"მიესალმეთ მომავალ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ევროპაში გაბატონებას ცდილობს" - კვირის პალიტრა

"მიესალმეთ მომავალ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ევროპაში გაბატონებას ცდილობს"

ამერიკული გაზეთის - Politico-ს ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში, ბრიუსელში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მიესალმეთ ევროპის მომავალ ძლიერ სახელმწიფოს - პოლონეთს: ვარშავა, სამხრეთ კორეის დახმარებით, ევროპაში გაბატონებას ცდილობს" (ავტორები - მეთიუ კარნიჩნიგი და ვოიცეხ კოშცი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:

როცა გასულ კვირას პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში "შემთხვევით" რაკეტა ჩამოვარდა, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა შეშფოთება გამოხატა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობის მოსალოდნელი რეაქციის გამო: იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რუსეთმა ბრძანება გასცა პოლონეთისადმი დარტყმის მისაყენებლად.

იცოდნენ რა პოლონელების უნდობლობა ყოველგვარი რუსულის მიმართ და ქვეყნის დღევანდელი მთავრობის ღრმა ანტიპათია მოსკოვისადმი, ბრიუსელმა და ბერლინმა იფიქრეს, ვაითუ ვარშავამ რამე წინდაუხედაობა გამოიჩინოსო. თუმცა, თავშეკავებულობის დაკარგვის ნაცვლად, ვარშავამ თავდაჭერა გამოიჩინა - მართალია, თავისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა (როგორც ნათქვამია, "დენთი მშრალად იქონია"), მაგრამ დაელოდა სიტუაციის გარკვევას, რა მოხდა სინამდვილეში - ეს "გზააბნეული" რუსული რაკეტა იყო თუ "მიზანსაცდენილი" უკრაინული რაკეტა?

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სიმშვიდის მიზეზს ის უბრალო რეალობა წარმოადგენდა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი გვერდს უვლიდა: პოლონეთს, სავარაუდოდ, ევროკავშირში საუკეთესო არმია ჰყავს და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება - იგი შესაძლოა, ყველაზე ძლიერი სახმელეთო შეიარაღებული ძალები გახდეს.

"პოლონეთის არმია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ მას ბრძოლა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით შეძლოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

რუსეთ-უკრაინის ომის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში გაბატონებული აზრი, თითქოსდა ჩვეულებრივი სამხედრო მოქმედებები წარსულს ჩაბარდა, მართალი არ აღმოჩნდა. ვარშავის მიერ კიევის დასახმარებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა მის ევროპელ მოკავშირეებში სათანადო გამოძახილი ჰპოვა: "პოლონეთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია კონტინენტურ ევროპაში", - განაცხადა აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ვარშავის დიდი როლი უკრაინისადმი მხარდაჭერაში და ბალტიისპირა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში (ნატოს ჩარჩოებში).

22112022-1209-1669104734.36_REC.png
Jeff J Mitchell/Getty Images

"გერმანია, რომელიც რეგიონში აშშ-ის საკვანძო და ტრადიციული მოკავშირეა, ჯერ კიდევ რჩება ლოგისტიკურ ცენტრად, მაგრამ ბერლინში გამართული უსასრულო დებატები, გააძლიერონ თუ არა საკუთარი შეიარაღებული ძალები, მისი მხრიდან ეფექტიანი პარტნიორის როლს ამცირებს", - ამბობს სამხედრო ჩინოვნიკი.

იმ დროს, როცა გერმანიაში ჯერ კიდევ გრძელდება Zeitenwende-ს ანუ ე.წ. სტრატეგიული გარდამტეხი მდგომარეობის განხილვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია, პოლონეთი უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს. ბერლინში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, გააგრძელებენ თუ არა 2%-იან სამხედრო ხარჯებს, როცა [მიმდინარე წლის მაისში შექმნილი] 100 მილიარდი ევროს საინვესტიციო ფონდი ამოიწურება, ვარშავამ კი უკვე განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნობრივ ხარჯებს, მთლიან შიდა პროდუქტში, 2,4%-დან 5%-მდე გაზრდის.

პოლონური კუნთები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა ჯერ კიდევ ივლისში აღნიშნა, რომ მის ქვეყანას მალე ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარები ეყოლება. დღეს მინისტრის ნათქვამი უკვე სრულდება: პოლონეთს უფრო მეტი ჰაუბიცები და ტანკები აქვს, ვიდრე - გერმანიას და მიზნად აქვს დასახული, 2035 წლისათვის ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდეს - დაახლოებით, 300 ათასი სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით (გერმანიას 170 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს).

დღეისათვის პოლონეთის შეიარაღებული ძალები 150 ათას ჯარისკაცს ითვლის, რომელთაგან 30 ათასი 2017 წელს შექმნილ ახალ მობილურ ტერიტორიულ ქვედანაყოფებში შედის. ისინი 16-დღიან სამხედრო მომზადებას გადიან, შემდეგ კი სამხედრო ცოდნას კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე აღრმავებენ. თავდაპირველად ასეთ სისტემას ირონიულად უყურებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომში პორტატიული ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებით შეიარაღებულმა მობილურმა ტერიტორიულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა წარმატებული შედეგები აჩვენეს, ახლა ამ სისტემას სერიოზულად და წარმატებულად მიიჩნევენ. "დღეს ყველა ეჭვი გამქრალია", - თქვა ამას წინათ მარიუშ ბლაშაკმა, ახალი ტერიტორიული ქვედანაყოფების პირადი შემადგნელობის მიერ ფიცის მიღების დროს.

განსხვავებით გერმანიისაგან, რომელიც ყველანაირად ცდილობს ახალი სახეობის ტერიტორიულ საარმიო ქვედანაყოფებში მოქალაქეთა მიზიდვას [თუმცა ნაკლები წარმატებით], პოლონეთში ამ საკითხის ირგვლივ დიდი პროპაგანდა მიმდინარეობს და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა.

"პოლონელებს უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ თავიანთი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიმართ, ვიდრე - გერმანელებს, იმიტომ, რომ პოლონეთს მუდმივად უწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა", - ამბობს გუსტავ გრესელი, ყოფილი ავსტრიელი ოფიცერი, უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობის ევროპულ ცენტრში მუშაობს, - "სამხედრო წრეებში არავის აქვს ეჭვი პოლონეთის არმიის ძალისა და მომზადების დონის მიმართ".

მაგრამ სხვა საკითხია, ტრანსფორმირდება თუ არა პოლონეთის სამხედრო ძლიერება ევროპაში პოლიტიკური გავლენის ძალად. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა - ალბათ, იმიტომ, რომ ცენტრისტული ძალები, რომლებიც ევროკავშირში დომინირებენ, პოლონეთის ხელისუფლებას არ ენდობიან: ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ქვეყნის მმართველი პარტიის - "სამართლისა და სამართლიანობის" მიერ კონტროლირებული მთავრობის მოქმედებას.

იმის გამო, რომ ევროკავშირი თვლის, პოლონეთის მთავრობა კანონის უზენაესობის პრინციპისა და დემოკრატიის ნორმების დაცვას აგდებულად ეპყრობაო, ვარშავასა და ბრიუსელს შორის "ბაგირის გადაწევა" მიმდინარეობს, რის გამოც ქვეყნის რეპუტაცია ზიანდება.

"პოლონეთი, თავისი შიდა კონფლიქტების გამო, პოლიტიკურ წონას კარგავს", - აღნიშნავს გუსტავ გრესელი და ხაზს უსვამს, რომ უთანხმოება არა მარტო პარტიებს შორის შეიმჩნევა, არამედ თვით მმართველი პარტიის შიგნითაც ჩანს, თუ რა კომპრომისის მიღწევა შეიძლება ევროკავშირთან. ერთადერთი საკითხი, რომლის მიმართაც ყველა პარტიას ერთსულოვანი დამოკიდებულება აქვს, ეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძლიერებაზე ზრუნვაა...

დამზადებულია კორეაში - პოლონეთისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მიესალმა ვარშავის დაპირებას, თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, მაინც არის გარკვეული ეჭვი, სინამდვილეში რამდენად შეასრულებს პოლონეთი დაპირებას? საეჭვოდ ჩანს, აგრეთვე, ვარშავის კურსი სამხრეთ კორეის მიმართულებით, რომელსაც პოლონეთი სამხედრო შესყიდვების მიზნით ახორციელებს.

საქმე შემდეგია: ამ გაზაფხულზე პოლონეთმა აშშ-სთან 4,9 მილიარდი ევროს კონტრაქტი გააფორმა, როგორც ძველი საბჭოთა ტანკების ამერიკული Abrams-ებით ჩასანაცვლებლად, ასევე - "ფანტომის" ძველი ავიაგამანადგურებლების - F-16-ების ახალი, F-35-ით შეცვლის მიზნით, მაგრამ ყურადღების ცენტრში მაინც რჩება სამხრეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობა: "ვარშავამ სეულთან... 10-12 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტები გააფორმა", - ამბობს მარიუშ ზელმა, სამხედრო გამოცემა Nowa Technika Wojskowa-ს რედაქტორი და ანალიტიკოსი. კონტრაქტები ითვალისწინებენ 180 ტანკის (მოდელი K2 Black Panther), 200 ჰაუბიცის (K9 Thunder), FA-50 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და 218 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (K239 Chunmoo) მიწოდებას.

მართალია, ჩამოთვლილი აღჭურვილობა ნახმარ სამხედრო ტექნიკას წარმოადგენს, მაგრამ პოლონეთი ახალი უხმარი იარაღის მიმართ მადასაც სულ უფრო მეტად ამჟღავნებს: კორეელები პოლონელებს 2020-იანი წლების შუახანებისათვის 600 ახალ ჰაუბიცას და 1000 ახალ ტანკს მიაწვდიან.

"არც ერთი დასავლური ქვეყანა არ ცდილობს თავისი შეირაღებული ძალების ესოდენ სწრაფ და ინტენსიურ გაძლიერებას. პოლონეთი მოგებული რჩება იმით, რომ კორეელები ტექნიკას თვითონ გაუწევენ რემონტსა და მომსახურებას", - ამბობს მარიუშ ზელმა, რომელიც განმარტავს, თუ რატომ მისცა უპირატესობა ვარშავამ სეულს: სამხრეთ კორეა იმით არის მიმზიდველი, რომ კორეული სამხედრო ტექნიკა საკმაოდ იაფია ამერიკულ და ევროპულ ანალოგებთან შედარებით, თანაც კორეელები კონტრაქტის პირობებს სწრაფად და მოკლე ვადებში ასრულებენ.

რასაკვირველია, პოლონეთ-სამხრეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობა და შესყიდვები დიდი დარტყმაა საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონის ოცნებებისთვის, "სტრატეგიული ავტონომიის" თაობაზე, რომელიც ფრანგ ლიდერს ევროპის პერსპექტივად აქვს წარმოდგენილი - [ევროკავშირმა] თავი საკუთარი წარმოების იარაღით უნდა დაიცვას (ცხადია, იგულისხმება ფრანგული წარმოების იარაღი).

პოლონელი ლიდერები არ მალავენ იმასაც, რომ მათი სამხრეთ კორეისაკენ გახედვა, სამხედრო შესყიდვების მიზნით, ევროკავშირის ბრალდებებმა განაპირობა - დემოკრატიის ნორმების დარღვევისა და რეფორმების დაყოვნების საკითხში. "ჩვენ მზად ვართ იარაღი ევროკავშირის ქვეყნებშიც შევისყიდოთ, მაგრამ იმ პირობით, რომ მათ უნდა შეწყვიტონ პოლონეთის წინააღმდეგ გამოცხადებული "ომი", - განაცხადა ამას წინათ მმართველი პარტიის - "სამართლისა და სამართლიანობის" ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ, - "ჩვენ მზად ვართ, დავდოთ კონტრაქტები და ფულიც გადავიხადოთ, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ გვეუბნებიან, კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევთო".

მართალია, ზოგადად არავინ აყენებს ეჭვქვეშ პოლონეთის ამბიციებს სამხედრო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგიერთებს მაინც კითხვები უჩნდებათ - რამდენად შეისრულებს თავის მიზანს პოლონეთი და რა პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს ხელისუფლებას?

2035 წლისათვის პოლონეთს გამიზნული აქვს შეიარაღებულ ძალებს 524 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით, 114 მილიარდი დოლარი, დღევანდელი კურსით) მოახმაროს. "რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ტანკები და ჰაუბიცები, მაგრამ განა სტრატეგიული თუ ტაქტიკური თვალსაზრისით ამდენი იარაღი გვინდა? გაურკვეველია, თუ რატომ გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ მოულოდნელად ამდენი იარაღის შესყიდვა", - ამბობს გადამდგარი გენერალი სტანისლავ კოზეი, რომელიც ადრე პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს უფროსად მუშაობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლონელი ხალხი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს, ბევრს ეჭვი უჩნდება, რომ მმართველი პარტია, თავდაცვის სფეროზე ზრუნვით, სამომავლო არჩევნებისათვის ემზადება: "სამართალი და სამართლიანობა", საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პოპულარობას კარგავს და ახლა მას ასეთი გეგმებით სურს ელექტორატის მიზიდვა.

"თუ მთავრობის ცვლილება მოხდება, ახალ მინისტრთა კაბინეტს რთულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს - აქვს თუ არა სინამდვილეში პოლონეთს იმის შესაძლებლობა, ასეთი გიგანტური სამხედრო ექსპანსია განახორციელოს?", - აღნიშნავს სტანისლავ კოზეი, რომლის თქმით, მართალია, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად ვითარდება, მაგრამ ესოდენ დიდი სამხედრო ხარჯები ბიუჯეტს მაინც დიდ ტვირთად დააწვება. მისი თქმით, "ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამხედრო ხარჯებს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული. როგორიც უნდა იყოს სამომავლო გეგმები, [მთავრობამ] ჯერ უნდა გააანალიზოს, თუ რა სიტუაცია იქნება უკრაინის ომის დასრულების შემდეგ".

ამასობაში კი გერმანია, როგორც ჩანს, ვარშავასთან ორმხრივი ურთიერთობების გარკვეული დაძაბულობის მიუხედავად (ისტორიული თვალსაზრისით), პოლონეთის სამხედრო ძლიერების ზრდას მიესალმება: ბერლინი თავის აღმოსავლელ მეზობელს ერთგვარ ბუფერად განიხილავს, რომელიც გერმანიას რუსეთის გავლენის სფეროდან თავის არიდებაში დაეხმარება. რაც უფრო დიდი არმია ეყოლება და რაც უფრო მეტი ტანკი ექნება პოლონეთს, გერმანია თავს მით უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს.

"ისეთი შთაბეჭდილება მიჩნდება, რომ გერმანელებს თავი ჰამაკში წარმოუდგენიათ", - ამბობს გუსტავ გრესელი, - "სადაც ისინი გულხელდაკრეფილები წვანან და ისვენებენ იმ დროს, როცა მისი ნატოელი მოკავშირეები, მათ შორის - აშშ, საერთო თავდაცვის მძიმე სამუშაოს ასრულებენ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ