"არ მინდა, ახალმა თაობამ ის გამოიაროს მუსიკალურ კონკურსებში, რაც მე გამოვიარე" - ალექსანდრე ზაზარაშვილის ამერიკული ცხოვრება - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ახალმა თაობამ ის გამოიაროს მუსიკალურ კონკურსებში, რაც მე გამოვიარე" - ალექსანდრე ზაზარაშვილის ამერიკული ცხოვრება

"კვირის პალიტრის" დღევანდელ რესპონდენტს ბევრი იცნობს, არა მხოლოდ მთელი საქართველო, არამედ - მის საზღვრებს გარეთაც. მისი შემოქმედებითი ცხოვრება ქართული მუსიკალური პროექტებით დაიწყო, შემდეგ უკრაინულ “ვოისში” გაიმარჯვა და ამერიკის კონექტიკუტის შტატის "ნიჭიერშიც" შეძლო თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის დამტკიცება. 16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ახლა ახალი ტურნესთვის ემზადება, კიდევ უფრო მეტ ადამიანს უნდა გააცნოს თავი, აპირებს, საქართველოს სახელით მთელ ამერიკას დაუმტკიცოს, რომ შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

- ალექსანდრე, გვითხარი, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?

- საქართველოს ცხოვრებისგან 100%-ით განსხვავებული, სრულიად სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. როცა ვადარებ წარსულსა და აწმყოს, ვხვდები, რომ თითქმის ყველაფერი შეიცვალა.

zazarashvili-alex-4-1669273042.jpg

- რას საქმიანობ ამერიკაში, როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?

- იმდენად სპონტანური ხასიათი და პროფესია მაქვს, სტაბილური დღეები იშვიათია, სულ სიახლეების მოლოდინში ვარ, სულ ახალი პროექტები და შანსი ჩნდება. 19 ნოემბრიდან ამერიკის მასშტაბით მუსიკალური ტური მეწყება, პირველი ნიუ-ჯერსი იქნება, შემდეგ - ფილადელფია და ასე. ახლა მოლაპარაკებების პროცესი მიდის, რომ მთელმა ტურნემ კარგად ჩაიაროს. ყველაფერი ნელ-ნელა იგეგმება, ზუსტად გადაწყვეტილია ნიუ-ჯერსი და ფილადელფია.

ყოველდღიურობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა 16 წლის ვარ, დავდივარ სკოლაში, ვესწრები ონლაინგაკვეთილებს, საქართველოში რომ ვიყავი, ჩემი დაწყებითების მასწავლებელი მეხმარებოდა, რომ კლასიდან-კლასში გადავსულიყავი, მასთან მივდიოდი და ვმეცადინეობდი ხოლმე. ღვთის წყალობით, გამომდიოდა, აქ სხვანაირი გრაფიკი მაქვს და სწავლა ონლაინაა.

- მოდი, თავიდან დავიწყოთ და მივყვეთ შენი წარმატების გზას, როდის დაიწყო შენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- დაიწყო მაშინ, როცა დავიბადე. თურმე, რომ გავჩნდი, ბევრი მიტირია და ექთანმა უთხრა დედას, ეს ისეთი წკრიალა ხმით ტირის, აუცილებლად მომღერალი იქნებაო. აი, მაშინ იწინასწარმეტყველეს ჩემი სასიმღერო კარიერა. 3 წლის ვიყავი, როდესაც გუნდში დავიწყე სიმღერა - ჩემი და სოფელში, მუსიკალურ გუნდში დადიოდა, დედამ დის საყურებლად წამიყვანა, თან დედასაც რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. დამსვეს ოთახში და ბავშვების მოსმენა დამავალეს, გუნდმა სიმღერა დაიწყო, მეც ჩემთვის ავყევი, პედაგოგი იყურებოდა და არკვევდა, ვინ მღეროდა, იქვე მე შემამჩნია, ხმა შემიმოწმა და გუნდშიც დამტოვა. აი, იმ დროიდან დაიწყო ყველაფერი.

zazarashvilidadeda-1640808937.jpg

- უკრაინული ვოისის გამარჯვებული ხარ, როგორ მოხვდი ამ პროექტში, მოხვდი და თან გაიმარჯვე…

- მინდა, ხალხს ახსოვდეს, რომ მე ჯერ ქართულ კონკურსებში ვცადე ბედი. მონაწილეობას ვიღებდი, მინდოდა, სადმე გამემარჯვებინა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, ვერ შევძელი. ერთ-ერთი ქართული პროექტის შემდეგ უკრაინაში წავედი. ბულგარეთში ვმონაწილეობდი კონკურსში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. იქ ქართველ-უკრაინელმა პროდიუსერმა - გრიგოლ ჟღენტმა დამინახა, მოვიდა გამესაუბრა, ამ შეხვედრის შემდეგ დავახლოვდით, საქართველოშიც ჩამოვიდა. გრიგოლმა ჩემში დიდი პოტენციალი დაინახა, უნდოდა, რომ მცირედით დამხმარებოდა და უკრაინის შოუ ბიზნესისთვის გაეცნო ჩემი თავი. იმ წელს საქართველოს ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, არაფერი გამოვიდა და უკრაინაშიც ვცადე ბედი. მივედით თუ არა, იმდენად ნიჭიერი ბავშვები დამხვდნენ, ვიფიქრე, ღმერთო, გადმომხედე-მეთქი. ქასთინგზე მკითხეს, ახლა რომ პირველ ტურში გადიოდე, რას იმღერებდიო, დაუფიქრებლად ვუპასუხე - all by my self-მეთქი. ჩემი ნამღერი მოეწონათ, წამოვედი და საქართველოში დავბრუნდი.

zazarashvili-alex-3-1669273086.jpg

მალევე გრიგოლ ჟღენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ არჩეული ვიყავი და ახალი ეტაპი იწყებოდა. რთული გზა გავიარეთ, ფინანსურად რთული იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ დამხმარებოდნენ და რამდენჯერმე წასვლა-წამოსვლის და დარჩენის ხარჯები აენაზღაურებინათ. იქ ვერ ვრჩებოდი, ჩავდიოდი და უკან ვბრუნდებოდი ხოლმე, ერთი წლის განმავლობაში, ხან საქართველოში ვიყავი, ხან - უკრაინაში. ბევრი ვიშრომეთ და ფინალამდეც მივედი.

ქართულ პროექტებში ვერ ვიმარჯვებდი და უკრაინაში გამარჯვებაზე არც კი ვოცნებობდი. როდესაც რამდენჯერმე დავმარცხდი, სხვა პრიორიტეტები წამოიწია წინ, ვფიქრობდი, რომ ყველა პროექტი დიდ გამოცდილებას მომცემდა და გამარჯვებაზე ფიქრი შევწყვიტე. კონკურსებში მონაწილეობის მიღება პატარა ასაკიდან დავიწყე. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს და ჩემს გზას გადის, მათთვის ვიტყვი, რომ ადამიანის ყველა ქმედება იმიტომ ხდება, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, თუმცა რაღაცებს ჩემს წარსულში შევცვლიდი, მაგალითად, ჩემი ნომერ პირველი მიზანი გამარჯვება არ იქნებოდა, ჩემს თავს დავაჯერებდი, რომ ამდენი კონკურსიდან პირველი ადგილი კი არა, ცოდნა და გამოცდილება უნდა წამომეღო. უკრაინულ "ვოისში" ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, მთელმა საქართველომ და უკრაინამ გამიცნო, ამის შემდეგ კი პროექტში გავიმარჯვე. გამარჯვების მიღმა, ცოდნა, გამოცდილება და ბევრი მეგობარი შევიძინე.

უკრაინულ "ვოისში" ერთ უცნაურობას წავაწყდი. ცალკე ოთახში ფსიქოლოგები ისხდნენ, რომლებიც გვესაუბრებოდნენ, რამდენად მზად ვიყავით პროექტში მონაწილეობის მისაღებად. კარგი იქნებოდა, ქართულ პროექტებში ერთი ფსიქოლოგი ბავშვებთან რომ მუშაობდეს. ბევრი სტრესი გამოვიარე და ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ამ დროს ფსიქოლოგის გვერდში დგომა.

- მოგვიყევი, როგორი იყო ამერიკული "ნიჭიერი"?

- ამერიკული "ნიჭიერი" მოულოდნელი სიხარული იყო, თუმცა ბევრმა ადამიანმა ეს ამბავი არასწორად გაიგო. ხალხს ეგონა, რომ ეს ამერიკის დიდი "ნიჭიერი" იყო, თუმცა არა, ეს იყო კონექტიკუტის ნიჭიერი, ამერიკის ერთ-ერთი შტატის შოუ. გადაღებაზე ვიყავი, როდესაც პროდიუსერმა დამინახა, მოეწონა ჩემი ნამღერი და მიმიწვია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ყველაფერი მართლა მოულოდნელად მოხდა, თან ძალიან ბევრს ვყოყმანობდი, უკრაინული "ვოისის" შემდეგ ცოტა მაღალი სტანდარტი გამიჩნდა, რომლის დაბლაც ჩამოსვლა არ მინდოდა. გამიჩნდა წაგების შიში, რომ ხალხის იმედებს ვერ გავამართლებდი და ვფიქრობდი, იქნებ ჯობდა, არც გავსულიყავი-მეთქი, თუმცა ბოლო დღეს გადავწყვიტე, რომ მაინც მეცადა.

zazarashvilii.jpg

- რამ გადაწონა შენი არჩევანი დადებითი პასუხისკენ?

- საინტერესოა, ალბათ, იმან, რომ თუ არ სცადე, არასდროს იცი, რა გამოვა. ჩემი თავი ორ ადამიანად გავყავი, ერთი იყო ალექსანდრე, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" წარმატებას მიაღწია და მეორე იყო ახალი ალექსანდრე, რომელსაც მე შევქმნიდი. ყველა მომენტი გავიხსენე, დავიწყე ფიქრი, რომ ეს პროექტი გამოცდილებას მომცემდა. ვთქვი, რომ ვცდი, თუ გამოვა, გამოვა-მეთქი. ეს ჩემი პირველი ამერიკული პროექტი იყო და ამხელა გამოცდილებას სხვაგან ვერც მივიღებდი. პირველ ტურში ჟიურის წევრისგან ოქროს ღილაკი მივიღე, ოთხი ჟიურის წევრი იყო და სამმა მითხრა, რომ რომელიმე თუ არ დააჭერდა, ისინი მაინც აუცილებლად დააჭერდნენ.

იმის მაგივრად, რომ პირველი ტურის შემდეგ გახარებული წამოვსულიყავი შინ, უფრო მეტი შიში გამიჩნდა, რადგან ამ ამბავზე ქართული მედია ალაპარაკდა. წერდნენ, ალექსანდრე ფინალში გადავიდა, ვნახოთ, რა მოხდებაო. ალბათ, არავის რომ არ სცოდნოდა, უფრო ამაყად გავიდოდი. შემეშინდა, იმედები არ გამეცრუებინა, თან ტრიბუნებზე ქართველები ისხდნენ და ეს კიდევ უფრო ზრდიდა ჩემს შიშს.

- რა განცდა გქონდა, როდესაც ამერიკაში, სცენიდან ქართველებს ხედავდი?

- ვერ ავხსნი, რამდენად დიდი განცდაა. არავისთვის მითხოვია საგულშემატკივროდ მოსვლა, ყველას თავისი საქმე აქვს აქ და რთულია, ვინმე დაავალდებულო, სხვა შტატიდან შენს მოსასმენად მოვიდეს.

მონაწილეები რომ გამოდიოდნენ, ყველა შტატის მიხედვით გულშემატკივრები ყვირილს და შეძახილებით გამხნევებას იწყებდნენ, მე არავინ წამიყვანია და როდესაც სცენაზე გამოვედი, ქართული დროშები გაიშალა, დაიწყო წივილ-კივილი, ჩემი გამხნევება და შეძახილები. ჟიური გაკვირვებული იყურებოდა, არ ელოდნენ, რომ ამხელა მხარდაჭერა წამოვიდოდა, მეც ამაყად ვიდექი, რომ ჩემი ქვეყანა გვერდში მედგა. ფინალური გამოსვლის დროს ჟიურის წევრებისგან განსაკუთრებულად თბილი შეფასებები მივიღე. ერთ-ერთს გავიხსენებ.

საქართველოში ყველამ იცის თამაში - “პაბჯი” და ამ თამაშისთვის საუნდტრეკების შემქმნელი იყო ჟიურის წევრი, რომელმაც მითხრა, სტუდიაში რომ მომიყვანონ ასი ადამიანი, შენი ხმა იმდენად განსხვავებულია, რომ იმ 100 ადამიანში დაგიმახსოვრებდი, პირდაპირ შენ აგარჩევდი და ჩემთან ჩაგაწერინებდი სიმღერასო. სანამ სცენაზე გავიდოდი, ვიყურებოდი, ქართველებს ვცნობდი და სულ იმას ვფიქრობდი, რამდენად დიდი იმედი ჰქონდათ ჩემი, რომ 3-4 საათის სავალ გზაზე სიმღერის მოსასმენად იყვნენ მოსულები და მათი იმედების გაცრუებაც არ მინდოდა. საბედნიეროდ, ფინალში ხმის აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვე და ქართველები, ჩემი მეგობრები, ნაცნობები, გულშემატკივრები შუაღამემდე დარჩნენ, რომ ხმა მოეცათ, მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის. ჩემი სახელი გამოაცხადეს და მახსოვს, ხალხის ჟრიამული და ქართული დროშები დავინახე, ემოციების გამოხატვაც კი მიჭირდა სიხარულისგან.

zazarashvilisgamarjveba2-1639894597.jpg

- შენი წარმატებული პროექტებიდან და რეპერტუარიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდი?

- all by my self, რადგან ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა, კარგი პერფორმანსი გამოვიდა.

- როგორ გგონია, ამერიკაში და, ზოგადად, უცხოეთში უფრო დაფასებული ხარ, ვიდრე საქართველოში?

- გააჩნია დაფასებას რას დავუძახებთ. უკრაინაში ბევრი მხარდამჭერი მყავს, ასევე - საქართველოშიც უამრავი ადამიანი მიდგას მხარში, თუმცა ჩემი განვითარების გზას ამერიკაში ვხედავ. კარიერულად საქართველოში დარჩენას არ ვისურვებდი, აქ წარმატებული მომავლის მეტი შანსი მაქვს. ვფიქრობ, რომ საქართველოში არ ვიყავი ისეთი დაფასებული მაშინ, როგორც ახლა ვარ. ის, რომ წამოვედი და ახლა სხვა ქვეყანაში ვარ, არ ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყანა და მისი ბედი არ მადარდებს. საქართველოში მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები მყავს, უამრავი ადამიანია, რომელიც ჩემზე კარგად მღერის, არ მინდა, რომ ახალმა თაობამ, ვინც ახლა მიიღებს მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსში, ის გამოიაროს, რაც მე გამოვიარე. მახსოვს დღეები, როდესაც მივდიოდი კონკურსზე და შეუფერებელ სიმღერებს მირჩევდნენ ხოლმე, ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცვლელია.

- როგორც ვიცი, ვოკალზე შეროლ პორტერთან დადიხარ, როგორ მოხვდი მასთან?

- შეროლს "იუთუბ-არხი" ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც სახლში მის ვიდეოებს ვრთავდი და ვმეცადინეობდი. უამრავი მოგონება მაქვს, სადაც ვფიქრობ, როგორ მივდივარ იტალიაში, მონაწილეობას ვიღებ პროექტში და იქ შეროლს ვხვდები. სულ მინდოდა, ერთი საათით მაინც მენახა და მის რეპეტიციას დავსწრებოდი. მაინტერესებდა, ჩემს ნამღერზე რა რეაქცია ექნებოდა.

შეროლი იტალიაში, მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა, მეც მეგონა, რომ იქ ცხოვრობდა. ერთ დღეს ვიფიქრე, მიმეწერა, მეცადა, რას ვკარგავდი? ვუთხარი, ვინ ვიყავი, ჩემი ვიდეო გავუგზავნე და მივწერე, რომ დიდი სურვილი მქონდა, მას ჩემთვის ერთი გაკვეთილი ჩაეტარებინა ან, უბრალოდ, ეს-ემ-ესად მოეწერა რამდენიმე რჩევა. ეს ადამიანი იმდენად მიყვარდა, რომ მის ნებისმიერ პასუხზე ბედნიერი ვიქნებოდი, პასუხის უკან დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი.

სასწაული ამბავია, ადამიანს, რომელსაც "ინსტაგრამზე" 10 მილიონი გამომწერი ჰყავს, ჩემი მინაწერი შეხვდა და გახსნა, თან არა რამდენიმე თვის შემდეგ, არამედ - მეორე დილითვე გახსნა და მიპასუხა. მე რელიგიურ ოჯახში გავიზარდე, მოძღვარი მყავს და ღრმად მწამს ღმერთის. აქაც ვცდილობ, სულიერად ახლოს ვიყო ღმერთთან. როდესაც მესიჯი გავგზავნე, ვნატრობდი, რომ შეროლამდე მისულიყო. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე: ხელი მეკიდა, ვიღაც ქალზე, ისე ვგრძობდი ამ ყველაფერს, თითქოს სიზმარი ცხადში ხდებოდა. ხელი მეკიდა ქალზე, რომელსაც კოშკზე ავყავდი, კოშკს დახვეული ბილიკი ჰქონდა და ბილიკზე მივსეირნობდით. პერიოდულად ამ გზაზე ვიღაცები გვისწრებდნენ, ხან ჩვენ ვიყავით წინ, ხან უცხო ბავშვები. ეს კოშკი ძალიან მაღალი იყო და ბოლო არ ჩანდა. უეცრად ყველაფერი განათდა, კოშკის ბოლო ნაწილი გამოჩნდა და მეც წამიერად სულ ბოლომდე ავირბინე. საერთოდ ხშირად დამსიზმრებია სიმაღლეზე ასვლა, რომელიც ჩემთვის წარმატებას ნიშნავს.

სიზმარი ამ კოშკის თავზე ასვლით დასრულდა, დილით გავიღვიძე და ტელეფონზე შეროლის "ეს-ემ-ესი" დამხვდა, დილით მოწერილი ჰქონდა, ალექსანდრე, მე შენ უკვე გიცნობ, შენი სიმღერები მოსმენილი მაქვს, უბედნიერესი ვარ, რომ მომწერე და დიდი სურვილი მაქვს, გაკვეთილი ჩაგიტარო ყველანაირი ხარჯის გარეშეო. მალევე შეროლი ნიუ-იორკში ჩამოფრინდა, თავისი ხარჯით და ჩვენი გაკვეთილიც შედგა. ჩვენ ისე დავახლოვდით, რომ იმ წელს, ჩემს დაბადების დღეზე, თავისთან, სახლში დამპატიჟა და ერთკვირიანი უმაღლესი დონის დაბადების დღე მომიწყო. შეროლს ქართული სამზარეულო გავასინჯე, სიმღერებიც მოვასმენინე, მან კი ჩიკაგოში წამიყვანა და ყოველ დღე, ერთი კვირა, ტორტს მაქრობინებდა, მითხრა, რომ დაბადების დღის კვირეული უნდა აღგვენიშნა. ერთ დღეს, დიდი თეთრი ლიმუზინით დაუნთაუნიც მომატარა.

- მოგვიყევი შენს ოჯახზე, გაგვაცანი ისინიც…

- უკვე სამი წელია, ამერიკაში მე და მამა ვცხოვრობთ, საქართველოში მყავს დედა და და-ძმები, რომლებიც პაპასთან ერთად ცხოვრობენ. ჩემი ბებია იტალიაშია, თუ გეოგრაფიულად ვისაუბრებთ, მთელ პლანეტაზე ვართ მოდებული.

zazarashvili-alex-2-1669273210.jpg

- საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?

- სამი წელია, არ ჩამოვსულვარ, პანდემია დამემთხვა და ახლა ვაპირებ, რომ ჩამოვიდე, მენატრება ჩემი ოჯახი და სამშობლო. ახლაც მინდოდა, თუმცა ტური დაგვემთხვა და ჩემებსაც რომ ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი, დაუფიქრებლად მითხრეს, ტური არ გადამედო და მერე ჩამოვსულიყავი საქართველოში. ერთი პერიოდი ყოველდღე მესიზმრებოდა, რომ საქართველოში ვიყავი, ველოდები, როდის ჩამოვალ.

- საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრება?

- ჩემი ოჯახი, კიდევ ჩემი სახლი, ძალიან მენატრება. ამერიკაში წასვლის წინ რემონტი დავიწყეთ, მესამე სართულზე პატარა მუსიკალური კუთხე გავაკეთეთ, როგორ მორჩა, არ მინახავს და ერთი სული მაქვს, ვნახო. კიდევ ადამიანები მენატრებიან, ჩემი ახლობლები.

- მაინც ვიკითხავ, ხომ აპირებ, რომ სიმღერას გაჰყვე?

- მჯერა, რომ ამ პროფესიისთვის ვარ დაბადებული და სულ მეგონა, რომ მომღერალი ვიქნებოდი, თუმცა კოვიდმა და გარდატეხის პერიოდმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. ახლა მგონია, რომ სხვა რაღაცებიც მაინტერესებს. წიგნს ვწერ, რომელიც ჩემს სოლო კონცერტებზე გაიყიდება ხოლმე. წიგნის წერისას კიდევ ბევრი რამე აღმოვაჩინე. დავიბადე თუ არა, იმის მერე ვმღერი, ყოველთვის მჯეროდა რომ ერთადერთი დანიშულება სიმღერა იყო, არ მიმაჩნია, რომ ცუდი იყო, პირიქით, ძალიან მომწონს, თუმცა გარდატეხის პერიოდში, როდესაც ხმა მუტაციას განიცდიდა, გავჩერდი და ამან შემაშინა, მეგონა, რომ ის, რაც გამაჩნდა, შეიძლებოდა დამეკარგა, მაშინ სხვა რაღაცებით დაინტერესებაც დავიწყე. ახლა სულ იდეებში ვარ, ვფიქრობ, რა შეიძლება ვაკეთო და მინდა, რამე ახალ პროფესიას დავეუფლო. რეჟისურა, სამსახიობო სფერო მაინტერესებს, მოკლედ რომ ვთქვა, ძიებაში ვარ.

- გავიხსენოთ ის ცნობილი ფაქტი, როდესაც ჯესი ჯეიმ შენი სიმღერა გააზიარა?

- ეგ ამბავი სხვანაირად მოხდა, მინდა, რომ მოვყვე. ამერიკულ პროექტში უნდა მიმეღო მონაწილეობა, თუმცა კოვიდის გამო ის სეზონი გამოვტოვე და პროექტიც აღარ გაგრძელებულა. იმ პროექტის ფარგლებში, ნიჭიერ ადამიანებს ოცნებებს უხდენდნენ, მეც მათ შორის მოხვდი და რომ მკითხეს, რა იყო ჩემი ოცნება, ვუთხარი, რომ მინდოდა, შოუს დროს ჯესი ჯეი მოსულიყო, დუეტი გვემღერა ან ერთად გვესაუბრა. პროდიუსერთან საუბარი სოციალურ ქსელში დავდეთ, გახარებულები ვიყავით, ხალხმა კი არასწორად გაიგო, ეგონათ, ჯესი ჯეი ვნახე. სამწუხაროდ, ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის.

zazarashvili-alex-5-1669273172.jpg

- რაზე ოცნებობს ქართველი ბიჭი ამხელა ქვეყანაში?

- როგორი ლამაზი კითხვები გაქვს, ძალიან მომწონს. ჩემს წიგნს ჰქვია “ბიჭი ოცნებით”. ამ წიგნში ჩემს ოცნებებზეც ვსაუბრობ, მინდა, რომ ყველაფერი, რაც გამოვიარე, დეტალურად აღვწერო. ახლა ჩემი ოცნებაა, მივაღწიო იმ ყველაფერს, რაც ბავშვობიდან მაქვს ჩაფიქრებული. ასევე, მინდა, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო. რამდენადაც მნიშვნელოვანია კარიერა, იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ოჯახი. რაც უნდა ყველა მიზანი შევისრულო, თუ ოჯახი გვერდით არ მეყოლება და თუ ადამიანები არ მეყოლებიან, ვისაც გავუზიარებ ამ სიხარულს, ის სიხარული სრულყოფილი არ იქნება.

- როდესაც საკუთარ თავთან რჩება, მაშინ როგორია ალექსანდრე ზაზარაშვილი?

- სრულიად სხვანაირი მეგონა, რომ ვიყავი, თუმცა სხვანაირი ვყოფილვარ, ეს ახლა აღმოვაჩინე. ვფიქრობდი, რომ ხალხმრავლობა მიყვარდა, თუმცა მარტო ყოფნა, ფიქრი მიყვარს. ძალიან ბევრს ვფიქრობ, რა ხდება სხვაგან, როგორ ცხოვრობენ ადამიანები.

- და ბოლოს გკითხავ, რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს, მათ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

- უბრალოდ, დიდი მადლობა ყველას რომ არსებობთ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ძალას მაძლევთ, მაძლევთ სტიმულს, რომ მეტი და მეტი რამ გავაკეთო. მადლობა, რომ ჩემ გვერდით ხართ.

(სპეციალურად საიტისთვის)