"ყველაზე მეტად ჩემს ემოციებს ვმალავ. თითქოს, ემოციური "შანტაჟის" შიში მაქვს" - ანკა ვასაძის ბლიცი - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად ჩემს ემოციებს ვმალავ. თითქოს, ემოციური "შანტაჟის" შიში მაქვს" - ანკა ვასაძის ბლიცი

ძალიან საყვარელი, ნიჭიერი და ულამაზესი მსახიობი - ანკა ვასაძე "კვირის პალიტრის" ბლიც-კითხვებს პასუხობს.

ეკრანიდან, სცენიდან თუ სხვადასხვა პროექტიდან ვიცოდი, თუ როგორი უშუალო და ლაღი ადამიანი იყო, თუმცა ნანახმა ორმაგად გამაოცა და მისდამი კარგი დამოკიდებულებაც კიდევ უფრო გამიორმაგა.

- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო...

- მსახიობი გავმხდარიყავი.

- ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი არის...

- ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელიც ჩემთვის საყვარელი ადგილია. თბილისთან განშორება დიდი ხნით არ შემიძლია, მაგრამ ამ ზაფხულს მადრიდი ისე მომეწონა, ცოტა ხნით ვიცხოვრებდი.

- რომ არა მსახიობი, ვიქნებოდი...

- არ ვიცი, ვინ ან როგორი ადამიანი ვიქნებოდი. სხვა პროფესია ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ეს პროფესია არ იარსებებდა, შეიძლება მოცეკვავე ვყოფილიყავი.

anka-vasadze-2-1669375703.jpg
OK ჟურნალი

- ყველაზე მეტად ცხოვრებაში ვნანობ...

- ალბათ, დაკარგულ დროს ვნანობ. ზოგადად, ადამიანები შეცდომებზე ვიზრდებით და ვსწავლობთ.

- ყველაზე მეტად მეშინია...

- ვირთხის. განსაკუთრებით კი მეშინია იმის, რომ ოდესმე ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავებ.

- ვტირი მაშინ...

- როცა მინდა. ძალიან ხშირად სხვადასხვა მიზეზითაც კი მიჩუყდება გული.

- ბედნიერება...

- ვიტყვი, რომ ბედნიერება უნდა ვეძებოთ ყოველდღიურობაში. ბედნიერი ვარ და ამას ვაფასებ. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ვეცდებით, რომ მონიჭებული ბედნიერი წუთები "დავიჭიროთ" და ვისიამოვნოთ, ვერანაირი წარმატება და შესაძლებლობა ვერ მოგვანიჭებს ამ გრძნობას.

anka-vasadze-1-1669375780.jpg

- სცენა ჩემთვის არის...

- ყველაზე საყვარელი, საპასუხისმგებლო და ჯადოსნური ადგილი.

- საოცნებო მსახიობი, რომელთანაც ვითამაშებდი, არის...

- იცით რა, ბევრი საოცნებო და არაჩვეულებრივი მსახიობია, ვისთანაც ვიმუშავებდი. პირველად მახსენდება შარლოტ გინსბურგი და მერილ სტრიპი.

- ოჯახი ჩემთვის...

- პირველია, ოჯახში სტაბილურობა კი - ჩემთვის წინსვლისა და ბედნიერების სტიმული.

anka-vasadze-3-1653029750.jpg

- თეატრი თუ კინო?

- ხშირად ეკითხებიან ამას მსახიობებს. ორივე ჩემი პროფესიაა. თეატრში მეტი გამოცდილება მაქვს. ახლა გამოცდილებას გადაღებებზე ვიღებ. მინდა გითხრათ, რომ ორივე ძალიან საინტერესო და საყვარელი საქმეა ჩემთვის. მართალია, სხვადასხვა მუშაობის ტექნიკაა და განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ორივე ჩემი პროფესიაა.

- ის, რაც ჩემზე საზოგადოებამ არ იცის...

- არ ვიცი, რა არ იცის საზოგადოებამ ჩემზე, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ ძალიან ზარმაცი ვარ. თუ ვალდებულება არ მაქვს, შემიძლია ვიყო ზარმაცი და თუ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაშინ ზედმეტად ბეჯითიც კი ვარ.

- “სიყვარულს მიღმა”...

- ეს სერიალი არის ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება. ბევრი ახალი რამ ვისწავლე ჩემს პროფესიაში. რეიტინგულია და ძალიან დიდ სითბოს ვიღებ მაყურებლისგან, რაც დამეთანხმებით, რომ მსახიობისთვის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ვაკეთო ჩემი საქმე. ნამდვილად გაუმაძღარი ვარ, როგორც მსახიობი. ყველა როლს ვიღებ, როგორც ახალ გამოწვევას. ყოველი გასვლა სცენაზე ჩემთვის ახალი შანსია.

- ყველაზე მეტად ვმალავ...

- ჩემს ემოციებს. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს, ემოციური შანტაჟის შიში მაქვს. ბუნებით ძალიან გულრწფელი ადამიანი ვარ, ამიტომ, ჩემი თავშეკავებულობის ფონზე, რამე საკითხზე ღრმად და ღიად რომ ვაკეთებ კომენტარს, იბნევიან.

anka-vasadze-5-1669375956.jpg

- საკუთარი თავით ყველაზე მეტად ვამაყობ...

- იცით, რა, ჩემი თავით ვამაყობ-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. როდესაც რაღაც გამომივა და მაყურებელი ამას გულრწფელად გამოხატავს, ძალიან მახარებს.

- როცა მარტო ვარ...

- მარტოობა ძალიან მიყვარს. როცა მარტო ვარ, ბევრს ვფიქრობ. ზოგადად, ბუნებით მეოცნებე ადამიანი ვარ, ეს კი ძალიან მავსებს და მეხმარება ჩემს პროფესიაში.

- მსახიობობა დღეს...

- მსახიობობა დღეს ძალიან რთულია, თუმცა ბავშვობიდან მეუბნებოდნენ ამ ყველაფერს და შეგუებული ვარ.

- მსახიობი უნდა იყოს...

- მსახიობი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან შრომისმოყვარე. მარტო ნიჭი არ კმარა. უნდა იყოს მოქნილი, არა მარტო სხეულით, როგორც „პლასტელინი“, რათა სხვადასხვანაირად გარდასახვა შეძლოს და არ უღალატოს პროფესიას არც ფულის და არც წარმატების გამო, არამედ - უნდა იყოს გონიერი და გემოვნებიანი.

- და ბოლოს გეტყვით, რომ...

- გეტყვით, რომ ძალიან მიყვარხართ. ნამდვილ სიყვარულს, თანადგომას და გულშემატკივრობას ვგრძნობ საზოგადოებისგან. ეს ძალიან მავსებს დადებითი ემოციით და სტიმულს მაძლევს. ძალიან მინდა, რომ ყველას დავუბრუნო ის სითბო და დადებითი ენერგია, რასაც ვიღებ და მადლობა ყველას, ვინც ასე მექცევით.

როგორც აღვნიშნე, ბედნიერება ყოველდღიურობაშია და ნუ გაუშვებთ ბედნიერ მომენტებს, რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)