდრე მივეცით, ამიტომ სულ გაბრაზებულები ვართ მათზე. ვეუბნებით: "სად გქონდა ყურები? რას ისმენდი?" და ასე შემდეგ. გააგრძელე კითხვა