"ვანო მერაბიშვილი აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ჰყავს თავისი ფავორიტი კანდიდატი" - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილი აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ჰყავს თავისი ფავორიტი კანდიდატი"

ბინოკლით შეიარაღებული თვალი აღარ არის საჭირო, უკვე ითქვა, რომ ბატონი ვანო აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ოღონდ აქამდე ის ცდილობდა, რომ არ გამოჩენილიყო საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ყველამ, ვისაც უნდა პოლიტიკაში მონაწილეობა, მან ეს საჯაროდ და ცხადად უნდა გააკეთოს და "ფარდის მიღმა“ არ უნდა დადგეს.

"ერთი რამ არის ჩემთვის ცხადი, ახალ რეალობას სჭირდება ახალი გამოწვევები და მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაში ყურებით შეუძლებელია რაიმე წარმატების და გამარჯვების მიღწევა. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზზე ბატონი მერაბიშვილის გამოჩენას, მეც ვხედავ, რომ რამდენიმე დღეა აქტიურდება, მისი გამონათქვამები ისმის, მასთან დაკავშირებით სხვა ადამიანები აკეთებენ განცხადებებს, ეს არის ნორმალური და კარგი პროცესი, ფარდის მიღმა ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს არავინ, ფარდის მიღმა დგომა ნიშნავს პასუხისმგებლობის არიდებას იმ პირობებში, როდესაც გინდა პოლიტიკაში მიიღო მონაწილეობა. ყველა ადამიანს, როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, ვისაც უნდა პოლიტიკაში მონაწილეობა, მან ეს საჯაროდ და ცხადად უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ პოლიტიკა, ერთი მხრივ, არის გადაწყვეტილებების სფერო, სიტყვების სფერო, შენი მისწრაფებების გამოვლენის სფერო, მაგრამ მეორე მხრივ, როცა ამბობ, მზად უნდა იყო კრიტიკისთვის და მზად უნდა იყო პრესასთან ურთიერთობისთვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე შეფასებით, ვანო მერაბიშვილი მას "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არ უნახავს.

„მე ის პარტიაში არ მინახავს, ისევე როგორც პირადი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ იყო მთელი რიგი განცხადებები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილის განცხადება, რომ ის არის ჩართული. ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში“ საარჩევნო კამპანია იწყება და გარკვეულწილად არის ჩართული, ეკონტაქტება სხვადასხვა ადამიანებს და ჰყავს თავისი ფავორიტი ერთ-ერთი კანდიდატის სახით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს რაიმე ჩართულობა, არ დარჩენის სცენის მიღმა, ფარდის მიღმა და რაღაც კულუარული, სრულიად ოდიოზური პოლიტიკის წარმოება არ განიზრახოს. ღიაობა არის მნიშვნელოვანი, დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ საუბრობდე ღიად, მოქმედებდე ღიად, მზად იყო ჟურნალისტების შეკითხვებისთვის და საზოგადოების მსჯავრისთვისაც. თუ იქნება დაფარულობა, ეს არავისთვის კარგი არ არის. სწორედ ფარულობა არის ის, რაზეც ჩვენ „ქართული ოცნების“ შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს ფარული ლიდერები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მან გადაცემაში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატზე, ლევან ხაბეიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის კანდიდატურას ჩრდილი არათანმიმდევრულობამ მიაყენა. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის მიერ კანდიდატობის ჯერ უარყოფამ, ხოლო შემდეგ კი პოზიციის შეცვლამ გაამყარა მოარული ხმები, რომ გადაწყვეტილებებს იღებს არა თვითონ, არამედ არაფორმალური ცენტრი.

"გარკვეულწილად ბატონი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ჩრდილი მიაყენა იმ გარემოებამ, რომ მან ხუთი დღის განმავლობაში შეცვალა თავისი პოზიცია. ჯერ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იღებს მონაწილეობას, შემდეგ შეცვალა, ამან კიდევ უფრო გაამყარა მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილებებს იღებს არა თვითონ, არამედ არაფორმალური ცენტრი, რომელიც მის უკან დგას. მისმა ამ ქმედებამ ძალიან ბევრი კიდევ ერთხელ დააფიქრა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში არის ის, რომ ერთხელ მან დაკარგა „ნაციონალური მოძრაობისადმი“ რწმენა და წავიდა ამ პარტიიდან და ამბობდა, რომ ჩვენ ვართ დამთავრებული პარტია და 10%-საც ვერ ავიღებთ და შემდეგ დაბრუნდა. ეს არის ის მერყეობა, რომელიც არ მგონია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყოს კარგი მეგზური, პირიქით, ახლა გვჭირდება პრინციპული და მყარი ლიდერები. რაც შეეხება იმ აქტივიზმს, რომელიც მას გამოუჩენია სხვადასხვა მიმართულებებით, აქციებს, კვლევებს ანტიკორუფციული მიმართულებებით, ამის დამცრობა არ იქნებოდა სწორი და მე მიმაჩნია, რომ მას ეს ასპარეზი კვლავაც ექნება შემდგომი ფორმაციის პარტიაში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"