"იმას ვქმნი, რაც აქამდე არ გამიკეთებია და რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა" - ვერიკო ტურაშვილი შემოქმედებით სიახლეებსა და პირადზე - კვირის პალიტრა

"იმას ვქმნი, რაც აქამდე არ გამიკეთებია და რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა" - ვერიკო ტურაშვილი შემოქმედებით სიახლეებსა და პირადზე

„იმედია, ჩემი მსმენელი ახალ ჟანრშიც შემიყვარებს“

მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის - „ამანის“ პრემიერა ძველ აზერბაიჯანულ სიმღერაზე, მომღერლის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბერს ინტერნეტსივრცეში შედგა... თუ რატომ მოსინჯა ძალები სრულიად განსხვავებულ ჟანრში, ამაზე იგი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- შემოქმედებითი კუთხით, ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში ვმუშაობ... იმას ვქმნი, რაც აქამდე არ გამიკეთებია და რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყე ამის შესახებ ფიქრი, შემდეგ კი - სისრულეში მოყვანა. არ იყო მარტივი სამუშაო, რადგან დისტანციურად რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსებთან მიწევდა თანამშრომლობა... სიმღერა, რომელიც უკვე გამოვიდა და ჩემმა მსმენელმა იხილა, პარალელურ რეჟიმში, სამ ქვეყანაში იქმნებოდა... მასზე მუშაობდნენ მუსიკოსები თბილისში, პარიზსა და სტამბოლში. თანამშრომლობა ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსებთან მქონდა.

ქართულ ტექსტზე იმუშავა ნანა ცინცაძემ. არანჟირება არის ცოცხალი. პარიზში მოღვაწეობს აზერბაიჯანელი პიანისტი ეთიბარ ასადლი, რომელიც ასრულებს "მუღამს", სწორედ მან ჩაგვიწერა პარტია ჩემი კომპოზიციისთვის, ხოლო სტამბოლში ჩავწერეთ ინსტრუმენტალისტი - ნეი ეიუფ ჰამიში, რომელიც სასულე ინსტრუმენტზე უკრავს, ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსია. თბილისში ეს სიმღერა ჩაიწერა რომა გიორგაძესთან, მასთან ჩავწერე ვოკალი და მასვე ეკუთვნის კომპოზიციის მასტერინგიც. .. საბოლოოდ, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი ორგანულობა და ხასიათი მიეცა სიმღერას. რეჟისორი გახლავთ გიორგი ცაავა. კლიპზე იმუშავა ალექსანდრე ფურცხვანიძემ. კლიპში მონაწილეობს თამრი ხურცილავა...

რამდენიმე სიმღერაა, ამ ყველაფერს პროექტის ფორმა აქვს, მხოლოდ ერთი სიმღერით არ შემოიფარგლება... ვაკეთებ აზერბაიჯანულ ტრადიციულ მუსიკას, როგორც აზერბაიჯანულ, ასევე - ქართულ ენაზე... ქართულ ტექსტზე ცნობილი პოეტი ნანა ცინცაძე მუშაობს...

veriko-turashvili-3-1669117216.jpg

- იშვიათად ჩნდებით საზოგადოების წინაშე, მაგრამ თქვენი სიმღერა მსმენელს ამახსოვრდება... თქვენი სტრატეგიაა, შექმნათ ცოტა და ხარისხიანი?

- არ მგონია, ეგ სტრატეგიის ნაწილი იყოს, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ასე გამოვიდა... პანდემიის პერიოდში, მოგეხსენებათ, ყველაფერი გაჩერებული იყო. ვფიქრობდი, რომ უკვე რაღაც ახლის შექმნის დრო იყო... მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი დღეს გაჩერებული არ არის, ავტორები მაინც ნაკლებად ქმნიან ახალს და ეს ქართულ მუსიკაზე პირდაპირ აისახება... ახალგაზრდა თუ უკვე შემდგარი მომღერლები ძველი მუსიკის ახალ ვერსიებს ქმნიან, რაც გარკვეულ ეტაპზე ძალიან კარგია. ახალგაზრდა თაობამ იცის ჩვენი კლასიკოსი კომპოზიტორების შექმნილი სიმღერები... ახალი სიმღერები ძალიან მცირე რაოდენობით იწერება და ეს, ალბათ, მომღერლების აქტიურობასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამან მომიტანა პაუზა და ფიქრის ინსპირაცია, რომ რაღაც ახალი უნდა გამეკეთებინა, ეს ჩემთვის ახალი ჟანრის დაწყების საფუძველი გახდა... ერთდროულად რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ. თითქმის მზად მაქვს უკვე ოთხი სიმღერა, ერთ სიმღერაზე უახლოეს პერიოდში ვიდეოს გადავიღებ. ჩემი მსმენელი ამ სიმღერებს თანდათან იხილავს.

ნანა ცინცაძე გახლავთ არაჩვეულებრივი პოეტი, ავტორი... არიან შემოქმედი ადამიანები, ლექსს წერენ, გენიალურ რამეებს ქმნიან, მაგრამ ქალბატონ ნანას მრავალმხრივი ნიჭი აქვს იმის, რომ მოგისმინოს და გაიგოს, რა გინდა... როდესაც სიმღერის ტექსტზე მუშაობ, ძალიან ბევრი ჩარჩო გაქვს. ყველა ჯერზე ვრწმუნდები რომ ქალბატონ ნანას სასწაულების მოხდენა შეუძლია! აზიურ მუსიკას ვაკეთებ და ყველაფერი ისეთი დაცული აქვს, გეგონება ეს სიმღერები აქ დაიწერა და ქართულ ტექსტზე გაკეთდა.

- შემოქმედებითი ცხოვრების პარალელურად, თქვენს პირად ცხოვრებაზეც რომ გვითხრათ, შვილებზე...

- ჩემი შვილები უკვე დიდები არიან... ლიზა 19 წლისაა, სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ნატაშკა სკოლის მოსწავლეა, მალე 8 წლის გახდება... ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ნორმალურად მიდის.

veriko-turashvili-1669115593.jpg

- ხელოვნებას არც ერთი გაჰყვება?

- ლიზამ სამედიცინო ფაკულტეტი აირჩია, ნატაშკა მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს... ლიზასაც დამთავრებული აქვს სამუსიკო სკოლა - ნიჭიერთა ათწლედი, პიანისტი იყო, მაგრამ არ მოინდომა გაჰყოლოდა... ნატაშკა კლასიკური ვოკალის განხრით სწავლობს, მუსიკალურ სკოლაში მეორე კლასშია.

თუ მუსიკოსობას მოინდომებენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობ... თუმცა არ ვარ იმ კატეგორიის მშობელი, აუცილებლად ის აირჩიონ, რაც მე მინდა... თვითონ რაც ეყვარებათ და ესურვებათ, ის საქმე უნდა აკეთონ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი შვილების არჩევანში ნაკლებად ვერევი...

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ძალიან სწრაფი ტემპით მიწევს ყველაფრის შესრულება, მაგრამ ჩემთვის ეს მისაღებია... რაც უფრო მეტი საქმე და პასუხისმგებლობა მაქვს, მით უფრო პროდუქტიული ვარ. ამიტომაც თავს არ ვიზღუდავ, ბევრი საქმე მქონდეს... პირიქით, ეს უფრო კომფორტის ზონაა ჩემთვის და ამიტომაც ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, სულ გადარბენაზე ვარ და ეს მხიბლავს.

პანდემიის პერიოდი არ იყო მარტივი, რადგან სახლში ჯდომა ჩემი კომფორტის ზონა არ არის... თუმცა ესეც მივიღე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ახალ ჟანრზე მუშაობა დავიწყე. იმედია, ჩემი მსმენელი ჩემს სიმღერებს შეიყვარებს და შემიყვარებს ახალ ჟანრში. მთელი გულით და ემოციით ვმუშაობ, შედეგს დიდი გულისყურით დაველოდები... საბედნიეროდ, ჩემი სიმღერები მსმენელმა შეიყვარა, რაც ჩემთვის ყველა ჰონორარზე, ყველაფერზე მთავარია! არაფერი შეედრება, როდესაც კმაყოფილ და ბედნიერ სახეებს ვხედავ, მათ აღფრთოვანებას ვისმენ.

(სპეციალურად საიტისთვის)