"მეტი ძალა აღარ მქონდა ჩემი მიზნის მისაღწევად... ეს ეხება აფხაზეთს - საქართველოში, დნესტრისპირეთს მოლდოვაში" - მერკელის ინტერვიუ SPIEGEL-თან - კვირის პალიტრა

"მეტი ძალა აღარ მქონდა ჩემი მიზნის მისაღწევად... ეს ეხება აფხაზეთს - საქართველოში, დნესტრისპირეთს მოლდოვაში" - მერკელის ინტერვიუ SPIEGEL-თან

გერმანიის ყოფილი კანცლერის - ანგელა მერკელის ინტერვიუს, რომელიც 24 ნოემბერს ჟურნალ "შპიგელში" (Der Spiegel) გამოქვეყნდა ("სრულიად ნათელი შეგრძნება იყო: "პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლების დრო გავიდა"), გერმანულ და საერთაშორისო მასმედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, ექსკანცლერი ჟურნალისტ ალექსანდერ ოსანგთან საუბრის დროს საქართველოსაც მოიხსენიებს.

გთავაზობთ გაზეთ "დერ ტაგესშპიგელში" (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - "ანგელა მერკელი თავისი პოლიტიკის შესახებ უკრაინასთან მიმართებით: "მე უკვე მეტი ძალა აღარ მქონდა ჩემი მიზნის მისაღწევად" (ავტორი - იულია ბერნვასერი), რომელშიც ინტერვიუს მოკლე შინაარსია გადმოცემული.

"გერმანიის ექსკანცლერმა ანგელა მერკელმა ვრცელ ინტერვიუში რუსეთისა და უკრაინის მიმართ თავისი პოლიტიკაც შეაფასა. ქრისტიან-დემოკრატთა კავშირის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავისი მმართველობის დასასრულს მას უკვე აღარ შეეძლო რამე გავლენა მოეხდინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

"იმ დროისათვის მინსკის შეთანხმებები, შეიძლება ითქვას, "უკვე დახეული" იყო. 2021 წლის ზაფხულში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, მინდოდა, რომ ემანუელ მაკრონთან ერთად კიდევ ერთხელ შემექმნა ცალკე, დამოუკიდებელი ევროპული ფორმატი პუტინთან მოსალაპარაკებლად, ევროსაბჭოს ჩარჩოებში, მაგრამ ვერ შევძელი". იმის გათვალისწინებით, რომ ანგელა მერკელი უკვე მმართველობის ვადას ამთავრებდა და რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიის კანცლერი აღარ იქნებოდა, მისი გავლენა ევროპაში მნიშვნელოვნად დაეცა. "სამწუხაროდ, აღარ მქონდა ძალა ჩემი მიზნების მისაღწევად, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ მე შემოდგომაზე თანამდებობას დავტოვებდი.

ვცდილობდი, დახმარება ევროკავშირის საბჭოსაგან მიმეღო, მაგრამ - წარუმატებლად: ერთმა მითხრა, რომ ძალიან ძნელია და მის ორგანიზებას ჩემს თავზე ვერ ავიღებო, მეორემ, უბრალოდ, მხრები აიჩეჩა - ასეთი საქმეები მე არ მეხება, სხვებმა უნდა გააკეთონო. [კანცლერად რომ დავრჩენილიყავი] ისევ გავაგრძელებდი დაწყებულს".

ანგელა მერკელის თქმით, იგივე განმეორდა ვლადიმერ პუტინთან მიმართებითაც, როცა იგი რუსეთის ლიდერს უკანასკნელად, 2021 წლის აგვისტოში შეხვდა: "სულ სხვა შეგრძნება მქონდა, უკვე ყველაფერი ნათელი იყო - იგი მიმანიშნებდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, შენი ხელისუფლება უკვე დასასრულს უახლოვდებაო. ვლადიმერ პუტინისათვის ხომ მნიშვნელოვანს მხოლოდ ხელისუფლების ფლობა წარმოადგენს. იმ ბოლო ვიზიტისას მან ჩემთან საუბრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მოიწვია, მანამდე კი, ადრე როცა ვხვდებოდი, სულ პირისპირ მელაპარაკებოდა ხოლმე" (ანგელა მერკელმა კარგად იცის რუსული ენა, ვლადიმერ პუტინიც გერმანულად თავისუფლად საუბრობს).

კითხვაზე, ნანობს თუ არა ანგელა მერკელი იმას, თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან, ექსკანცლერმა უარყო, რომ მას რამე სინანულის გრძნობა აქვს:

"ვფიქრობდი, რომ ვინმე, ახალი უნდა მოსულიყო. საშინაო პოლიტიკაში ჩვენ უკვე "გადამწიფებულები" ვიყავით, საგარეო პოლიტიკაშიც წინ ერთი მილიმეტრითაც ვეღარ მივდიოდით... და არა მარტო უკრაინასთან მიმართებით. ეს ეხება დნესტრისპირეთს მოლდოვაში, აფხაზეთს - საქართველოში, სირიას, ლიბიას... ანუ ახალი მიდგომების დრო მოვიდა".

ინტერვიუში ანგელა მერკელი დაეთანხმა აშშ-ის ექსპრეზიდენტის - ბარაკ ობამას პოზიციას რუსეთის აგრესიული მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული ზომების თაობაზე: "რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა რუსეთის შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და დეტალურად შევათანხმეთ [მოსკოვის მიმართ] სანქციების გამოცხადების გეგმა". ექსკანცლერის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით [ევროპისა და, საერთოდ, მსოფლიოს] ისტორიის "ეიფორიული პერიოდი დასრულდა. დღეს, დიდი ალბათობით, ჩვენ ისეთი მსოფლიოს წინაშე ვდგებით, რომელიც ძალიან რთული პრობლემებით არის სავსე".

"მე არ მჯერა, როცა ამბობენ, ისტორია მეორდებაო, მაგრამ ვშიშობ, მოვლენების განვითარების პროცესში განმეორებადობის რაღაც კანონზომიერება მაინც არსებობს. სამწუხაროდ, შერიგებისა და დაზავების სულისკვეთება გაქრა, აღარ არის. აღარც საშინელების განცდა აღარ არსებობს", - ამბობს ინტერვიუში ანგელა მერკელი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ