"როდესაც სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, დიალოგი იმდენად თბილად მიჰყავდა, მაყურებელი სულ ტიროდა" - რას იხსენებენ მეგობრები თამარ სხირტლაძეზე? - კვირის პალიტრა

"როდესაც სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, დიალოგი იმდენად თბილად მიჰყავდა, მაყურებელი სულ ტიროდა" - რას იხსენებენ მეგობრები თამარ სხირტლაძეზე?

"თამართან დაკავშირებული ძალიან ბევრი იუმორისტული მოგონება მაქვს, მაგრამ ახლა ამის მოყოლის ხალისი არ გამაჩნია... ძალიან გული ჩამწყვიტა ჩემი ახლო მეგობრის - თამარ სხირტლაძის გარდაცვალებამ... ეს საოცარი ადამიანი შვილის გარდაცვალებამაც ვერ გატეხა. ერთადერთი შვილი ჰყავდა და იმდენად უყვარდა, როდესაც ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს თამაშობდა, დიალოგი იმდენად თბილად მიჰყავდა, მაყურებელი სულ ტიროდა...“, - იხსენებს უსაყვარლესი მსახიობი - ლეო ანთაძე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 90 წელი და ქალბატონ თამართან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა...

ლეო ანთაძე:

- მარჯანიშვილის თეატრში სამუშაოდ რომ მივედი, სპექტაკლს დგამდნენ, რეპეტიციებს გადიოდნენ, სადაც თამარ სხირტლაძეს პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერად ასრულებდა... თამარი ჩემზე ცოტა უფროსი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი ტოლი გოგონა სცენაზე ბევრი იდგა, თამარი იმ წუთშივე შევამჩნიე და ვიკითხე, რა გვარია-მეთქი... ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მისთვის ძალიან ორგანული იყო, შესანიშნავი მეტყველებაც ჰქონდა... თურმე, მისი მეუღლე - კოტე თოლორაია იქვე იყო, იგი გამეცნო და მითხრა, ეს თამარ სხირტლაძე გახლავთო.

antadze-1653225665.jpg

შემდეგ ძალიან დავახლოვდით და გარდა თეატრისა, ბრიგადაშიც ერთად დავდიოდით. სულ ერთად ვიყავით, განსაკუთრებით - ზაფხულში... ვთამაშობდით ხოლმე, ხან კარტს, ხან - ნარდს... ჩემი განსაკუთრებულად ახლო მეგობარი იყო, უდიდესი პროფესიონალი, უნიჭიერესი მსახიობი. იმდენად რთული როლები განასახიერა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. მაგალითად, ერთ-ერთ სპექტაკლში ლეგენდარული ვერიკო ანჯაფარიძე იმ კონკრეტულ როლში განსაკუთრებული იყო და შემდეგ იგივე როლი თამარ სხირტლაძემ შეასრულა, იშვიათად თუ ვინმე გაბედავდა ამას ვერიკოს შემდეგ და თანაც, რაც მთავარია, ძალიან კარგად გამოუვიდა...

ლამის რვა ათეული წელი იდგა სცენაზე და მუდამ გამორჩეული იყო!

მე ძალიან ბევრი იუმორისტული მოგონება მაქვს, თამართან დაკავშირებული, მაგრამ ახლა ამის მოყოლის ხალისი არ მაქვს. ძალიან გული ჩამწყვიტა ჩემი ახლო მეგობრის გარდაცვალებამ... ეს საოცარი ადამიანი შვილის დაღუპვამაც ვერ გატეხა. ერთადერთი შვილი ჰყავდა და იმდენად უყვარდა, როდესაც ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს თამაშობდა, დიალოგი იმდენად თბილად მიჰყავდა, მაყურებელი სულ ტიროდა... გახსოვთ ალბათ, თამარ სხირტლაძის შვილი - თაზო თოლორაია ავარიაში მოჰყვა, შემდეგ დაავადმყოფდა, რამდენიმე წელი კი იცოცხლა, მაგრამ ავარიამ იმდენად მძიმე კვალი დატოვა მასზე, რომ ვერაფერი ეშველა...

toloraia-1669286302.jpg

ისეთი დედა, როგორიც თამარი იყო, ვერაფრით წარმოგვედგინა, თუ ამხელა ტრაგედიას გადაიტანდა. იმან უშველა, რომ საოცრად დიდი პროფესიონალი იყო და თავისი საქმე იმდენად უყვარდა, გული შემოქმედებას გადააყოლა... ჩვენ შემდეგ 8 წელი რუსთავის თეატრშიც ვიმუშავეთ. გიგა ლორთქიფანიძემ მიგვიწვია და თამარი ამ თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. იქ დღესაც ძალიან დიდი წარმატებებით მიმდინარეობს სპექტაკლები.

leo-antadze-da-tamar-sxirtladze-1669285284.jpg

- რას იტყვით ქალბატონი თამარის კინოროლებზე?

- გენიალურია! ზუსტად ეგ ვთქვი, რომ საოცრად ორგანულია ყველა როლი თამარისთვის და - კინოში ხომ უძლიერესი იყო... ჩვენც ერთ ფილმში ვმონაწილეობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი წარმატებით არ წავიდა, კარგი არ გამოვიდა. მე მთავარი როლი მქონდა, თამარს უფრო პატარა როლი, მაგრამ იმასაც დიდებულად ასრულებდა...

"ჩაგდებული როლი" თამარ სხირტლაძეს არ ჰქონია, ყველგან უძლიერესი იყო! ბევრს შრომობდა და თავის საქმეს ძალიან დიდი გულისყურით ექცეოდა...

12 ნოემბერს იუბილე მქონდა, მპირდებოდა, აუცილებლად მოვალო, მაგრამ რომ დავურეკე და მანქანით უნდა გამევლო, მისმა ახლობელმა ქალბატონმა მიპასუხა, საავადმყოფოშიაო... ყოველდღე ვრეკავდი და დღეს ეს ამბავი გავიგე, დილის მერე ძალიან ცუდად ვარ!

ჯემალ ღაღანიძე, რუსთაველის თეატრის მსახიობი:

- თამარ სხირტლაძე მარჯანიშვილის თეატრის მშვენება იყო, 75 წელზე მეტხანს იდგა ამ სცენაზე და სპექტაკლი კი არა, რეპეტიციაც კი არ გაუცდენია... რუსთაველის თეატრში მე დავრჩი უხუცესი, მარჯანიშვილის თეატრში - თამარი იყო და მისი წასვლა ძალიან დასანანია. ჩვენ ერთად სპექტაკლში, ფილმებში არ გვითამაშია, მაგრამ ხშირად ვხვდებოდით და ვახლობლობდით. სხვა თეატრიდან თუ ვინმე მეგობარი მყავდა, ერთ-ერთი გამორჩეული თამარი იყო. მე და თამარს საღამოც მოგვიწყვეს ერთად, არაჩვეულებრივი, ულამაზესი ღონისძიება გამოვიდა, მართლაც დაუვიწყარი... თამარი ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო! რა აღარ დატრიალდა მის თავზე და ყველაფერს გმირულად უძლებდა, სცენას არასოდეს ჩამოსცილებია... ძალიან კარგი მეუღლე დაკარგა, მანამდე ხომ ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს, ერთადერთი შვილი - თაზო გარდაეცვალათ და ხალხში რომ არაფერს იმჩნევდა, მართლაც უდიდესი პროფესიონალი, უნიჭიერესი გახლდათ!

jpg-1524478451-1024x682-1-1669286272.jpg

თამარ სხირტლაძე ხომ ამდენად უნიჭიერესი მსახიობი იყო და თან მარჯანიშვილის თეატრის ცოცხალი მემატიანე, ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ყველაფერი ზედმიწევნით ახსოვდა... ყოველთვის ყველასგან გამოირჩეოდა, ჩვევებით და - ყველაფრით...

ძალიან მადლობელი ვარ, ჩვენ ერთად რომ მოგვიწყვეს საღამო და საშუალება მომეცა, სცენაზე ერთად ვმდგარიყავით, მაყურებლისგან დიდი სითბო მიგვეღო და ჩვენც შეძლებისდაგვარად, მოვფერებოდით. მსახიობისთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს, ვიდრე ხალხის სიყვარულია... თამარი კი მუდამ გრძნობდა ხალხისგან ამ სიყვარულს და ეს აცოცხლებდა, აძლიერებდა.

დაუვიწყარია, მან და მედიკო ჩახავამ რომ ბოლოს სპექტაკლში ითამაშეს. არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ამდენი ძალა, სასწაულებს ახდენდნენ სცენაზე. ბოლომდე სცენაზე იდგა ორივე, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე...

ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის, მაგრამ მიდიან ძველი თაობის ლეგენდები და ძალიან მტკივნეულია, ადამიანი ამ ყველაფერს შეეგუო.

(სპეციალურად საიტისთვის)