"ეს ამბავი რომ გავიგე, იმხელა ხმაზე ვყვიროდი და ვტიროდი, თურქი ქალები შემოვიდნენ და მისამძიმრებენ" - რას ჰყვებიან თერჯოლაში მოკლულ ქალზე ახლობლები? - კვირის პალიტრა

"ეს ამბავი რომ გავიგე, იმხელა ხმაზე ვყვიროდი და ვტიროდი, თურქი ქალები შემოვიდნენ და მისამძიმრებენ" - რას ჰყვებიან თერჯოლაში მოკლულ ქალზე ახლობლები?

"თამილას ტელეფონი არ გაჩერებულა, სულ ურეკავდა, მასზე ზეწოლას ახდენდა - ეუბნებოდა, სახლში ახლავე წადითო. დაძაბული იყო გოგო"

გუშინ თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის ფაქტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მთელი ქვეყანა შეძრა ქალაქის ცენტრში, მაღაზიაში მომხდარმა შემზარავმა დანაშაულმა, სადაც თამილა ლილუაშვილი მენეჯერად მუშაობდა. სამსახურში, თავის კაბინეტში საქმეს აკეთებდა, როცა მოულოდნელად ოთახში მისი მოძალადე ყოფილი ქმარი, ლევან ზვიადაძე შეიჭრა. მამაკაცს ხელში ბენზინით სავსე ბოთლი ეჭირა და ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა, ოთახში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს ოთახიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა და თამილა წამებით გარდაიცვალა. ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. თუმცა ყველაფერი ისე წამებში დატრიალდა, სამწუხაროდ, მისი დახმარება ვერავინ შეძლო. დაზიანებები მიიღო თავად მოძალადემ, არსებული ინფორმაციით, მან ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოასწრო. ის ამ დროისთვის თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის 70% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც ირკვევა, ისინი გაშორებულები იყვნენ.

თამილა ლილუაშვილის ახლობელი:

- თამილა არაჩვეულებრივი, უპატიოსნესი, უკეთილშობილესი გოგო იყო, უპატიოსნეს ოჯახში აღზრდილი, საოცარი ადამიანი, შვილებზე ზედ გადაყოლილი დედა. მეუღლესთან გაცილებული იყო და ყველაფერს აკეთებდა მისი შვილების კარგი მომავლისთვის. ბავშვები სასკოლო წრეებზე დაჰყავდა, თვითონაც უმაღლესი განათლება ჰქონდა, ინგლისური ენის პედაგოგია და ბავშვებსაც ამზადებდა.

მისი მეუღლე, ლევან ზვიადაძე, წყალტუბოს სოფელ ბანოჯადან არის. ლევანის დაც ჩვენი უბნის რძალია. თითქმის ერთ ეზოში ცხოვრობენ თამილა და ის გოგო, ერთი ღობე ჰყოფთ. ლევანის სიძე, დის ქმარი თამილას ნათესავია. ერთი საბიძაშვილოა. ლევანის სიძის ხელში, მის თვალწინ არის თამილა გაზრდილი. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ სულ. ლევანი დასთან დადიოდა და იქ გაიცნო თამილა. ბავშვობაში კარგი ბიჭი იყო, ახლა რამ გააგიჟა ასე, ვერ გეტყვით.

რა ჰქონდა საეჭვიანო? ოჯახზე გადამკვდარი გოგო იყო, მზრუნველი ცოლი. სიყვარულით დაქორწინდნენ, რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად. ორი გოგონა ჰყავთ. თამილა წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა. იქაც ყველა დიდ პატივს სცემდა, ძალიან კარგად უძღვებოდა ოჯახს. ბავშვები ისეთი კარგები ჰყავს, ისინი როგორ არ შეეცოდა.

როგორც ვიცი, ლევანი ცოლზე ძალადობდა, სცემდა, ამის გამო დაჭერილიც იყო, მაგრამ როგორც მახსოვს, გირაოთი თუ საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს. თამილა თავისი ორი ბავშვით დაბრუნდა თერჯოლაში, მშობლების სახლში. ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ძალიან გახდა ნერვიულობისგან, ახლა ცოტა დამშვიდებული იყო თითქოს, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს ლევანი არ ისვენებდა, სულ აწიოკებდა გოგოს. თამილა ყოველ მეორე დღეს მუშაობდა და ამ ზაფხულს სულ აკითხავდა სამსახურში. არ ვიცით, ეს ბიჭი რამ გააგიჟა ასე. რამეს იკეთებდა, ეწეოდა მოსაწევს, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, აგრესიული იყო. ასე სასტიკად მოკლა გოგო...

როგორც ვიცი, შესულა მაღაზიაში, მენეჯერი იყო თამილა და ოთახში გამოუკეტია, იქ შეასხა ბენზინი. ხალხი იმდენად შოკირებულია, უცებ ვერც გაიგეს, რა მოხდა. თამილას ბიძაშვილის ცოლიც იმ მაღაზიაში მუშაობს, სალაროსთან იყო. მერე ყველა შეეცადა გოგოს დახსნას, მაგრამ წამებში აფეთქდა და ვერ დაიცვეს, ვერანაირად.

საშინელი ამბავია, უდიდესი ტრაგედია. წარმოიდგინეთ, ახლა რა მდგომარეობაშია მისი ოჯახი, ლევანის სიძის ოჯახიც. ორი ბიჭი ჰყავს იმ დასაც. თამილას დედას თავიდან ვერ უთხრეს, რომ ეს საშინელება ლევანის ჩადენილი იყო და ეგონა, რაღაც აფეთქდა მაღაზიაში. წუხელ, ღამის 3 საათზე, ჩვენი უკარგესი გოგო სახლში დამწვარი და დანახშირებული მიასვენეს. ასეთი გამწარება არ ვიცი, ასე რამ გააგიჟა, რამ გააბოროტა? ის როგორ უნდა გადარჩეს? თურმე, მთელი დღე, გუშინ, ბავშვებს ურეკავდა ლევანი და ეუბნებოდა, უნდა წაგიყვანოთო. ან სად მიჰყავდა ბავშვები? ის მათ არც არჩენდა. მისი სიძე, დის ქმარი კლინიკაში გაგიჟებული მისულა და ექიმებისთვის უთქვამს, ხელი არ გაანძრიოთ მის გადასარჩენად, ჯობია მოკვდეს, რომელ მკურნალობაზე და გადარჩენაზეა ლაპარაკიო, გაანადგურა ოჯახი. იმ ოჯახმა რა დააშავა? არაჩვეულებრივი ადამიანია ეს სიძე, როგორ იცხოვრონ ასეთი გამწარებული ოჯახის გვერდით? თამილას სიკვდილმა იქნება გამოაფხიზლოს ეს ხალხი, კანონი უნდა გამკაცრდეს. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ასეთი მოძალადეები, დაიცვან ქალები.

- რამე ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა მოძალადეს?

- ფსიქიკური პრობლემები არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო, ითქვა, რაღაცას ეწევაო. სხვანაირად ასეთი სისასტიკე როგორ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა? ბოლოს თამილას ისევ ძალიან დაეძაბა ლევანთან ურთიერთობა, ისე, 2 წელია, იქიდან წამოსულია. ოფიციალურად არ იყვნენ განქორწინებულები. ეს 2 წელი სულ ავიწროებდა. შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული. თავის სიძესთან და დასთან ვეღარ მიდიოდა, სიძემ აუკრძალა მის სახლში მისვლა, ამ ამბების შემდეგ.

როგორ გააუბედურა ეს ოჯახი, არ ვიცი, რა ვთქვა... მოძალადეების მიმართ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხომ ხედავს ყველა, რომ ვერ იცავს ეს ორდერი მსხვერპლს. თან, რა არის, ერთი თვით გამოიცემა ორდერი და ვადის გასვლის მერე ისევ ისე გრძელდება. თუ ფიზიკურადაც არ შეგეხო, შეიძლება ის ორდერიც არ გამოწეროს პოლიციამ. გული მეწვის. ვერც ორდერმა დაიცვა თამილა და ვერც მოძალადისგან წამოსვლამ.

ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა, ეს უნდა შეჩერდეს!

"კვირის პალიტრა", ასევე, დავუკავშირდით თამილა ლილუაშვილის ნათლიას. ქალბატონი მადონა თურქეთშია და ძალიან განიცდის მომხდარს. ამბობს, რომ ნათლული ამ ზაფხულს ნახა, თუმცა მას პირად ურთიერთობებზე არ უსაუბრია.

- განადგურებული ვარ. თამილა ჩემი ნათლულია, 13 წლის უნახავი მყავდა და პირველად ამ ზაფხულს ვნახე, საქართველოში რომ ჩავედი. მოვესიყვარულეთ ერთმანეთს და მისი სუნი ახლაც გულში მაქვს. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ნეტავ, იქ მაინც ვიყო. ეს ამბავი რომ გავიგე, იმხელა ხმაზე ვყვიროდი და ვტიროდი, თურქი ქალები შემოვიდნენ და მისამძიმრებენ. უცხო მიწაზე ვარ და ჩემს გემოზე ვერც ვტირი. ძალიან ცუდად ვარ.

დეიდაშვილის ცოლიც იქ მუშაობს, იმ მაღაზიაში და იმ დროს საწყობში ყოფილა გასული. საშინელ დღეში ვარ. შვილმკვდარი დედა ვარ და ჩემი უდიდესი ტკივილი განმიახლდა. თამილა იგივე შვილი იყო ჩემთვის, ნათლული, აბა, რა არის? ამ ზაფხულს ჩავიხუტე გულში. არ მოუყოლია თავისი პირადი ამბები, მერიდება ასეთი რამის კითხვა ადამიანისთვის და არ მიკითხავს. ჩემი შვილიშვილები, მისი შვილები და ჩემი დეიდაშვილები პარკში გვყავდა წაყვანილი, რომ ბავშვები გართობილიყვნენ. თამილას ტელეფონი არ გაჩერებულა, სულ ურეკავდა, როგორც ვიცი, მეუღლე და მასზე ზეწოლას ახდენდა. ეუბნებოდა, სახლში ახლავე წადითო. დაძაბული იყო გოგო, იტყოდა, უკვე წავიდეთო, მე ვთხოვდი, იყვნენ ცოტა ხანი, ბავშვებმა ითამაშონ-მეთქი. მთლად ასეთი მოძალადე თუ იყო, რას წარმოვიდგენდი?

ისეთ მძიმე დღეში ვარ, ვერც ვლაპარაკობ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უნდა დამთავრდეს ახალგაზრდებზე ძალადობა, გოგონების მკვლელობა. ჩემს ახალგაზრდობაშიც იყო ქმართან გაცილება, მაგრამ ამის გამო არ ხდებოდა მკვლელობა. ჩემი 13 წლის შვილი რომ დამეღუპა, კოცნით გავათბე მისი გაყინული ხელები და ლოყები, დღეს თამილას განადგურებულმა დედამ რა უნდა ქნას? ვერც ჩაეხუტება, ვერც მოეფერება მის უსაყვარლეს შვილს, ბავშვი დანახშირებულია, როგორ მოეფეროს, როგორ გააცილოს? ჭკუა ამერია, რას ვლაპარაკობ... ღმერთმა ასეთი სიმწარე ნურავის ანახვოს.

22 წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ახლა განმიახლდა ჭრილობა...

თამილა ძალიან ნაზი, პატიოსანი გოგო იყო. ოღონდ მის შვილებს არაფერი მოჰკლებოდა და სამსახურიდან შინ დაბრუნებული, კიდევ ფუსფუსებდა. ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. კერძებს აკეთებდა, ხშირად რეცეპტებსაც ვუცვლიდით ერთმანეთს. ძალიან მოხერხებული, არაჩვეულებრივი გოგო იყო. ნეტავ, ვიცოდე, რატომ მოკლა? უმძიმესი მდგომარეობაა. ყველა დედა დაიფაროს უფალმა.

უნდა დამთავრდეს ქალებზე ზეწოლები, ასეთი დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ, რომ მეორემ არ ჩაიდინოს იგივე...

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

(სპეციალურად საიტისთვის)