"ფრანგულ-გერმანული ლოკომოტივი იწვის" - რას ვერ იყოფენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი - კვირის პალიტრა

"ფრანგულ-გერმანული ლოკომოტივი იწვის" - რას ვერ იყოფენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი

ამერიკული ჟურნალი "ფორინ პოლისი" (Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე რუბრიკით "არგუმენტი: ექსპერტის თვალსაზრისი" აქვეყნებს სტატიას სათაურით "ფრანგულ-გერმანული ლოკომოტივი იწვის" (ავტორი - ქეროლაინ გრეიტერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

1990-იან წლებში ევროკომისიის ყოფილი ჩინოვნიკი, იტალიელი რიკარდო პერისიჩი ბრიუსელის შტაბ-ბინის დერეფანში თავის ნაცნობ ევროკომისარს, ესპანელ მანუელ მარინის შეეჩეხა. ესპანელმა, რომელიც აშკარად რაღაცით იყო შეწუხებული, იტალიელს უთხრა: "რიკარდო, იცი ვინ ხარ? შენ ხარ "კითხვა". გაოცებულმა იტალიელმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ესპანელი კი განაგრძობდა: "აქ, ამ შენობაში პრობლემების [განხილვა-მოგვარების] უფლება შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ ფრანგებს და გერმანელებს, ბრიტანელებს უფლება აქვთ დროდადრო სირთულეებზე ილაპარაკონ, ხოლო ჩვენ, ანუ დანარჩენებს, მხოლოდ კითხვის დასმის უფლება გვაქვს".

რიკარდო პერისიჩმა, რომელიც ახლა გადამდგარია, ეს შემთხვევა ევროკავშირისათვის საფრანგეთ-გერმანიის ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას გაიხსენა. მისი თქმით, ამჟამად ამ ორ ქვეყანას შორის ბევრი უთანხმოება არსებობს: გერმანიას ბრალს სდებენ იმაში, რომ ბერლინი არაევროპულად იქცევა, როცა თავისი მოქალაქეებისთვის და მრეწველობისათვის დიდი მოცულობის სუბსიდიებს გამოჰყოფს, როცა ჩინეთთან ცალმხრივად, ევროკავშირის სხვა წევრებთან შეუთანხმებლად, აფორმებს კონტრაქტებს და როცა უკრაინისათვის ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაში ძუნწობას იჩენს. სიტუაცია იმდენად ცუდია, რომ ბერლინმა და პარიზმა ოქტომბერში დაგეგმილი ერთობლივი საპარლამენტო სხდომა გააუქმეს.

კაცმა რომ თქვას, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს: ევროკავშირში თითქმის ყოველთვის არსებობდა უთანხმოება საფრანგეთსა და გერმანიას შორის და მათი მოგვარება, სხვა ქვეყნების პრობლემებთან შედარებით, ხშირად უფრო პრიორიტეტული იყო, მაგრამ დღეს შექმნილი კონფრონტაციული მდგომარეობა ბევრად ღრმაა და მისი მოგვარება ბევრად რთულია.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ფრანგულ-გერმანული "შეხლა-შემოხლა" ნორმად ითვლებოდა, რასაც თავისი უბრალო მიზეზი აქვს: გერმანია და საფრანგეთი ევროპის გაერთიანებამდე (ანუ 1950-იან წლებამდე) ერთმანეთთან მეტოქეობდნენ და ამის გამო მათ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სამი დიდი ომი აქვთ გადატანილი - 1870-71 წლებში, 1914-1918 და 1939-1945 წლებში. ამ ომების შედეგად ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანი დაიღუპა და ევროპა მნიშვნელოვნად დაზარალდა. სწორედ ამიტომ ევროპის გაერთიანების დროს დიდი ყურადღება სწორედ ამ ორ ძლიერ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტების მოგვარებას ეთმობოდა და არა იმას, რაც, თქვათ, დანიასა და ლექსემბურგს შორის არსებობდა.

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღემდე იმაში გამოიხატება, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ მათ შორის არსებული პრობლემები მშვიდობიანად განიხილონ და გადაწყვიტონ. მართლაცდა, ბოლო 70 წლის განმავლობაში ამ ორ სახელმწიფოს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონენი არიან, ერთმანეთისათვის აღარ უსვრიათ. და საერთოდ, დღევანდელ გაერთიანებულ ევროპაში ერთმანეთს სიტყვებით ებრძვიან ადა არა ტყვიების სროლით.

ასეთი სისტემა უკვე ათეული წლებია მუშაობს, თუმცა, როგორც რიკარდო პერისიჩი აღნიშნავს, ევროკავშირის ქვეყნები ბოლო დროს რეგულარულად ხდებიან პარიზსა და ბერლინს შორის გახშირებული ურთიერთკრიტიკის მოწმენი, რასაც ისინი გაღიზიანებულები უყურებენ და უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მათ კამათში მონაწილეობა, სიტყვის თქმა და ხმის ამოღება არ შეუძლიათ.

ფრანგულ-გერმანული დღევანდელი პრობლემების უმრავლესობას მიმდინარე გარემოებები განაპირობებს: რადგან მსოფლიო იცვლება, ევროკავშირიც იძულებულია შეიცვალოს. ევროკავშირი ამჟამად მთელი ძალებით ცდილობს დაეხმაროს პარიზს და ბერლინს იმ ენერგოპოლიტიკური, საბიუჯეტო და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში და კომპორომისების ძიებაში, რაც ორ ქვეყანას შორის რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. როგორც ყოველთვის, ბრიუსელელი ჩინოვნიკები ამ დროს "ბებიაქალების" როლში გამოდიან: ისინი მუშაობენ ისეთ ევროპულ წინადადებებზე, რომლებიც პარიზსა და ბერლინს შორის უთანხმოებას შეარბილებს, ამზადებენ მინისტრების სამიტებს და სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრებს ორივე მხარის წინადადებების გათვალისწინებით. პარალელურად, ამ დროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საკმაოდ ხშირად დრამატულ სიტუაციას ქმნიან: მასმედიაში "იჟონება" ანონიმური პოლიტიკოსებისა და დიპლომატების არაოფიციალური ბრიფინგები, რომლებშიც დახურული კარის მიღმა შეხვედრების დროს განხილული საკითხებია გადმოცემული. შემდეგ იწყება ბრალდებები იმაზე, თუ რომელმა მხარემ განგებ თუ შემთხვევით გაამხილა კონფიდენციალური ინფორმაცია... მაგრამ ეს ნორმალური პრაქტიკაა და ის აჩვენებს, რომ ზოგიერთი კომპრომისი სავსებით შესაძლებელია.

მაგრამ აქ არის უფრო ღრმა პრობლემა, რომელსაც შეიძლება "სნეულება" ვუწოდოთ. მას საფუძვლად პარიზ-ბერლინის ომისშემდგომი ურთიერთობა უდევს. ფრანგმა ეკონომისტმა ჟაკ ატალიმ, რომელიც ადრე ჯერ პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის სპეციალურ მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ ევრობანკის პირველი დირექტორი იყო, ამას წინათ დაწერა, რომ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების უთანხმოების მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა წინ დიდ [ინტეგრაციულ] ნაბიჯს გადადგამს. აშკარაა, რომ ფრანგულ-გერმანული ომების ნეგატიური შედეგების ხსოვნა თანდათან დავიწყებაში გადადის, რის შედეგადაც მათ შორის ომი ისევ შესაძლებელი ხდება. სამწუხაროდ, ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერები ამ ფაქტორს კარგად ვერ აცნობიერებენ.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის დღევანდელი უთანხმოების ფესვები ევროკავშირის ერთ-ერთ საკვანძო ფუნქციაშიც უნდა ვეძიოთ, რომელიც შემდეგში გამოიხატება: არ იქნეს დაშვებული გერმანიის გადაქცევა ევროპაში დომინირებულ ძალად. ჯერ-ჯერობით, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი წარმატებით სრულდება - 1945 წლიდან დღემდე გერმანელები მსოფლიოში თითქმის ყველაზე პაციფისტურ, წამყვან მშვიდობისმოყვარე ხალხად რჩებიან. მთავრობა თავის არმიას - გერმანულ ბუნდესვერს - სერიოზულად არ აფინანსებს, რაც ხშირად სკანდალებს იწვევს.

ხშირად ამბობენ, რომ თვითონ გერმანელებს ეშინიათ საკუთარი ძლიერებისა, ვიდრე სხვა ევროპელებს, ერთად აღებულს. სწორედ ამიტომ სტრატეგია სახელწოდებით "ცვლილებები ვაჭრობით", რომლის თანახმად, "სავაჭრო ურთიერთობები პოლიტიკური ცვლილებების გამომწვევია" (სწორედ ასე მუშაობს ევროკავშირი), გერმანიას სრულიად აწყობს. საფრანგეთი კი, რომელიც, ეკონომიკური განვითარების ტემპების თვალსაზრისით, თავის მეზობელს ბევრად ჩამოუვარდება და რომლის ფინანსური სტაბილურობა დამოკიდებულია ევროს კურსისადმი გერმანულ გარანტიებზე, ევროპული ლიდერის როლს კისრულობს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის სფეროში და საგარეო პოლიტიკაში.

"შრომის ასეთი დანაწილება" დიდი ხნის განმავლობაში აწყობდა როგორც ორივე ქვეყანას, ასევე მთლიანად ევროკავშირს. საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს "ავსებდნენ" და იმავდროულად მათ უფლება ჰქონდათ ის ეკეთებინათ, რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდათ. გერმანია ყურადღებას არ აქცევდა გეოპოლიტიკას და ძალისხმევას უფრო მეტად ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარებას ახმარდა. საფრანგეთი კი, რომელიც ევროპის კონტინენტზე ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა, ჰყავს სერიოზული არმია და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, პრიორიტეტს გეოპოლიტიკას ანიჭებს და ამ დროს ცოტა ვინმე თუ "იშვერს თითს" მისი შედარებითი ეკონომიკური "სისუსტის", საგარეო ვალებისა და საბიუჯეტო დეფიციტისაკენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ბერლინისა და პარიზის პოლიტიკას შორის ამ საბაზო განსხვავებამ ევროპული პოლიტიკის ზედაპირზე მოულოდნელად "ამოყვინთა", რამაც მხარეებს ტრადიციული უთანხმოება გაახსენა. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებით გერმანიას ამჟამად ორი სერიოზული პრობლემა აქვს:

პირველი - მისი განვითარების მოდელი, რომელიც ბევრად იყო დამოკიდებული უხვად მიღებულ რუსულ იაფ გაზზე, ახლა საფრთხის ქვეშ მოექცა, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების გამო. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, ევროპის ცენტრალური ეკონომიკური ძალა, "გამწევი ლოკომოტივი", რომელზეც ევროკავშირის სხვა წევრები არიან დამოკიდებული, ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ ის იძულებულია მეტი პროდუქცია იყიდოს, ვიდრე გაყიდოს, ანუ იმპორტი აღემატება ექსპორტს. სწორედ ამიტომ გერმანიის კანცლერი მთელი ძალით იცავს ამ თვეში პეკინში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას.

მეორე პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ევროპას რუსული საფრთხისაგან საფრანგეთი კი არ იცავს რეალურად, არამედ ნატო. გერმანიამ მოულოდნელად მიაპყრო მზერა ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას და გააცნობიერა, რომ ბერლინს პარიზის იმედად ყოფნა არ შეუძლია. საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საინტერესო იდეები აქვს "ევროპის სტრატეგიული ავტონომიის" თაობაზე, მაგრამ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ფრანგი ლიდერი სათანადოდ ვერ განმარტავს და ვერც იმას ამბობს, ვისი ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს. ამიტომაც ოლაფ შოლცმა ვაშინგტონთან დამოკიდებულებას უფრო მეტი პრიორიტეტი მიანიჭა - იგი ფსონს დებს ატლანტიკურ სოლიდარობაზე და კარგად იცის, რომ ვაშინგტონელი პოლიტიკოსების თავის ტკივილის მთავარი მიზეზი ევროპა და უკრაინა კი არ არის, არამედ ჩინეთი. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბერლინი გრძნობს დაუცველობას და თავშესაფარს ეძებს.

საფრანგეთი გრძნობს, რომ მას იგნორირებენ და მის აზრს არად აგდებენ. მისი სამხედრო და ეკონომიკური სისუსტე გამჟღავნებულია... და ეს პარიზისთვის ძალიან მტკივნეულია. საპასუხოდ ფრანგი მიმომხილველი ლიუკ დე ბაროში წერს: "[გერმანიამ] ძლივ-ძლივობით მისცა უკრაინას 18 ტანკი". პარიზი ბერლინს აკრიტიკებს: "რატომ არ მოახდინა რეაგირება გერმანიამ რამდენიმე წლის წინ ემანუელ მაკრონის ევროპულ წინადადებაზე და რატომ ცდილობს ახლა იგივე თვითონ გააკეთოს? რატომ წავიდა ოლაფ შოლცი ჩინეთში ევროკავშირის სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე? რატომ დაუკვეთა გერმანიამ ამერიკას F-35 ავიაგამანადგურებლები და უარი თქვა ფრანგულ Rafale-ბზე? გერმანია მოულოდნელად ცალმხრივ ინიციატივებს აჟღერებს, საფრანგეთთან კოორდინირების გარეშე, რაც პარიზსა და ბერლინს შორის წონასწორობას არღვევს. "გერმანიის პოზიცია ეგოისტურია, არაშორსმჭვრეტელური, ბერლინი ყურადღებას არ აქცევს საერთოევვროპულ ინტერესებს - მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პოზიციას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება", - აცხადებს გაზეთ "ლე მონდისათვის" მიცემულ ინტერვიუში ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ფილიპ ლე-კორი.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის ღრმა უთანხმოებას იწვევდა წარსულში მომხდარი გეოპოლიტიკური ცვლილებებიც. მართალია, მოგვიანებით ასეთი უთანხმოება გადაილახა, მაგრამ მახსოვრობას მაინც შემორჩა. მაგალითად, ბერლინის კედლისა და ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ საფრანგეთი მოულოდნელად მარტოდმარტო აღმოჩნდა დიდი და ძლიერი პარტნიორის წინაშე. კანცლერმა ჰელმუთ კოლმა და პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა მოახერხეს იმდროინდელი ევროპის 10 ქვეყნის ლიდერების დარწმუნება, რომ საერთო ევროპული პროექტი სერიოზულად უნდა გარდაიქმნეს. სხვათა შორის, მათი ნაბიჯების წყალობით გაჩნდა ერთიანი ვალუტა - ევრო.

ზოგიერთი ევროპელი, როცა იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებს იხსენებს, ახალი სერიოზული გარდაქმნის მხარდამჭერად გამოდის. ჟაკ ატალი, მაგალითად, ამბობს, რომ საფრანგეთ-გერმანიის პოზიციათა სხვადასხვაობის მოგვარება საკუთარი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნით შეიძლება... მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დღეს ევროკავშირი უფრო დიდია, ვიდრე 1989 წელს. გაურკვეველია, დათანხმდებიან თუ არა ემანუელ მაკრონი ან ოლაფ შოლცი ახალ მსხვილ ევროპულ პროექტზე და დაიწყებენ თუ არა ისინი დანარჩენი 25 კოლეგის დარწმუნებას. მაგრამ ერთი რამ უეჭველია: გერმანია და საფრანგეთი, ევროპის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაინც საკმაოდ ძლიერები იქნებიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ წარსულთან შედარებით ნაკლები გავლენა და ძალა ექნებათ. დანარჩენებს კი იმედი აქვთ, რომ პარიზ და ბერლინი ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხებს კეთილად მოაგვარებენ - ისე, როგორც ეს ევროკომისარ მანუელ მარინის მუშაობის დროს ხდებოდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ