"გალაკტიონი შაირით ცოცხლობდა. მორცხვი იყო. გადამეტებული ხალისით შემოგეფრქვეოდა შეხვედრისას" - როგორი ახსოვთ გალაკტიონი?.. - კვირის პალიტრა

"გალაკტიონი შაირით ცოცხლობდა. მორცხვი იყო. გადამეტებული ხალისით შემოგეფრქვეოდა შეხვედრისას" - როგორი ახსოვთ გალაკტიონი?..

გალაკტიონ ტაბიძე მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის უმთავრესი ფიგურაა:

რამდენიმე ასეული შედევრისა და ათასობით ლექსის ავტორი, გენიალური პოეტი, რომლის ნაწარმოებები სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად.

17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ პოეტის თანამედროვეთა მოგონებებს, რომლებიც შეკრიბა ფილოლოგიის დოქტორმა, გალაკტიონოლოგმა ნათია სიხარულიძემ.

გრიგოლ რობაქიძე:

"გალაკტიონი იყო თავისებური ყოველმხრივ, მარტო მყოფი ბუნებით. იყო გულდახშული და ამის გამო მარტოდ-მყოფი? არა, იგი გულახდილი იყო, მაგრამ გულისყური მას სხვა მხრით ჰქონდა განხრილი. რა მხრით? პოეზიის მხრით. იგი ცოცხლობდა და ცხოვრობდა შაირით...

საინტერესო იყო მეტად შეხვედრა მასთან. ემჩნეოდა უხერხულობა, თვითონაც ამჩნევდა ამას. იყო მორცხვი. მორცხვობა კიდევ უფრო ამძაფრებდა მის უხერხულობას. შემოგეფრქვეოდა ხალისით, გადამეტებული ხალისით – „მეტი“ აქ გამოწვეული იყო ალბათ ნდომით უხერხულობის დაფარვისა".

უჩა ჯაფარიძე:

"ოცდაათიან წლებში მე წილად მხვდა გალაკტიონის ლექსების კრებული გამეფორმებინა; მისმა გულთბილმა დამოკიდებულებამ ჩემი მხატვრობისადმი, ყურადღებამ, უშუალობამ, გულწრფელობამ, ისე დაგვაახლოვა, რომ ვთხოვე მობრძანებულიყო ჩემს სახელოსნოში. ის სიამოვნებით დამეთანხმა და როდესაც მისი პორტრეტის ხატვას შევუდექი, მას არც ერთი სეანსი არ გაუცდენია, თუმცა არც ისე ადვილი იყო მისთვის უმოძრაოდ ჯდომა – ხშირად ზეზე წამოიჭრებოდა და ნახატს დახედავდა.

...ჩვენთვის, მხატვრებისათვის, გალაკტიონი განსაკუთრებულად გამორჩეულია; ზოგიერთ მხატვარზე ამბობენ – პოეტურიაო. ასე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი პოეტი გალაკტიონი უაღრესად ფერწერულია: "გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის,/ ეს ჩემი სამშობლოს მთებია...“

ვახუშტი კოტეტიშვილი:

"1950 წელი იყო. მეცნიერებათა აკადემიის კიბეზე ავდიოდი. უცებ შევცბი. კიბეზე ნასვამი გალაკტიონი იჯდა და ხურდა ფულს ითვლიდა. ფრთხილად ავუარე, ამომხედა და ღიმილით მითხრა:

– აკადემიკოსი გროშებს ითვლის!

და თვლა განაგრძო..."

ელგუჯა ამაშუკელი:

"შემოდგომის გვიანი ღამე იყო. მე და ჩემმა მეგობარმა გალაკტიონი შევნიშნეთ: ზურგით მიყრდნობოდა ხეს, ფეხებთან კი ტყავის ჩანთა ედო. გამოგველაპარაკა. პოეზიის შესახებ დავიწყეთ საუბარი.

– ჩემი და ალექსანდრ ბლოკის გარდა, კიდევ რომელი პოეტი მოგწონთ, ძამიკო? – იკითხა მან. შემდეგ თვითონვე დაასახელა ერთ-ერთი ქართველი ავტორი, - მითხარით, ხომ დიდი პოეტიაო. გალაკტიონის გაწბილება არ გვინდოდა და უმალ დავეთანხმეთ.

– ვაი თქვენს პატრონს! – მოგვახალა მან მოულოდნელად, შემდეგ კი დაამატა:

– გეხუმრეთ, ძამიკო, დიდებული პოეტია, დიდებული! წადით ახლა და იკითხეთ მისი ლექსები დილამდე!"

ლადო გუდიაშვილი:

"გალაკტიონს ხშირად ვხვდებოდი. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. საუბრის თავისებური კილო ჰქონდა. მორცხვი იყო... ვნანობ, რომ ვერ შევძელი მისი ისეთი პორტრეტის დახატვა, როგორიც ჩემს ხსოვნას შემორჩა, მაგრამ ეს მარტო ძნელი კი არა, თითქმის შეუძლებელიცაა.

მაინც მინდა დავხატო... დავხატო ისეთი, უკანასკნელად რომ მოვიდა ჩემს სახელოსნოში. ჩარჩოზე გადაკრული ტილო მომიტანა, ამაზე დამხატეო და წავიდა. ტილო კი ისევ ჩემს სახელოსნოში დევს...

მახსოვს, ერთხელ რუსთაველის ძეგლთან შემხვდა:

– ახლა ერთ მილიციელს ვკითხე, საქართველოში ყველაზე დიდი პოეტი ვინ არის-მეთქი და თუ იცი, რა მიპასუხა, - ვაჟა-ფშაველაო... კი მაგრამ, რუსთაველი? – რუსთაველი გენიოსია, ვაჟა კი დიდი პოეტია, გალაკტიონიც დიდი პოეტიაო...

– რა კარგია, მილიციელს რომ ასე უყვარს პოეტები, არა? - ბავშვურად აღფრთოვანებული იყო... მთელი ქუჩა ღიმილით შეჰყურებდა..."

ვახტანგ ჯავახაძე:

"როგორც რედაქტორმა, გალაკტიონს მისი „რჩეულის“ შედგენილობა გავაცანი. თანხმობისა და მოწონების ნიშნად, თავი დამიკრა. როცა პირველი ციკლის სათაური წავუკითხე, მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და მარჯვენა გამომიწოდა:

– მომილოცავს, ძამიკო!

გაოცებულმა ფრთხილად ჩამოვართვი ხელი. მეორე და მესამე შემთხვევაშიც იგივე განმეორდა. ექვსჯერვე მომილოცა. გამიკვირდა: ღმერთმა მაპატიოს და, ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე, ხომ არ დამცინის-მეთქი, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე და მაინც გაოცებულმა შვებით ამოვისუნთქე, დავრწმუნდი: აბსოლუტურად არ აინტერესებდა. არც ის აინტერესებდა, რა შევიტანე წიგნში და არც ის, რომელიმე მნიშვნელოვანი ლექსი ხომ არ გამომრჩა, ყველაფერ ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდი.

...მაკვირვებდა მისი გულგრილობა და პასიურობა, წიგნის შედგენილობის დაზუსტებისას, თითქოს რომ მეუბნებოდა: რაც უნდა ეცადო, ცუდი რჩეული მაინც არ გამოვაო..."

მუხრან მაჭავარიანი:

"50-იანი წლების დასაწყისია, მწერალთა კავშირიდან გამოსვლისას გალაკტიონს ვხვდები. მას შესანიშნავი პალტო აცვია, მე კი უპალტოოდ ვარ. მივესალმე. გალაკტიონმა დაკვირვებით შემათვალიერა და გულმტკივნეულად მკითხა:

– პალტო არა გაქვს, ძამიკო?

– არა, ბატონო გალაკტიონ, – ვუპასუხე ნაღვლიანად და იმედი გამიჩნდა, რომ დიდი პოეტი თავის პალტოს შემომთავაზებდა. მცირე პაუზის შემდეგ გალაკტიონმა თავმომწონედ მითხრა:

– მე მაქვს!

და გზა განაგრძო..."

გიგა ლორთქიფანიძე:

"მარჯანიშვილის თეატრში გადიოდა დრამატურგ გენო ქელბაქიანის პიესა "შესაფერისი ჯილდო". სუსტი პიესა იყო, სპექტაკლიც. ვიცოდით, რომ სპექტაკლს ესწრებოდა გალაკტიონი და თეატრის წინ ვიდექით ავტორი და რამდენიმე მსახიობი. გალაკტიონი ჩვენთან მოვიდა, მოგვესალმა: გამარჯობათ, ბიძიკოებოო, მერე ქელბაქიანს მიმართა:

– გენო, ძამიკო, ძალიან მომეწონა შენი პიესა.

გენოს კინაღამ გული წაუვიდა. ასეთი შეფასება მიიღო და თანაც ვისგან – გალაკტიონისგან!

გალაკტიონმა განაგრძო:

– განსაკუთრებით ის ადგილი მომეწონა, ერთი სტუდენტი რომ ეუბნება მეორეს, თუ ძმა ხარ, გალაკტიონის წიგნი მომაწოდეო.

თვითონვე მოეწონა თავისი ხუმრობა, გაიცინა და ჩქარი ნაბიჯით გაგვშორდა..."

ჯანსუღ ჩარკვიანი:

"გალაკტიონი ვერეს აღმართზე ამოდიოდა ხოლმე. მშენებლობაზე დუქანი იყო გახსნილი და არაყს ყიდდნენ. ჩვენ – ბიჭები: მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, ზაურ ბოლქვაძე – სტუდენტები ვიყავით, ჩავდიოდით და ვსვამდით. იქ არაყი შედარებით იაფი ღირდა. ხშირად მოდიოდა გალაკტიონი.

...ერთხელაც მივიდა დახლთან და, – აბა, ჩემი არაყი გამომიტანეთო!

ჩაუსხეს ჭიქაში. მიიტანა პირთან, ჩაიგუბა და უკანვე გადმოაქცია.

ძია გალაკტიონ, ეს რა ქენი-მეთქი? – ვკითხე.

ბიჭო, რომ გავალ, ხალხს მთვრალი ვეგონები და მე კიდევ, ფხიზელი ვიქნებიო, – მიპასუხა.

მურმან ლებანიძე:

"1958 წლის 21 მარტიდან თვის ბოლომდე გალაკტიონი მოსკოვში იმყოფებოდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე. ერთ-ერთი მოსაწყენი, დამღლელი შეხვედრის შემდეგ ქართველი პოეტები ტაქსიში ჩამსხდარან, კრემლს რომ გასწორებიან, ფიქრებში წასული გალაკტიონი უცბად მძღოლს მიჰბრუნებია და უკითხავს:

– ძამიკო, თქვენ არ წერთ ლექსებს?

– რაო, რაო, რა ლექსები გნებავთ?! – გაუკვირდა მძღოლს.

– რატომ! წერეთ, ძამიკო, ჩვენთან ყველა წერს... – თქვა გალაკტიონმა და ოთხი-ხუთი ისეთი პოეტი ჩამოთვალა, მანქანაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...

ეჭვგარეშეა, გალაკტიონმა იცოდა, მანქანაში ენისმიმტანნიც ისხდნენ და საუბარი მათ გასაგონად იყო ინსპირირებული. მართლაც, ეს დიალოგი ელვის სისწრაფით, იმ დღესვე გავრცელდა დეკადის მონაწილეთა შორის..."

მიხეილ ქვლივიძე:

"მოსკოვში ქართველ ავტორთა დელეგაცია მრავალფეროვანი იყო. მწერლები განსაკუთრებით იმ აუდიტორიებისკენ მიილტვოდნენ, სადაც მათი ვარაუდით მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელები ეგულებოდათ. გალაკტიონი კი განცალკევებით იდგა – სასტუმროში ელოდებოდა ტელეფონის ზარს, თავის მხრიდან არავითარ ინიციატივას არ იჩენდა და თუ ვინმეს გაახსენდებოდა, მაშინ იღებდა მონაწილეობას ე.წ. კულტურულ ღონისძიებაში.

პოეტური და ადამიანური ღირსებით აღსავსე გალაკტიონი არც საბოლოო, შემაჯამებელ შეხვედრას დასწრებია კონსერვატორიის დიდ დარბაზში. წინა დღეებში კი გაირკვა, რომ შემაჯამებელ საღამოს ნიკიტა ხრუშჩოვი უნდა დასწრებოდა და ღონისძიების შემდეგ ორდენების განაწილება დაიწყებოდა. დიდი გაწამაწია ატყდა ქართველ მწერლებში, თუ ვინ უნდა გამოსულიყო საღამოზე სიტყვით, მისალმებით თუ ლექსით! ერთმა ქართველმა პოეტმა წერილიც კი დაწერა, თუ საზეიმო კონცერტის პროგრამაში არ შემიტანთ, თავს მოვიკლავ, რევოლვერი აგერ მაქვსო.

აი, ასეთ ვითარებაში გალაკტიონმა, როგორც იტყვიან, მიაფურთხა ყველაფერს, ფეხი დაჰკრა და თბილისისკენ მოუსვა".

როლანდ ხოჯანაშვილი

ჟურნალი "გზა"