"რომან რურუას ერთი ჯადოსნური ცხვირსახოცი ჰქონდა, მამიდის ნაჩუქარი. ვისაც გაუჭირდებოდა, ყველას შველოდა" - კვირის პალიტრა

"რომან რურუას ერთი ჯადოსნური ცხვირსახოცი ჰქონდა, მამიდის ნაჩუქარი. ვისაც გაუჭირდებოდა, ყველას შველოდა"

რომან რურუას ჯადოსნური ცხვირსახოცი და იღბლიანი ოთხყურადიდ სპორტში წარმატებებს უმეტესად, გაჭირვებაში გაზრდილი და სოფლელი ბიჭები აღწევენ. ნაკლებად ცნობილი ამ თეორიის შესახებ პირველად ქართული და მსოფლიოს სპორტის ისტორიის ჩინებული სპეციალისტის, პროფესორ ავთანდილ ციბაძისგან მქონდა გაგონილი. მაშინ სტუდენტი ვიყავი და სიმართლე გითხრათ, ბატონი ავთანდილის თეორიის ნაკლებად დავიჯერე, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ვიქტორ სანეევის, უილტ ჩემბერლენის, კასიუს კლეის, პელესა და სპორტის სხვა ვარსკვლავების ბიოგრაფიებს გავეცანი, თავად დავრწმუნდი, რომ ხშირ შემთხვევაში დიდების მწვერვალებს მართლაც ხელმოკლე ოჯახების შვილი აღწევს, ვიდრე "ასფალტზე გაზრდილი ბიჭები". ქართველი ათლეტებიდან ერთ-ერთი მათგანია მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა.

ბატონ რომანს 25 ნოემბერს 80 წელი უსრულდება.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ბავშვობაში რომან რურუას ოცნება მაინც ტყავის ბურთი და თბილისის "დინამო" იყო. რაც მთავარია, ეროსი მანჯგალაძის რადიორეპორტაჟებით მოხიბლულს, იმ რეპორტაჟების გმირი უნდოდა გამხდარიყო. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან თბილისში და ფეხბურთის თამაში დაიწყო. მაშინ 14-15 წლის იქნებოდა. ხელმოკლე ოჯახიდან იყო, ფინანსურად უჭირდა და ორიოდე კაპიკი რომ ეშოვა, საღამოს სკოლაში სწავლობდა, თან ცეცხლფარეშად მუშაობდა...

ერთხელ ამხანაგს ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე პეტრეს დარბაზში, მოჭიდავეების ვარჯიშზე გაჰყვა და თავისი შემდგომი სპორტული კარიერაც კლასიკურ ჭიდაობას დაუკავშირა.

"სტადიონზე ვარჯიშის დროს მინდორზე სულ სამყურა ბალახს ვეძებდი. უფრო სწორად, ბალახს, რომელსაც სამის ნაცვლად, ოთხი პატარა ფოთოლი, ოთხი ყური ექნებოდა. გამიგონია, ასეთი ბალახი ბედნიერების მომტანიაო. მართლაც ვიპოვე, მოვწყვიტე და წიგნში შევინახე. იმ სპარტაკიადაზე პირველად გავხდი ჩემპიონი..."

"მსაჯები აშკარად მას ეხმარებოდნენ. გადამწყვეტი შეხვედრის წინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პოიაკს ჩემთან ფრეც ჰყოფნიდა პირველობისთვის და მსაჯების თანადგომით მიაღწია კიდეც მიზანს, მე კი მეორე ადგილზე გამამწესეს. საშინლად გამწარებული ვიყავი, არავის დანახვა არ მინდოდა, მაგრამ მეორე დღეს პოიაკი ოლიმპიურ სოფელში თავად მოვიდა ჩემთან. მომიბოდიშა, შენ ახალგაზრდა ხარ და კიდევ გახდები ჩემპიონიო. გაზეთში კონიაკის ბოთლი ჰქონდა გახვეული. ერთად დავლიეთ თითო ჭიქა და მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს. კაცურად მოიქცა, ალალი იყოს მისთვის ის ოქრო..."

"რომან რურუას ერთი ჯადოსნური ცხვირსახოცი ჰქონდა, მამიდის ნაჩუქარი. ზედ ოთხი მსოფლიო ჩემპიონის სისხლი ეცხო. ვისაც გაუჭირდებოდა, ყველას შველოდა. საბჭოთა კავშირის ხალხთა ბოლო სპარტაკიადაზე ვიქტორ იგუმენოვს სწორედ ამ ცხვირსახოცით შეუჩერეს სისხლდენა და ჩემპიონიც გახდა. იგუმენოვი ოლიმპიადაზე მიდიოდა და ბატონ რომანს თბილისში დაურეკა, შენი ცხვირსახოცი გამომიგზავნეო. გაუგზავნა, მაგრამ გზაში დაიკარგა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 24 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

გოგი ფრანგიშვილი