"ძალიან მაგარი მებრძოლებიც ქართველების განსაკუთრებულობაზე საუბრობენ" - ლაშა შერგელაშვილი ქართველ მებრძოლებზე, ზელენსკისა და "გავრილოვის ღამეზე" - კვირის პალიტრა

"ძალიან მაგარი მებრძოლებიც ქართველების განსაკუთრებულობაზე საუბრობენ" - ლაშა შერგელაშვილი ქართველ მებრძოლებზე, ზელენსკისა და "გავრილოვის ღამეზე"

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, დღემდე, გახმაურებული არა ერთი ფაქტი მეტყველებს, რომ უკრაინელებისთვის ქართველები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. მაგალითად, „აზოვსტალის“ დაცვის ორგანიზება, ქართული ბატალიონები ბრძოლის ველზე, ქართველი ინსტრუქტორები, რომლებიც უკრაინელებს ამზადებენ... ამ გახმაურებულ ისტორიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ისტორია ქართველ მებრძოლებზე, რომლებმაც უკრაინელებთან ერთად დააბრუნეს უკრაინის დროშა კუნძულ ზმეინიზე. ლაშა შერგელაშვილი ერთ-ერთია იმ ოთხი ქართველიდან, რომელმაც თერთმეტ უკრაინელ მებრძოლთან ერთად უკრაინას კუნძული ზმეინი დაუბრუნა. ლაშა უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო დანაყოფის - „ზგარდის“ წარმომადგენელია. „ზგარდი“ კი ის დანაყოფია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელებისგანაა დაკომპლექტებული და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებს. სამხედრო ვიცე-პოლკოვნიკს, ლაშა შერგელაშვილს სპეციალური დანიშნულების რაზმში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვა მნიშვნელოვან ოპერაციებში. სხვათა შორის, შერგელაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელმაც „გავრილოვის ღამეს“ იარაღზე ხელი აუკრა კოლეგას, რომელიც აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა. ლაშა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალიც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული. ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ქართველი და უკრაინელი მებრძოლების განწყობებზე და ბევრ საინტერესო ამბავზე ლაშა თავად გვიამბობს.

ლაშა შერგელაშვილი:

- ჩემი დანაყოფი ხერსონის მიმართულებაზე მუშაობდა. ათი დღით ადრე, ვიდრე უკრაინული არმია ამ რეგიონს აიღებდა, ჩვენ ჩვენი სამუშაო დავასრულეთ, გამოვედით და ახალ მიმართულებაზე გადავედით. მართალია, ერთ-ერთი ოპერაციის დროს დავიჭერი, მაგრამ საბოლოოდ ხერსონის ამოცანა წარმატებით დასრულდა. ალბათ, თქვენც გესმით, რომ ახალი მიმართულების დასახელება ახლა არ შემიძლია. რაც შეეხება ჩვენი მუშაობის სტილს, ეს არის სამხედრო, სადაზვერვო ოპერაციები. ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში, ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ჩვენ შევდივართ და მერე მოგვყვება ბრიგადა. პირველ რიგში, ვამუშავებთ ტერიტორიას, მტრის ადგილსამყოფელს - სად არიან, როგორ არიან, ვინ არიან, რა მონაცემები აქვთ, რა შესაძლებლობები აქვთ, რა ინფორმაციებს ფლობენ. შემდეგ მოვსინჯავთ ხოლმე ძალებს სხვადასხვა მიმართულებაზე და სადაც სუსტ წერტილს ვნახავთ, იქ ვახორციელებთ „დაწოლას“. ჩვენი დამუშავებული იყო ისეთი დიდი სოფლები, როგორიცაა ვისაკოპოლიე, დუდალუბოვკა, მირალუბოვკა, ვოლგინა.

- ამ დანაყოფში ერთადერთი ქართველი ხართ?

- არა, სულ ექვსი ქართველი ვართ. ყველას გვაქვს სამხედრო გამოცდილება.

- ისე, რუსები და მათი გულშემატკივრები დიდხანს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ხერსონი რუსულმა არმიამ საკუთარი ნებით დატოვა.

ზმეინის არ იყოს, - კეთილი ნება, გამოვიჩინეთო, სად გინახავთ, რუსების კეთილი ნება?! ხერსონი დატოვეს იმიტომ, რომ ამ ოლქის ირგვლივ ყველანაირი დაცვითი სისტემა მორღვეული იყო. შესაბამისად, რუსებმაც ცხადად დაინახეს, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგნენ.

- როგორ გგონიათ, ბოლო დროს კიევის აქტიური დაბომბვა, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ქვეყანაში შექმნილი ენერგოკრიზისი ხომ არ გატეხს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობას ან მებრძოლებში ხომ არ შეცვლის განწყობებს?

- მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახოცო მშვიდობიანი მოსახლეობა. საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ დამიზნებით. ბოლო დროს, ძირითადად, საარტილერიო დუელი მიმდინარეობს, რუსები კონტაქტურ ბრძოლებს ერიდებიან, იმიტომ, რომ თითქმის ყოველთვის მარცხდებიან. კონტაქტური ბრძოლები რომ არ უნდოდათ, იმიტომ მიატოვეს ხერსონი. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების დახოცვით, სამშობიარო სახლების დაბომბვით, ხალხის გათბობის გარეშე დატოვებით და სხვა ასეთი სისასტიკით შეაშინებს ხალხს, ძალიან ცდება. მან უკვე გამოიწვია საპირისპირო რეაქცია, უკრაინელებმა უფრო მეტად შეიძულეს რუსები, უფრო გამწარებულები არიან და ფსონი კიდევ უფრო მაღლა ასწიეს. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, ათი სიცოცხლე რომ მქონდეს, ათივეს დავთმობ, ოღონდ კი ესენი ჩემს ქვეყანაში არ შემოვიდნენ. ჩემმა ხალხმა არ უნდა ნახოს ის სიმწარე, რასაც ახლა უკრაინელები განიცდიან. ამიტომ, ჩემს წილად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს. აქვე, უკრაინაში უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტების იმპერია, რომ მადა აღარ გაეზარდოს. რუსული მონსტრი რომ უნდა დამარცხდეს, ეს მთელ ცივილურ სამყაროს აქვს გათვითცნობიერებული. იცით, რამდენი ქვეყნის მოხალისე იბრძვის აქ?! იამაიკელი მებრძოლიც კი ვნახე. ყველა იყენებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს.

- თქვენი, როგორც ქართველის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების მოტივი გასაგებია, მაგრამ იამაიკელს რა უნდა რუსეთ-უკრაინის ომში?

- არ ვიცი, ახლა თქვენ რაზე მიანიშნებთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, აქ ქართველი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის მოხალისე სამი, ოთხი თვე ყოფილა უხელფასოდ. არც ხელფასის რაოდენობაა სახარბიელო. აქ რწმენის და ჟინის გარეშე, ფულის გამო, უბრალოდ, ვერ გაჩერდები, ვერ შეძლებ. იამაიკელებთან მართლა არ მისაუბრია და არც მათი ბრძოლის მოტივი ვიცი, მაგრამ ვიცი, რას ფიქრობენ ამ ომზე ინგლისელები. ისინი ამაყობენ, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან და სამართლიანობისთვის იბრძვიან. თავად განსაჯეთ, ინგლისელს რა ხელფასი უნდა მისცეს უკრაინამ, რომ ამ მხრივ დააინტერესოს?!

- რწმენა ახსენეთ და ცოტაოდენი რამ თქვენზეც გვიამბეთ. საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად, 2019 წლის 20 ივლისის ღამეს, აქციის დარბევის დროს მოხვდით. რა მოხდა მაშინ იქ, რატომ ესროდა დამიზნებით აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი სპეცრაზმელი ან თქვენი მოქმედება რით იყო განპირობებული, როდესაც მას იარაღზე ხელი აუკარით?

- იმ პერიოდში ჯერ კიდევ სპეცდანიშნულების რაზმში ვმსახურობდი. „გავრილოვის ღამეს“, რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს ჩვენ, სპეცრაზმელები ტელეეკრანიდან ვადევნებდით თვალს და ძალიან არ მოგვწონდა ეს ამბავი. იმ აქციაზე ჩვენი ოჯახის წევრები, შვილები და მეგობრებიც იდგნენ. როდესაც აქციაზე მივედით, სხვა რაზმის წევრებიც დაგვხვდნენ. ჩვენს დანაყოფს ხმარებიდან ამოღებული ჰქონდა ის ტყვიები, რომლებიც აქციაზე გამოიყენეს და რომლის გამოც ხალხი დაზარალდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ის ვაზნები, რომლებიც თურქეთიდან ჩამოიტანეს, შეიარაღებული დამნაშავის აყვანისთვის იყო გათვალისწინებული. ვინაიდან, მას შეუძლია ადამიანს ხელი ან ფეხი მოტეხოს. ის არ იყო გამიზნული მიტინგებისა და აქციების დასაშლელად. მართალია, ანოტაციაში უწერია, რომ არალეტალურია, მაგრამ სინამდვილეში ფატალური შედეგის გამოწვევა შეუძლია. ამერიკელები ამ ტიპის ვაზნებს მხოლოდ ციხეებში იყენებენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ დანაყოფები, რომლებსაც ეს ტყვიები ჰქონიათ შემორჩენილი. არ ვიცი, რატომ გამოიყენეს აქციაზე - ან ინფორმაცია არ ჰქონდათ ტყვიების ლეტალურობის შესახებ, ან კომუნიკაციის დროს მოხდა რამე შეცდომა. რაც შეეხება ჩემს კოლეგა მეთოფეს, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მე ზემოთ ვიდექი, ის ამოვიდა თუ არა, ვუთხარი, არ ისროლო-მეთქი. მის ზურგს უკან დეპარტამენტის დირექტორი იდგა. სავარაუდოდ, ბრძანება მან მისცა. როდესაც მომიტინგეს დაუმიზნა, სპონტანურად ავუკარი ხელი. შემდეგ ვკითხე კიდეც, რატომ ესროდი დამიზნებით-მეთქი, არ ვაპირებდი სროლას, ვაშინებდიო.

- როგორი იყო თქვენი განცდა მაშინ, როდესაც მიდიოდით აქციის დასარბევად, სადაც ოჯახის წევრები და ახლობლები გეგულებოდათ?

- აქციის დარბევის მიზნით არ წავსულვართ, წესრიგის დასაცავად მივედით. მერე რაღაც ისეთი მოხდა, რაც ზედა ფენების არაპროფესიონალიზმისა და დაბნეულობის შედეგი იყო. აქციაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთების ბრძანება მივიღეთ. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ბიჭების ჯაჭვიდან გატაცება და განიარაღება დაიწყეს. დაახლოებით, შვიდი ჯარისკაცი რომ გაიყვანეს, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მივიღეთ, რაც ბევრმა ჩვენგანმა გააპროტესტა. ვფიქრობდით, რომ ეს ამბავი აქციის მონაწილეებს უფრო გააბრაზებდა და სიტუაციას დაძაბავდა. მე ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ტყვიების გამოყენებას აქციის მონაწილეების ჯაჭვში ნელ-ნელა შემოყვანა და განეიტრალება სჯობდა. ასეთ შემთხვევაში, სიტუაცია მარტივად განიმუხტებოდა. სამწუხაროდ, ჩემი და კიდევ რამდენიმე სპეცრაზმელის რჩევა არ გაითვალისწინეს და ის მოხდა, რისი მოლოდინიც გვქონდა, - აქციის მონაწილეები უფრო აგრესიულები გახდნენ, წყლის ბოთლები და სხვადასხვა ნივთი დაგვიშინეს. ცოტა ხანში რადიოსადგურში გაისმა ხმა, სროლა შეაჩერეთო, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთს, სამ-ოთხ სპეცრაზმელს ეს ხმა არ ესმოდა და სროლას განაგრძობდა. სავარაუდოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო. ბოლოს დადგა შედეგი, რამაც მთელი ერი აღაშფოთა.

- ამ შემთხვევის გამო ხომ არ მოგიწიათ სპეცრაზმის დატოვება?

- არა, პენსიაში გასვლამ მომიწია და წამოვედი. მერე მალევე წავედი უკრაინაში.

- და იქაც ძალიან მალე გამოიჩინეთ თავი, 15 მებრძოლიდან, რომელმაც კუნძული ზმეინი გაათავისუფლა, ერთ-ერთი თქვენ იყავით?

- მოდი, ასე ვიტყვი, კუნძული ზმეინი იმ დანაყოფმა გაათავისუფლა, სადაც მეც ვარ.

- ამ ამბავთან დაკავშირებით გავრცელდა ვერსია, რომ უკრაინის დროშასთან ერთად ქართველებმა ქართული დროშაც შეიტანეს, მაგრამ უკრაინელებმა მისი აღმართვის უფლება არ მისცეს. ეს მართალია?

- ეს ჭორია. ჩვენ დროშა ნამდვილად შევიტანეთ, მაგრამ მერე რა?! ჩვენ ყველგან ჩვენი დროშით დავდივართ. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კუნძულ ზმეინს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, თავად ქართველებმა არ ჩავთვალეთ საჭიროდ უხერხულობის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად ის ფაქტი, რომ ამ კუნძულის გათავისუფლებაში ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ისტორიაში ოპერაციაში მონაწილე ოთხივე ქართველის სახელი ჩაიწერება. კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, კუნძულზე კი შევედით ოთხი ქართველი, მაგრამ დამხმარე, მხარდამჭერთა ჯგუფში კიდევ ორი ქართველი მონაწილეობდა. შესაბამისად, ოპერაციაში სულ ექვსმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. კუნძული სისტემატურად იბომბებოდა, რომ შევედით მაშინაც გვბომბავდნენ და რომ გამოვდიოდით - მაშინაც. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ თითქოს, ზმეინის გათავისუფლების დროს უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი დაიღუპა. სინამდვილეში, იქიდან ზუსტად იმდენი კაცი გამოვედით, რამდენიც შევედით. კუნძულის ყოველი გოჯი დანაღმული იყო. მართლა ძალიან გაჭირდა შესვლა, მაგრამ გამნაღმველებმა ძალიან კარგად იმუშავეს და ოპერაცია წარმატებით შევასრულეთ.

- რატომ იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კუნძული ზმეინის გათავისუფლებაში ქართველების მონაწილეობა?

- იმიტომ, რომ იქ შესვლა ყველას უნდოდა. საბოლოოდ, მთავარსარდალმა გადაწყვიტა, ვინ უნდა შესულიყო. ძალიან მეამაყება ისიც, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენ მიმართ. მას არა ერთხელ უთქვამს, რომ ყოველთვის დადგება ქართველების მხარდასაჭერად.

- ზელენსკის ასეთ დამოკიდებულებას როგორ ახსნით?

- ქართველების თავგანწირული ბრძოლით. უკრაინელების გარდა, ყველა სხვა ერის წარმომადგენლობა ერთად რომ შეკრიბო, ქართველები მათზე მეტნი ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის განწყობაც და ის ფაქტი, რომ კუნძულ ზმეინზე უკრანელებთან ერთად მხოლოდ ქართველები შევიდნენ, ყველა იმ ჩვენი თანამემამულის დამსახურებაა, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ და დღემდე საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ, საერთო საქმისთვის. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, ყველას უკვირს. უკრაინელებსაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ, მაგრამ ეს ძალიან მაგარი ბიჭები ქართველების განსაკუთრებულობაზე საუბრობენ. როდესაც უკრაინელები გაიგებენ, რომ მათ რაზმში ქართველები მონაწილეობენ, ისინი უფრო მოტივირებულები ხდებიან. შესაბამისად, ყველა მეთაური ითხოვს, რომ მის რაზმში ქართველები იყვნენ. სამაგიეროდ, რუსები არიან ჩვენზე ძალიან გამწარებული, ბრძანებაც კი აქვთ, რომ ტყვედ არ აგვიყვანონ... ტყვედ ჩავარდნას არც ჩვენ ვაპირებთ. ვიცით, რაც გველის მათ ხელში - აუცილებლად დაგვამცირებენ, გვაწამებენ და ბოლოს დაგვხოცავენ, ამიტომ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში.

- საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არცთუ მეგობრული დამოკიდებულების გამო გული გწყდებათ?

- ძალიან! ყველანაირად შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას რუსეთის ეშინია და ამიტომაც იქცევა ფრთხილად, მაგრამ ეს მათთვის არგუმენტი არ აღმოჩნდა. უკრაინაში იმდენი ქართველია და იმდენ კარგ საქმეს აკეთებენ, არა მარტო ბრძოლის ველზე, არამედ - სხვაგან, რომ უკრაინელი ხალხის უპირობო სიყვარული უკვე მოვიპოვეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე