ალექსი კომნენოსის "ოჯახი" და სამეფოს სტუმარი მომავლიდან - კვირის პალიტრა

ალექსი კომნენოსის "ოჯახი" და სამეფოს სტუმარი მომავლიდან

იხილეთ დასაწყისი - პირველი შოკი მაინც მთავარი კლდის სამლოცველოს გარეფრესკებისგან მივიღე

სუმელადან ტრაპიზონში ჩავედით და იქიდან მინთრიონის გორისკენ ავუყევით აღმართს. ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ და ჩვენმა მძღოლმა ჯანომ ამჯერად ტრაპიზონის ქალთა მონასტრის, იმავე ყოვლადწმინდა თეოსკეპასტოსის მონასტრისკენ წაგვიყვანეს. როგორც ამბობენ, დღეისთვის იგი ქალაქის ცენტრში შემორჩენილი ერთადერთი მონასტერია.

2-1669357595.(11).jpg

გალავანშემორტყმული მონასტერი XIV საუკუნეში იმპერატორ ალექსი III კომნენოსს (1349-1390 წწ.) აუგია. მანქანით თითქმის კარიბჭემდე მივედით, მხოლოდ მცირე მანძილი ავიარეთ ფეხით. კარიბჭესთან ნეფე-დედოფალი და მაყრიონი შემოგვეგება - მონასტრის გარკვეული სივრცე, თურმე, სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციისთვის და ფოტოსესიისთვის იყო გათვალისწინებული, ამიტომ შიგნით კიდევ ბევრ წყვილს შევხვდით.

3-1669357673.(10).jpg

ბერძნულად მონასტერს Panagia Theotokos ჰქვია და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "ღვთისგან დაცულ ადგილს", თურქულად მას მოიხსენიებენ კიზლარ მონასტერად (Kızlar Monastery), რაც ქართულად გოგონების ან ქალთა მონასტრად ითარგმნება, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება ამ სახელწოდებაში ქალწულთა მონასტერიც კი იგულისხმებოდეს. ვარაუდობენ, რომ კლდის გამოქვაბული, რომელიც შემდგომში ქრისტიანული მონასტრის ეკლესიად იქცა, ოდესღაც მითრას კულტს უკავშირდებოდა. მონასტერმა, როგორც ჩანს, რამდენჯერმე იცვალა სტატუსი - მამათა მონასტერიც იყო, რადგან ბერები მოღვაწეობდნენ, და, სახელწოდებიდან გამომდინარე - ქალთა ანუ დედათა მონასტერიც. აქაურობა, სუმელის და ამ არეალში არსებული სხვა მონასტრების მსგავსად, ბერებმა და, ზოგადად, მართლმადიდებელმა ღვთისმსახურებმა "მოსახლეობის გაცვლის" შემდეგ მიატოვეს. 2006 წელს თურქებმა აქ გათხრები დაიწყეს, შემდეგ რესტავრაციაც ჩაუტარეს და 2021 წელს, სტატუსშეცვლილი, საზეიმოდ გახსნეს. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ სწორედ მაშინ წავედი ლაზეთში სამოგზაუროდ, როდესაც სუმელაც აღდგენილი იყო და - ტრაპიზონის ეს ლამაზი ნამონასტრალიც.

4-1669357716.(11).jpg

მონასტერი კლდის 2800 კვ.მ ფართობზე ორ ტერასად არის გაშენებული და მოიცავს სტუდენტების ოთახს, კლდის ეკლესიას, ბაზილიკას, წმინდა კონსტანტინეს სამლოცველოს, სამრეკლოს, ბიბლიოთეკას, საკრებულოს, სატრაპეზოს, წყლის ჭას, სააბაზანოს და ა.შ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი კედლების ნანგრევები შემინულია და ჩვენ მხოლოდ შუშის მიღმა შეგვეძლო მათი დათვალიერება.

5-1669357744.(11).jpg

6-1669357778.(11).jpg

7-1669357811.(10).jpg
დარბაზი ახალდაქორწინებულების ფოტოსესიისთვის

კლდის ეკლესია წარმოადგენს მონასტრის ბირთვს. ამჟამინდელი შესასვლელი კედელი აშენდა მეცხრამეტე საუკუნეში. ეკლესიის შიგნით არის ე. წ. წყლის ჭა - მართლმადიდებელი ბერძნების წმინდა წყარო, რომელიც კლდეებიდან მოდის. კედლები და თაღოვანი საფარი მორთულია ფრესკებით. სამწუხაროდ, წინასწარმეტყველების, წმინდანების, ანგელოზების ფრესკები და მედალიონები გვარიანადაა დაზიანებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც სილამაზე დაუკარგავთ და არც იდუმალება.

8-1669361121.(10).jpg
კლდის ეკლესია და ბაზილიკა
9-1669361156.(7).jpg
ეკლესიის ფრესკებთან
10-1669361190.(5).jpg
წყლის ჭა - წმინდა წყარო
11-1669361221.(4).jpg
ფრესკები მედალიონებით

წმინდა კონსტანტინეს სამლოცველოსთან არის დაფა, სადაც წერია, რომ 1830-1879 წლებში კონსტანტინე იყო ტრაპიზონის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ხშირად სტუმრობდა კლდეზე გაშენებულ ქალთა მონასტერს და ტრაპიზონის სხვა რელიგიურ ადგილებს. მან მონასტერში ააგო წმინდა კონსტანტინეს სახელობის ერთნავიანი სამლოცველო და აქვე მსახურობდა. მთავარეპისკოპოსმა სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც აქ გაატარა და ამავე მონასტერში გარდაიცვალა, 108 წლის ასაკში.

12-1669361261.(3).jpg

წმინდა კონსტანტინეს სამლოცველო

მე, მზევინარ მჟავანაძე და მზია ეგიაშვილი ვცდილობდით, ერთად გვევლო, თუნდაც, ერთმანეთისთვის ფოტოების გადასაღებად, გზად ჩვენი ჯგუფის წევრებსაც ვხვდებოდით, მონასტრის სხვადასხვა ადგილას. მე და მზიამ პირველი ტერასიდან მეორისკენ ავინაცვლეთ. მონასტერმა და კლდეებმა ძლიერ გაგვიტაცა და მის ყველაზე მაღალ წერტილaმდეც ავედით, იქ კი მავზოლეუმი დაგვხვდა. ასეთი სიმაღლიდან გადმოხედვას მართლაც არაფერი სჯობდა - მთელი ტრაპიზონი და შავი ზღვის სანაპირო ხელის გულივით გადაგვეშალა თვალწინ.

13-1669361306.(2).jpg
მზია ეგიაშვილი და მეორე ტერასისკენ ასასვლელი
14-1669361336.(1).jpg
მავზოლეუმი
15-1669361367..jpg
ხედი მონასტრის უმაღლესი წერტილიდან

დროის სიმცირის გამო მალე კვლავ პირველ ტერასაზე დავუბრუნდით, იქ კი, სამრეკლოზე, ჩვენი ჯგუფის გამორჩეულად ხალისიანი წევრი - ნონა ფიფია შევნიშნე... უჩვეულო კოსტიუმში. ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და, ნონას მეც შევუერთდი - სამრეკლოს მეზობლად, ყოფილი ბაზილიკის ერთ-ერთ დარბაზში კიდევ ერთი კოსტიუმი შევნიშნე და მოვირგე. ასე, ექსპრომტად დავიწყეთ ინსცენირება - მე დედა-დედოფლად გამამწესეს, ნონამ კი ალექსი კომნენოსის ქალიშვილის როლი მოირგო. იქვე ეტიუდებიც დავდგით, მაყურებელი ერთი გვყავდა - თამთა, რომელიც ოპერატორის ფუნქციასაც ითავსებდა. ვიდრე "კომნენოსის სავარძელთან" ვკეკლუცობდით, უცებ ჯგუფის კიდევ ერთი წევრი შემოგვიერთდა - ლელა ტაბაროკიშვილი, ადამიანი მომავლიდან, როგორც თამთამ უწოდა, რომელმაც გადაწყვიტა, ჩვენთვის სამეფო ტახტი წაერთმია... მოკლედ, აშკარად როლებში შევიჭერით და სწორედ მაშინ დაგვირღვიეს მყუდროება - "სამეფო" უნდა დაგვეტოვებინა და სხვა ტერიტორიების დასაპყრობად უნდა წავსულიყავით.

(გაგრძელება იქნება)