ვინ არის რუსეთი: „ტერორიზმის სპონსორი“, თუ ტერორისტული სახელმწიფო? - კვირის პალიტრა

ვინ არის რუსეთი: „ტერორიზმის სპონსორი“, თუ ტერორისტული სახელმწიფო?

2022 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ამ ისტორიულ რეზოლუციას 494-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი , 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა თავი შეიკავა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკრაინაში ახორციელებს თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რასაც უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესორები ახორციელებენ სიკვდილით დასჯას გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, სექსუალურ ძალადობას, წამებას და სხვა სახის სისასტიკეს - ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები და ტერორისტული აქტები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის ომის დანაშაულები.

და რაც მთავარია: ევროპალამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, რომელიც იყენებს ტერორიზმის საშუალებებს. ძალიან შერბილებული ხომ არ არის პუტინის რეჟიმის დანაშაულების ამგვარი შეფასება? ტერორიზმის სპონსორი ტერორიზმის მხარდამჭერსა და დამფინანსებელს გულისხმობს, რუსეთი (მანამდე კი საბჭოთა კავშირი) კი ათწლეულებია გაცდა მხოლოდ ტერორიზმის მხარდაჭერას და უკვე თავადაა ტერორისტული სახელმწიფო. კიდევ რა სისასტიკე უნდა ჩაიდინოს რუსეთის ხელისუფლებამ, რომ მსოფლიომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?

საბჭოთა კავშირი ათწლეულების მანძილზე ახორციელებდა ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას. „მსოფლიო რევოლუციის“ მოხდენის სურვილი, „ინტერნაციონალური სოლიდარობა“ და სხვა მრავალი დეზინფორმაციული ლოზუნგის უკან ჩვეულებრივი, სისხლიანი ტერაქტები იმალებოდა. საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის მანძილზე სახელმწიფო ტერორიზმის ცენტრი იყო. სამხედრო-დივერსიული ჯგუფების მომზადებას კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვის) 8-ე განყოფილება (საზღვარგარეთ დივერსიების, მკვლელობებისა და ტერაქტების ორგანიზება) ახორციელებდა. ანალოგიური სტრუქტურა იყო შექმნილი სამხედრო დაზვერვაშიც. 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ფართომასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და „სისხლიანი საქმეები“ შეძლებისდაგვარად უცხოეთის ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების ხელით ეკეთებინა და თვითონ ჩრდილში დარჩენილიყო. ტერორისტული ოპერაციებისათვის “ბოევიკებს” ხშირად თანამედროვე იარაღი და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები გადაეცემოდათ. ფინანსური, ტექნიკური და ორგანიზაციული დახმარების საკითხები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე – კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე წყდებოდა.

ოპერაცია“შხეფები“

დღეს ვისაუბროთ საიდუმლო ოპერაცია „შხეფებზე“, როდესაც პოლიტბიუროს დავალებით კა–გე–ბე ფარულად აწვდიდა ფულსა და იარაღს “ირლანდიის რევოლუციური არმიის” (ირა) მებრძოლებს. ირა თავდაპირველად „შინ ფეინის“ ( რაც ირლანდიურიდან ითარგმნება, როგორც "ჩვენ თვითონ") პოლიტიკური პარტიის გასამხედროებული ფრთა იყო და 1916 წელს შეიქმნა. ირლანდიის დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას, როგორც დიდი ბრიტანეთის დასუსტების გზას, ჯერ კიდევ ბოლშევიკები უჭერდნენ მხარს. საინტერესოა, რომ „ერების თვითგამორკვევის ბოლშევიკური იდეოლოგიის“ მთავარმა შემოქმედმა იოსებ სტალინმა, ჯერ კიდევ 1917 წელს ისაუბრა ირლანდიელ აჯანყებულებზე, როგორც „დემოკრატიულ მოძრაობაზე, რომელიც ურტყამს იმპერიალიზმს“. რსდმპ (ბოლშევიკების) VII (აპრილის) კონფერენციაზე, რომლის დასკვნითი სხდომაც 1917 წლის 29 აპრილს ჩატარდა სტალინმა განაცხადა: „არსებობს ირლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობა. ვის მხარეს ვართ, ამხანაგებო? ან ჩვენ ვართ ირლანდიის, ან ბრიტანული იმპერიალიზმის მხარეს. . . . ირლანდიის მოძრაობა ბრიტანული იმპერიალიზმის წინააღმდეგ არ არის დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ურტყამს იმპერიალიზმს? და ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მოძრაობას“? – პასუხი რა თქმა უნდა დადებითი იყო.

1920 წელს ბოლშევიკური რუსეთის დიპლომატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინ ფეინის“ წარმომადგენლებთან ურთიერთაღიარებისა და ურთიერთობის დამყარების შესახებ. მუდამ ასეა : ტერორისტი ტერორისტს შორიდანაც ცნობს.

თუმცა, საბჭოთა კავშირმა გასული საუკუნის 40 იან წლების ბოლომდე ვერ მოიცალა „ირასთვის“. „ცივი ომის“ გაჩაღებისთანავე კი კრემლი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დიდი ბრიტანეთის "აქილევსის ქუსლად" თვლიდა და როგორც პოტენციურ მოკავშირეებს ისე განიხილავდა. „ირაც“ არ მორცხვობდა და მოსკოვს იარაღსა და ფულს მუდმივად სთხოვდა.

1969 წელს ირლანდიის კომუნისტური პარტიის ლიდერმა მაიკლ ო'რიორდანმა საბჭოთა კოლეგებს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა: 2000 ავტომატის АК ( თითოეულისთვის 500 ვაზნა) და 150 ხელის ტყვიამფრქვევის РПК (1000 ვაზნა თითოეულისთვის) გადაცემას. პოლიტბიურომ საკითხის შესწავლა კა–გე–ბეს შეფს, იური ანდროპოვს დაავალა. თან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღი უნდა იყოს არასაბჭოთა წარმოების, რათა შეუძლებელი გახდეს ირა–სა და სსრკ-ს დაკავშირებაო. გავიდა სამი წელი, თუმცა კრემლი ფეხს ითრევდა და 1972 წელს, ო'რიორდანი იძულებული გახდა იარაღის სათხოვნად მოსკოვში პირადად ჩასულიყო. მან კა–გე–ბეში გაიარა კონსულტაციები იარაღის გადაცემისა და მიღების წყაროს, ასევე ტრანსპორტირების ლეგენდირების შესახებ. ოპერაციის სახელწოდება „შხეფებიც“ კა–გე–ბემ შეარჩია. ირა–ს რიგით წევრებს არაფერი არ უნდა სცოდნოდათ ამ საიდუმლო ოპერაციის შესახებ.

b2-1669365099.jpg
მაიკლ ო,რიორდანი (1917–2006)

გეგმის მიხედვით იარაღისა და საბრძოლო მასალების ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო ნეიტრალურ წყლებში ჩრდილოეთ ირლანდიის სანაპიროდან 90 კილომეტრში. 14 სპეციალურ წყალგაუმტარ კონტეინერეში (თითოეული 14 კგ–ს იწონიდა) მოთავსებული ტვირთი უნდა ჩაეძირათ 40-42 მეტრის სიღრმეზე. საბჭოთა გემის წასვლიდან ორ საათში ტვირთის წასაღებად უნდა მისულიყო ირა–ს „ სათევზაო გემი“, რომელიც ტივტივების მეშვეობით იპოვიდა ტვირთს.

ამ ოპერაციის დროს კა–გე–ბემ ირა–ს მეორე მსოფლიო ომის დროს ნადავლის სახით მოპოვებული გერმანული იარაღი გადასცა: 70 ავტომატი, ორი ტყვიამფრქვევი, 10 „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტი და 41600 ვაზნა. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ამგვარი „მეგობრული“ დახმარება შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა. ირლანდიელმა სეპარატისტები არა მხოლოდ იარაღსა და ფულს იღებდნენ, არამედ სსრკ-ს ტერიტორიაზე მდებარე საიდუმლო სამხედრო ბანაკებშიც გადიოდნენ წვრთნას.

თავად მაიკლ ო,რიორდანი 1970- 1989 წლებში იყო ირლანდიის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და ამა თუ იმ ფორმით, ყველა საკითხში პროსაბჭოთა პოზიციას იცავდა.

b3-1669365156.jpg
ირა–ს მებრძოლი

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებამ გააგრძელა ტრადიცია და თავად იქცა ტერორისტულ სახელმწიფოდ. რუსეთის იმპერიის აღდგენის ილუზიით გონებადახშულებმა, სეპარატისტული ტერორიზმისა და ექსტრემიზმის “ჯინი” 1990-1993 წლებში ბოთლიდან ამოუშვეს. მათი დახმარებით ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი “ჩრდილოეთ ხალხთა კონფედერაციის” თანადგომით, რუსეთის არმიისა და “სპეცნაზის” აქტიური მონაწილეობით აფხაზეთის და სამაჩაბლოს ასეულ ათასობით მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობა გამოაძევეს მშობლიური სახლებიდან. ამ ტრაგიკული მოვლენებიდან სულ ერთი წელი იყო გასული, როცა რუსეთს ეს “ავი საქმე” წინ: ჩეჩნეთში, დაღესტანში, ნალჩიკში კიდევ ბევრგან დაუხვდა. ორმაგი სტანდარტების გარეშე რუსეთის იმპერიის წარმოუდგენელია. გავიხსენოთ როდესაც რუსეთის ხელისუფალნი აცხადებდნენ, რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან, ხოლო აფხაზი და ოსი “ბოევიკები” – “თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტიზანებიო”.

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასისა“ და „თალიბანის“ მხარდაჭერა ხომ საიდუმლო აღარ არის. რუსეთის ხელისუფლება სისტემატურ შეხვედრებს მართავს „ჰამასის“ წარმომადგენლებთან და ღიად თუ ფარულად მხარს უჭერს მათ ისრაელთან დაპირისპირებაში.

b4-1669365194.jpg
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰამასის ლიდერ ჰალიდ მაშალთან ერთად. 2015 წელი.

b5-1669365250.jpg
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თალიბების ბელადები
b6-1669365284.jpg
რუსეთი მხარს უჭერს და იარაღს აწვდის თალიბებსაც.

23 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისა და მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კონტაქტების შემცირებას აბსოლუტურ მინიმუმამდე; დახურონ და აკრძალონ ისეთი რუსული სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრები, ასევე რუსეთის დიპლომატიური მისიების ეგიდით და ხელმძღვანელობით მოქმედი რუსული დიასპორის ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას მთელ მსოფლიოში. თუ ეს რეკომენდაციები განხორციელდა მაშინ რუსეთს „ჰიბრიდული ომის“ საწარმოებლად უფრო მცირე რესურსები დარჩება. ახლა მთავარია რამდენად შეინარჩუნებს ევროპა ერთიანობას ამ ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში.