"სააკაშვილი არის პირველ რიგში ადამიანი და ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკლა და სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არის პირველ რიგში ადამიანი და ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკლა და სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო"

გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, უბრალოდ თუ კიდევ გავრცელდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ საეჭვოა, არ გამოვრიცხავ, შევხვდე და ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, კატეგორიულად მოითხოვს, რომ იცოდეს, რა სჭირს რეალურად სააკაშვილს.

„სურვილი აქამდე არ მქონია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. მე არც ექსპერტი ვარ და არც სამედიცინო რამეები გამეგება, მაგრამ უბრალოდ მე მინდა, ჩემი შთაბეჭდილებები მქონდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ერთი მთავარი, რასაც მე მოვითხოვ, ახლა განსაკუთრებით უფრო კატეგორიულად, არის ის, რომ ვიცოდეთ, რა სჭირს რეალურად სააკაშვილს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მომხრეა, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ ადეკვატურ სამედიცინო პირობებში.

"კატასტროფა იქნებოდა ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი, როგორი დამოკიდებულება გვაქვს, არ გვაქვს სააკაშვილთან, არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი არის პირველ რიგში ადამიანი და ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკლა და სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო. ეს არ მომწონდა მე სააკაშვილის, რომ არაადამიანურ პირობებში ჰყავდა პატიმრები, ღირსებააყრილი, ხუთკაციან საკანში 40-60 ჰყავდა და ამიტომ იყო, რომ მაშინ ვუპირისპირდებოდი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"