"ვისურვებდი, ახალგაზრდობისას ვინმეს რჩევა მოეცა, კვერცხუჯრედი გამეყინა, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ახლა უკვე გვიანია" - "ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალის" პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, ახალგაზრდობისას ვინმეს რჩევა მოეცა, კვერცხუჯრედი გამეყინა, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ახლა უკვე გვიანია" - "ყველა დროის ყველაზე სექსუალური ქალის" პირადი ცხოვრება

53 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა - ჯენიფერ ენისტონმა გამოცემა „ალურისთან“ პირადი ცხოვრების შესახებ ღიად პირველად ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის ბევრჯერ ეცადა დაფეხმძიმებას, თუმცა ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. მსახიობის ნაბიჯი, ღიად ესაუბრა პრობლემაზე, დადებითად შეაფასეს კოლეგებმა და ყოფილმა პარტნიორებმა: ბრედ პიტმა და ჯასტინ ტერუმ.

Allure-თან ინტერვიუში ყველა ელოდა, რომ მსახიობი ისევ მის უბერებელ სილამაზესა და საინტერესო ხრიკებზე ისაუბრებდა, თუმცა მსახიობმა გადაწყვიტა პირველად ელაპარაკა, რატომ არ უყვარს ჟურნალისტთა კითხვები ოჯახთან და შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ის დედობაზე ოცნებობდა...

„გამოკვლევებს ვიტარებდი, კონსულტაციებზე დავდიოდი, ხალხურ მედიცინას მივმართე, ჩინური ხალხური წესით დამზადებულ ჩაის ვსვამდი, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. ვისურვებდი, ახალგაზრდობაში ვინმეს ჩემთვის ეთქვა, რომ კვერცხუჯრედი გამეყინა. მაგრამ მაშინ ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. ახლა უკვე გვიანია“, - აღნიშნა მსახიობმა.

jennifer-aniston-as-rachel-green-news-photo-1568882276-1669325627.jpg

„ახლა უკვე ასე მტკივნეულად აღარ აღვიქვამ ამ საკითხს. დიახ, ვერ გავხდები დედა, მაგრამ ამის გამო თავს არ მოვიკლავ“, - აღნიშნა მან ინტერვიუში.

გამოცემასთან საუბრისას ენისტონი კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შეეხო - მან ბრედ პიტთან დაშორებაზე ილაპარაკა. როგორც მსახიობმა განაცხადა, პიტთან 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა ურთიერთობის დასრულება, მაშინ, როცა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანის შესახებ გაიგო. იმ პერიოდში საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ამბობდა, რომ პიტმა ენისტონს უღალატა და ეს დაუშვებელია, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ბრედს ანჯელინა ჯოლი უფრო შეეფერებოდა, რადგან ჯოლის სამსახიობო კარიერასთან ერთად, ოჯახის შექმნაც სურდა.

„ჯენიფერს არ სურს ბრედს შვილი გაუჩინოს - ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც გაუქრა გრძნობა მსახიობს“, - წერდნენ გამოცემები.

დაშორების შემდეგ წყვილმა მეგობრული ურთიერთობა მაინც შეინარჩუნა, ახლახან კი ტაბლოიდების წყარო აღნიშნავდა, რომ ბრედ პიტი ამაყობს ჯენიფერის გამბედაობით და მიაჩნია, რომ ცნობილმა ადამიანებმა პრობლემებზე ღიად უნდა ისაუბრონ.

gettyimages-1178702981-1669325627.jpg

ბრედ პიტისგან განსხვავებით, ჯენიფერს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილმა მეუღლემ, ჯასტინ ტერუმ, რომელთანაც ქორწინებაში ის 2015-17 წლებში იყო. ტერუმ მსახიობს სოციალურ ქსელში კომენტარი დაუწერა.

როგორც ჩანს, ჯენიფერ ენისტონისთვის ეს ბოლო პერიოდი საკმაოდ დაძაბულად და ემოციურად მიმდინარეობს. ღია ინტერვიუს შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მსახიობს მამა გარდაეცვალა. ძალიან მალე კი პაპარაცებმა ის გადასაღებ მოედანზე შეამჩნიეს, როგორც წერენ, მას რთული პერიოდის გადალახვაში სამსახური ეხმარება...

ბავშვობა

მომავალი მსახიობი კალიფორნიის შტატში 1969 წლის 11 თებერვალს დაიბადა. ჯენიფერის მამა წარმოშობით ბერძენი გახლდათ, მან ნამდვილი სახელი - იანის ანასტასაკისი ჯონ ენისტონად გადაიკეთა. იგი ტელეწამყვანი და მსახიობი, მისი მეუღლე კი - ნაკლებად ცნობილი მსახიობი, ნენსი დეი იყო.

10 წლის იყო გოგონა, როცა მშობლები დაშორდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჯენიფერმა ბროდვეიზე კომედიური სპექტაკლი ნახა და მსახიობობა გადაწყვიტა. ტელეწამყვანობის გარდა, ჯენიფერის მამა სატელევიზიო სერიალებშიც მონაწილეობდა და რადგან გოგონას მსახიობობა ვერ გადააფიქრებინა, ერთ-ერთ საპნის ოპერაში მიაღებინა მონაწილეობა. სწორედ ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა.

დასაწყისში მას ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ, ამიტომ დამატებით სხვა სამსახურსაც ეძებდა. ის სარეკლამო სააგენტოშიც მუშაობდა, ველოსიპედით საკურიერო მომსახურებას ეწეოდა, ნაყინსაც ყიდდა და რამდენიმე წელი ოფიციანტადაც მუშაობდა.

1990-იან წლებში ჯენიფერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან სხვადასხვა როლი შეასრულა, თუმცა რეჟისორთა თხოვნით 13 კგ-ის დაკლებამ მოუწია.

ახალგაზრდა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა ყველასთვის ცნობილმა სერიალმა - „მეგობრები“, სადაც ჯენიფერ ენისტონი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

friends-tv-1669325627.jpg

სერიალის პარალელურად, ენისტონი ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას და 2000-იან წლებში კომედიურ ჟანრში ჰოლივუდის ყველაზე პოპულარულ მსახიობთა სიაშიც შევიდა. მსახიობის ჰონორარიც საკმაოდ მაღალი იყო, ის 10 მილიონ დოლარსაც აღწევდა.

პოპულარობის კიდევ ერთი ახალი ეტაპი მსახიობს ფილმმა - „ყოვლისშემძლე ბრუსმა“ მოუტანა, სადაც იგი მთავარ როლს ასრულებს.

br-1669325818.jpg

საბოლოოდ, დამწყები მსახიობი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცა. აღსანიშნავია, რომ მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მსახიობს ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. 2011 წლის ჟურნალ Men's Health-ის მიხედვით, ჯენიფერ ენისტონი „ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქალთა“ სიის სათავეში მოექცა, რითაც ანჯელინა ჯოლისა და მერლინ მონროსაც კი აჯობა.

პირადი ცხოვრება

საინტერესო ფილმებისა თუ სერიალების ფონზე, საზოგადოება მსახიობის პირადი ცხოვრებითა და გარეგნობითაც ინტერესდებოდა.

ის, ალბათ, ჰოლივუდის იმ რამდენიმე ვარსკვლავთა რიცხვშია, რომელთაც პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია. არ ერიდება საზოგადოების წინაშე უმაკიაჟოდ გამოსვლას და მუდამ ამბობს, რომ ეს კანის მოვლის შედეგია.

ja3-longform-lead-1544370437-1669325627.jpg

მისი სიმაღლე 164 სმ-ია და როგორც თავად აღნიშნავს, სილამაზის საიდუმლო მარტივია: სწორი კვება, სპორტი და იოგა. სწორედ ეს ეხმარება მას, რომ მუდამ კარგ ფორმაში იყოს.

მსახიობის პირველი მეუღლე ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი იყო. მათ ქორწილი მალიბუში 2000 წელს გადაიხადეს და ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ წყვილადაც მიიჩნეოდნენ, თუმცა ყველასგან მოულოდნელად, 2005 წლის იანვარში, საზოგადოებას აცნობეს, რომ შორდებიან, ოქტომბერში კი განქორწინდნენ.

f11abef7b9a392563d05aa526833d687-1669325627.jpg

წყვილის განქორწინების მიზეზი ანჯელინა ჯოლი გახდა, რომელიც პიტმა „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებისას გაიცნო. გავრცელდა ჭორი, თითქოს ბრედმა ენისტონი იმიტომ მიატოვა, რომ მას შვილების გაჩენა არ სურდა. ჯენიფერმა ეს დაშორება საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა და 2016 წელს ანჯელინასა და ბრედ პიტის დაშორება „კარმად“ შეაფასა.

მსახიობის მეორე მეუღლე სცენარისტი და მსახიობი ჯასტინ ტერუ გახლდათ, რომელმაც ჯენიფერთან ურთიერთობისთვის 14-წლიანი ქორწინება დაანგრია. ჯენიფერი და ჯასტინი რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ქორწილი მხოლოდ 2015 წელს გადაიხადეს. მათ ამ ღონისძიების აფიშირება არ სურდათ, ამიტომ სტუმრები თითქოს ჯასტინის დაბადების დღის წვეულებაზე მიიპატიჟეს, ისინი კი ქორწილში აღმოჩნდნენ.

jastin-1669325627.jpg

წარმატებული მსახიობის ოჯახი დიდ ინტერესს იწვევდა პაპარაცებსა და ტაბლოიდებში. ისინი წერდნენ, რომ თითქოს მსახიობის მკურნალობა წარმატებულად დასრულდა და დაორსულდა. ამ ჭორებს კი თავად მსახიობი ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა.

2018 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერი და ჯასტინი დაშორდნენ. როგორც მოგვიანებით მსახიობმა განაცხადა, ტერუ მას ღალატობდა და სწორედ ეს გახდა განქორწინების მიზეზი.

მსახიობის ახალი რომანით დღესაც ინტერესდებიან, თუმცა ჯენიფერის მეგობრები აღნიშნავენ, რომ მას არ სურს ამ საკითხზე ღიად საუბარი. ის ფილმის გადაღებითაა დაკავებული და სამსახურს დიდ დროს უთმობს.

2022 წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა მსახიობის მამა, 89 წლის ჯონ ენისტონი, ამის შესახებ განცხადება თავად ჯენიფერმა გააკეთა.