"მჯერა, რომ სააკაშვილი ამ წუთში ქართული პოლიტიკიდან წასულია" - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ სააკაშვილი ამ წუთში ქართული პოლიტიკიდან წასულია"

სხვებთან შედარებით "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე ძლიერი, მაგრამ ობიექტურად ყველაზე სუსტი პოლიტიკური პარტიაა. სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტიაა, მიხეილ სააკაშვილზე დგას, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ნოდიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეაფასა.

მისივე განცხადებით, აქტიურ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობა“ პირადად მიხეილ სააკაშვილის პარტია იყო.

ექსპერტის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უჭირთ მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა ლიდერის მიღება.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისის მიზეზი არის მიხეილ სააკაშვილი. ერთის მხრივ, "ნაციონალურ მოძრაობა“ არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია, სხვებთან შედარებით ის არის ყველაზე ძლიერი, მაგრამ ობიექტურად ის ყველაზე სუსტი პოლიტიკური პარტიაა. სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ ერთ კაცზე ჩამოკიდებული პარტიაა, მიხეილ სააკაშვილზე დგას. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობამ“ წარმატებას მიაღწია იმით, რომ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ არ დაიშალა. მაგრამ მეორე მნიშვნელოვან გამოცდას ვერ აბარებს, ეს არის - ლიდერის შეცვლა. მდგრადი და ძლიერი პარტია ნიშნავს ისეთ პარტიას, რომელშიც ლიდერები იცვლებიან.

ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრია ისეთი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არც ერთი კანდიდატი არ მოსწონს. აქტიურ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ პირადად მიხეილ სააკაშვილის პარტია იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, რომ ამ ადამიანებმა ვინმე მიიღონ პარტიის ლიდერად, ვინც არ არის სააკაშვილი“,- განაცხადა ნოდიამ.

კითხვაზე, წავიდა თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან, ექსპერტი პასუხობს, რომ დღეს სააკაშვილი პოლიტიკიდან წასულია, იმიტომ, რომ მისი ცნობიერება სხვა რამით არის დაკავებული.

"არ ვიცი. არ მგონია, რომ მან და ვინმემ იცოდეს. მე მჯერა, რომ ის ამ წუთში ქართული პოლიტიკიდან წასულია, იმიტომ, რომ მისი ცნობიერება სხვა რამით არის დაკავებული. როდესაც არ იყო წასული, ხშირად ახსენებდა ამომრჩევლებს თავს მუდმივად. ახლა, დიდი ხანია ამას არ აკეთებს. ასე, რომ წასულია. მეორეს მხრივ, არც მისი მოწინააღმდეგეები და არც მომხრეები ამას არ იჯერებენ. მხარდამჭერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის ისევ გახდება პოლიტიკურად აქტიური“,- განაცხადა ნოდიამ.

"ინტერპრესნიუსი"