აგვისტოს ომის დროინდელი რუსეთ-ისრაელის ვაჭრობა გრძელდება, ოღონდ საპირისპირო მოთხოვნებით... - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის დროინდელი რუსეთ-ისრაელის ვაჭრობა გრძელდება, ოღონდ საპირისპირო მოთხოვნებით...

თუკი რუსეთი ირანისგან ბალისტიკურ რაკეტებს მიიღებს, "შაჰიდის" კამიკაძე-დრონების მასობრივად გამოყენების პარალელურად, მაშინ ისრაელი უკრაინას მაღალი სიზუსტის იარაღს მიაწოდებსო...

ეს ყვითელი პრესის მოგონილი არ გეგონოთ, ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეიალ ჰულატამ ღიად განაცხადა, უფრო მეტიც - ანალოგიური შინაარსის ოფიციალური ნოტა რუსეთში ისრაელის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაც გადასცა...

ეს ოფიციალური თელ-ავივის მხრიდან ძალიან სერიოზული განაცხადია და ჩანს, რომ როდესაც გარკვეული საფრთხე თავად ისრაელის სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაემუქრა, მხოლოდ მას შემდეგ ალაპარკდნენ ისრაელის მთავრობაში უკრაინის იარაღით შესაძლო მომარაგებაზე.

2-israeli-1669101262.jpg
„ჰაროპის“ კამიკაძე-დრონის საკმაო რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში, უკრაინელებს დიდი უპირატესობა გაუჩნდებათ მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებისას...

არადა, ჯერ კიდევ რუსეთის თავდასხმამდე და მით უმეტეს - ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ (რომელსაც თავად გააჩნია ებრაული ფესვები) პირადად არა ერთხელ მიმართა (როგორც კულუარულად, ისე ბოლოს უკვე ღიად) ისრაელის მთავრობას ზუსტი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო შეირაღებით უკრაინის არმიის დახმარების თაობაზე, მაგრამ დღემდე - ამაოდ, ხოლო თუ რა შეუძლია ისრაელის თანამედროვე კამიკაძე-დრონებს "ჰაროპებსა" და ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკებს", აზერბაიჯანის არმიამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მშვენივრად აჩვენა ყარაბაღის ბოლო ომში, ხოლო მანამდე კი, აგვისტოს ომის დროს, ქართველმა მეზენიტეებმაც წარმატებით გამოიყენეს მანამდე ისრაელიდან ნაყიდი საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან - "სპაიდერიდან" გაშვებული "პითონის" საზენიტო რაკეტები, ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული მოიერიშე თვითმფრინავების დასაზიანებლად/ჩამოსაგდებად.

სწორედ მაშინ, 2008 წლის შემოდგომიდან, აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე დაიწყო რუსეთ-ისრაელის კულუარული ვაჭრობა საქართველოსა და ირანისთვის თანამედროვე შეირაღების მიუწოდებლობისთვის.

კრემლი კატეგორიულად ითხოვდა ისრაელისგან, რომ აღარ მიეყიდა ქართული არმიისთვის "ჰერმესის" სადაზვერვო დრონები, საზენიტო "სპაიდერები" და ქართული ტანკების "სიმ 1" დონემდე (რისი მაგვარიც მაშინ რუსებს საერთოდ არ ჰქონდათ) მოდერნიზაცია შეეწყვიტა.

სამაგიეროდ, რუსეთი ჰპირდებოდა ისრაელს, რომ ირანს აღარ მიჰყიდდა შორი მოქმედების "ს-300" ტიპის მოდერნიზებულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, რასაც ძალზე უფრთხოდნენ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები...

ასეთი ფარული გარიგება მართლაც შედგა, უფრო მეტიც - ისრაელმა რუსეთს მიჰყიდა უპილოტო სადაზვერო თვითმფრინავის ლიცენზიით წარმოების უფლებაც და ახლა "ფორპოსტის" სახელად გადანათლულ ამ დრონებს რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ...

ამჯერად, როგორც ჩანს, ისრაელმა ღიად გადაწყვიტა რუსეთის გაფრთხილება, რომ შეწყვიტოს ისრაელის დაუძინებელი მტრისგან - ირანის ისლამური რესპუბლიკისგან დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების შეძენა და მათი საბრძოლო გამოყენება უკრაინაში, რადგან თელ-ავივში კარგად ხვდებიან, რომ ამით ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მნიშვნელოვნად ძლიერდება.

ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, რომ "შაჰიდის" კამიკაძე-დრონების წარმოება შეიძლება თავად რუსეთის ტერიტორიაზეც დაიწყოს, რითაც ირანს მოეხსნება ბრალდებები საერთაშორისო სანქციების დარღვევით შეირაღების ვაჭრობასთან დაკავშირებით, მაგრამ თუკი თეირანმა მართლაც მიაწოდა რუსეთის არმიას 300-700 კმ რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტები, მაშინ, ეტყობა, თელ-ავივიც გაუხსნის თავის არსენალს უკრაინის არმიას...

ისე, ისტორია ძალიან უცნაური და საინტერესოა - თუკი 14 წლის წინ ირანი ეხვეწებოდა რუსეთს საზენიტო რაკეტების მიყიდვას, ახლა თავად მოსკოვი სთხოვს თეირანს კამიკაძე-დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას...