პოლონელი "პიტერ პენი" - "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი, ქველმოქმედი და ბავშვების დიდი მეგობარი - რა ვიცით პიოტრ ზელინსკიზე - კვირის პალიტრა

პოლონელი "პიტერ პენი" - "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი, ქველმოქმედი და ბავშვების დიდი მეგობარი - რა ვიცით პიოტრ ზელინსკიზე

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი ვარსკვლავი შეიკრიბა და ერთმანეთს პირველობისთვის ერკინებიან. მათ შორის კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ნეიმარი და სხვა. მსოფლიო მედია დიდ ყურადღებას უთმობს კატარის მუნდიალს. ბევრი წერს სხვადასხვა გამორჩეულ ფეხბურთელსა თუ მწვრთნელზე. ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გაგაცნოთ "ნაპოლიში" ჩვენი თანამემამულის, ხვიჩა კვარაცხელიას პოლონელი თანაგუნდელი, 28 წლის პიოტრ ზელინსკი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მოედნის მიღმაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მშობლიურ ქალაქში ზამბკოვიცე-სლიონსკეში, რომელიც პოლონეთში მდებარეობს, ორი შენობა იყიდა, გაარემონტა და ბავშვთა თავშესაფარი მოაწყო, რომელსაც მისივე დაფუძნებული ფონდი „პიტერ პენი“ მართავს.

თავშესაფარში, რომლის ხელმძღვანელიც ფეხბურთელის დაა, გაჭირვებულ და სითბომოკლებულ ბავშვებს ღამის გასათევითა და ცხელი კერძებით უმასპინძლდებიან.

piotr-zielinski-dan-khvicha-kvaratskhelia-napoli-070922-1669329328.jpg

„ჩვენ გვსურს არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებიც ჩვენს მზრუნველობას საჭიროებენ, არამედ - მათ ოჯახებსაც, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი სხვადასხვა დაავადების თუ ეკონომიკური კრიზისის მსხვერპლნი“, - ვკითხულობთ ფონდის ოფიციალურ გვერდზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ ემოციური და მატერიალური დახმარება მათ რთულ პერიოდს გადაალახინებს. ვთვლით, რომ მოხალისეთა ქსელის გაზრდით უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით“, - აღნიშნულია ფონდის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პიოტრ ზელინსკის შესახებ ვრცელი სტატია გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ დიდი წარმატების მიუხედავად, გულკეთილმა ფეხბურთელმა საკუთარი ფესვები არ დაივიწყა.

„როცა პოლონეთში ჩადის, აუცილებლად ნახულობს ბავშვებს და მათთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობს. ის მათ იმ ნივთებსაც ჩუქნის, რომელსაც თავად აღარ იყენებს, მაგალითად, ნოუთბუქს, პლანშეტს და სხვა“ - აღნიშნავს ფეხბურთელის მამა.

"ზელინსკი განსაკუთრებული ფეხბურთელია... ის მოედანზე ყველაფერს ხედავს, აკონტროლებს სივრცეს, როგორც თანაგუნდელებთან, ასევე - მოწინააღმდეგესთან. მას ერთი გადაცემით შეუძლია თამაშის აჩქარება ან შენელება. ხანდახან ცოტა მეტი ადრენალინი სჭირდება. ის საოცარი ფეხბურთელია", - აღნიშნავს პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პაულო სოუზა ზელინსკის შეფასებისას.

"პიოტრი ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს ხშირად იმ ბავშვთან ერთად თამაშობდა, რომელსაც ფეხზე პრობლემა ჰქონდა, მომავალში ზელინსკიმ თავისი გული ბავშვებს აჩუქა, ჩუმად, მედიის ყურადღების გარეშე. „პიტერ პენის“ ფონდი დააარსა და ობლებს ეხმარება“ - წერს The Guardian.