რას ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის გადამეტებული ოპტიმიზმი? - კვირის პალიტრა

რას ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის გადამეტებული ოპტიმიზმი?

შემოდგომაზე ყველა მოსავალს იღებს: ზოგი ყურძნის, ზოგი სიმინდის, ზოგიც კი . . . . გამოვლენილი და ქვეყნიდან გაძევებული ჯაშუშების. სწორედ ამგვარი "მოსავლის აღებაა" დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში (მი-5), რომლის გენერალურმა დირექტორმა, კენ მაკკალუმმა ამ რამდენიმე დღის წინ გასული წლის შედეგები შეაჯამა. კენეთ დუგლას ("კენ") მაკკალუმი, რომელიც 1974 წელს გლაზგოში დაიბადა, უკვე ოც წელზე მეტია, რაც დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში მოღვაწეობს: 2017 წლის აპრილში მი-5-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ, სამი წლის შემდეგ კი - გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

mi2-1669102910.jpg

კენ მაკკალუმი

მისი მოხსენება "ჟანრის კლასიკა" იყო: მინიმალური ფაქტები, ზოგადი მსჯელობა და ბევრი გადამეტებული ოპტიმიზმი. მაკკალუმმა ამაყად განაცხადა, რომ უკანასკნელ თვეებში დიდი ბრიტანეთიდან გააძევეს 23 რუსი ჯაშუში, რომლებიც მუშაობდნენ დიპლომატიური საფარის ქვეშ, ხოლო ასზე მეტ რუსს, რომლებითაც მოსკოვი აპირებდა გაძევებული დიპლომატების შეცვლას, უარი ეთქვა დიპლომატიურ ვიზებზე ეროვნული უსაფრთხოების მოტივით. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოებიდან 600-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელთაგან 400-ზე მეტი, სავარაუდოდ, ჯაშუშიაო. ამით კი, მის აზრით, რუსეთის სადაზვერვო ქსელს საზღვარგარეთ ყველაზე მძიმე დარტყმა მიადგა თანამედროვე ისტორიაში.

საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ისტორიის გათვალისწინებით ცოტა ნაადრევი ხომ არ არის მი-5-ის ხელმძღვანელის გამარჯვებულის ყიჟინა, მით უფრო იმ ქვეყნიდან, რომელიც უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ევროპული უსაფრთხოების ყველაზე სუსტი რგოლია?

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილია ოცამდე (ეს რაც ოფიციალურადაა დადასტურებული!) ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და მეცნიერი: ყველა მათგანი ან რუსეთის პრეზიდენტის, პირადი მტერი იყო, ან რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი. ერთად გადავხედოთ ამ სამწუხარო ჩამონათვალს:

1. ბრიტანელი იურისტი სტივენ მოსი, გარდაიცვალა 2003 წელს, მოულოდნელად. "გულის შეტევით”, 46 წლის.

2. ბრიტანელი ადვოკატი სტივენ კერტისი. გარდაიცვალა 2004 წელს ვეტმფრენის კატასტროფის შედეგად. მოსი და კერტისი იყვნენ დიდ ბრიტანეთში გაქცეული რუსი ოლიგარქების კონსულტანტები.

3. იგორ პანამარიოვი. რუსი დიპლომატი. გარდაიცვალა ლონდონში 2006 წლის ნოემბერში საეჭვო ვითარებაში

4. ალექსანდრე ლიტვინენკო. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი და ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი. გარდაიცვალა ლონდონში 2006 წლის 23 ნოემბერს. მოწამლეს პოლონიუმით. მხოლოდ ათი წლის შემდეგ დასრულდა გამოძიება და 2016 წელს, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შესრულებულ მკვლელობის აქტად შეაფასა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დავალებით განხორციელდა. . ლიტვინენკო რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი რომ იყო, ეს მრავალი წელია ყველასთვის ცნობილია. ამ პირობებში კი, მართლაც რა საოცარი ბედოვლათობა და დოყლაპიობა უნდა გამოიჩინოს კონტრდაზვერვამ, რომ დღისით-მზისით რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელმა ლონდონის ცენტრში შეძლოს ლიტვინენკოს ლიკვიდაცია.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ლიტვინენკოს ლიკვიდაციით ერთგვარი სამაგიერო გადაუხადეს ბრიტანეთის სპეცსამსახურებს და პირადად მი-5-ის მაშინდელ შეფს ქ-ნ ელიზაბეთ მანინგემ-ბულერს. "ლუბიანკაზე” მწარედ ახსოვდათ რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკის და იმავდროულად ბრიტანელი აგენტის გორდიევსკის მოსკოვიდან გაქცევის ფაქტი და ამ ოპერაციაში ქალბატონი ელიზაბეთის აქტიური მონაწილეობა.

mi3-1669102910.jpg

ელიზაბეთ მანინგემ-ბულერი

ქ-ნი ელიზაბეთ მანინგემ-ბულერი 1948 წელს დაიბადა, დაამთავრა ოქსფორდი, სამი წელი მასწავლებლობდა და უცბად, 1974 წელს, ყველასგან მოულოდნელად მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სპეცსამსახურში - მი-5-ში დაიწყო მოღვაწეობა. პირველივე დღიდან საბჭოთა ჯაშუშებს "დასდევდა" და საკმაოდ წარმატებითაც. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ინგლისში კა-გე-ბეს რეზიდენტის ოლეგ გორდიევსკის გადაბირებაში. ქ-ნი ელიზაბეთ მანინგემ-ბულერი შემდგომ წლებში კონტრტერორიზმის მიმართულებით მუშაობდა და ანტიტერორისტულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 1997 წელს დაინიშნა მი-5-ის გენდირექტორის მოადგილედ (მისი საკურატორო სფერო ძალზე პიკანტური იყო - გარე თვალთვალი და ფარული მოსმენები), ხოლო 2002 წლის დეკემბერში დაინიშნა კოტრდაზვერვის შეფად. ის მეორე ქალი იყო, სტელა რემინგტონის შემდეგ, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის გენერალურ დირექტორობა ანდეს. 2007 წლის დასაწყისში, როცა ქ-ნმა ელიზაბეთმა პოსტი ოფიციალურად დატოვა, 33 წელი შესრულდა, რაც ის კონტრდაზვერვაში მოღვაწეობდა. მართლაც რომ შთამბეჭდავია. ერაყში წარუმატებელი ოპერაციების და 2005 წელს ლონდონში მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, მის კარიერას საფრთხე კიდევ დიდხანს არ დაემუქრებოდა, რომ არა ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლა ლონდონში. რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს მათი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საშიში კონკურენტის, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის "თავიდან მოცილება” - ქ-ნმა ელიზაბეთმა 2007 წლის 15 დეკემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა. ასე დასრულდა გამოცდილი ბრიტანელი კონტრმზვერავის კარიერა. რუსეთის სპეცსამსახურებმა კი თავისუფალი მოქმედება ლონდონში დაუბრკოლებრივ გააგრძელეს

5. 2007 წლის თებერვალში ლონდონში საკუთარ სახლში "გულის შეტევით” გარდაცვლილი იპოვეს. 54 წლის. ბრიტანელი ჟურნალისტი დანიელ მაკგრორი, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს იკვლევდა,

6. ბიზნესმენი იური გოლუბევი. "იუკოსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და "კრემლთან” დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენი. გარდაიცვალა 2007 წელს ლონდონში საეჭვო ვითარებაში.

7. მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი. ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შექმნისა და გაძლიერების ბევრი საიდუმლოების მცოდნე. მოულოდნელად გარდაიცვალა "გულის შეტევით” ლონდონში 2008 წელს. 52 წლის.

8. დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, 31 წლის გარეთ უილიამსი 2010 წლის აგვისტოში გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. მეტად საეჭვო გარემოებების გამო თავდაპირველი ვერსია: "თვითმკვლელობა”, სარწმუნო უკვე აღარაა.

9. "კრემლთან” დაპირისპირებული რუსი ბიზმესმენი, ალექსანდრე პერეპილიჩნი 2012 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ლონდონში.

10. მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი, ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი, ლონდონში, საკუთარი სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს 2013 წელს. კითხვები ამ შემთხვევაშიც ძალზე ბევრია.

11. -12 - 13. პოლ კასფი, რობი კერტისი და ჯონ ელიჩაოფი, ბოროს ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორები და მეგობრები, 2010 წელს გარდაიცვალნენ დიდ ბრიტანეთში. სამივე შემთხვევაში ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა იყო.

14. ბრიტანელი ექსპერტი რადიოლოგიის დარგში, მეთიუ პინჩერი, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა, 2016 წლის მაისში გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში. მას ორი (!) მჭრელი საგნით მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობები აღენიშნებოდა. თავდაპირველი ვერსია "თვითმკვლელობა” იყო, რომელიც საფუძვლიან დაეჭვებას იწვევს.

15. 2018 წლის 4 მარტს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, 67 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობს, და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია, სოლსბერში მდებარე იტალიურ რესტორან ‘ზიზიდან’ გამოსულნი, იქვე ახლოს სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ.

ეს არასრული სია, რომელიც ჰოლივუდური "ტრილერის” სიუჟეტს წააგავს, მხოლოდ ერთ ქვეყანას - დიდ ბრიტანეთს ეხება. ჩემი ვარაუდით პოლიტიკური მოტივებით გამო კიდევ მრავალი ადამიანია ლიკვიდრებული თავად რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც ჯერ-ჯერობით არ ვფლობთ და მსხვერპლთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას ალბათ ვერასდროს გავიგებთ. დიდი ბრიტანეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და მეცნირების სამწუხარო სიიდან ჩვენთვის განსაკუთრებით დამაფიქრებელი ორი შემთხვევაა: ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის სიკვდილის საეჭვო გარემოებები.

ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალება კარგა ხანს დარჩება დაეჭვების საგნად. ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს? ეს კითხვა კვლავ უპასუხოდაა. ასევე დღემდე ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ბორის ბერეზოვსკიმ, პრაგმატიზმით გამორჩეულმა პიროვნებამ, თავი მოიკლა. ბერეზოვსკის ყოველთვის უყვარდა დანის პირზე სიარული და სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან "ფლირტი”. სამწუხაროდ, ბადრი პატარკაციშვილიც აღმოჩნდა ბერეზოვსკის ბიზნეს და პოლიტავანტიურების ეპიცენტრში. მათ ძალზე ბევრი იცოდნენ . . .

წლების მანძილზე დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების თავისუფალი მოქმედება პირდაპირი გამოწვევა იყო ბრიტანეთის სპეცსამსახურებისთვის, თუმცა საპასუხო ეფექტიანი ზომები არ ჩანდა და საინტერესოა ახლა რისი იმედი აქვს მი-5 შეფს? ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკა იყო და არის ყოვლისმომცველი ოპერატიული მუშაობა, სადაც დიპლომატის საფარქვეშ მოქმედება მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი მეთოდია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში ათობით (ასობით თუ არა) არალეგალი რუსი აგენტია ჩანერგილი, რომლებიც უკვე წლების მანძილზე ადაპტირებული არიან და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაც მიღებული აქვთ. ცალკე საუბრის თემაა რუსეთის "გავლენის აგენტები" დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც კრემლიდან იმართებიან.

ასე რომ, სამწუხაროდ, ჯერ ნაადრევია გამარჯვების ყიჟინა, რადგანაც პუტინს კიდევ ბევრი ხაფანგი აქვს დაგებული.